სარგონ II (აქადიურზე ܣܪܓܘܢ, Šarru-kinu ) — ასურეთის მეფე ძვ. წ. 722 -ძვ. წ. 705 წლებში. ტახტი ერგო სალმანასარ V-ისგან ძვ. წ. 722 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. გაურკვეველია ტიგლათფილესერ III-ის ძე იყო თუ უზურპატორი, რომელიც სამეფო ოჯახს არ ენათესავებოდა. საკუთარ ნაწერებში თავს ახალ კაცად აცხადებს და იშვიათად მიუთითებს მის წინამორბედებზე. თუმცა მან მიიღო სახელი შარუ-კინუ - „ნამდვილი მეფე“, სარგონ აქადელის მსგავსად, რომელმაც პირველი სემიტური იმპერია დააარსა რეგიონში 16 საუკუნით ადრე. სარგონი ამ სახელის ბიბლიური ფორმაა.

სარგონ II (მარჯვივ) ტახტის მემკვიდრესთან

მოღვაწეობა რედაქტირება

ატარებდა აქტიურ საგარეო პოლიტიკას. ძვ. წ. 721 წელს დაიპყრო ისრაელის სამეფო, აყარა და ასურეთში გადაასახლა მისი მოსახლეობა. ძვ. წ. 717 წელს დაიმორჩილა ჩრდილოეთი სირია. ძვ. წ. 714 წელს წარმატებით დალაშქრა ურარტუ. ძვ. წ. 710 წელს ქურუმებისა და ადგილობრივი არისტოკრატიის დახმარებით შეძლო ქ. ბაბილონის აღება. აქ განმტკიცების მიზნით ბაბილონს, ნიფურსა და სიფარს დაუბრუნა წინანდელი პრივილეგიები და ავტონომია. ძვ. წ. 707 წელს რეზიდენცია გადაიტანა ახლანდელი ხორსაბადის ადგილას აგებულ ქალაქ დურ-შარუქინში. დაიღუპა ერთ-ერთ ბრძოლაში ძვ. წ. 705 წელს. მის დროს ფართოდ იყო გაცარებული სააღმშენებლო სამუშაოები. დურ-შარუქინში ააგეს მეფის ბრწყინვალე სასახლე, რომლის კედლები დაფარული იყო ბრძოლებისა და ნადირობის სცენებით.

ლიტერატურა რედაქტირება