გიორგი კვინიტაძე (დ. 21 აგვისტო, 1874, დაღესტანი, რუსეთის იმპერია ― გ. 7 აგვისტო, 1970, შატუ, საფრანგეთი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალი (1918), ბოლო მთავარსარდალი, რომელიც ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარს 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს ეროვნული გმირი.

გიორგი კვინიტაძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 21 აგვისტო, 1874
დაბადების ადგილი დაღესტანი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 7 აგვისტო, 1970
გარდაცვალების ადგილი შატუ, საფრანგეთი
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ჯარის სახეობა ქვეითი ჯარი
წოდება გენერალი-მაიორი
(რუსეთის იმპერია)
გენერალი
(სდრ)
ბრძოლები/ომები
ჯილდოები
  • წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი (1905)
  • წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენი (1907)
  • წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი (1912)
  • ოქროს იარაღი სიმამაცისთვის (1917)
  • წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი (1917)
  • წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის მე-4 ხარისხის ორდენი
  • სხვა საბრძოლო ჯილდოები
კავშირი ივანე კვინიტაძე (მამა)
მარიამ დ’აბო (შვილიშვილი)
დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონი

1917-1918 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, გენერალი კვინიტაძე აქტიურად მონაწილეობდა ქართული კორპუსის ჩამოყალიბებაში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მცირე ხნის განმავლობაში, სამხედრო მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. აქტიურად იყო ჩართული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში მიმდინარე დისკუსიაში. მისი მოსაზრებით, აუცილებელი იყო მხოლოდ რეგულარული არმიის ჩამოყალიბება, თუმცა მის ჩამოყალიბებამდე, სახალხო გვარდიის არსებობის წინააღმდეგი არ იყო. კვინიტაძე სამხედრო სამინისტროს სათავეში სამხედრო პირის დანიშვნას და ჯარის ტერიტორიული პრინციპით დაკომპლექტებას ითხოვდა. 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი.[1]

გენერალ კვინიტაძის სახელს უკავშირდება: 1918 წლის ზაფხულში ოსმალური რაზმების დამარცხება ქვემო ქართლში; 1918 წლის დეკემბერში სომხეთ-საქართველოს ომის დროს იყო შულავერის ფრონტის შტაბის ხელმძღვანელობა; 1919 წელს მისი სარდლობით ქართულმა ჯარმა დაამარცხა „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ (ე.წ ყარსის რესპუბლიკის ჯარები), აიღო ახალციხე და არტაანი; 1920 წლის მაისში, მისი მთავარსარდლობით საქართველომ საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის შეტევა მოიგერია; 1918-1921 წლებში ჩაახშო რამდენიმე ანტისახელმწიფოებრივი აჯანყება, აქტიურ მონაწილეობას იღებდა შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში.[1]

1921 წლის ომის, საბჭოთა რუსეთის დაზვერვა გენერალ კვინიტაძეს შემდეგნაირად ახასიათებდა: „ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა - აღტკინება, შეტევა. ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი. მან ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზედ ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრულიად უშიშარი; იცის მასსების გამხნევება და მათი გატაცება. ნერვიული, განუწყვეტლივ ეწევა პაპიროსს. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა“.[1]

1921 წლის ომის დროს, გენერალმა კვინიტაძემ, 18-24 თებერვალს, მოწინააღმდეგის მიერ თბილისზე განხორციელებული რამდენიმე შტურმი მოიგერია და მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა 24 თებერვლის საღამოს, დედაქალაქის დატოვებისა და ბრძოლის მცხეთის პოზიციებიდან გაგრძელების ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული მოქმედებით იგი ფრონტის ხაზის შემოკლებას აპირებდა. კვინიტაძემ ეს გადაწყვეტილება რეზერვის არყოლისა და დაუცველი ფლანგებიდან რუსული ცხენოსანი შენაერთების მანევრების გამო მიიღო, რაც მისი აზრით, დედაქალაქის დამცველებს ალყაში აქცევდა და განადგურებას უქადდა. თბილისიდან უკანდახევის შემდეგ, ჯარის მორალური სულისკვეთება დაეცა და მცხეთის პოზიციებზე გამაგრება ვერ მოხერხდა. კვინიტაძის მხრიდან მოწინააღმდეგის დამარცხების უკანასკნელი მცდელობა 4-6 მარტს, ოსიაურის ბრძოლაში ჩაიშალა.[1]

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზის მახლობლად, ლევილში. სამხედრო სამსახური არცერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში არ გაუგრძელებია. გარდაიცვალა 1970 წელს.[1]

2013 წლის 26 მაისს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.[1]

2021 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გენერალი კვინიტაძე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს.[2]

ბიოგრაფია რედაქტირება

მოღვაწეობა რუსეთის იმპერიის არმიაში რედაქტირება

დაიბადა 1874 წელს დაღესტანში[3], პოლკოვნიკ ივანე კვინიტაძის ოჯახში. მამამისი 13 წლამდე ჩიქოვანის გვარს ატარებდა, რომელიც, შემდეგ უცნობი მიზეზის გამო, კვინიტაძედ გადაიკეთა. [4] დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ქვეითთა სასწავლებელი. 1894 წელს მიიღო პოდპორუჩიკის წოდება. სამხედრო სამსახური დაიწყო ვლადიკავკაზის 153-ე პოლკში. 1897 წელს გახდა პორუჩიკი, 1901 წელს კი შტაბსკაპიტანი. შემდეგ მსახურობდა პოლონეთში. 1904 წელს მან საკუთარი სურვილით მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომში. მსახურობდა აღმოსავლეთ ციმბირის მსროლელთა მე-9 პოლკში. 1905 წელს გახდა კაპიტანი. 1910 წელს 1-ლი თანრიგით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და სამსახური დაიწყო კავკასიის მე-16 გრენადერთა პოლკში. 1911 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის დავალებათა ობეროფიცერი. ამავე დროს მუშაობდა სამხედრო სასწავლებელში. პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წლის დეკემბერში კვინიტაძეს მიენიჭა პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე-4 მსროლელი დივიზიის მეთაურად. 1916 წელს გახდა პოლკოვნიკი. მონაწილეობდა ერზურუმის ოპერაციაში, რისთვისაც დაჯილდოვდა წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით. 1917 წლის მაისიდან გახდა კავკასიის მე-15 მსროლელთა პოლკის მეთაური. რუსეთის იმპერიის არმიაში დაჯილდოებული იყო წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაფთით, წმინდა ანას მე-4 და მე-3 ხარისხის, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენებით.

მოღვაწეობა პირველ რესპუბლიკაში რედაქტირება

 
გიორგი კვინიტაძე და ქაქუცა ჩოლოყაშვილი

1918 წლის დასაწყისიდან იყო ქართული საარმიო კორპუსის I დივიზიის მეთაური. 1918 წლიდან ამიერკავკასიის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და სამხედრო მინისტრის თანაშემწე. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში. 1918 წელს გახდა გენერალი. 1918 წლის მაის-სექტემბერში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. შეიარაღებული ძალების შექმნის საკითხში რესპუბლიკის მთავრობასთან შეუთანხმებლობის გამო გადადგა.

1918 წლის დეკემბერში სომხეთ-საქართველოს ომის დროს დაინიშნა სადახლო-შულავერის ფრონტის საველე შტაბის უფროსად. 1919 წლის მარტიდან იყო ახალციხე-ახალქალაქის მაზრების გენერალ-გუბერნატორი და რეგიონის ქართული გარნიზონის სარდალი, მეთაურობდა მაზრაში სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლას და დაამარცხა ისინი. შემდეგ იბრძოდა სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ და მათთან ბრძოლისას, 1919 წლის აპრილში გაათავისუფლა არტაანი. 1919 წლის სექტემბრიდან იყო ქართული სამხედრო სკოლის უფროსი. 1920 წლის 29 აპრილს ხელახლა დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე. 1920 წლის მაისში დაამარცხა აზერბაიჯანის სსრ-ის მხრიდან საქართველოში შეჭრილი წითელი არმიის ნაწილები. სურდა შეტევის გაგრძელება და ბრძოლის გადატანა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რათა სრულად გაეადგურებინა იქ არსებული წითელი არმია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ამის ნება არ მისცა. 8 სექტემბერს დატოვა მთავარსარდლის თანამდებობა. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დაუბრუნდა სამხედრო სკოლას. 1921 წლის 16 თებერვალს მესამედ დაინიშნა მთავარსარდლის პოსტზე. რუსეთ-საქართველოს ომის დროს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა თბილისის დაცვას, რასაც წარმატებით ახერხებდა 18-24 თებერვლის განმავლობაში. 24 თებერვალს მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება თბილისის დატოვების შესახებ. მისი გეგმით უნდა გამაგრებულიყვნენ მცხეთასთან და შემდეგ კონტრშეტევით დაემარცხებინათ მტერი. მაგრამ კვინიტაძის გეგმამ არ იმუშავა. კვინიტიაძემ ვერც ოსიაურის ბრძოლაში მოახერხა წითელი არმიის შეჩერება.

ემიგრაციაში რედაქტირება

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა. მუშაობდა გრამფირფიტების კომპანია „Pathe-ში.“ ეკონომიკური სიდუხშირის გამო ერთი პერიოდი თავს ირჩენდა მაწვნის წარმოებით და გაყიდვით. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან და ორგანიზაციებთან. გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული, 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში გარდაიცვალა. 1985 წელს, პარიზში, გამომცემლობა YMCA-PRESS-მა დასტამბა გიორგი კვინიტაძის მემუარები რუსულ ენაზე („Мои воспоминания в годы независимости Грузии, 1917–1921“). მოგონებები ორ ტომად ქართულ ენაზე გამოიცა 2014 წელს.

ოჯახი რედაქტირება

ცოლად ჰყავდა (1911 წლიდან) თავადის ასული მარიამ მაყაშვილი (დ. 1889 — გ. 1960). ჰყავდა სამი ქალიშვილი: ივდით (იდა; დ. 1912 — გ. 2002), თამარი (თამი; დ. 1913 — გ. 2009) და ნინო (ნანო; დ. 1920 — გ. 2020). ნინოს ქალიშვილია ფრანგული კინოს ვარსკვლავი მარიამ დ'აბო.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 223-224.
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 667.
  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 67-69, ISBN 978-9941-0-7386-1.
  • საითიძე გ., გენერალი გიორგი კვინიტაძე, თბილისი, 1998
  • Волков С. В. Генералитет Российской империи. Энциклопедический словарь генералов и адмиралов от Петра I до Николая II. Том I. А—К. М., 2009
  • Гогитидзе М. Грузинский генералитет (1699—1921). Киев, 2001
  • Шабанов В. М. Военный орден Святого Великомученика и Победоносца Георгия. М., 2004

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება