ანანაური — ადგილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის მახლობლად, მდინარე ალაზნის ჭალაში, სადაც აღმოჩენილია ძვ. წ. III ათასწლეულის სამი ყორღანი[1].

ანანაურის შედარებით მცირე ზომის ორი ყორღანი 40-50 წლის წინ გაიხსნა[2]. შედარებით უნიკალურია მესამე ყორღანი ანანაური № 3, რომელზეც საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის ექსპედიციამ 2012 წლის 5 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე იმუშავა. თავდაპირველად გორაკის თავი ხეებისა და ბუჩქნარისგან გაწმინდეს. შემდეგ კი ყორღანის გათხრა დაიწყეს. 12 მეტრის სიმაღლის მიწაყრილის ქვეშ 25 მეტრის სიგრძისა და 15 მეტრის სიგანის მოედანი იყო[1]. ანანაურის მესამე ყორღანი ადრე ბრინჯაოს ხანის ბედენის კულტურას განეკუთვნება[3].

ყორღანში აღმოჩენილია თაფლით დამუშავებული თავის ქალები, რომელზეც არქეოლოგები ფიქრობენ რომ ეს მუმიფიცირების თავისებური მეთოდია. მესამე ყორღანის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა ორი ეტლია, რადგან როგორც წესი ყორღანში მხოლოდ ერთი – ბელადის, ეტლი იყო მოთავსებული. ასევე აღმოჩენილია სპილენძითა და უცნობი მადნით დამუშავებული ურმის ბორბლის სამაგრი, ქარვის მძივები, ხის და ოქროს სამკაულის ნარჩენები[2].

არქეოლოგებმა ანანაურის გათხრისას თხილი და წაბლი იპოვნეს. ასევე ნაპოვნია თაფლში ამოვლებული კენკროვნები: ონტკოფა და კვრინჩხი. კერამიკის ჭურჭელი დაზიანებულია და მისი აღდგენა მიმდინარეობს[1].

სქოლიო რედაქტირება