აბენაკები, აბნაკები (ინგლ. Abenaki, Abnaki) — ალგონკინურ ენაზე მოლაპარაკე ჩრდილოამერიკელ აბორიგენ ხალხთა (ინდიელები) ჯგუფი (კონფედერაცია). ძირითადად ცხოვრობენ კვებეკსა (კანადა) და მენში (ამერიკის შეერთებული შტატები). საერთო რაოდენობა დაახლ. 8 ათასია.

აბენაკი წყვილი. XVIII საუკუნის ნახატი.

საკუთარ სამშობლოდ თვლიან სამხრეთ კვებეკსა და ამერიკის შტატებს — ვერმონტს, ნიუ-ჰემპშირს, ნაწილობრივ მენსა და ნიუ-იორკს. „აბენაკი“ სიტყვასიტყვით „აისის ხალხს“ ან „აღმოსავლელს“ ნიშნავს და ინდიელთა რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფის (ანდროსკოგინი, კენებეკი, მალისიტი, ურასტეგუიაკი და სხვ.) საერთო სახელწოდებაა. ამ ტომების კავშირი თავდაპირველად იროკეზების, განსაკუთრებით მოჰავკების, წინააღმდეგ შეიქმნა. XVII საუკუნეში აბენაკები ფრანგების მოკავშირეებად გამოდიოდნენ ინგლისელების წინააღმდეგ. 1720-იან წლებში მძიმე დამარცხების შემდეგ რაოდენობრივად მნიშვნელოვნად შემცირებული აბენაკები იძულებული გახდნენ კანადაში გადასულიყვნენ და საბოლოოდ კვებეკში, ტრუა-რივიერის მახლობლად, სენ-ფრანსუა-დიუ-ლაკისა და ბეკანკურის მიდამოებში დასახლდნენ. ცხოვრობენ ასევე რეზერვაციებში მენსა (აშშ) და ნიუ-ბრანსუიკში (კანადა).

ლიტერატურა

რედაქტირება