გვირგვინი — მონარქიული ხელისუფლების სიმბოლო — ძვირფასი ლითონისაგან (უმთავრესად ოქროსაგან) დამზადებული, პატიოსანი თვლებით მოოჭვილი თავსამკაული.

გვირგვინი სხვადასხვა ფორმისა იყო: დიადემა, ქუდი, შარავანდი, ფოთლებიანი თუ დაკბილული სალტე და სხვ. გვირგვინი, როგორც ძალაუფლების სიმბოლო, არსებობდა ჯერ კიდევ შუმერში, ძველ ეგვიპტეში, ძველ რომში და ა. შ. ევროპაში XI საუკუნეში გვირგვინის მფლობელის ტიტულის შესაბამისად დადგინდა გვირგვინის სხვადასხვა ფორმა (საიმპერატორო, სამეფო, სამთავრო, საჰერცოგო, საგრაფო და სხვ.).

საქართველო რედაქტირება

 
გიორგი XII-ის სამეფო გვირგვინი (მხატვარი ფ. სოლნცევი, XIX ს.)
 
„ივერიული გვირგვინი“ (ჰერალდიკური გამოსახულება)

ქართული სამეფო-სამთავრო გვირგვინების ნიმუშებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ცნობილია სამეფო რეგალიების გამოსახულებები ძველი ფრესკებიდან, მონეტებიდან და სხვ. გვირგვინს ძველ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, სხვადასხვა მოყვანილობა ჰქონდა. მისი ფორმა დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ქართული წყაროები ქართველ მეფეების თავსაბურავს მიტრასა და გვირგვინს უწოდებს. სამეფო დიადემა ჩვენში საერთოდ არ არის ცნობილი. გვირგვინი მეფობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლო იყო. ამიტომ მეფეს „გვირგვინოსანს“ უწოდებდნენ.

გაურკვეველია საქართველოს უკანასკნელი მონარქების გვირგვინების ბედი. 1795 წელს თბილისის აღების შემდეგ აღა-მაჰმად-ხანს ირანში წაუღია ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის გვირგვინი, რომელიც მისთვის რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ის ბრძანებით საიმპერატორო კარის ოსტატმა ლუი-დავიდ დიუვალმა დაამზადა გეორგიევსკის ტრაქტატის (1783) დადების შემდეგ. ამ გვირგვინის ასლი შემდეგ საქსონელმა ოქრომჭედლებმა დაამზადეს, მაგრამ ისიც დაიკარგა.

1799 წელს ერეკლეს მემკვიდრის გიორგი XII-თვის პეტერბურგში ახალი სამეფო გვირგვინი დამზადდა (ავტორები: პიერ-ეტიენ ტერმენი, ნათანაელ გოტლობ ლიხტი). ქართლ-კახეთის ანექსიის შემდეგ, 1801 წლის თებერვალში, რუსებმა ბაგრატიონთა სამეფო ძალაუფლების ნიშნები თბილისიდან პეტერბურგში წაიღეს. 1923 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, გიორგი მეფის გვირგვინი საქართველოში დაბრუნდა და თბილისის სახელმწიფო მუზეუმში განთავსდა. 1930 წლის 23 აპრილს საბჭოთა ხელისუფლებამ გვირგვინის „უტილიზაცია“ გადაწყვიტა და ის დასაშლელად მოსკოვში გაგზავნა ან საზღვარგარეთ გაყიდა. ზოგიერთი ცნობით ის ნიდერლანდელმა ნავთობის მაგნატმა ჰენრი დეტერდინგმა შეიძინა და შესაძლოა ახლაც ევროპის რომელიმე კერძო კოლექციაში ინახებოდეს. ამ გვირგვინის სტილიზებული, ჰერალდიკური გამოსახულება (ე. წ. ივერიული გვირგვინი) საქართველოს 2004 წელს მიღებული სახელმწიფო გერბის ნაწილია.

ზოგიერთი ცნობით 1896 წელს გელათის მონასტერში ჯერ კიდევ შეიძლებოდა იმერეთის მეფეთა ძვირფასი თვლებით მორთული გვირგვინის ხილვა; ისიც ახლა დაკარგულად ითვლება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7), გვ. 149–157.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება