ალიატელიდიის მეფე მერმონიდების დინასტიიდან ძვ. წ. 610 - ძვ. წ. 560 წლებში. სადიატესის ვაჟი.

ჰეროდოტეს ცნობებით, როდესაც ალიატემ სადიატესისგან მემკვიდრეობით მიიღო ტახტი, მან განაგრძო მამის მიერ დაწყებული ომი მილეტიელებთან. ლაშქრობებში იგი კაფავდა ტყეებს და ანადგურებდა ხორბალს, შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. ქალაქის ალყას აზრი არ ჰქონდა, რადგან მილეტიელები ზღვაზე ბატონობდნენ. სახლებს კი იგი არ ანგრევდა. ასე ომობდნენ ლიდიელები 11 წლის მანძილზე (აქედან 6 წელი სადიატესის მმართველობისას). ომის მე-12 წელს, როდესაც ლიდიელები წვავდნენ გემსაშენებს, ცეცხლი ათენას ტაძარზე გადავიდა და ტაძარი დაიწვა. ლიდიელებმა ამას თავდაპირველად მნიშვნელობა არ მიაქციეს. მაგრამ როდესაც ლაშქარი სარდებში ჩამოვიდა, ალიატე უცებ ავად გახდა. მას ვერაფერმა ვერ უშველა და მეფემ ელჩები გააგზავნა დელფოსის ორაკულთან, დაავდების მიზეზის გასაგებად. პიფიამ უპასუხა, რომ ღმერთები არ აპატიებენ, სანამ მიდიელები არ აღადგენენ ათენას დამწვარ ტაძარს მილეტიელთა მიწაზე.

პერიანდრი, კორინთოს ტირანი მილეტის ტირანის ფრასიბულეს მეგობარი იყო, და წინასწარ შეატყობინა მას ორაკულის პასუხის შესახებ. ალიატემ კი ორაკულის პასუხის მიღებისთანავე გაგზავნა მილეტში ელჩები ზავის დასადებად, სანამ ტაძარი არ იქნება აღდგენილი. რადგან ფრასიბულემ წინასწარ იცოდა ამის შესახებ, მან ასეთი ეშმაკობა მოიგონა: ბრძანა მთელი პური რაც ქალაქშია ბაზრის მოედანზე მიეტანათ და მოქალაქეებს უბრძანა, ნიშნის შემდეგ დაეწყოთ ქეიფი. როდესაც ელჩმა ეს დაინახა, დაბრუნდა და მოახსენა ალიატეს, რომ მილეტიელები, არა მხოლოდ არ არიან ომისგან გამოფიტულნი, არამედ ყველაფერი აქვთ და ქეიფობენ, ალიატემ ზავი დადო ქალაქთან.

მეორე ომს ალიატე აწარმოებდა მიდიელებთან და მათ მეფესთან, კიაკსართან. ამ ომის მიზეზი იყო, ის რომ, კიაკსარი წაეჩხუბა მის სამსახურში მყოფ სკვითებს, სკვითები ლიდიაში გაიქვნენ და ალიატემ მათ გადაცემაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ომი 5 წელი გრძელდებოდა ისე რომ, გამარჯვებული არ იყო გამოკვეთილი. მეექსვსე წელს, ბრძოლის დროს მზის დაბნელება მოხდა. დაბნელებამ მიდიელებს და ლიდიელებს უბიძგა შეეწყვიტათ ბრძოლა და ზავი დაედოთ. ალიატემ თავისი ქალიშვილი, არიენისი, გაათხოვა ლიაკსარის ვაჟზე, ასტიაგზე.

შემდეგ ალიატემ განდევნა წინა აზიიდან კიმერიელები და აიღო სმირნა. დაიწყო ომი კლაზომენთან, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა.

ალიატემ 50 წელი იმეფა და გარდაიცვალა. მის საფლავზე ყორღანი აღმართეს, რომლის ძირშიც ქვის ფილები იყო. იგი დიდი ხნის მანძილზე იყო ლიდიის ყველაზე დიდი შენობა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6