გრიგოლ სერგეის ძე გორდეევი (რუს. Григорий Сергеевич Гордеев; დ. 1791 — გ. 1838) — რუსი ეთნოგრაფი, მწერალი, ტოპოგრაფი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1808 წელს დაამთავრა კადეტთა კორპუსი. 1817 წლიდან ირიცხებოდა თბილისის გარნიზონში, 1819 წლიდან იყო საინჟინრო სამუშაოებზე საქართველოს სამხედრო გზაზე. 1826 წელს პორუჩიკის წოდებით გადადგა სამხედრო სამსახურიდან და მუშაობა თბილისის გუბერნიის სამოქალაქო უწყებებში განაგრძო.

1830-1832 წლებში გორდეევი იყო გაზეთ „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. ამ გაზეთში გამოქვეყნებული აქვს მრავალი საყურადღებო ეთნოგრაფიული ნარკვევი. აქტიურად მონაწილეობდა ეკლესია-მონასტრებში შემონახული ხელნაწერების შეგროვებაში. 1828-1829 წლებში ფეხით შემოიარა ხევი და მთიულეთი, დაწერა ნაშრომი „მთიელ ხალხთა ყოფა“, რომელიც შესულია მის ოთხტომეულში — „რუსეთის იმიერკავკასიური სამფლობელოების მიმოხილვა სტატისტიკური, ეთნოგრაფიული, ტოპოგრაფიული და ფინანსური თვალსაზრისით“ (ტ. 2, 1836, გვ. 79–155).

აღსანიშნავია გორდეევის „ოსური მოთხრობა ზარე“, რომელიც 1830 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „ტიფლისსკიე ვედომოსტიში“ (№88). ამ მოთხრობას ორი წლის შემდეგ გამოეხმაურა გ. ერისთავი გაზეთში „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“ (1832, №2–4) წერილით „ოსური მოთხრობა“. 1832 წელს „ტიფლისსკიე ვედომოსტიში“ (№3–4) გორდეევმა გამოაქვეყნა კრიტიკული წერილი, რომელშიც ამხილა რეაქციონერი, შოვინისტი, ქართველთა ცილისმწამებელი ავტორები. გორდეევის თხზულებები არ იყო დაზღვეული სერიოზული ხარვეზებისგან. მისი წერილი „საქართველოს უკანასკნელ მეფეთა დაკრძალვის წესები“[1] მწვავედ გააკრიტიკა სოლომონ დოდაშვილმა.[2]

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „ტიფლისსკიე ვედომოსტი“, 1832, №1.
  2. „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“, 1832, №3.