დავით (დათაშკა) სანდროს ძე კავსაძე (დ. 10 აგვისტო, 1907 — გ. 1952) — ქართველი ლოტბარი, მომღერალი, კავსაძეების მუსიკალური გვარის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ლოტბარ სანდრო კავსაძის ვაჟი, ცნობილი მსახიობის კახი კავსაძის მამა[1].

დავით კავსაძე

ბიოგრაფია რედაქტირება

დავით (დათაშკა) კავსაძე დაიბადა 1907 წლის 10 აგვისტოს. მამის, ცნობილი ლოტბარის სანდრო კავსაძის საცხოვრებელი ადგილების ხშირი ცვლის გამო სწავლობდა ჭიათურაში, ტყიბულში, ქუთაისში. ბოლოს 1926 წელს ჭიათურაში დაამთავრა საშუალო სკოლა.

დათაშკა 14 წლიდან ლოტბარობდა ჭიათურის საშუალო სკოლის გუნდს. სკოლის დამთავრებისთანავე დაინიშნა შორაპნის რკინიგზის სკოლაში სიმღერის მასწავლებლად, მომდევნო წელს ქუთაისის ვაჭრობის მუშაკთა კლუბში მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელად.

1929 წელს დავით კავსაძე თბილისის მეორე სამუსიკო სასწავლებელში შედის. შემდეგ კი კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტის სტუდენტი ხდება. მოგვიანებით, გუნდის დირიჟორის სპეციალობას ეუფლება, ამავე დროს ხელმძღვანელობს თბილისის სკოლების, ტექნიკუმებისა და მუშფაკების გუნდებს.

1929 წელს ძმები დათაშკა და გიგუშა, საქართველოს პირველ, მეორე და მესამე ოლიმპიადაზე ს. კავსაძის ტყიბულის მაღაროელთა გუნდის წამყვანი ხმები იყვნენ. 1935 წლიდან — აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის სოლისტები.

დათაშკა ახალგაზრდობიდანვე დაოსტატდა სალოტბარო საქმეში. 1937 წლის დეკადისათვის იგი აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის ლოტბარის მოადგილის ფუნქციას ითავსებდა.

ტრიუმფალური იყო გუნდისთვის 1937-39 წლები. ამ დროს მამის ავადმყოფობის გამო, გუნდს უკვე დათაშკა ხელმძღვანელობდა. 1937-38 წლებში გუნდმა კონცერტებით მოიარა რუსეთის უდიდესი ქალაქები, ჩაწერა ოცზე მეტი სიმღერა: „ჭონა“, „თებრონე მიდის წყალზედა“, „ბრძანა სოლომან“, „ფერხული“, „გუშინ შვიდნი გურჯანელნი“, „ჰერი, ბიჭო ბაჩასაო“, „ცანგალა და გოგონა“, „ვისია, ვისია“, „მოდისო მტერი“, „ვარადო“, „მურმან“, „შარიშური“, „ზამთარი“ და სხვ. ქართული ხალხური შემსრულებლობის ისტორიას მარგალიტად შემორჩა ძმების — დათაშკა და გიგუშა კავსაძეების სოლისტობით შესრულებული „მეტიური“.

1939 წელს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდები გაერთიანდნენ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლად: სამხატვრო ხელმძღვანელი — გრიგოლ კოკელაძე, ლოტბარები — კირილე პაჭკორია და დათაშკა კავსაძე, ქორეოგრაფი — ჯანო ბაგრატიონი, ჩონგური და ფანდური — ავქსენტი მეგრელიძე.

1941 წლის დეკემბერში დათაშკა ომში გაიწვიეს. როგორც ცნობილია, იმ დროს არამც თუ ხელმძღვანელებს, არამედ რიგით მომღერლებსაც ჰქონდათ ჯავშანი, მაგრამ ბედის უკუღმართობის გამო, ს. კავსაძის ორივე ვაჟი — დათაშკა და გიგუშა — ფრონტზე აღმოჩნდა. გიგუშა ქერჩში დაიღუპა, ხოლო დათაშკა ტყვედ ჩავარდა.

მათ, ვისაც იმ დროს ევროპაში ნათესავები ჰყავდა, გერმანელები ბანაკებიდან ათავისუფლებდნენ. ასეთი იყო დათაშკას თანამებრძოლი ვალოდია ხარბედია. გათავისუფლების შემდეგ სწორედ მას უთქვამს ქართველი ემიგრაციისათვის დათაშკას ტყვეობის ამბავი. ქართველმა ემიგრანტებმა შეძლეს და კავსაძე საფრანგეთის მთავრობის დახმარებით პარიზში გადაიყვანეს. ამის შემდეგ მას გუნდის შექმნა შესთავაზეს. ცნობილია, რომ ქართული გუნდის შექმნის მიზნით დ. კავსაძემ საკონცენტრაციო ბანაკებიდან არაერთი ტყვე გამოიყვანა. ასეთებს შორის იყვნენ არა მხოლოდ ქართველები, არამედ საქართველოში მცხოვრები სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები. ამგვარად, მან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ქართველ ტყვეთა გუნდი საფრანგეთში მართლაც შეიქმნა. კავსაძეების საოჯახო არქივში ინახება ამ გუნდის ფოტო. 1945 წლის დეკემბერში ტყვეთა გუნდი ამერიკაში საგასტროლოდ უნდა წასულიყო, დათაშკამ სამშობლოში დაბრუნება არჩია, თუმცა თბილისის რკინიგზის სადგურზე მომლოდინე ოჯახის წევრებისაგან ის არავის უნახავს, ლოტბარი სოჭშივე დააპატიმრეს. მეუღლემ, თამარ ცაგარეიშვილმა და შვილებმა — კახიმ და იმერმა ფრონტიდან დაბრუნებული დათაშკა პირველად უშიშროების იზოლატორში ნახეს. საბჭოთა ხელისუფლებამ კავსაძე მალევე, სამშობლოს მოღალატის ბრალდებით ციმბირში გადაასახლა, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. იგი 1952 წელს გადასახლებაში გარდაიცვალა, შესაძლოა, დახვრიტეს, უცნობია მისი საფლავი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გეგეჭკორი ლადო, ხალხური სიმღერის მოამაგენი. „საქართველოს მაცნე“, გვ. 112-113, თბილისი, 2007.
  • კავსაძეები (მონოგრაფია). ტექსტის ავტორი და რედაქტორი — ბაია ასიეშვილი. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, გამომცემლობა „ფავორიტი“, თბილისი, 2007.

სქოლიო რედაქტირება