მთიულეთისაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. მოიცავს მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობას და მის გვერდით ხევებს — ამირთხევს, ხარხელთხევს, ჩოხელთხევს, ხადისხევს და სხვა. მისი უკიდურესი სამხრეთი საზღვარი იყო მთიულთკარი, ჩრდილოეთით — თრუსო და ხევი, აღმოსავლეთით — გუდამაყარი, დასავლეთით — ლომისის ქედი.

მთიულეთი

ხადა
კუთხის ცენტრი ფასანაური
ქვეყანა საქართველო
რეგიონი მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი 1
მოსახლეობის რაოდენობა 711
ფართობი 4443
მოსახლეობის სიმჭიდროვე 6,25
მცხეთა-მთიანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
მცხეთა-მთიანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
მცხეთა-მთიანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში

ბუნება რედაქტირება

გეოგრაფიული აღწერა რედაქტირება

მთიულეთი მდებარეობს თეთრისა და შავი არაგვის ხეობაში: ჩრდილოეთის განედის 42°32' — 42°10' და აღმოსავლეთის გრძედის 44°20' — 44°52' შუა. მას უჭირავს დაახლოებით 700 კმ² ფართობი. აღმოსავლეთით მთიულეთს ფშავ-ხევსურეთი საზღვრავს, დასავლეთით ლომის-ცხრაზმა-ხანდოს ქედით ის ქსნის ხეობას ეყოფა, ჩრდილოეთით მას საზღვრავს დვალეთი და ხევი, სამხრეთით კი ჭართლის ხეობა. ისტორიულად მისი ეს სამხრეთის საზღვარი მთიულეთ-კარს არ სცილდებოდა, რომელიც ხანდოს ხეობასთან მდებარეობდა. ვახუშტი ასე აღგვიწერს: „ხოლო ანანურის ზეით ერთვის არაგვს დასავლეთიდამ ჭართლის-ხევი. მის ჩრდილოთ არს მთიულეთ-კარი, სიმაგრე მტკიცე, მას ზეით ნასასახლევი მეფეთა და ხანდოს ხევი“-ო.

მთიულეთი დაღარულია მრავალი ხეობებით: თეთრი და შავი არაგვის ხეობა, ბაკურხევის ხანდოს, ჭართლის და სხვა. მათ შორის მთავარია თეთრი (მთიულეთის) და შავი (გუდამაყრის) არაგვის ხეობა. თეთრი არაგვის სათავის ხეობა მდებარეობს ნეფის-კალოს ლავიან ამაღლებაზე. იგი გამოდის ქვემო იურას თიხოვან ფილაქნებში და ქვიშაქვებში, რომელიც მის წყალს მოთეთრო ფერს აძლევს და ამიტომ მას თეთრ არაგვს უწოდებენ. სოფელ ქვეშეთამდე არაგვის ხეობას გუდაურის ხეობა ეწოდება და წარმოადგენს მეტად ვიწრო, კლდოვან და ღრანტოვან ხევს. თეთრი არაგვის ქედი აქ ვაკდება და ქმნის ჯვრის გადასასვლელს, რომელიც მთიულეთ-ხევის გამყოფია (სიმაღლე 2380 მ.).

შავი არაგვი გამომდინარეობს გუდამაყრის ქედიდან, რომლის ჩრდილო ბოლო დიდ სიმაღლეს აღწევს და ყინვარებითაა მოცული. მისი უმაღლესი ჭაუხის მთის მწვერვალი 3856 მეტრს აღწევს. აქ გუდამაყრის უღელტეხილი ჰყოფს გუდამაყრის ხეობას ხევისაგან. შავი არაგვი შედგება ბოსლისა და ბურსაჭილის წყლისგან და ორივე მდინარე სოფელ დუმარცხოსთან ერთდება, ბურსაჭილის წყლის პალეოზოური ჯიშები შედგებიან რუხი ან შავი ფილაქნებისაგან და ქვაქვიშებისაგან. ეს ჯიშები ადვილად იშლებიან და წყალსაც მოშავო ფერს აძლევენ, ამიტომ ამ არაგვსაც შავ არაგვს უწოდებენ.

თეთრი და შავი არაგვი ერთდება დაბა ფასანაურში, ვახუშტის რუკის მიხედვით ძველ ქისტურში, სადაც ციხეც ყოფილა აღმართული.

აი როგორ აგვიწერს მთიულეთს გეოგრაფი ვახუშტი. „...არს მოზღუდვილი მთიულეთი მთითა, ამის გამო მაგარი და შეუვალ არს, უვენახო, უხილო, მცირე მოსავლიანი... არა არს აქა აქლემი, კამბეჩი და ვირი, არს ცხოვარი უდუმო-კუდიანი, ძროხა და ცხენიცა არა მრავალ, სივიწროვის გამო. ჰავით არს ფრიად კეთილი და მშვენიერი წყარო-წყლითა და მწვანითა. წყალთა შინა კალმახი მრავალნი, ხორცი, თევზნი და ფრინველნი გემოიანნი, პური ნოყიერი, ეგრეთვე ქრთილიცა. კაცნი ჰაეროვანნი, მხვენი და ბრძოლნი, ერთგულნი, ბრიყუ-საქციელნი, საჭურველთ-მოყვარენი, სამოსელთა და იარაღთა გამწყონი. ქალნიცა მშვენიერნი, არამედ უგბილათ მოსილნი. აქა არს ქვა, რომელიც აიყრების კლდისაგან ფიქალ ფიქალად და ასხედს მას ქვასა სიბრტყეზედ ხშირად მუწუკთაებრ, ვითარცა ოქრო და ვერცხლი, ანუ ნარევი და მბრჭყვინავი ფრიად. ივლებენ ამის ზღუდეს გარემოთ და არს პატიოსნება მათ შინა ესე“.

იგივე ვახუშტი გუდამაყრის ხეობას ასე აგვიწერს. „და არს გუდამაყრის ჴეობა მაგარი, მოსავლით ვითარცა სხვა მთის ალაგნი და უფროს მწირი. კაცნი და ქალნი მგზავსნი მთიულთა, ჴელოსანნი, მშვილდთ მოქმედნი: აკეთებენ რქისაგან მჯიხვისა, თხისაგან და ჴართაგან“. შემდეგ თვით მდინარე არაგვზე ვახუშტი ასეთ განმარტებას იმლევა: „ხოლო მდინარე არაგვს... ეწოდა სახელი ესე ამ მდინარეს თვისითავე. ვინათგან დის ჩქარად, მოგვის და იმღვრევის შავად: „ხედავ, არა გვის ეს წყალი ამ ჴევთა!.. გამოსდის მაღრან-დვალეთის ქნოღოს კავკასის მთიდამ, და ციკარიდამ დის აღმოსავლეთ-სამჴრეთს შუა ვიდრე გუდამაყრის ჴევამდე, და მუნიდამ სამჴრით დის მტკვრამდე“.

გეოლოგიური აგებულება და სასარგებლო წიაღისეული რედაქტირება

აქაურ მთების წიაღში ჩამარხული ბუნებრივი სიმდიდრე ჯერ კიდევ გამოკვლეული არ არის. მხოლოდ აქ აღმოჩენილია ლითოგრაფიის ქვის საკმაოდ დიდი საბადო. მცირე რაოდენობით ის გუდამაყრის ხეობებშიც მოიპოვება, მაგრამ მისი დიდი საბადო მაინც ანანურიდან ფასანაურამდეა. ამ მხრივ განსაკუთრებით მდიდარია ჯალაურთ-კარი, რომლის მთელი ნიადაგი ამ ლითოგრაფიული ქვების ფილებითაა მოფენილი. აქ ბლომად მოიპოვება აგრეეთვე პალეოზოური ჯიშის რუხი და შავი ფიქალები, რომლებსაც მთიულები სამშენებლო მასალადაც იყენებდნენ.

ჰავა რედაქტირება

მთიულეთი თავის გეოგრაფიული მდებარეობით კავკასიონის მთავარ ქედს ეკვრის, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1104—2380 მეტრს აღწევს. ჰავა ტყისა და მთის ველისაა. ზამთარი აქ გრილია და თოვლიან-ყინვებიანი, შემოდგომა ადრე დგება, გაზაფხული გვიან იწყება, ხოლო ზაფხული ზომიერად თბილია.

შიგა წყლები რედაქტირება

თეთრი და შავი არაგვის ხეობებში მოიპოვება სხვადასხვა თვისების მინერალური წყაროებიც: სოდის, რკინის, ნახშირ-მჟავიანი, კირიანი, გოგირდიანი, მლაშე და სხვა.

ამ ორივე არაგვში და მათ შენაკადებში გემრიელი თევზებიც ბუდობენ: კალმახი, ფიჩხული, მურწა, გველანა და ნაფოტა. მათ შორის ყველაზე ბლომად აქ კალმახია, რომელსაც უყვარს ჩანჩქერი და ცივი წყალი. და ის ამ ორი არაგვის შეერთების საზღვარს იშვიათად სცილდება.

მცენარეული საფარი რედაქტირება

მთიულეთი შემოსილია ტყითა და ალპური მდელოთი, მისი შუა სარტყელი შეიცავს ფოთლოვანი ტყის პეიზაჟს, სადაც მუხნარ-რცხილნარი წიფლნარ-რცხილნარიტ იცვლება. ალაგ-ალაგ უთხოვარიცაა შერეული. ტყის ზემო სარტყელში ფიჭვიც გვხვდება. მოიპოვება აგრეთვე ნაძვის თითო ოროლა კორომები. ტყე აქ მთის ბოყვითა და არყნარის ზოლით თავდება, სადაც აგრეთვე ვერხვის კორომებიც მოიპოვება.

მთის მწვერვალების კალთები სუბალპურ მდელოთია დაფარული, რომელიც მრავალ ათას სულ საქონელს ნოყიერ საკვებს აძლევს. დამახასიათებელია შროშანა, დეკა, ჭნავი, სამყურა, მთის იონჯა და სხვა.

ცხოველთა სამყარო რედაქტირება

მთიულეთის მინდორ-ტყეებში ბუდობენ ფრინველები: კაკაბი, გარეული ქათამი, ჩხიკვი, ყვავი, ყორანი, ჭკა, არწივი, სვავი, მიმინო, ძერა, ქორი, შაშვი, ინდაური, შევარდენი, ბუ, ჭოტი, ბეღურა, წყლის ჩიტი, ტოროლა, კოდალა, ჩხართვი, ქედანი, მოხნია, ოფოფი, გუგული, მერცხალი, მწყერი და ბულბული.

ცხოველები: მგელი, დათვი, მელა, კვერნა, კურდღელი, მაჩვი, წავი, ირემი, მღავი, შველი, ფსიტი, ფოცხვერი, თაგვი, ზღარბი, მაჩვი, თხუნელა და გარეული კატა.

ქვეწარმავლები: ანკარა, ხვლიკი, გომბეშო, ბაყაყი, ქურცინა, კუ და გველაძუა.

ისტორია რედაქტირება

თავდაპირველად მთიულეთი ეწოდებოდა ცხავატის თემს, XIII საუკუნიდან ხადა-ცხავატს, ხალხური გამოთქმა ასეთია მთიულეთზე: «თავს ხადა ბოლოს ცხავატი», მთიულეთშივე შედიოდა ხანდო. ასევე ცნობილია, რომ ადრე მთიულეთი ოთხ ძირითად თემად იყოფოდა: ცხავატი, მრევლი, გარეშემო და ხადა. ხშირად მთიულეთად იგულისხმებოდა აგრეთვე გუდამაყარი, ხანდო და ჭართალიც. მთიულეთის ცენტრად დაბა ფასანაური მიიჩნევა. გადმოცემის თანახმად, მთიულეთში ქრისტიანობა უქადაგია ქართველთა გამანათლებელ ნინოს. IX საუკუნის 50-იან წლებში არაბთა ლაშქარმა ბუღა თურქის სარდლობით ცხვატამდე მიაღწია, მაგრამ მთიულებმა მტერი უკუაქციეს. XIII საუკუნის დასაწყისში, თამარის მეფობის ხანაში, მთიულები აქტიურად მონაწილეობდნენ ცენტრალურ ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებული ფხოველებისა და დიდოელების დასამორჩილებლად მოწყობილ სტრატეგიული მდებარეობის გამო თავიდანვე სამეფო ხელისუფლების ყურადღებას იქცევდა. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში 90-იან წლებში მისი გამგებლები იყვნენ ქართლის ამირთამირა აბულასანი, შემდეგ მანდატურთუხუცესი ჭიაბერი. XIV საუკუნის დასაწყისში მთიულეთი ქსნისა და არაგვისერისთავთა ბრძოლის ასპარეზი გახდა. მეფე ვახტანგ III-ის დახმარებით ქსნის ერისთავი შალვა ქვენიფნეველი დაეუფლა მთიულეთის დიდ ნაწილს — მდინარე თეთრი არაგვის მარჯვენა სანაპიროს — ღუდადან ხანდომდე. შემდეგში ამ ტერიტორიას არაგვის ერისთავები განაგებდნენ. მთიულეთი არაგვის საერისთავოში შედიოდა 1742 წლამდე, შემდგომში იგი საუფლისწულო მამული იყო. აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ, 1804 წელს, მთიულეთში იფეთქა გლეხთა აჯანყებამ. მთიულეთში შემორჩენილია ფეოდალური ხანის მატერიალური კულტურის მრავალი ძეგლი. ადმინისტრაციულ–ტეროტორიული დაყოფის თვალსაზრისით მთიულეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის.

დემოგრაფია რედაქტირება

ეთნიკური შემადგენლობა რედაქტირება

რელიგია რედაქტირება

ქრისტიანობა რედაქტირება

ხალხური ჩვეულებანი რედაქტირება

ეკონომიკა რედაქტირება

სოფლის მეურნეობა რედაქტირება

მთიულები ძირითადად მისდევენ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ტყეებს და საძოვრებს უჭირავს. მიწის დასახნავად ფშავური ან ქართული გუთნს იყენებდნენ, თუმცა უპირატესობას მაინც ფშავურს ენიჭებოდა. მოყავდათ ხორბალი 30 %, ქერი 60 % და ჭვავი 10 %.

მეურნეობის მეორე ძირითადი დარგია მესაქონლეობა, განსაკუთრებით მეცხვარეობა.

მთიულეთის ეკონომიკაში მეტყეობასაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. განვითარებულია მეფუტკრეობაც.

კულტურა რედაქტირება

მატერიალური-კულტურის ძეგლები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჯ. გვასალია, „არაგვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები“, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1975, ტ. 5;
  • ს. მაკალათია, „მთიულეთი“, ტფ., 1930;
  • გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 673.
  • ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფ., 1904 წ. გვ 94-96
  • ალ. ჯავახიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტ. I, გეომორფოლოგია, ტფ., 1926 წ. გვ. 75-84
  • ნ. ურბნელი, „ძეგლის დება მეფე გიორგი ბრწყინვალისა“, ტფ., 1890 წ.
  • ნ. ურბნელი, „ისტორიული კვალი სახალხო პოეზიაში“, გაზ. ივერია, 1888 წ. №238, 241
  • ა. ფრონელი, „მთიულეთი 1804 წ.“, ტფ., 1896 წ.
  • ივ. ჯავახიშვილი, „ქართული სამართლის ისტორია“, წ. I, ტფ., 1928 წ. გვ. 93-104
  • აკ. შანიძე, „ქართული კილოები მთაში“, კრებული, ტფ., 1915 წ. გვ. 192
  • Е. Г. Вейденбаум, «Путеводитель по Кавказу», Тифлис, 1888