ვაჟა დურგლიშვილი (დ. 9 მაისი, 1948, დაბა ახალგორი, ახალგორის რაიონი) — ქართველი კომპოზიტორი. მოყვარული მხატვარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. თბილისის საპატიო მოქალაქე (2017).


1968-1973 წლებში სწავლობდა თბილისის საესტრადო სასწავლებელში, ხოლო 1979-1983 წლებში თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში მუსიკა-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1972 წლიდან იყო თბილისის პიონერთა სასახლის პედაგოგი. თანამშრომლობს საესტრადო ანსამბლებთან: „ორერა“, „დიელო“, „რერო“, „ციცინათელა“, „ლალე“, „ჯორჯია“. ვაჟა დურგლიშვილის საბავშვო სიმღერები შედის ანსამბლების, "მზიური", "მთიები", "ლახტი", "ნერგები", "ბასტი-ბუბუ" რეპერტუარში; მისი თხზულებები: საესტრადო, საბავშვო სიმღერები (500-მდე), მიუზიკლი „თავქარიანები“ (2002, დაიდგა მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრში, ლიბრეტო და რეჟისურა ზ. კახიანის), საბავშვო ოპერა-რევიუ „სათაგური“ (1982, ვაჟა-ფშაველას მიხედვით, ლიბრეტო გ. ჭიჭინაძის, რეჟისურა გ. დეისაძის, გადაღებულია კინო-ფილმი). კამერულ-ინსტრუმენტული: საფორტეპიანო, სავიოლინო, ფლეიტის, ქსილოფონის, არფის პიესები (2009-2010). 1975 და 1983 წელს ფირმა „მელოდიამ“, გამოსცა მისი ორი საავტორო ფირფიტა-გიგანტი, რომელთა ტირაჟმა მილიონს გადააჭარბა. გამოცემული აქვს 4 CD ალბომი: „პოპულარული სიმღერები“, „შენ გიმღერი“, „საბავშვო სიმღერები“, „სალაღობო“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება