ალექსანდრე ენგელი

ალექსანდრე კარლოს ძე ენგელი (რუს. Александр Карлович Энгель; დ. 1848 — გ. 1918) — რუსი ფოტოგრაფი, ცნობილი როგორც პეიზაჟების გადაღების ოსტატი, მუშაობდა შუა აზიასა და ჩრდილო კავკასიაში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალექსანდრე ენგელი დაიბადა აღმოსავლეთ პრუსიის ქვეშევრდომის კარლო ენგელის ოჯახში. ენგელების ოჯახი გამოირჩეულია ორი დიდი ფოტოგრაფით — ავგუსტ კალოს ძე ენგელი, რომელიც მთელი ცხოვრება მოღვაწეობდა კამენეც-პოდოლსკში, და ალექსანდრე კარლოს ძე ენგელი, რომელიც იყო კავკასიის ერთ-ერთი ცნობილი ფოტოგრაფთაგანი.

როგორც ბევრი სხვა ფოტოგრაფი, ისიც იყო ხელობით მხატვარი. 1879 წელს თერგის ოლქის ხელმძღვანელის თანაშემწის ა. მ. სმეკალოვის ხელშეწყობით გახსნა ფოტოსახელოსნო ქალაქ პიატიგორსკში. მალევე დახელოვნებული ფოტოგრაფი შეუდგა პიატიგორსკისა და კავკასიის ხედების გადაღებას. იმავე წელს ენგელი არჩეული იყო რუსული საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების წევრად. გეოგრაფიული საზოგადოების დავალებით მან მოაწყო გრძელვადიანი ექსპედიცია კასპიისპირეთში. იყო ავტორი ალბომისა „კასპიისპირეთის რკინიგზები“[1]. დაჯილდოვებული იყო მედლით «За полезные труды». გეოგრაფიული საზოგადოების დავალებით მან არაერთი არქეოლოგიური ნივთი და მინერალი გადაიღო. 1892 წელს კავკასიისა და კასპიისპირეთის რკინიგზის ფოტოები წარადგინა მოსკოვის გეოგრაფიულ გამოფენაზე.

1884 წელს მას უკვე ეკუთვნოდა კავკასიასა და შუა აზიაში ფოტოგრაფიული სალონების მსხვილი ქსელი. მისი სალონები იყო კისლავოდსკში, პიატიგორსკში, მინერალურ წყლებში, ბაქოში, აშხაბადში და სამარყანდში. 1880-იანი წლების ბოლოს მისი სახელოსნო იხნება ვლადიკავკაზშიც, რომელიც წელიწადში მისმა მოწაფემ ლეონტი როგოზინსკიმ გამოიყიდა. 1890 წლის დეკემბერში ალექსანდრე ენგელმა გახსნა ფოტოგრაფიული ატელიე ტფილისში სოლოლაკის №5-ში, ხოლო 1909 წელს — ფოტოლიტოგრაფიული სახელოსნო, რომელიც ათ წელზე მეტი ხანი ფუნქციონირებდა.

მისი შემოქმედებაში ისევე როგორც სხვა ფოტოგრაფთა ნაშრომებში ასახულია ძველი დროის ცხოვრება. აღსანიშნავია 1890-1910 წლებში მის მიერ გადაღებული ბუხარელი ებრაელების ფოტოები, რომლებიც ამჟამად დაცულია რუსეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის ფონდებში. დაახლოებით 1910 წელს ენგელის ატელიე გადავიდა არსენალის აღმართის №21-ში.

1918 წელს დაიკარგა შუა აზიაში სამოქალაქო ომის დროს.

მისი შვილი ევგენი ალექსანდრეს ძე ენგელი ცნობილი სოციოლოგი იყო ჯერ პეტროგრადის უნივერსიტეტის, ხოლო შემდეგ — პეტროგრადის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის პროფესორი. 1930 წელს პროფესორ ჩაიანოვთან ერთად იყო რეპრესირებული. გარდაიცვალა 1942 წელს.

მეორე შვილი, ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ენგელს მამისაგან გადაეცა კავკასიის სიყვარული. მიიღო განათლება ბუნებისმეტყველების განხრით და ემსახურებოდა კავკასიაში ტურიზმის განვითარებას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება