ივანე ბაქრაძე (სამხედრო პირი)

ქართველი სამხედრო პირი, იუნკერი, პოლონეთის არმიის ოფიცერი

ივანე (ვანო) ტრიფონის ძე ბაქრაძე (დ. ხეითი, 1898[1] ან 1900[2] ― გ. პარიზი, 27 ივნისი, 1970) ― საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუნკერი, პოლონეთის არმიის ოფიცერი.

ბიოგრაფია რედაქტირება

ივანე ბაქრაძე დაიბადა ონის რაიონის სოფელ ხეითში ვექილ ტრიფონ ბაქრაძისა და ეკატერინე ჯაფარიძის ოჯახში. იყო მეექვსე შვილი. 7 წლის ვანო ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში შეიყვანეს, რომელიც 1918 წელს დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას ახალდაარსებულ ქართულ უნივერსიტეტში აპირებდა, მაგრამ სამხედრო გაწვევამ მოუსწრო. 1919 წელს თბილისის სამხედრო სკოლის, იუნკერთა სასწავლებლის კურსანტი გახდა და პირველი საბრძოლო ნათლობა 1921 წლის თებერვალში, კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლებში მიიღო.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ვანო ბაქრაძე გენერალ გიორგი კვინიტაძესა და იუნკრებს გაჰყვა სტამბოლში, შემდეგ სხვა ოცდაათ იუნკერთან ერთად პოლონეთში მოხვდა. აქ სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა, ოფიცრის ჩინი მიიღო და ულანთა მე-17 პოლკის როტმისტრი გახდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ვანო ბაქრაძე პოლონეთის არმიაში იბრძოდა. 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით პოლონეთის აღმოსავლეთის მიწები საბჭოთა კავშირის კონტროლქვეშ მოექცა. ვანო, როგორც პოლონეთის არმიის ოფიცერი, გერმანელების წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ მისთვის საბჭოელებიც დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ. საბჭოთა უშიშროებამ პოლონეთის არმიაში მომსახურე ბევრი ქართველი მეომარი შეიპყრო და ადგილზე დახვრიტა, ან ციმბირში გადაასახლა. ამიტომ ივანე პარტიზანებს შეუერთდა, რომლებიც გერმანელებსაც და საბჭოთა არმიასაც ებრძოდნენ.

პოლონეთის გერმანულ ზონაში ჩატარებული ერთ-ერთი ოპერაციისას ვანო ბაქრაძე გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს და ვარშავის მახლობლად საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ტყვეობიდან ქართველი ემიგრანტების დახმარებით განთავისუფლდა. მათივე რჩევით ჩაეწერა გერმანიის არმიაში მოქმედ ქართულ სამხედრო ნაწილში. მალე ობერლეიტენანტის სამხედრო წოდებაც მიიღო. ჯერ საბადრაგო ბატალიონ "თამარ ll"–ში მსახურობდა, შემდეგ ჰოლანდიაში დისლოცირებულ ბატალიონ N799-ის მეთაურად გადაიყვანეს.

გერმანიის დამარცხების შემდეგ ვანო ბაქრაძე მოკავშირეთა საოკუპაციო ზონაში მოხვდა, რომელიც საბჭოელებისთვის უნდა გადაეცათ, ამიტომ ამერიკელებმა მისცეს სხვა გვარზე გამოწერილი საბუთი, მანქანა და გაუშვეს საფრანგეთში. იქ უმასპინძლეს მეგობრემა, იუნკერებმა შოთა ნიკოლაძემ და კუკური თოხაძემ. ვანო პარიზში დასახლდა. მუშაობა დაიწყო პეჟოს ქარხანაში. თანამშრომლობდა ემიგრანტულ საზოგადოებებთან. წლების მანძილზე იყო საფრანგეთის ქართული სათვისტომოს გამგეობისა და ყოფილ ქართველ იუნკერთა კავშირის წევრი.

საქართველოში დარჩენილ ოჯახთან ურთიერთობა ვანო ბაქრაძემ 1959 წლიდან აღადგინა, თავდაპირველად წერილობითი კავშირი ჰქონდათ, შემდეგ ნათესავებიც ესტუმრნენ. თავად მას შანსი ჰქონდა 1968 წელს ჩამოსულიყო სამშობლოში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სტუმრად მოიწვიეს უნივერსიტეტის N1 სტუდბილეთის მფლობელი მედეა ღამბაშიძე, ივანე მისი თანმხლები უნდა ყოფილიყო. მზადება რამდენიმე თვე გაგრძელდა, მაგრამ მოსკოვმა ბოლო მომენტში უარი უთხრა, რადგან საფრანგეთის პასპორტი არ ჰქონდა და ლტოლვილის სტატუსით სარგებლობდა.

ვანო ბაქრაძე 1970 წლის 27 ივნისს გულის შეტევით გარდაიცვალა. შთამომავლობა არ დარჩენია. განისვენებს ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართველები უცხოეთში = Georgians abroad. წ. I. – თბილისი, 2012. – გვ. 44.
  2. დაუშვილი რ., უტიაშვილი, შ., საქართველო - დასავლეთი : ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტორიიდან. – თბილისი, 2012. – გვ. 143.