პატარა ოყარი

(გადამისამართდა გვერდიდან Egretta garzetta)

პატარა ოყარი[1] (ლათ. Egretta garzetta) — ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა.

პატარა ოყარი

E. g. immaculata
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Egretta garzetta (Linnaeus, 1766)
სინონიმები
  • Ardea garzetta
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 160032556
გავრცელება

  მხოლოდ ბუდობა
  მთელი წლის განმავლობაში
  მიგრაციის რაიონები
  შემთხვევითი გადაფრენები
 
პატარა ოყარი, სამხრეთი აფრიკა

არც ისე დიდი ზომის ყანჩაა. სხეულის სიგრძე 55–65 სმ-ია, ფრთის შლილი 86–106 სმ, მასა 300–600 .[2] სიმაღლით ეგვიპტური ყანჩის ხელაა, თუმცა მასთან შედარებით უფრო მოხდენილი სხეულის აგებულება აქვს. შეფერილია მთლიანად თეთრად (იშვიათად გვხვდება შავი ფერის თეთრნიკაპიანი პატარა ოყარი, ანუ სახეობის „მორფა“).[3] საქორწინო პერიოდში მამალს კეფაზე აქვს ორი გრძელი დაუცარავი ბუმბულისაგან შემდგარი ქოჩორი, და ამავენაირი დაცარული ბუმბულები მკერდსა და მხრებზე. ნისკარტი მთლიანად შავია. ლაგამი (მონაკვეთი თვალსა და ნისკარტს შორის) შეუბუმბულავია, საქორწინო პერიოდში ფერად მოწითალო, ხოლო დანარჩენ დროს მოცისფრო-რუხი. ფეხები შავია ყვითელი უკანა ტერფებით. სქესობრივი დიმორფიზმი არ გამოიხატება, თუმცა დედალს არ აქვს მოსართავი ბუმბულები თავზე, მკერდსა და მხრებზე. ახალგაზრდა ფრინველები ზრდასრულების ზამთრის შეფერილობის მსგავსად გამოიყურებიან, მაგრამ მათგან განსხვავებით უკანა ტერფები მწვანე აქვთ.

გარეგნული შესახედაობით პატარა ოყარი ძალიან ჰგავს დიდ ოყარს. მისგან მხოლოდ მნიშვნელოვნად მცირე ზომებით, მთლიანად ყვითელი უკანა ტერფით (დიდ ოყარს იგი ოდნავ მოყვითალო აქვს) და საქორწინო პერიოდში მთლიანად შავი ნისკარტითა და მკერდზე წაგრძელებული ბუმბულებით (ამ დროს დიდ ოყარის ნისკარტი ყვითელია, ხოლო წაგრძელებული ბუმბულები არ გააჩნია) განსხვავდება.[2]

საქორწინო პერიოდის გარდა ჩვეულებრივ უკარება ფრინველია. კოლონიაში პირიქით, მისი მყვირალა ხმა წააგავს მაღალ, მყვირალა ჩხავილს. ზოგჯერ გამოსცემს მოკლე, ჩახლეჩილ, გაოცებულ ხმებს. ფრენს ნელა, ამ დროს კისერი უფრო მეტად შეწეული აქვს, ვიდრე დიდ ოყარს.

გავრცელება

რედაქტირება

ევროპაში სპორადულადაა გავრცელებული ჩრდილოეთში პირენეს ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილამდე, მდინარე რონას აუზში (საფრანგეთი), უნგრეთში, სამხრეთ სლოვაკეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში. უკრაინასა და მოლდოვაში გვხვდება დნეპრისა და დნესტრის ქვემოწელში. რუსეთში ბუდობს ევროპული მხარის სამხრეთ ნაწილში დაახლოებით 48-ე პარალელამდე — ჩვეულებრივ აზოვის ზღვის სანაპირო რაიონებში, დონის, ყუბანის, თერგის ხეობებში, ასტრახანის ნაკრძალში (ვოლგის დელტა). მდინარე ურალის შესართავში იშვიათია. ზოგჯერ სახლობს არალის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, სირდარიის ხეობაში, ალაის ქედის დასავლეთ განაპირა რაიონებში, ჰიმალაის სამხრეთ ძირებში, იანძის ხეობაში, იაპონიის კუნძულებზე (ჰონსიუ, კიუსიუ და სიკოკუ), ტაივანზე. აფრიკაში სახლობს ნილოსის დელტაში, მწვანე კონცხის კუნძულებზე, მადაგასკარზე, სპორადულად კონტინენტის ჩრდილო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთსა და სამხრეთში. გვხვდება ინდო-ავსტრალიის არქიპელაგზე — ზონდის კუნძულებიდან ახალ გვინეამდე, აგრეთვე ავსტრალიის არაგვალვიან რაიონებში.[4][5]

საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას.[1]

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დასახლება დაიწყო ამერიკაში. 1954 წელს პირველი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა კუნძულ ბარბადოსზე ატლანტიკაში, სამხრეთ ამერიკის სანაპიროებთან. უკვე 1994 წლიდან ფრინველი გამოჩნდა მატერიკზე. ამის შემდეგ მიმოსვლის ხარისხი ბევრად გაიზარდა, ხოლო არეალი გაფართოვდა ბრაზილიიდან და სურინამიდან კანადის პროვინცია ნიუფაუნდლედსა და კვებეკამდე. დასავლეთ ევროპაში პატარა ოყარი არარეგულარულად სახლდება უფრო ჩრდილოეთ რაიონებში, სადაც ადრე არ გვხვდებოდა, მაგალითად, ნიდერლანდებში (1979 და 1990-იანი წლები), სამხრეთ ინგლისსა და უელსში (2002).

ბინადრობის ადგილები

რედაქტირება

ბინადრობს სხვადასხვაგვარი წყალსატევების ნაპირებზე მტკნარი, რომელიც შეიძლება იყოს მტკნარი, მომლაშო ან მლაშე. უპირატესობას ანიჭებს წყალმარჩხ ადგილებს, სადაც მცენარეულობა არ არის გაზრდილი — ღია ჭაობებს, არაღრმა ტბებს, მდინარის ყურეებს, სალეკ მდელოებს, მიქცევ-მოქცევიან ზღვის ლაგუნებს, სარწყავ არხებს, ბრინჯის მინდვრებს. ბუდობს მანგროს ტყეებსა და მდინარეთა ესტუარებში. წყალსატევების გარდა სახლობს სავანებსა და მსხვილი რქოსანი საქონლის საძოვრებზე (ხშირად ვხვდებით ძროხის ზურგზე შემომჯდარს).[6]

პალეარქტიკული პოპულაცია გადამფრენია, იზამთრებს აფრიკაში, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ტროპიკებში მკვიდრი, ნაწილობრივ გადამფრენი და მომთაბარე ფრინველია.[6]

გამრავლება

რედაქტირება
 
კვერცხი

ევროპასა და შუა აზიაში გამრავლების სეზონი მარტიდან ივლისამდე გრძელდება. განსახლების დანარჩენ არეალში ეს მოვლენა მჭიდროდაა დაკავშირებული წვიმის სეზონთან. ბუდობს კოლონიებად — ან მხოლოდ თავისი სახეობის ფრინველებთან, ან სხვა ჭაობის ფრინველებთან ერთად (სხვადასხვა წერო, ჟერო და ჩვამა). შერეული კოლონია შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე ათას მობუდარ წყვილს, თუმცა დამოუკიდებელი ბუდობის პერიოდში მათი რაოდენობა 100 წყვილს არ აჭარბებს.[6] იშვიათად გვხვდება ცალკეულად მობუდარი წყვილები. ბუდე ამობრუნებული კონუსის ფორმისაა, აქვს გამჭვირვალე კედლები, სიგანეში 30–35 სმ-ია;[7] აგებს ლელქაშის ან ლერწმის ნაკეცებზე, წყლის ზედაპირიდან არც ისე მაღლა, ბუჩქებზე ან ხეებზე მიწიდან 20 მეტრამდე.[6] პირველ შემთხვევაში იყენებს გრძელ გამხმარ წნელებს, მეორეში — ბალახის ღეროებს. მწვანე კონცხის კუნძულებზე ბუდეს იკეთებს კლდეებზე. ზოგჯერ ახალს აღარ აშენებენ და იყენებენ სხვა ოყარების ძველ ბუდეებს. ბუდის მოწყობისას ფრინველები ინაწილებენ მოვალეობებს — მამალი ზიდავს სამშენებლო მასალას, ხოლო დედალი ათავსებს მას ბუდეში.

 
ბარტყების კვება

კოლონიაში ორ მეზობელ ბუდეს შორის მანძილი საშუალოდ 1–4 მეტრს შეადგენს, იშვიათად 1 მეტრზე ნაკლებს.[6] დედალი დებს 2–6 (იშვიათად 8 ) კვერცხს, ტროპიკებში უფრო ცოტას.[8] კვერცხი მოცისფრო-მწვანეა, დაჰკრავს სუსტი ბზინვარება. მისი ზომებია 46×34 მმ, მასა შეადგენს დაახლოებით 28 გრამს.[9] ინკუბაცია 21–25 დღე-ღამე გრძელდება, მორიგეობით კრუხობს დედალიც და მამალიც, თუმცა დედალი უფრო მეტ დროს ატარებს ბუდეში. გამოჩეკისას ბარტყები დაფარული არიან თხელი თეთრი ფერის ღინღლით. ორივე მშობელი კვებავს მათ — ჩიჩახვიდან იღებენ საკვებს და ნისკარტიდან ნისკარტში გადააქვთ.[4] 3 კვირის შემდეგ ბარტყები ბუდეს ტოვებენ, დღის ნათელ დროს გადადიან ახლომდებარე ხის ტოტებზე. ამ პერიოდში მათ ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ფრენა და საკვების დამოუკიდებლად მოპოვება. 40–45 დღეში უკვე ფრენას იწყებენ.[9] ამის შემდეგ საბოლოოდ ტოვებენ ბუდეს და გუნდებად გადაადგილდებიან გამოსაკვებ ნაკვეთებზე.

პატარა ოყარი ჩვეულებრივ ცოცხლობს 5 წლამდე. სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა საფრანგეთში დაფიქსირდა და 22,4 წელი შეადგინა.[9][10]

პატარა ოყარის რაციონის მთავარ ნაწილს მცირე ზომის თევზები (სიგრძე — 4 სმ, მასა — 20 გრამი) წარმოადგენს.[3][6] ამის გარდა, საკვებად იყენებს ბაყაყებს, წყლის და ხმელეთის მწერებს (ხოჭოები, მატლები, ნემსიყლაპიები, კუტკალიები, კალიები, მახრასებრნი, ჭრიჭინასებრნი), ობობებს, კიბოსნაირებს (მუცელფეხიანები, ორსაგდულიანები), მცირე რეპტილიებსა და ფრინველებს. იკვებება წყალმარჩხ ადგილებში, საკვების ძიებისას სხვადასხვა ხერხებს იყენებს — გაუნძრევლად ყარაულობს მსხვერპლს საფარიდან ან გაშლილი ფრთებითა და დახრილი ნიკაპით დარბის წყალზე. გამრავლების პერიოდში ბუდობის ადგილიდან საკვების მოპოვების ადგილამდე მანძილი შესაძლოა შეადგენდეს 7–13 კმ-ს.[6]

ქვესახეობები

რედაქტირება
 
E. g. garzetta

განარჩევენ, როგორც მინიმუმ, პატარა ოყარის ორ ქვესახეობას. E. g. garzetta გავრცელებულია ევროპაში, აფრიკასა და აზიაში. E. g. nigripes გვხვდება ინდონეზიასა და ავსტრალაზიაში. ზოგიერთი ავტორი კიდევ ერთ ქვესახეობას — E. g. immaculata-ს გამოჰყოფს, რომელიც ავსტრალიაში ბინადრობს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 619.
  2. 2.0 2.1 Killian Mullarney, Lars Svensson, Dan Zetterström, & Peter J. Grant. Птицы Европы = Birds of Europe. — Paperback. — United States: Princeton University Press, 2000. — С. 32. — 400 с. — ISBN 978-0-691-05054-6.
  3. 3.0 3.1 Коблик Е. А., Лисовский А. А. (Зоологический музей МГУ им М.В. Ломоносова ). Малая белая цапля - Egretta garzetta. Единая коллекция Цифровых Образовательных Ресурсов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-18. ციტირების თარიღი: 22 сентября 2008.
  4. 4.0 4.1 Г. Дементьев, Н. Гладков., Птицы Советского Союза, ტ. 2, 1951. — 422-427 გვ.
  5. Л. С. Степанян, Конспект орнитологической фауны России и сопредельных территорий, Москва: Академкнига, 2003. — 808 გვ, ISBN 5-94628-093-7.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 Little Egret - BirdLife Species Factsheet. BirdLife International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-18. ციტირების თარიღი: 24 сентября 2008.
  7. Jerome A. Jackson, Walter J. Bock, Donna Olendorf., Энциклопедия животных Гржимека = Grzimek’s Animal Life Encyclopedia: Birds, 2-е изд, Gale Cengage, 2002. — 635 გვ, ISBN 978-0787657840.
  8. James Hancock, Hugh Elliott., Цапли мира = The herons of the world, Harpercollins, 1978. — 304 გვ, ISBN 978-0060117597.
  9. 9.0 9.1 9.2 Robinson, R. A.. BirdFacts: profiles of birds occurring in Britain & Ireland (v1.21, Jun 2008). BTO Research Report 407, BTO, Thetford (http://www.bto.org/birdfacts). British Trust for Ornithology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-18. ციტირების თარიღი: 24 сентября 2008.
  10. AnAge entry for Egretta garzetta. Human Ageing Genomic Resources. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-18. ციტირების თარიღი: 24 сентября 2008.