კონტინენტის ძირიკონტინენტის წყალქვეშა კიდის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი; განლაგებულია კონტინენტური კალთის საფუძველსა და ოკეანის საგების გარე საზღვარს შორის (ზოგიერთი მკვლევარი კონტინენტის ძირს მიაკუთვნებს ოკეანის საგებს და კონტინენტის წყალქვეშა კიდის საზღვარს ავლებს კონტინენტური კალთის საფუძველის გასწვრივ). სტრუქტურულ-გეოლოგიური თვალსაზრისით, კონტინენტის ძირი წარმოადგენს კონტინენტურ და ოკეანურ ქერქის მიჯნაზე არსებულ ღრმა ჩაზნექილობას, რომელიც ამოვსებულია ბათიალური დანალექების მძლავრი სისქით (5 კმ და მეტი).[1]

ღრმაწყლიანი ბურღვით გამოვლინებული კონტინენტის ძირის უძველესი დანალექებია იურული, თუმცა არ არის გამორიცხული უფრო ძველი დანალექების აღმოჩენის შესაძლებლობაც. გეომორფოლოგიური თვალსაზრისით, კონტინენტის ძირი უფრო ხშირად წარმოადგენს აკუმულაციურ დამრეცტალღოვან დახრილ ვაკეს, რომელიც წარმოიქმნა კონტინენტური კალთიდან წამოსული დანალექი მასის დაგროვების შედეგად. დანალექი მასალის შემოტანის მთავარი წყაროა ხმელეთის ქანების ნგრევის პროდუქტები, რომლებიც შელფის ფარგლებში მდინარეებს გამოაქვთ, ხოლო ნალექების წყალქვეშა მეწყრული მასებისა და სიმღვრივის ნაკადების შედეგად, ისინი დიდ რაოდენობაში იკარგება. მაღალ განედებში გვიანპალეოზოური მყინვარების დეგრადაციისას მრავალი მასალა მდნარ წყლებს გამოჰქონდათ.[1]

კონტინენტის ძირში გამოხატული აკუმულაციური დახრილი ვაკე (მაქსიმალური დახრა 2,5°, სიგანე 1000 კმ-მდე) განლაგებულია 1500-3500 მ-იდან 4300-5000 მ-მდე სიღრმეების ინტერვალში. ფართობი 26 მლნ. კმ². ვაკეების ზედაპირი შეიძლება იყოს ბრტყელი, ბორცვიანი, ტალღოვანი, საფეხურისებრი. კონტინენტის ძირის აგებულებაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სიმღვრივის ნაკადების გამოზიდვის კონუსებს, რომლებიც ჩვეულებრივ, დაკავშირებულია წყალქვეშა კანიონების შესართავებთან.[1]

განსაკუთრებით დიდი გამოზიდვის კონუსები წაწეულია შორს აბისალური ვაკეების ფარგლებში, მაგალითად, ბენგალის კონუსი გადაჭიმულია მდინარე განგის წყალქვეშა კანიონიდან სამხრეთ განედის 10°-მდე. გამოზიდვის კონუსებს შორის ხშირია მეწყრული სხეულები. ზოგჯერ კონტინენტის ძირი წარმოდგენილია დამრეცი დეპრესიებით ან ლილვისებური ქედებით, რომელთაგან უდიდესია ბლეიკ-ბაჰამის დანალექი ქედი ატლანტის ოკეანეში (სიგრძე 400 კმ, სიგანე 150 კმ-მდე, სიმაღლე 2000 მ), რომელიც აგებულია კონტურიტებით — კონტურული ნაკადის დანალექებით (მიმართულია კალთის გასწვრივ). ძირის რიგ რაიონში ნიშანდობლივია მთის რელიეფი — ასობით მ-ის სიმაღლის მარტოხელა მთები ან მთათა ჯგუფი საერთო საფუძვლით, რომლებიც ზედაპირზე კუნძულების სახითაა ამოზიდული (მაგ., აზორის, მწვანე კონცხის); ასეთი მთების შეფარდებითი სიმაღლე ვაკეების ძირიდან 7-8 ათ. მ აღწევს. მრავალ მონაკვეთზე კონტინენტის ძირის ზედაპირი წარმოდგენილია ბორცვიანი რელიეფით (მაგალითად, კუნძულ ნიუფაუნდლენდის სამხრეთით). კონტინენტის ძირი საყოველთაოდაა წარმოდგენილი კონტინენტური კალთის საფუძველში. ორგანული სამყაროს სიმდიდრეებით, კონტინენტის ძირი ჩამორჩება კონტინენტურ კალთას და ამ თვალსაზრისით ოკეანის საგებთან დგას ახლოს.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Материковое подножие // Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-17. ციტირების თარიღი: 2020-03-17.