თბილისის აშკენაზების სინაგოგა

თბილისის აშკენაზების სინაგოგა, ბეით რახელი, აშკენაზების ბეით ქსენეთი — ებრაელთა მოქმედი სინაგოგა, მდებარეობს თბილისში ტყავის შესახვევში.

ისტორია რედაქტირება

თბილისში გარდა ქართველი და აშკენაზი ებრაელებისა ცხოვრობდნენ სპარსელი ებრაელები, რომლებიც ვაჭრობას მისდევდნენ. ასევე ცხოვრობდა ოსმანური იმპერიიდან შემოსული ებრაელების უმნიშვნელო რაოდენობის ჯგუფი — სეფარდები. 1880 წლიდან თბილისში შემოსვლას იწყებენ ქურთი ებრაელები, რომლებიც, ძირითადად, ირანის აზერბაიჯანიდან და ირანის ქურთისტანიდან შემოდიან.

დღევანდელი აშკენაზების სინაგოგა თავდაპირველად ირანიდან და ქურთისტანიდან შემოსული ებრაელებისათვის აშენდა 1910 წელს. საბჭოთა პერიოდში მოხდა ამებრაელების დიდი ნაწილის გადასახლება და ამიტომ ეს სინაგოგა აშკენაზ ებრაელების ხელში გადავიდა.

დროთა განმავლობაში შენობა დაზიანდა. მას პირველი რესტავრაცია 1970-იან წლებში გაუკეთდა, რომლის დროსაც შენობა გაამაგრეს და კოსმეტიკური რემონტი გაუკეთეს. შენობა ძლიერ დაზიანდა 2001 წლის მიწისძვრის დროს და საჭიროებდა კაპიტალურ რემონტს.

2009 წლის ჟურნალ „ერთობაში“ ვკითხულობთ: „...აშკენაზ ებრაელთა სალოცავი (ბეით ქნესეთი) დიდი ხანია დანგრევის პირას იყო მისული. იქმნებოდა იმის საშიშროება, რომ საქართველოს დედაქალაქში დარჩენილი ერთადერთი აშკენაზური სინაგოგა საბოლოოდ შეწყვეტდა ფუნქციონირებას, შენობის ავარიულ მდგომარეობაში ყოფნის გამო. არა-და იგი თავისი ისტორიული მნიშვნელობით მეტად ძვირადღირებული იყო.

აუცილებელი გახდა შენობის რეკონსტრუქცია, რაც კოლოსალურ ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. სინაგოგის აღსადგენად თანხები გაიღეს თბილისსა და მოსკოვში მცხოვრებმა ებრაელებმა... საქართველოს მთავარმა რაბიმ არიელ ლევინმა დახმარებისათვის მიმართა ევრაზიის ებრაულ კონგრესს დ საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესს. მათი ხელმძღვანელები ალექსანდრე მაშკევიჩი და გაბრიელ მირილაშვილი ხელგაშლილად და გულგაშლილად გამოეხმაურნენ ამ თხოვნას. დახმარების ხელი გაუწოდეს სინაგოგის რეკონსტრუქციის კეთილშობილურ საქმეს აგრეთვე ცნობილმა ბიზნესმენებმა თემურ საპირმა, და დავიდ იაკობაშვილმა“.

როშ ჰაშანის წინა დღეებში, 2009 წლის 15 სექტემბერს საზეიმოდ აღინიშნა ახლად რეკონსტრუირებული თბილისის ბეით რახელის, თბილისის აშკენაზების ბეით ქნესეთის გახსნა.

აღდგენილი ბეით-ქნესეთი შედგება სალოცავი და სადღესასწაულო დარბაზებისგან, აგრეთვე საქალებო აივნისაგან. რეკონსტრუირებულ სინაგოგას ეწოდა ა. მაშკევიჩის დედის სახელი — ბეით რახელი, ხოლო სინაგოგის არონ ჰაკოდეშს (სეფერთორების წმიდა სავანეს) — კონგრესის პირველი პრეზიდენტის მიხაელ მირილაშვილის სახელი.

ძეგლის აღწერა რედაქტირება

თბილისის მოქმედი აშკენაზების სინაგოგა 1910-იან წლებშია აშენებული. სინაგოგის შენობა მოქცეულია შიდაკვარტალურ განაშენიანებაში. თავდაპირველად იგი ერთსართულიანი იყო. რეკონსტრუქციის შედეგად ამოღებულ იქნა მიწა და ქვედასართულზე განთავსდა სალოცავი, რომელშიც გადააბრძანეს ძველი არონ-ჰაკოდეში, რომელიც თითქმის 150 წლისაა. სინაგოგის შენობას სარკმელებზე გაუკეთდა ფერადი ვიტრაჟები.

შენობა წმინდა კარადით ორიენტირებულია სამხრეთისაკენ, ანუ იერუსალიმისკენ. ეს ტრადიცია ჩვ. წ. აღ. III საუკუნიდან იღებს სათავეს და ე. წ. ტრანსიონალურ ტიპს წარმოადგენს. რაც შეეხება სინაგოგის მოკრძალებულ ადგილმდებარეობას და ექსტერიერს — ეს გვიანი ხანის ევროპული ნიშანია, ებრაელთა დევნით და სინაგოგების წართმევით გამოყოლილი ინერცია.

როგორც შოთა ბოსტანაშვილი წერს: „ამ სინაგოგაში ლახლუხებიც ლოცულობდნენ“. ლახლუხები სპარსეთის გავლით შემოსული ებრაელები ანუ „ფარსისტანის ებრაელნი. სცხოვრობდნენ მთლად სპარსეთს და ფარსისტანს. ლაპარაკობენ ფარსულად, იცმევენ მათებურად, საქართველოშიაც არია ნმცირედ, იციან ქართული ენა და თავს ირჩენენ იარების მკურნალობით. ქართველთებრაელთ უადვილესად უახლოვდებიან და ენათესავებიან, ამათ სალოცავშიც დადიან. მაინც აღსანიშნავია, რომ ქართველთებრაელნი კავკასიისს ხვადასხვა ებრაელთ უფროა დვილად უახლოვდებიან, ვიდრე ევროპის და რუსეთის ებრაელთ. იშვიათად მოხდება, რომ ქართველ ებრაელმა თავის ქალი ევროპის, ან რუსის ებრაელს მისცეს. ეს მათში დღემდეც კი არ არის, ძლიერ იშვიათად ხდება…“. — წერს ზაქარია ჭიჭინაძე.

1890-იან წლებში აშკენაზებმა შექმნეს ორგანიზაცია „ხიბათციონი“, ხოლო პირველი სიონისტური კონგრესის შემდეგ თბილისელმა კბილის ექიმმა მ. შტრეიხლერმა დააარსა სიონისტური ორგანიზაცია. 1901 წელსთბილისში ჩატარდა კავკასიის სიონისტების პირველი კონფერენცია. ხოლო 1902 წელს თბილისში დაარსდა რელიგიური სკოლა ქართველ ებრაელთა შვილებისათვის, რომელშიც აღზრდა-განათლება სისტემით „ივრითი-ივრითზე“ მიმდინარეობდა. სკოლაში პედაგოგები ვილნიდან (ვილნიუსი) მოიწვიეს. 1912 წლისათვის ამ სასწავლებელში მოსწავლეთა რიცხვი 390 აღწევდა, მოსწავლეების უმეტესობა აშკენაზთა ებრაელების წარმომადგენლები იყო.

1910 წლიდან თბილისში მოქმედებდა „ებრაული მუსიკის და ლიტერატურის საზოგადოება“, რომლის აქტივისტებმა ზუბალაშვილის სახალხო სახლთა ნდააარსეს თეატრალური დასი, რომელიც სპექტაკლებს იდიშზე დგამდა. ამ დასმა 1930 წლამდე იარსება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 512-513