ზაქარია ედილაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ედილაშვილი.

ზაქარია ერმალოზის-ძე ედილაშვილი (ედილი) (დ. 1873, სოფელი ბრეთი, გორის მაზრა, ტფილისის გუბერნია — გ. აგვისტო, 1956, გორი, საქართველოს სსრ) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პროფესიით ექიმი–ვეტერინარი.

ზაქარია ედილაშვილი (ედილი)

ბიოგრაფია რედაქტირება

1849 წელს დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი და თბილისის სასულიერო სემინარია. მუშაობა დაიწყო ქ. კავკავში დ. სარაჯიშვილის ქარხანაში. მისივე დახმარებით მოეწყო ქ. ტარტუს ვეტერინალურ ინსტიტუტში. 1901 წელს სამუშაოდ კავკასიაში განაწესეს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ნახიჩევანში, საინგილოში, გორში. 1925-1927 წლებში რედაქტორობდა გორის რაიონულ გაზეთ „წითელ ქართლს". საინგილოში მოღვაწეობის დროს მან დიდი ინტერესი გამოიჩინა ირგვლივ მიმოფანტული უამრავი ქართული ძეგლის მიმართ. შეუდგა აღნიშნული მხარის წარსულის ძიებას, შეაგროვა მეტად მდიდარი და უნიკალური მასალა საქართველოს ამ კუთხის შესახებ. პროფესიულმა საქმიანობამ ედილაშვილს ხელი შეუწყო ახლოს გასცნობოდა ხალხის ადათ-წესებსა და საქმიანობას. ამით გააგრძელა და გააფართოვა დიმიტრი და მოსე ჯანაშვილების მიერ დაწყებული საქმიანობა. ედილაშვილი ქართულ პრესაში ხშირად აქვეყნებდა მასალებსა და ფოტოილუსტრაციებს მრავალ საჭირბოროტო საკითხზე. ამ თემაზე მიმოწერა ჰქონდა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთანაც. მისი მონოგრაფია საინგილოს შესახებ 1940 წელს პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „მნათობში" (N5-12). მთლიანად მის გამოქვეყნებას ხელი შეუშალა მეორე მსოფლიო ომმა, საბოლოოდ წიგნად გამოიცა 1947 წელს. ნაშრომში აღწერილია ამ მხარის ბუნება, ისტორიული წარსული, ხალხის ყოფა-ცხოვრება, ისტორიული ნაშთები, მოსახლეობის, ქალაქებისა და სოფლების ისტორია. დაინტერესებული იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიით, რომელსაც მრავალი გამოკვლევა და წერილი მიუძღვნა. ედილაშვილმა კახში მუშაობის დროს დააარსა „სახალხო კოოპერატივი". მან ადგილობრივ მკვიდრთა – ინგილოთა და სხვა ეროვნების ხალხთა – დიდი სიყვარული დაიმსახურა.

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. საკოლმეურნეო მშენებლობაში აქტიური მონაწილეობისათვის დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ერეკლე მეფე და გრაფი ტოტლებენი, „საქართველო“, 1916, NN 134, 136, 139, 140;
  • ვახტანგ მეფე და პეტრე დიდი, იქვე, 1915, NN 133-137, 140 155-158;
  • მეფე თეიმურაზ I-ის დამოკიდებულება რუსეთთან, იქვე, 1915 NN 76, 78, 101, 103;
  • საინგილო (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი) თბ., 1947.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება