გორი

ქალაქი საქართველოში
ტერმინს „გორი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გორი (მრავალმნიშვნელოვანი).

გორი — ქალაქი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტისა და შიდა ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და ლიახვის შესართავთან, ძირითად სატრანსპორტო გზების გზასაყარზე, თბილისიდან 76-ე კილომეტრში (რკინიგზით).

ქალაქი
გორი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°58′37″ ჩ. გ. 44°06′09″ ა. გ. / 41.97694° ჩ. გ. 44.10250° ა. გ. / 41.97694; 44.10250
პირველი ხსენება VII საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1950
ფართობი 16,85 კმ²
ცენტრის სიმაღლე 588
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 48 143 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 2857 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 95,6 %
სომხები 1,7 %
ოსები 1,2 %
რუსები 0,6 %[1]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 370[2]
საფოსტო ინდექსი 1400[3]
ოფიციალური საიტი gori.gov.ge
გორი — საქართველო
გორი
გორი — შიდა ქართლი
გორი
გორი — გორის მუნიციპალიტეტი
გორი

ქალაქში არის მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. გორში არის სამთავისისა და გორის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

გეოგრაფია რედაქტირება

მდებარეობს მტკვრისა და დიდი ლიახვის შესართავთან, ზღვის დონიდან 588 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 76 კმ (რკინიგზით). გორი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია, აქედან სარკინიგზო განშტოება მიემართება ქალაქ ცხინვალისკენ.

გორში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 10,6 °C, იანვარი -1 °C, აგვისტო 21,4 °C. ნალექები 600 მმ წელიწადში; მაქსიმალური მოდის მაისში (76 მმ), მინიმალური — თებერვალში (34 მმ).[4]

ჰავის მონაცემები — გორი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 4.2 5.4 11.4 16.8 20.6 24.9 27.9 27.7 23.9 17.7 11.9 6.6 16.6
საშუალო დღიური °C −0.4 0.7 6.1 11.2 15.0 19.2 22.2 22.1 18.1 12.4 6.0 1.8 11.2
საშუალო დაბალი °C −3.9 −3.0 1.2 6.1 9.6 14.2 17.3 16.6 13.3 7.8 1.5 −1.9 6.6
საშუალო ნალექი (მმ) 36 34 36 53 76 72 54 49 44 55 52 42 603
წყარო: Climatebase.ru[5]

ისტორია რედაქტირება

გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველი ციხესიმაგრე. მას პირველად VII საუკუნის ამბებთან დაკავშირებით იხსენიებს ისტორიკოსი ჯუანშერი (XI ს.). გადმოცემის თანახმად, სტვფანოზ ერისმთავრის შვილმა არჩილმა მემკვიდრეობით მიღებული განძის ნაწილი დაფლა გორში. ჯუანშერის მიხედვით ამ სამალავს „ტონთიო“ — „ოქროს მთა“ ეწოდებოდა. ქალაქის სახელწოდებაც მასში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან წარმოდგება, რომელზედაც გაშენებულია ძველი ციხე-სიმაგრე (ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნვლი საუკუნეები). არქეოლოგიური მასალები მოწმობს, რომ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დასახლება. გორის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, მტკვრის ნაპირას, ადგილ ღამბარეულზე. ნაპოვნი კერამიკა ტიპობრივია ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურისათვის. 1946 წელს გორის ციხის ჩრდილოეთ მხარეზე მეწყერმა გააშიშვლა ანტიკური ხანის კულტურული ფენა. აღმოჩნდა ალიზის კედელი, თხელკეციანი ქვევრები, წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამიტი, შავპრიალა და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ფენები ძვ. წ. I ათასწლეულის მიწურულითა და ახ. წ. დასაწყისი საუკუნეებით თარიღდება. ამავე ხანის სამარხები აღმოჩნდა ციხის აღმოსავლეთით. სამარხებში ნაპოვნია თიხის ჭურჭელი, მონეტები, მძივები, სამაჯურები და სხვა სამკაული. აღმოჩენილ არქეოლოგიურ ძეგლებს შორის საყურადღებოა აღმოსავლური იერის ქვის მრგვალი ქანდაკების თავი, რომელიც ანტიკური ხანისა უნდა იყოს.

გორს ასევე მოიხსენიებს ფსევდოშაპუჰ ბაგრატუნი თავის „ისტორიაში“ X საუკუნის ამბებთან დაკავშირებით, როდესაც ერთმანეთს ებრძოდნენ აფხაზთა მეფე თეოდოს III და სომხეთის მეფე სუმბატ II (X საუკუნის 70-იანი წწ.).

ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს (XII ს. დასაწყისი). დავითმა ქართლისათვის გააძლიერა გორის მნიშვნელობა. გორმა უფლის-ციხის ადგილი დაიკავა. მოსახლეობის გაზრდის მიზნით დავით აღმაშენებელმა აქ ვაჭარ-ხელოსნური მოსახლეობა ჩაასახლა. გორი სამეფო ქალაქი გახდა. მას განაგებდა მეფის მოხელე — ქალაქის მოურავი. როგორც ფვოდალურ ქალაქს, გორს საკუთარი ციხის გარდა, ზდუდეც ჰქონდა შემოვლებული, რომელშიც დატანებული იყო ალაყაფის კარი. ზდუღეს თავის მხრივ თხრილი პქონდა შემოვლებული (სიღრმე 4 მ, სიგანე 5 მ).

XIII საუკუნიდან გორი და მისი ციხე ხდება საცილობელი პუნქტი დამპყრობლებსა და ქართველ მეფეებს შორის, ვინაიდან ქალაქი უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ და სავაჭრო გზათა გადაკვეთაზე მდებარეობდა და მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას შიდა ქართლზე.

XIII საუკუნეში თათარ-მონღოლთა ბატონობის შედეგად დასუსტებულ საქართველოს კავკასიის მთების გაღმა მობინადრე ოსები შემოესივნვნ და იერიში მიიტანეს ქართლზე. ხელთ იგდეს გორიც. დაარბიეს, გადაწვეს ქალაქი, ხოლო ციხე დაანგრიეს. მონღოლთა დახმარებით ისინი კარგა ხნით დამკვიდრდნენ აქ. ოსთა განდვვნა მოხერხდა მხოლოდ XIV საუკუნის 20-იან წლებში, გიორგი V ბრწყინვალის დროს.

1448 წლის სიგელში იხსენიება გორის მოურავი.[6] 1477 წელს საქართველოს დიდი ჯარით შემოვსია აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს შაჰი უზუნ-ჰასანი, რომელმაც აიღო თბილისი და გორი, მაგრამ მალე დატოვა იგი. 1479 წელს კონსტანტინე II-მ, სხვა ციხეებთან ერთად, გორიც დაიბრუნა და შიგ თავისი მეციხოვნეები ჩააყენა. XVI საუკუნის შუა წლებში გორი დროებით აიღო სპარსეთის შაჰმა თამაზ I-მა. XVI საუკუნის ბოლოს გორი ქართლში ოსმალთა ბატონობის პლაცდარმი გახდა. 1509 წლის აგვისტოში იმერეთის მეფემ ალექსანდრე II-მ დაიპყრო გორი და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელიც დავით X-მ 1510 წ. დაიბრუნა. 1556 წ. გორი, რომელიც ლუარსაბ I-ის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენსდა, ხელთ იგღო შაჰ-თამაზმა, მაგრამ ამავე საუკუნის 80-იან წლებში ქალაქს ოსმალები დაეპატრონნენ და გორის ციხეში თავიანთი გარნიზონი ჩააეენეს. 1599 წელს მეფე სიმონ I მოულოდნელად თავს დაესხა გორს, აიღო ციხე და გაანადგურა ოსმალთა გარნიზონი. 1614 წელს სპარსეთის შაჰმა აბას I-მა დაიკავა და ერთხანს აქედან განაგებდა დამორჩილებულ ქვეყანას. გორისა და მისი ციხის მნიშვნელობა კარგად შეაფასა როსტომ მეფემაც, რომელმაც XVII ს. 30-იან წლებში განაახლა გორის ციხე და იქვე აიშენა სასახლეც. XVII ს. მეორე ნახევარში გორი შესამჩნევად გაიზარდა. ვახტანგ VI დროს იგი საქართველოში ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო ქალაქი იყო. ამის შესახებ ცნობას გვაწვდის ფრანგი მოგზაური ჟან შარდენიც. გორი მიუჩინა რეზიდენციად ვახტანგ VI-მ თავის ძმას სიმონს, როდესაც თავად ირანში გაემგზავრა.

 
გორისციხე 1642 წელს, იტალიელი მისიონერის კრისტოფორო დე კასტელის ჩანახატი.

1721 წელს გორში მცხოვრებთა რიცხვი 300 კომლს არ აღემატებოდა. 1723-34 წლებში ქალაქი ოსმალების ხელში იყო. მათ დაანგრიეს გორის სასახლე. 1735 წლიდან გორს სპარსელები დაეპატრონნენ ნადირ-შაჰის ბრძანებით გორის ციხე თითქმის დაანგრიეს. ჟან შარდენის ცნობით გორის ციხეში 100 სპარსი მეციხოვნე იდგა. ქალაქში უმეტესად ვაჭრები ცხოვრობდნენ.[6] XVIII საუკუნის 40-იან წლებში, თეიმურაზ II დროს, გორი დამპყრობელთაგან გათავისუფლდა. იგი ქართლის სამეფოში მეორე ქალაქი გახდა თბილისის შემდეგ. მშვიდობიანმა ყოფამ თანდათან გამოაცოცხლა გორის საზოგადოებრივი, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება. ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფეოდალურ ხანაში იგი შეფენილი იყო გორის ციხის ფერდობებზე. 1770 წლისთვის გორის მცხოვრებთა რიცხვმა 500 კომლს მიაღწია, 1794 წლისთვის კი მხოლოდ 227 კომლი ითვლებოდა.[6]

გორი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები: ფარსადან გორგიჯანიძე, დავით ტულუკაშვილი (XVIII ს.), გიორგი გორელი (XVIII ს.), სტეფანე ფეშანგიშვილი (XVIII—XIX სს.), თუმანიშვილთა გვარის მრავალი წარმომადგენელი: ავთანდილი (XVIII ს.), დიმიტრი (XVIII—XIX სს.), გიორგი (1744—1837), დავითი (XVIII—XIX სს.) და სხვა.

რუსეთის იმპერიის ანექსიის შემდეგ, გორი სამაზრო ქალაქი გახდა. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. გორის ინტენსიური ზრდა იწეება XIX საუკუნიდან. გაჩნდა ახალი უბნები. ციხის უბანი, რუს უბანი, „პოსელენიე“, სულუხი, გარე უბანი. ხელოსნობასა და ვაჭრობასთან ერთად, ქალაქის მოსახლეობა სოფლის მეურნეობასაც მისდევდა. 1876 წელს გორმა საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო. XIX საუკუნეში გორში დაარსდა სასულიერო და სამაზრო სასწავლებლები, სამასწავლებლო ანუ საოსტატო სემინარია, ქალთა პროგიმნაზია, ვაჟთა პროგიმნაზია და სხვ.XIX საუკუნის 70-იანი წლებისათვის აქ მოქმედებდა ხალხოსანთა მრავალრიცხოვანი წრე.

1905-07 წლებში ქალაქი საქართველოში რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრი გახდა. გორში მრავალი ადგილია, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის პირველი რევოლუციის ისტორიულ მოვლენებთან.

  • 1905 წლის 27 თებერვალს ყოფილ სამეფო ქუჩაზე მოეწყო მშრომელთა დემონსტრაცია. დემონტსრაციის ორგანიზატორები დააპატიმრეს.
  • ამავე ქუჩაზე 2-3 მარტს მოხდა მოსწავლეების, სკოლისგარეშე ახალგაზრდობისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის გამოსვლები. პოლიციამ მრავალი მონაწილე დააპატიმრა. ამ მღელვარებას მოჰყვა გორის ნოქრების გაფიცვაც. ნოქრებს ვაჭრებმაც დაუჭირეს მხარი და შეწყვიტეს მუშაობა.
  • ამავე წლის 14 მარტს მემამულის მ. ამირაღოვის მიერ გორის საერთო სარგებლობის მიწების მითვისებით აღელვებულმა ხალხმა დაარბია მემამულის კარ-მიდამო. ამირაღოვს სასამართლოც უჭერდა მხარს. გორის სოციალ-დემოკრატთა ხელმძღვანელობით ქალაქში მოეწყო დემონსტრაცია. დემონსტრანტვბს, რომლებიც ყოფილ არტილერიის მოედნისაკენ მიემართებოდნენ, გზადაგზა ახალი ჯგუფები ემატებოდა. მოედანზე, გორის ციხის ძირში და ე.წ. ამილახვრიანთ ხიდთან მათ მეფის ჯარის ნაწილები დახვდათ. ჯარისკაცებმა დემონსტრანტებს ზურგიდან აუტეხეს სროლა. მოკლეს 3 კაცი (მათ შორის რევოლუციონერები ა. მუჩაიძე და დ. მურადოვი), დაჭრეს 11, დაჭრილთაგან რამდენიმე საავადმყოფოში გარდაიცვალა. რეპრესიებმა ვერ შეაჩერა რევოლუციური გამოსვლები. დახვრეტილთა დასაფლავება (16 მარტი) კვლავ გადაიქცა დიდ სახალხო დემონსტრაციად. შეტაკების ადგილას ამჟამად დგას სასტუმრო „ინტურისტი“, რომლის სამხრეთ კედელზე მიმაგრებულია თეთრი მარმარილოს მემორიალური დაფა წარწერით.
  • იმავე დღეს ყოფილ საქალაქო სასწავლებლის მიმდებარე ქუჩასა და საარტილერიო მოედანზე გორის საქალაქო და სასულიერო სასწავლებლების მოსწავლეებმა წითელი დროშებით, რვვოლუციური სიმღერებით და მეფის საწინააღმდეგო ლოზუნგებით მოაწყვეს დემონსტრაცია. მათ მხარი აუბეს ქალთა გიმნაზიის მოსწავლეებმა და ქალაქის მცხოვრებლებმა. საარტილერიო მოედანთან მთავრობის ჯარების ნაწილებმა დემონსტრანტებს სროლა აუტეხეს. მოკლეს ერთი ბავშვი, დაჭრეს 11 დემონსტრანტი (მათგან ორი გარდაიცვალა). სამხედრო პატრულმა სროლა აუტეხა მშრომელებს, რომლებიც ცდილობდნენ ჯარისკაცებისათვის თოფების წართმევას. მოკლეს ერთი მოქალაქე, ცხრა დაიჭრა.
  • მეორე დღეს ქალაქგარეთ გაიმართა მიტინგი, რომელსაც 2000-მდე კაცი ესწრებოდა. დემონსტრანტებმა მოითხოვეს: გორში ჩასულიყო კრიმ-გირეი; მის მოსვლამღე მთავრობას ნვბა მიეცა მოსახლეობისათვის კრებებზე თავმოყრისა, სადაც უნდა შეემუშავებინათ მოთხოვნები და ავრჩიათ დეპუტაცია; 14 მარტს დახოცილი მოქალაქეების დაკრძალვას არ დასწრებოდნენ მთავრობის მოხელეები, პოლიცია. ამ ამბებთან დაკავშირებით მთავრობამ გორში გაგზავნა კაზაკების ორი და ქვეითი ჯარის ერთი ასეული.
  • 17 მარტს, ნაშუადღევს, ქალაქის სამხრეთ უბანში, ეკლესიის ზარების ხმაზე დაახლოებით 2000 კაცი შეიკრიბა. გამოსული ორატორები სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე ლაპარაკობდნენ. თავშეყრის ადგილზე ჩაფრების თანხლებით გამოცხადდა მაზრის უფროსი. მათ კაზაკთა რაზმებიც მოჰყვნენ. ხალხი აღელდა, გაისმა მთავრობის საწინააღედეგო შეძახილები.
  • 1905 წლის 27 მარტს, გორისციხის მახლობლად, რევოლუციურად განწყობილი ხელკეტებით შეიარაღებული მოსახლეობა თავს დაესხა ჯარისკაცთა რაზმს, რომელიც საპატიმროში მიდიოდა მცველთა რაზმის დასახმარებლად. თავდასხმის დროს ჯარისკაცებმა სროლა აუტეხეს მოსახლეობას. მოკლეს 2 და დაჭრეს 7 კაცი.
  • 1 -5 აპრილს ქალაქის სხვადასხვა კუთხეში ჩატარდა ადგილობრივი მოსახლეობის კრებები, რომლებიც სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ იყო მიმართული.
  • 28 აგვისტოს რევოლუციურად განწყობილმა გლეხებმა მოკლეს თავადი ლევან ციციშვილი. პოლიციამ ეჭვმიტანილი პირები დააპატიმრა.
  • ამავე წელს მოხდა კიდევ ერთი პოლიტიკური მკვლელობა — ქალაქის ცენტრში მოკლეს ბოქაული თავადი ავალიშვილი, პოლიციის უფროსი ოფიცრები ლიტვინენკო და ჩერკასოვი.
  • 1905 წლის 23 ოქტომბერს, კვირა დღეს, ყოფილ სამეფო ქუჩაზე ქალაქის მოსახლეობამ გამართა მთავრობის საწინააღმდეგო მანიფესტაცია, რომელიც მიმართული იყო სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ. მონაწილეობდა 1500-მდე კაცი. შეკრებაზე წარმოთქვეს სიტყვები. მთავრობამ სცადა იარაღით დაეშალა მანიფესტაცია, მაგრამ ვერ შეძლო. პოლიციამ დააპატიმრა ეჭვმიტანილი 2 მოქალაქე.
  • მეორე დღეს გაიფიცნენ საქალაქო სასწავლებლის, საოსტატო სემინარიისა და ქალთა გიმნაზიის მოსწავლეები. საქალაქო სასწავლებლის გაფიცულმა მოსწავლეებმა მთავრობას წაუყენეს მოთხოვნები. უფროსკლასელთა დეპუტატებისათვის მიეცათ პედსაბჭოს კრებებზე დასწრების უფლება, შემოეღოთ მოსწავლეთა ამხანაგური სასამართლო, 25 %-ით გაეზარდათ მთავრობის ხარჯზე მყოფ ღარიბ მოსწავლეთა რიცხვი, შემოეღოთ მშობლიურ ენაზე სწავლება. გიმნაზიის ხელმძღვანვლობამ სასწავლებლიდან დაითხოვა 2 გაფიცული მოსწავლე. გაფიცვა სამ დღეს გაგრძელდა. რევოლუციური გამოსვლები გრძელდებოდა 1906 წელსაც.
  • 20 ივნისს ქალაქში გაიფიცნენ ნოქრები. გაფიცვა ორ დღეს გაგრძელდა. იგი გადაიზარდა საერთო სახალხო გაფიცვაში.
  • 11 აგვისტოს, 12 საათზე, ყოფილი ტაძრის ქუჩაზე რევოლუციონერები გ. ხმიადაშვილი და დ. ხაბელაშვილი თავს დაესხნენ ეტლით მიმავალ გორის მაზრის უფროსს კაპიტან ლეონტიევს და სამჯერ ესროლეს მას. ტყვია აცდა მიზანს. შემდეგ რევოლუციონერებმა ეტლს ესროლეს ყუმბარა, რომლის ნამსხვრევებმაც მსუბუქად დაჭრა თანმხლები პოლიციელი. შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ კაზაკები და ჯარის ნაწილები. მათ ალყა შემოარტყეს ახლომახლო სახლებს, მაღაზიებს, დაიწყეს ჩხრეკა, მაგრამ თავდამსხმელები ვერ დაიჭირეს.
  • 27 აგვისტოს, მოქალაქე ნატალია სტამბოლევას სახლის ჩხრეკის დროს, პოლიციამ აღმოაჩინა დიდი რაოდენობის პროკლამაციები, რომელიც რუსულ, ქართულ, აზერბაიჯანულ და ოსურ ენებზე იყო დაბეჭდილი, ფასიანი ქადალღების წიგნი, ფულის შესაკრები დავთარი და სხვ. ბინაში დააკავეს ნოვოროსიისკის გიმნაზიის მე-7 კლასის მოსწავლე, ტამბოვის გუბერნიის ქ. ლიპეცკის მკვიდრი, 19 წლის პ. ვ. სერგეევი, რომელიც წინა დღეს ჯარისკაცებში პროკლამაციების გავრცელების დროს იყო შემჩნეული.

1911 წელს გორელ ქალთა ინიციატივით დაარსდა პროფსკოლა, რომელშიც ასწავლიდნენ ჭრა-კერვასა და ხელსაქმეს. 1919 წელს პროფსკოლამ ფილიალები გახსნა ხაშურსა და ახალქალაქში (წითელქალაქი). 1920 წელს ქალაქი ძლიერ დააზიანა მიწისძვრამ. 1930 წლიდან გორის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა, ხოლო 1950 წლიდან — რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი. ქალაქის პირველი გენგეგმა დამტკიცდა 1950 წ. (არქიტექტორები ბ. ლორთქიფანიძე, ლ. სუმბაძე), მეორე კი 1971 წ. (არქიტექტორი ლ. სუმბაძე, თანაავტორი გ. გიგოლაშვილი). გაფართოვდა ქუჩები, შეიქმნა მოედნები, აიგო საზოგადოებრივი შენობები: თეატრი (1935 წ., არქიტექტორები შ. თავაძე, მ. ჩხიკვაძე), ხიდი მდ. ლიახვზე (1938 წ., არქიტ. ს. სატუნცი) სასტუმრო „ინტურისტი“ (1956 წ. არქიტექტორები ქ. ფორაქიშვილი სოკოლოვა, ა. ქურდიანი), ი. ბ. სტალინის სახელმწიფო სახლ-მუზეუმი (1955 წ. არქიტ. ა. ქურდიანი), სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (1956 წ. არქიტექტორი მ. შავიშვილი, თანაავტორი ზ. ცქიტიშვილი), სამხატვრო სასწავლებელი (1972 წ., არქიტექტორი ვლ. ცინცაძე) და სხვ. ამჟამად გორი კვლავ აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწეელო და კულტურული ცენტრია. 2014-1 წლებში გამოყოფილი იყო გორის მუნიციპალიტეტიდან, როგორც ცალკე თვითმმართველი ერთეული.[7]

ტრანსპორტი რედაქტირება

გორი საქართველოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. გორის სიახლოვეს გადის საქართველოს ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ავტომაგისტრალი: ს1, (რომელსაც თბილისიდან სენაკამდე ასევე ემთხვევა ევროპის ავტომაგისტრალი E60) და ს10. გარდა ამისა გორში არის რკინიგზის სადგური, რომელიც ამიერკავკასიის ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ავტოსადგური, საიდანაც შიდა ქართლის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, დედაქალაქ თბილისში და სეზონურად აჭარის კურორტებზე შეიძლება მოხვედრა.

დემოგრაფია რედაქტირება

 
მოსახლეობის დინამიკის დიაგრამა
აღწერის წელი მოსახლეობა
1770 2500
1864 4482[8]  
1897 10 500  
1914 25 700  
1977 54 100  
1989 68 964  
2002 49 522 [9] 
2014 48 143  

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

 
ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი
ზვიად ავალიანის ფოტო

გორის ღირსშესანიშნაობათა შორისაა:

გორის შემოგარენში მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი გორიჯვარი, კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე და VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ატენის სიონი.

2010 წლამდე, გორის ცენტრალურ მოედანზე 9 მეტრიან კვარცხლბეკზე 6 მეტრი სიმაღლის სტალინის ძეგლი იდგა, რომელიც გორის მცხოვრებლებმა (უფრო სწორედ ადგილობრივმა მმართველობამ) 1952 წელს, სტალინის სიცოცხლეშივე, აღმართა. 2010 წლის 25 ივნისს, დილის 2 საათზე, ხელისუფლებამ ძეგლი მოახსნევინა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამის წინააღმდეგი იყო. ძეგლი სტალინის მუზეუმში გადაიტანეს.

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

ქალაქი ქვეყანა წელი
1 ინის ბრაუნაუ   ავსტრია
2 ლოდი[10]   ისრაელი 1996
3 ლუცკი   უკრაინა

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • გვრიტიშვილი დ., გორის ისტორია, თბ., 1954;
  • ზაქარაია პ., სამშობლოს გუშაგები, თბ., 1965;
  • კაკაბაძე ვ., გვასალია ჯ., გაგოშიძე ი., მენაბდე ლ., ზაქარაია პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 226.
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 31-35.
  • ბერიძე ვ., XVI–XVII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983;
  • გვასალია ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983;
  • გვრიტიშვილი დ., გორის ისტორია, თბ., 1954;
  • ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973;
  • მამისთვალიშვილი ე., გორის ისტორია, I (1801 წლამდე), თბ., 1994;
  • მამისთვალიშვილი ე., გორის ისტორია, II (1921 წლამდე), თბ., 1999;
  • Бухникашвили Г., Гори, Тб., 1952.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Ethnic composition of Georgia 2014
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-07-26.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. Climate: Gori ინგლისური. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2016.
  5. Climate: Gori. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2016.
  6. 6.0 6.1 6.2 ჯავახიშვილი ივ., ქალაქები, საქალაქო წეს-წყობილება და ცხოვრების ვითარება საქართველოში XVII-XVIII სს // 1910-1920-იანი წლების ჟურნალები, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2011. — გვ. 254-269, ISBN 978-99940-28-60-3.
  7. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; მუხლი 151. თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები
  8. Кавказский календарь на 1865 год გვ. 305
  9. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  10. გორის მერს ისრაელის ქალაქ ლოდის წარმომადგენლობა ეწვია
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გორი&oldid=4618710“-დან