„კალმასობა“ (ლათ. — „quaerere“. ქართ. — „საძებნელად წასვლა“, ანუ „ძიება“) — XVIII საუკუნის ქართული ენციკლოპედიური ხასიათის თხზულება. იგი ასახავს მაშინდელი ცოდნის თითქმის ყველა დარგს. მისი ავტორია იოანე ბატონიშვილი. შედგენილია პეტერბურგში 1813—1828 წ.წ. თხზულება იწერებოდა 15 წლის განმავლობაში. არსებითად, თხზულება არის ძველი ქართული მწერლობის ბოლო ნაწარმოები და ახალი ქართული მწერლობის პირველი მხატვრული ძეგლი (ალ. ბარამიძე).

იოანე ბატონიშვილი

„კალმასობა“ ანუ „ხუმარსწავლა“ რამდენიმე ხელნაწერშია წარმოდგენილი. მეცნიერული გამოცემა არ განხორციელებულა, მხოლოდ ორი ტომია გამოცემული.

თხზულების შინაარსი რედაქტირება

„კალმასობა“ ანუ, როგორც თვით ავტორი უწოდებს, „ხუმარსწავლა“, ორიგინალური ჟანრის ნაწარმოებია. მეცნიერული მსჯელობანი მკითხველისათვის მოსაწყენი და ძნელად ასათვისებელი რომ არ ყოფილიყო, ავტორმა თხრობის თავშესაქცევი მანერა აირჩია. არქაული მწიგნობრული ენით გამართულ მეცნიერულ ნაწილს მსუბუქი და ხატოვანი, ზომიერად მოხმობილი დიალექტიზმებით გაცხოველებული, დიალოგებით უხვად გაჯერებული თხრობითი ნაწილი ენაცვლება. სიუჟეტურ ღერძს ჰქმნის ორი მთავარი პერსონაჟი — იონა ხელაშვილი და მისი მხლებელი გლეხი ზურაბა ღამბარაშვილი. მათი ფათერაკებით აღსავსე მოგზაურობის ფონზე გაშლილია მეცნიერული მსჯელობანი; წარმოჩენილია საქართველოს იმდროინდელი ვითარება, დაუზოგავად არის მხილებული საზოგადოების მაღალი ფენების ზნეობრივი დაკნინება, სახელმწიფო მოხელეების ანგარება და უმეცრება, სამღვდელოების ფარისევლობა. ღრმა პატრიოტული და ჰუმანისტური ტენდეციით გამსჭვალულ თხზულებაში ქვეყნის დამღუპველ გარემოებად მიჩნეულია საყოველთაო უმეცრება, რაც ნიადაგს უქმნის ყოველგვარი ჯურის ბოროტებას.

თხზულება საკმაო სისრულით ასახავს საქართველოში მეცნიერული ცოდნის დონეს XVIII—XIX სუკუნეების მიჯნაზე. აქ წარმოდგენილია ცნობები საბუნებისმეტყველო და ჰუმანირატულ მეცნიერებათა თითქმის ყველა დარგიდან. ზოგ შემთხვევაში მასალა თარგმნილია რუსული და უცხოური წყაროებიდან, უმეტესად კი ავტორი თავის დაკვირვებებს გვთავაზობს. განსაკუთრებით ფასეულია ცნობები საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხებზე. მათ შორის, აღსანიშნავია, „მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის“, რომელიც წარმოადგენს X—XVIII საუკუნეების ქართველ მწერალთა თავისებურ ლექსიკონს.

იოანე ბატონიშვილი თხზულებაში ეხება, ასევე, ჰერალდიკის საკითხებს. კერძოდ, განმარტებულია, თუ რა არის გერბი. მოცემულია გერბის ფუნქცია. ჩამოთვლილია გერბის მთავარი ელემენტები. აქვე, გამოთქმულია ავტორის მოსაზრება საქართველოში საგვარეულო გერბების ფართოდ დანერგვის საჭიროებაზე. გერბის ელემენტებს იოანე ბატონიშვილი აღნიშნავს სიტყვებით: „ნიშანი“, „მაგალითი“. ერთმანეთისაგან განასხვავებს დიდებულისა და მონასტრის წინამძღვრის გერბებს. დიდებულის გერბს, იოანე ბატონიშვილის აზრით, აქვს შემდეგი „ნიშნები“ ანუ „მაგალითები“: გვირგვინი, პორფირი, სახე (გამოსახულება); მონასტრის წინამძღვრისას კი — მიტრა, მანტია და ეკლესიის სახე (გამოსახულება).

„კალმასობაში“ ავტორი ეხება ჰერალდიკური ნივთების (გერბები) დამზადების ტექნიკას და მასთან ერთად სხვა მრავალ საკითხს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება