„მოსკვას“ ჩაძირვა

„მოსკვა“ — რუსული სარაკეტო კრეისერი და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი ჩაიძირა 2022 წლის 14 აპრილს, რუსეთ-უკრაინის ომის (2022) დროს. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ხომალდს ორი ფრთოსანი რაკეტა „ნეპტუნი“ მოარტყეს, ხოლო რუსეთის მხარემ გემის ჩაძირვის მიზეზად გაურკვეველი მიზეზებით ბორტზე გაჩენილი ხანძარი და ზღვაზე არსებული შტორმი დაასახელა.

სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვა
ძირითადი კონფლიქტი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)
თარიღი 14 აპრილი, 2022
ადგილი ხერსონის ოლქი, უკრაინა; შავი ზღვა
კოორდინატები 45°10′43″ ჩ. გ. 30°55′31″ ა. გ. / 45.17861° ჩ. გ. 30.92528° ა. გ. / 45.17861; 30.92528
მიზეზი
  • უკრაინული ვერსია: ჩაიძირა ორი უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა „ნეპტუნის“ მოხვედრების შედეგად
  • რუსული ვერსია: ჩაიძირა ზღვის ძლიერი ღელვის გამო მანამდე გაჩენილი ხანძრის შედეგად
მონაწილეები რუსეთის საზღვაო ძალები
გარდაცვალებები 1 (რუსული ვერსიით)[1]
დაკარგულები 27 (რუსული ვერსიით)[1]

„მოსკვა“ ყველაზე დიდი წყალწყვის სამხედრო ხომალდი იყო, რომელიც II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბრძოლო მოქმედებების შედეგად ჩაიძირა. რუსული მხარის მიხედვით, მოხერხდა ეკიპაჟის 396 წევრის ევაკუირება, გარდაიცვალა 1 და დაკარგულად ითვლება 27 მეზღვაური, თუმცა, არსებობს დაუდასტურებელი ცნობები უფრო მაღალი რაოდენობის მსხვერპლის შესახებ.

ფონი რედაქტირება

2022 წლის თებერვალში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანმა, მართვადი რაკეტებით აღჭურვილმა კრეისერმა „მოსკვამ“ სევასტოპოლის პორტი დატოვა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობის მისაღებად.[2] ხომალდი, საპატრულო ნავ „ვასილი ბიკოვთან“ ერთად, მოგვიანებით, გამოყენებულ იქნა უკრაინის სამხედრო ძალების წარმომადგენელთა წინააღმდეგ კუნძულ ზმეინზე თავდასხმის დროს.[3] „მოსკვამ“ დაამყარა რადიოკავშირი კუნძულზე განლაგებულ მცირერიცხოვან გარნიზონთან და მათი დანებება მოითხოვა, პასუხად კი მიიღო ამჟამად საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა: „რუსული სამხედრო ხომალდი, იდი ნახუი“ (რუს. Русский военный корабль, иди нахуй). ამის შემდეგ კუნძულთან კონტაქტი დაიკარგა, ხოლო გარნიზონის ცამეტივე წევრი ტყვედ აიყვანეს.[4]

ჩაძირვა რედაქტირება

 
სატელიტური სურათი, რომელზეც ნაჩვენებია „მოსკვას“ ადგილმდებარეობა 2022 წლის 12 აპრილს

უკრაინული ვერსია რედაქტირება

პირველი ცნობა ხომალდის რაკეტით დაზიანების შესახებ 2022 წლის 13 აპრილს, უკრანის დროით 20:42 წუთზე, უკრაინულ სამხედრო ძალებთან დაკავშირებულმა მოხალისემ Facebook-ზე პოსტის სახით გაავრცელა.[6] მოგვიანებით, იმავე საღამოს, პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ „მოსკვას“ ცეცხლი ეკიდა და რთულ ვითარებაში იმყოფებოდა, ხოლო ოდესის გუბერნატირმა, მაქსიმ მარჩენკომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინულმა ძალებმა კრეისერს ორი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა „ნეპტუნი“ მოარტყეს, რამაც „ძალიან სერიოზული დაზიანება გამოიწვია“.[7][8] 14 აპრილს, უკრაინის დროით 12:43 წუთზე უკრაინის სამხრეთის სარდლობამ Facebook-ზე ვიდეო დაპოსტა, რასაც თან ახლდა ცნობა, რომ ხომალდი უკრაინული „ნეპტუნების“ მოქმედების ზონაში დაზიანდა, მასზე იყო ხანძარი და „მოსკვას“ საბრძოლო ჯგუფში შემავალი სხვა გემები „მის დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა, ბორტზე განლაგებული საბრძოლო მასალის ძლიერმა აფეთქებამ და შტორმმა ხომალდის დაგვერდება გამოიწვია და ის იძირებოდა“.[9]

რუსული ვერსია რედაქტირება

მარჩენკოს განცხადებიდან რამდენიმე საათში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გემზე გაჩენილმა ხანძარმა საბრძოლო მასალის აფეთქება გამოიწვია და ხომალდი სერიოზულად იყო დაზიანებული, თუმცა, განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი მიზეზებზე ან უკრაინის მხრიდან სარაკეტო თავდასხმაზე.[10][11][12][13] 14 აპრილს სამინისტრომ განაცხადა, რომ კრეისერზე არსებული სარაკეტო სისტემები დაუზიანებელი იყო, ცეცხლი ლოკალიზებული იყო მეზღვაურების მიერ, ხოლო გემის პორტში ბუქსირებისთვის შესაბამისი სამუშაოები ტარდებოდა.[14][15] იმავე დღეს, მოგვიანებით, სამინისტრომ განაცხადა, რომ ბუქსირების პროცესში მყოფი „მოსკვა“ ძლიერი შტორმის გამო ჩაიძირა,[16][17] თუმცა, სხვადასხვა ცნობით, ამინდი ამ დროს საკმაოდ წყნარი იყო.[18] 15 აპრილს რუსულ ტელევიზიებში და მედიასაშუალებებში „მოსკვას“ ჩაძირვის შესახებ მოკლე ცნობები გავრცელდა, სადაც მიზეზად ზღვაზე არსებული შტორმი იყო დასახელებული.[16]

სხვა წყაროები რედაქტირება

შემთხვევის მომდევნო დღეებში მსოფლიოს ონლაინ, საგაზეთო და სატელევიზიო მედიასაშუალებებში გაჩნდა ცნობები უკრაინის მხრიდან შესაძლო სარაკეტო თავდასხმის და შემთხვევის რუსული და უკრაინული ვერსიების შესახებ. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, ჯონ კერბიმ 14 აპრილს განაცხადა, რომ მათ სარაკეტო თავდასხმის დადასტურებისთვის საკმარისი ცნობები არ გააჩნდათ, თუმცა, ამას ვერ გამორიცხავდნენ. მათ ხელთ არსებული ვიზუალური მასალა ადასტურებდა ხომალზე მომხდარ ძლიერ აფეთქებას და ხანძარს. აფეთქების მიზეზი ნათელი არ იყო.[19][20][21][22] ჩანდა, რომ „მოსკვა“, ბორტზე არსებული ხანძრის მიუხედავად, სევასტოპოლის პორტისკენ შესაკეთებლად მიემართებოდა;[19] უცნობი იყო, ხომალდი საკუთარი ძალით მოძრაობდა თუ ბუქსირებული იყო.[22] გაჩნდა ცნობა იმის შესახებაც, რომ აფეთქებამ გემბანზე ღიად განლაგებული ერთ-ერთი სარაკეტო გამშვებიც დააზიანა.[23]

ღია სადაზვერვო წყაროს (OSINT) სურათზე, რომელიც სატელიტიდან, ღრუბელგამტარი სინთეტური დიაფრაგმის რადარით (SAR) იყო გადაღებული, ჩანს „მოსკვა“ ადგილობრივი დროით (UTC+03:00) 13 აპრილის 18:52 წუთზე, კოორდინატებზე 45°10′43″ ჩ. გ. 30°55′30″ ა. გ. / 45.1787194° ჩ. გ. 30.9251500° ა. გ. / 45.1787194; 30.9251500, კუნძულ ზმეინის აღმოსავლეთით, დაახლოებით 80 საზღვაო მილის (100 კმ) დაშორებით ოდესიდან და დაახლოებით 50 საზღვაო მილის (90 კმ) მოშორებით უკრაინის სანაპიროდან. სურათების ანალიზი მიუთითებს, რომ ეს იყო არც ისე დიდი ხნის შემდეგ იმ დაზიანების მიღებიდან, რომელმაც, საბოლოოდ, ხომალდის ჩაძირვა გამოიწვია. სურათზე „მოსკვას“ სხვა გემებიც ახლავს თან.[24] რუმინეთის და თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „მოსკვა“ 14 აპრილს, ადგილობრივი დროით 03:00 საათზე ჩაიძირა.[25]

სავარაუდო სარაკეტო თავდასხმა რედაქტირება

 
P-360 „ნეპტუნის“ გამშვები დანადგარი, 2021 წელი.

15 აპრილს აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მათი აზრით, „მოსკვას“ ორი უკრაინული ფრთოსანი რაკეტა „ნეპტუნი“ მოხვდა. მისივე განცხადებით, ამ დროს ხომალდი ოდესიდან დაახლოებით 65 საზღვაო მილის (120 კმ) მოშორებით იმყოფებოდა და თავდასხმის შემდეგ განაგრძო სვლა თავისივე ძალით, ვიდრე 14 აპრილს არ ჩაიძირა. ასევე, სადაზვერვო შეფასებით, სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლიც მოჰყვა, თუმცა, რაოდენობა უცნობი იყო.[26][27] სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტები ოდესის ახლოს განთავსებული სახმელეთო დანადგარიდან გაუშვეს.[23][14][28][29] ერთ-ერთი რაკეტა, სავარაუდოდ, გემის ხიდურის ქვეშ აფეთქდა.[30] „მოსკვას“ ჩაძირვის ოპერაციისას, შესაძლოა, ყურადღების გადასატანად გამოყენებული ყოფილიყო Bayraktar TB2 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებიც.[31]

კრეისერი „მოსკვა“ აღჭურვილი იყო სამშრიანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით, რომელსაც გააჩნდა ადეკვატური შესაძლებლობები გზა გადაეჭრა და გაენადგურებინა „ნეპტუნის“ რაკეტები, რადარის მიერ მათი აღმოჩენიდან 3-4 წუთშიც კი.[32] ეს სისტემა მოიცავდა С-300Ф და 9К33 Оса მიწა-ჰაერი კლასის რაკეტებს, ანტისენსორულ საშუალებებს და ელექტრონულ ჩამხშობებს რაკეტისთვის მიმართულების ასარევად და საბოლოო ზომის სახით, АК-630 ტიპის ახლო მოქმედების ავტომატურ ქვემეხს. არ არსებობს ცნობა ხომალდის ეკიპაჟის მიერ რომელიმე სისტემის გააქტიურების შესახებ. ტაიფუნ ოზბერკის ვარაუდით, გემის რადარებმა (3 ან 4 რადარი) ან ვერ აღმოაჩინეს მისკენ მომავალი „ნეპტუნის“ რაკეტები, ან გემის ეკიპაჟმა ვერ შეძლო თავდაცვითი სისტემების დროულად მოქმედებაში მოყვანა, რაც მსგავსი საგანგებო სიტუაციებისთვის მათ მოუმზადებლობაზე მეტყველებს.[33] ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, ასეთი სისტემების გააქტიურების შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ უკრაინას სულ მცირე 11 „ნეპტუნის“ გაშვება დასჭირდებოდა, საიდანაც გემის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა 6-ს მოიგერიებდა, ხოლო დარჩენილი 5 მოხვდებოდა ხომალდს და გამოიწვევდა საკმარის ზიანს მის ჩასაძირად. ასევე, სავარაუდოა, რომ ხომალდი დიდი ზომის გამო 150 კილოგრამიანი საბრძოლო ქობინის მქონე „ნეპტუნის“ რამდენიმე დარტყმას გაუძლებდა.[34] თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ რაკეტის მოხვედრება გემზე არსებული საბრძოლო მასალის აფეთქებას არ გამოიწვევდა. ამდენად, „მოსკვას“ ჩაძირვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ზიანის კონტროლის გაუმართავმა სისტემამ[5][16][33] და პროფესიონალების ნაცვლად სავალდებულო სამხედრო სამსახურის წვევამდელთა გამოყენებამ.[35]

აუდიო და ვიდეომასალა რედაქტირება

18 აპრილისთვის სოციალურ ქსელებში გავრცელდა ორი ფოტო და ერთი მოკლე, 3 წამიანი ვიდეოკლიპი, რომლებშიც, სავარაუდოდ, ჩანდა „მოსკვა“ ცეცხლის გაჩენიდან ხოტა ხნის შემდეგ და ჩაძირვამდე ცოტა ხნით ადრე. სურათებზე ჩანს მარცხენა ბორტზე დაგვერდებული ხომალდი, დღისით, წყნარ ამინდში. ჩანს ხანძრით მიყენებული მძიმე დაზიანებები ცენტრალური ნაგებობის გარშემო, ასევე, ნახვრეტები გემბანის გვერდითა ნაწილში, წყალხაზთნ ახლოს. ხომალდის სამაშველო ნავების უმეტესობა არ ჩანს, რაც მიუთითებს, რომ ამ დროისათვის უკვე განხორციელებულია ევაკუაცია.[36][37][38] CNN-ის მიხდევით, მარჯვენა ბორტის უკან (სურათის უკანა ფონზე) ჩანს დიდი რუსული სამაშველო საბუქსირო გემი, რომელიც „მოსკვას“ წყალს ასხამს.[38]

სურათების და ვიდეოკლიპის წყარო და ავტორი უცნობია.[36][37][38] The Daily Telegraph-ის ცნობით, სურათები პირველად Telegram-ის ერთ-ერთ არხზე გამოჩნდა, რომელიც რუსეთი უშიშროების სამსახურებთანაა დაკავშირებული.[39] ანალიტიკოსებმა, რომლებსაც კონსულტაციისთვის დამოუკიდებლად მიმართეს The Guardian-მა და CNN-მა, დაადსტურეს, რომ სურათებზე, სავარაუდოდ, „მოსკვა“ ჩანს.[36][38] The Guardian ციტირებს ჟურნალისტს და გემების ექსპერს, იერიუკ იშიკს: „მე ვფიქრობ, ვიდეო ნამდვილია. რასაც ჩვენ ვხედავთ, მისი ფორმა, ზომა, ეს „მოსკვაა“.[36] იგივე გამოცემის მიხედვით, იშიკი დარწმუნებულია, რომ „სულ მცირე ერთი სურათი გადაღებულია 22870 პროექტის სამაშველო საბუქსირო ხომალდიდან, რომლის მსგავსიც რუსეთს შავ ზღვაში სულ მცირე ორი ჰყავს“.[36]

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, თავად სურათების ნამდვილობის დადგენა შეუძლებელია, თუმცა, „რაც მათზეა გამოსახული, თანხვედრაშია იმ შეფასებასთან, რომელიც ხომალდის დაზიანების შესახებ ჩვენ გავაკეთეთ“. [38] კარლ შუსტერი, აშშ-ის წყნარი ოკეანის სარდლობის გაერთიანებული სადაზვერვო ოპერაციების ცენტრის ყოფილი დირექტორი, აცხადებს: „თუ ფოტოშოპით ან სხვა გზით ფოტოების გაყალბებას გამოვრიცხავთ, ჩანს რაკეტების მოხვედრება წინა ნაწილში, რაც მოულოდნელი არაა. როგორც წესი, ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები რადარის სიგნალის ცენტრალური ნაწილისკენ მიისწრაფვიან, რაც როგორც წესი, ხომალდის ზედნაშენის წინა ნაწილია“.[38] სამეფო საზღვაო ძალების ყოფილი ადმირალი კრის პერი The Guardian-ისთვის მიწერილ წერილში წერს: „როგორც ჩანს, ერთი ან ორი რაკეტა გემს სწორედ ხომალდსაწინააღმდეგო П-1000 Вулкан-ის ტიპის რაკეტების ქვეშ მოხვდა. ... ეს გამოიწვევდა მასიურ შიდა დაზიანებას და მათ შორის, თავად ამ რაკეტების მთლიანობის დარღვევასაც, ... რასაც მოჰყვებოდა მათი მყარი საწვავის გამოჟონვა. ეს კიდევ უფრო გააძლიერებდა ხანძარს გემის შიგნით, რომელიც ჰორიზონტალურად, გემბანების გასწვრივ და დაზიანებული ნაკვეთურების გავლით გავრცელდებოდა“.[36]

მსხვერპლი და დაშავებულები რედაქტირება

ლეტუვას თვდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა 14 აპრილს განაცხადა, რომ იმ დღეს „მოსკვადან“ გაიგზავნა უბედურების სიგნალი, რომელსაც თურქულმა გემმა უპასუხა და დაახლოებით 02:00 საათზე 54 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. მისივე თქმით, გემზე ეკიპაჟის 485 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგანაც 66 ოფიცერი იყო. უცნობი იყო, რამდენი მათგანი გადარჩა.[40][41][25][42]

15 აპრილს უკრაინულმა წყაროებმა გაავრცელეს ცნობა, რომ „მოსკვას“ ეკიპაჟის ნაწილი, მათ შორის, I რანგის კაპიტანი ანტონ კუპრინი (43 წლის), რომელიც გემის მეთაური იყო, აფეთქების დროს დაიღუპა.[43] 15 აპრილს აშშ-ის მთავრობის მხრიდანაც გავრცელდა ცნობა, რომ მსხვერპლის არსებობის შესახებ მათაც ჰქონდათ ინფორმაცია.[26][44] 18 აპრილს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ბრიფინგზე დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ სამაშველო ნავებში მყოფი მეზღვაურები მათაც დაინახეს, თუმცა, ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ.[45] დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, Новая газета-ს ევროპის ბიურომ გაავრცელა ცნობა, რომ ჩაძირვის მომენტისთვის 40-მდე მეზღვაური იყო დაღუპული.[46] თვითმხილველთა გადმოცემით, ყირიმის საავადმყოფოებში 200-მდე დაშავებული მეზღვაური იმყოფებოდა.[47]

ჩაძირვიდან ცოტა ხნის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეკიპაჟი ევაკუირებული იყო[43] და მსხვერპლის არსებობა თავდაპირველად არ დაადასტურა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე მეზღვაურის ოჯახს შეატყობინეს, რომ მათი ოჯახის წევრი „დაკარგული“ იყო.[48] 16 აპრილს რუსეთმა გაავრცელა ვიდეო, სადაც, მათი მტკიცებით, ჩანს საზღვაო ძალების მეთაურის, ადმირალ ნიკოლაი იევმენოვის შეხვედრა „მოსკვას“ 100-მდე მეზღვაურთან. ადმირალის განცხადებით, ისინი საზღვაო ძალებში სამსახურს გააგრძელებდნენ.[44] დამოუკიდებელი რუსული ონლაინ-გაზეთის, The Insider-ის ცნობით, ვიდეოზე ჩანს დაახლოებით 100 მეზღვაური, მათ შორის, I რანგის კაპიტანი ანტონ კუპრინი.[49] Naval News-ის ცნობით, რუსეთის თვდაცვის სამინისტროს ვიდეოში 240-მდე გადარჩენილი მეზღვაური ჩანს, მთლიანი ეკიპაჟის დაახლოებით ნახევარი.[33] თუმცა, „რადიო თავისუფლების“ უკრაინული გამოცემა აცხადებს, რომ ამ ვიდეოს ნამდვილობის დადასტურება შეუძლებელია.[50]

22 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც დაადასტურა „მოსკვას“ ერთი მეზღვაურის დაღუპვა და 27 დაკარგულად გამოაცხადა. განცხადების მიხედვით, მოხდა 396 მეზღვაურის ევაკუაცია.[1][51]

გავლენა რედაქტირება

თუ უკრაინის მტკიცება, რომ „მოსკვას“ ჩაძირვა სარაკეტო თავდასხმამ გამოიწვია, მართალია, იგი იქნება ყველაზე დიდი სამხედრო ხომალდი, რომელიც II მსოფლიო ომის შემდეგ საომარი მოქმედებების შედეგად ჩაიძირა.[52] მასთამ მიახლოვებული ზომის ბოლო სამხედრო გემი, რომელიც სამხედრო მოქმედებების დროს ჩაიძირა, იყო არგენტინული კრეისერი „გენერალი ბელგრანო“, რომელიც 1982 წელს, ფოლკლენდის ომის დროს ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავმა „Conqueror-მა“ ჩაძირა.[20] „მოსკვა“ ყველაზე დიდი საბჭოთა ან რუსული გემია, რომელიც მოწინააღმდეგემ ჩაძირა მას შემდეგ, რაც გერმანულმა ავიაციამ დაბომბა საბჭოთა საბრძოლო ხომალდი „მარატი“ 1941 წელს,[53] ასევე, ომის დროს დაკარგული პირველი რუსული ფლაგმანი 1905 წლის შემდეგ, როცა რუსეთ-იაპონიის ომის დროს, ცუშიმას ბრძოლაში „თავადი სუვოროვი“ ჩაიძირა.[54] კარლ შუსტერის თქმით, თუ უკრაინის განცხადება მართალია, „მოსკვა“ შეიძლება იყოს ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო გემი, რომელიც სარაკეტო თავდასხმამ გაანეიტრალა ან გაანადგურა.[20]

„მოსკვას“ ჩაძირვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისთვის მნიშვნელოვანი და დამამცირებელი დანაკარგია, თუმცა, უფრო ფსიქოლოგიური, ვიდრე მატერიალური ხასიათისა, ამბობს უკრაინის სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარი მიკოლა ბიელიესკოვი. მისივე შეფასებით, ეს რუსეთის მხრიდან უკრაინაზე საზღვაო ბლოკადის სრულ მოხსნას არ გამოიწვევს, თუმცა, კარგი მაგალითია იმისა, რომ უკრაინელებს რთული და მაღალტექნოლოგიური შეიარაღების წარმატებით გამოყენება შეუძლიათ.[16] მსგავს დასკვნამდე მივიდა ომის კვლევების ინსტიტუტიც, რომლის შეფასებაშიც აღნიშნულია, რომ ხომალდის დაკარგვამ, შესაძლოა, აიძულოს რუსეთი, „შეიყვანოს დამატებითი საჰაერო და წერტილოვანი თავდაცვის სისტემები შავი ზღვის ტაქტიკურ დაჯგუფებაში, ან გაიყვანოს ხომალდები უკრაინის სანაპიროსთან ახლომდებარე პოზიციებიდან“.[55]

„მოსკვა“ ერთადერთი საბრძოლო ხომალდი იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტში, რომელსაც შეიარაღებაში გააჩნდა С-300Ф შორი მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები. იგი არ უშვებდა რაკეტებს უკრაინული სახმელეთო მიზნებისკენ, თუმცა, უზრუნველყოფდა იმ ხომალდების ჰაერსაწინააღმდეგო დაცვას, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მისმა ჩაძირვამ აღნიშნულ ხომალდებს, რომლებიც ნაკლებად დაცულნი არიან, აიძულა, მოშორებოდნენ უკრაინის სანაპიროებს. უცნობია, რამდენად შეძლებს უკრაინა მათი გაზრდილი მოწყვლადობის სათავისოდ გამოყენებას.[16] ამერიკელი თადარიგის ადმირალი სემუელ ჯეი კოქსი, საზღვაო ისტორიისა და მემკვიდრეობი სარდლობის დირექტორი, The New York Times-თან აცხადებს, რომ „მოსკვას“ დაკარგვის გამო „უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ამფიბიური შეტევა რუსეთისთვის გაცილებით სახიფათო გახდა, რადგან მისი ამფიბიური და სანაპირო გემები თავდასხმის მიმართ ბევრად უფრო მოწყვლადები არიან“.[56]

„მოსკვას“ იდენტური კლასის ორი ხომალდი 2022 წლის თებერვლიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაშია განლაგებული,[57] თუმცა, მონტრეს კონვენციის ძალით, თურქეთს კონფლიქტში მონაწილე სამხედრო ხომალდებისთვის შავი ზღვის სრუტეები ჩაკეტილი აქვს. შესაბამისად, დაკარგული „მოსკვას“ მისივე კლასის ხომალდით ჩანაცვლება სხვა ფლოტებიდან რუსეთს თურქეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევის გარეშე არ შეუძლია.[58][59]

2020 წელს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სევასტოპოლის ეპარქიის მთავარხუცესმა განაცხადა, რომ „მოსკვას“ სამლოცველოში ბინას დაიდებდა „ძელი ჭეშმარიტის“ ნაწილი. „ძელი ჭეშმარიტი“, ქრისტიანული გადმოცემით, წარმოადგენს ჯვარს, რომელზეც ქრისტე გააკრეს და მისი ნაწილი ბევრი ქრისტიანისთვის უმნიშვნელოვანესი რელიკვიაა.[60] სხვადასხვა მოსაზრების მიხედვით, რელიკვია ხომალდთან ერთად ჩაიძირა.[61][62][63]

გამოხმაურება რედაქტირება

 
უკრაინული საფოსტო მარკა, რომელზეც გამოსახული უკრაინელი ჯარისკაცი რუსულ კრეისერ „მოსკვას“ შუა თითს უჩვენებს. გამოშვებულია ხომალდის ჩაძირვამდე ორი დღით ადრე.[64][65]

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ჯეიკ სალივანის თქმით, „მოსკვას“ ჩაძირვა „რუსეთისთვის დიდი დარტყმაა“, რომელიც აიძულებს მოსკოვს, მძიმე არჩევანი გააკეთოს ორ წამგებიან ნარატივს – რუსი მეზღვაურების არაკომპეტენტურობასა და უკრაინული მხარის წარმატებულ თავდასხმას შორის.[66] სასაკი ტაკაჰირო, ჰიროშიმას უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი რუსეთის უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში The Asahi Shimbun-თან საუბარში „მოსკვას“ ჩაძირვას იაპონიის იმპერიის საბრძოლო გემ „იამატოს“ ჩაძირვას ადარებს.[67] აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის, ჯონ კერბის განცხადებით, „მოსკვას“ მთავარი ფუნქცია შავ ზღვაში განლაგებული რუსული ძალების საჰაერო შეტევებისგან დაცვა იყო და მის ჩაძირვას ამ მხრივ დიდი გავლენა ექნება, სულ მცირე, მოკლევადიან პერიოდში მაინც.[68]

Forbes Ukraine-ის მიერ 2022 წლის 14 აპრილს გამოქვეყნებული შეფასების მიხედვით, „მოსკვას“ ჩაძირვა ყველაზე ძვირადღირებული დანაკარგია რუსული სამხედრო ძალისთვის დღემდე და მისი ჩანაცვლება შეიძლება $750 მილიონი დაჯდეს.[69]

მიუხედავად რუსეთის მტკიცებისა, რომ ხომალდის ჩაძირვის მიზეზი უკრაინული რაკეტები არ ყოფილა, Reuters-ის ცნობით 15 აპრილის დილას რუსეთმა განახორციელა სარაკეტო თავდასხმა კიევში განლაგებულ „Луч-ის“ საკონსტრუქტორო ბიუროს კუთვნილ რაკეტების ქარხანაზე, რომელშიც „ნეპტუნის“ რაკეტები შეიქმნა და იწარმოებოდა.[70]

„მოსკვას“ ჩაძირვამდე ორი დღით ადრე უკრაინის ფოსტამ გამოუშვა ერთი მილიონი მარკა „რუსული სამხედრო ხომალდი, იდი ნახუი“, რომელზეც გამოსახული უკრაინელი ჯარისკაცი „მოსკვას“ შუა თითს უჩვენებს. ჩაძირვამ მარკებზე მოთხოვნა გაზარდა.[71] უკრაინაში ხალხის გარკვეული რაოდენობა მის შესაძენად რიგში 2 საათზე მეტ ხანს იდგა.[72] „მოსკვას“ ჩაძირვამ უკრაინელების სულისკვეთების ამაღლება, ხოლო რუსულ საოკუპაციო ძალებში, პირიქით მისი ვარდნა გამოიწვია.[73] უკრაინის საზღვაო ძალების მეთაური, ოლექსი ნეიჟპაპა „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ დააწინაურეს.[74]

რუსულ სატელევიზიო მედიაში „მოსკვას“ ჩაძირვის ამბავი მხოლო მცირე ხნით გამოჩნდა, ხოლო საგაზეთო სტატიებში საუბარი იყო მოძველებულ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაზე და აღნიშნული იყო, რომ ხომალდის ჩაძირვა ომის მიმდინარეობაზე გავლენას არ იქონიებდა. მიუხედავად ამისა, კინორეჟისორმა და სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ვლადიმირ ბორტკომ, რომელიც, BBC-ს შეფასებით, „აშკარად ემოციური“ იყო, განაცხადა, რომ „მოსკვას“ ჩაძირვა ომის საფუძველი იყო.[16] 18 აპრილს სახელმწიფო ტელევიზია Россия-1-ის წამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა შემთხვევის გამო რუსეთის საზღვაო ძალები გააკრიტიკა;[75][76] ხოლო სერგეი მარკოვმა, რომელიც კრემლის ერთგული მხარდამჭერია, BBC Radio 4-ის გადაცემაში The World at One განაცხადა, რომ გემს ნორვეგიიდან შემოტანილი რაკეტები მოხვდა, ხოლო მისი ელექტრონული თავდაცვის სისტემა ამერიკელებმა გაანეიტრალეს.[77] რუსულ მედიაში ასევე გავრცელდა სპეკულაცია, რომ ხომალდი ნორვეგიული AGM-119 Penguin-ის ტიპის რაკეტებით ჩაძირეს.[78]

ერთ-ერთმა უკრანულმა გამოცემამ[79] და ორმა სამხედრო ანალიტიკოსმა[80] ჩაძირვის შემდეგ გამოთქვეს ვარაუდი, რომ „მოსკვას“ ბირთვული ქობინების ტარების შესაძლებლობა ჰქონდა და სავარაუდოდ, ჰქონდა ორი ასეთი ქობინი ჩაძირვის მომენტში. მათ მეზობელ ქვეყნებს მოუწოდეს, გამოეკვლიათ შესაძლო ბირთვული ინციდენტის საკითხი. არსებობს მცირედი შანსი, რომ „მოსკვას“ ჰქონოდა ბირთვული ქობინები П-500 Базальт და П-1000 Вулкан-ის სახით, თუმცა, არ არსებობს ამის დამადასტურებელი საბუთი მისი ჩაძირვის დროს.[81] გემზე ბირთვული ქობინების არსებობა უარყო აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანმაც.[36]

უკრაინამ „მოსკვას“ ჩაძირვის ადგილი „წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად“ გამოაცხადა. მიმდინარეობს მისი, როგორც დაივინგის ადგილის რეკლამირება, რადგან შემთხვევა ოდესიდან სულ რაღაც 120 კილომეტრში მოხდა, სადაც წყალი მხოლოდ 45-50 მეტრის სიღრმისაა. ჩაძირვის ადგილის დათვალიერება „ზედმეტად ღრმად ჩაყვინთვის გარეშეც“ შეიძლება.[51][82]

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საზღვაო ძალებმა ადგილზე სამაშველო გემი „კომუნა“ გაგზავნეს, რომელსაც ბორტზე AC-28 ტიპის სამაშველო წყალქვეშა აპარატი აქვს. გემი რვა ხომალდისგან შედგენილი კონვოის ნაწილია. „კომუნა“, რომელიც 110 წლის არის, ერთ-ერთი ყველაზე ძველი გემია რუსეთის საზღვაო ძალებში. „მოსკვას“ ზომის და იმის გამო, რომ ჩაძირვისას ის ნაწილებად არ დაშლილა, მისი ზედაპირზე ამოყვანა არაპრაქტიკულია. ნაცვლად ამისა, სამაშველო ოპერაციის სავარაუდო მიზანს კოდირებული მასალების, იარაღის, ცხედრების და სხვადასხვა სენსიტიური მასალის ამოღება წარმოადგენს, რომლებითაც შეიძლება უცხოური ძალები დაინტერესდნენ.[83] „კომუნა“ შავი ზღვის ფლოტის ნაწილია და სევასტოპოლშია ბაზირებული. ჩაძირვის ადგილზე ყოფნამ იგი, შესაძლოა, უკრაინელების პოტენციურ სამიზნედ აქციოს.[84]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 „Russia says one sailor died, 27 missing after missile cruiser sank“. Al Arabiya. 22 April 2022.
  2. Sutton, H. I.. OSINT Tracker Feb 15 2022: Russian Navy Anti-Ship Capabilities in Mediterranean & Black Sea. ციტირების თარიღი: 17 February 2022
  3. Zmiinyi Island In Black Sea Attacked From Russian Ships – Border Service (24 February 2022). ციტირების თარიღი: 25 February 2022
  4. Ukrainian Navy confirms Snake Island soldiers are alive, POWs. The Jerusalem Post (28 February 2022). ციტირების თარიღი: 28 February 2022
  5. 5.0 5.1 „Russian warship Moskva: What do we know?“. BBC News. 14 April 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 April 2022. ციტირების თარიღი: 14 April 2022.
  6. თარგი:Cite newspaper
  7. „Russian warship Moskva on fire but afloat, Pentagon says“. The Guardian. 14 April 2022.
  8. „Russia says flagship missile cruiser has sunk after explosion off coast of Ukraine“. The Washington Post (ინგლისური). ISSN 0190-8286. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 April 2022. ციტირების თარიღი: 14 April 2022.
  9. Russian cruiser Moskva capsized and began to sink – Operational Command South en. ციტირების თარიღი: 14 April 2022 Facebook post: "Поточна оперативна обстановка на півдні України: ранок 14.04.2022 [Current operational situation in the south of Ukraine: morning 14.04.2022]" (12:43 14 April EEST) on Facebook (fb.watch/cyVbeRP2zf/); partial video transcript: უკრ. В Чорноморській операційній зоні ПКР «Нептун» уражений крейсер «Москва» - флагман чорноморського флоту росії – отримав суттєві пошкодження. Виникла пожежа. Інші одиниці корабельного угруповання намагалися надати допомогу, але шторм і потужний вибух боєзапасу перекинули крейсер і він почав тонути.
  10. Russia Says Major Ship in Black Sea Fleet Badly Damaged in Blast – Interfax (13 April 2022). ციტირების თარიღი: 13 April 2022
  11. Новости, Р. И. А.. (14 April 2022) На ракетном крейсере "Москва" в результате пожара сдетонировал боезапас ru. ციტირების თარიღი: 13 April 2022
  12. На ракетном крейсере "Москва" произошел пожар ru (13 April 2022). ციტირების თარიღი: 14 April 2022
  13. „Ukraine claims it hit a Russian warship with a missile strike. Russia says otherwise“. CNN. 13 April 2022. ციტირების თარიღი: 17 April 2022.
  14. 14.0 14.1 Москва утонула . Как ВСУ поразили флагман ЧФ РФ ru. ციტირების თარიღი: 14 April 2022
  15. Russia says fire on the Moskva missile cruiser is contained (14 April 2022). ციტირების თარიღი: 14 April 2022
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 Hill, Jenny (15 April 2022). „Russian warship: Moskva sinks in Black Sea“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 April 2022. ციტირების თარიღი: 15 April 2022.
  17. Reuters (14 April 2022). „Russia says flagship missile cruiser Moskva has sunk after fire“. Reuters (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 April 2022. ციტირების თარიღი: 14 April 2022.
  18. Treisman, Rachel (15 April 2022). „A Russian warship in the Black Sea was sunk by Ukrainian missiles, U.S. official says“. NPR (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 April 2022. ციტირების თარიღი: 17 April 2022.
  19. 19.0 19.1 Morning Joe: Pentagon: We know Russian warship suffered an explosion (14 April 2022).
  20. 20.0 20.1 20.2 Lendon, Brad (14 April 2022). „Russian navy evacuates badly damaged flagship in Black Sea. Ukraine claims it was hit by a missile“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 April 2022. ციტირების თარიღი: 14 April 2022.
  21. Forgey, Quint. Pentagon confirms explosion aboard Russian warship en. ციტირების თარიღი: 14 April 2022
  22. 22.0 22.1 Russian warship Moskva on fire but afloat, Pentagon says en (14 April 2022). ციტირების თარიღი: 14 April 2022
  23. 23.0 23.1 Sneaky way Ukraine distracted Russian warship Moskva (15 April 2022).
  24. Sutton, H. I.. (15 April 2022) Satellite Image Pinpoints Russian Cruiser Moskva As She Burned.
  25. 25.0 25.1 Ukraine braces for revenge attacks from Russia after Moskva sinking en (15 April 2022). ციტირების თარიღი: 15 April 2022
  26. 26.0 26.1 Cooper, Helene (15 April 2022). „Russia's Black Sea flagship was hit by 2 Ukrainian missiles, a U.S. official says“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 April 2022. ციტირების თარიღი: 15 April 2022.
  27. „A Russian warship in the Black Sea was sunk by Ukrainian missiles, U.S. official says“. NPR. 15 April 2022. ციტირების თარიღი: 16 April 2022.
  28. Jamie Siedel. (14 April 2022) Russian warship Moskva explodes on Ukraine coast after missiles fired. News Corp Australia. ციტირების თარიღი: 14 April 2022
  29. Manash Pratim Boruah; Prathamesh Karle; Shaurav Gairola (14 April 2022). „Fire puts Russian Navy's Black Sea Fleet flagship out of action“. Janes Information Services. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 April 2022. ციტირების თარიღი: 14 April 2022.
  30. How The Moskva Was Sunk: Meet Ukraine’s Neptune Anti-Ship Missile (20 April 2022).
  31. Reports indicate that Bayraktar helped to attack Moskva en. ციტირების თარიღი: 2022-04-18
  32. Are rainy days in store for Russia's Black Sea Fleet following the sinking of the Moskva? en-gb (19 April 2022).
  33. 33.0 33.1 33.2 Ozberk, Tayfun. (17 April 2022) Analysis: Chain Of Negligence Caused The Loss Of The Moskva Cruiser en. ციტირების თარიღი: 2022-04-18, 17 April 2022.
  34. Cowden, Anthony. Neptunes, the MOSKVA, and How Not to Sink a Cruiser. RealClearDefense (19 April 2022). ციტატა: „the Cube Root rule suggest that it would take 2,320 lbs of HE to put Moskva out of action“
  35. Analysis | Russia's Sunken Warship Is a Warning to All Navies. Washington Post (19 April 2022).
  36. 36.0 36.1 36.2 36.3 36.4 36.5 36.6 Roth, Andrew (18 April 2022). „Film and photos appear to show Russian cruiser Moskva shortly before she sank“. The Guardian. ციტირების თარიღი: 18 April 2022.
  37. 37.0 37.1 Sutton, H. I.. (18 April 2022) Moskva Sinking: Images Reveal Once Powerful Russian Navy Ship On Fire.
  38. 38.0 38.1 38.2 38.3 38.4 38.5 Hallam, Jonny; Lendon, Brad; Pavlova, Uliana; Kottasová, Ivana. New photos show Russian warship Moskva before it sank (19 April 2022).
  39. თარგი:Cite newspaper
  40. Zorlu, Faruk (15 April 2022). „Turkish ship rescued 54 sailors on damaged Russian naval cruiser Moskva“. Anadolu Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 April 2022. ციტირების თარიღი: 15 April 2022.
  41. „Anušauskas: ukrainiečių apšaudytas rusų kreiseris "Moskva" nuskendo“ [Anušauskas: Russian cruiser Moskva shot down by Ukrainians]. TV3 (Lithuania) (ლიეტუვური). 14 April 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 April 2022. ციტირების თარიღი: 15 April 2022.
  42. „Turkish ship rescues over 50 Russian sailors from naval cruiser Moskva“ (ინგლისური). 15 April 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 April 2022. ციტირების თარიღი: 15 April 2022.
  43. 43.0 43.1 Stewart, Will (15 April 2022). „Captain of sunk Russian warship Moskva 'killed in explosion' says Ukraine“. Yahoo News! (Australia). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 April 2022. ციტირების თარიღი: 15 April 2022.
  44. 44.0 44.1 „Russian warship: Moskva crew 'shown for first time since sinking'. BBC. 16 April 2022. ციტირების თარიღი: 17 April 2022.
  45. Transcript: Senior Defense Official Holds a Background Briefing, April 18, 2022 (18 April 2022).
  46. „Dozens of dead and wounded in Moskva sinking - newspaper“. www.bbc.com/news. 17 April 2022. ციტირების თარიღი: 18 April 2022.
  47. Shull, Abbie. Mother of killed Russian sailor says officials are leaving them in the dark about the cruiser sinking.
  48. Rozhanskiy, Timofei; Yehoshyna, Valeria; Shabayev, Heorhiy. Mothers Of The Moskva: For Relatives Of Missing Sailors, A Lack Of Information Fuels Grief. RadioFreeEurope/RadioLiberty (20 April 2022).
  49. The Insider, 16 April 2022.
  50. У Росії заявляють, що особовий склад крейсера «Москва» перебуває в окупованому Севастополі, Radio Svaboda, 16 April 2022.
  51. 51.0 51.1 „Ukraine round-up: Russia admits Moskva ship losses for first time“. BBC. 22 April 2022.
  52. Russian warship Moskva has sunk – defence ministry. BBC (14 April 2022). ციტატა: „"If the Ukrainian attack is confirmed, the 12,490-tonne Moskva would be the biggest warship to be sunk by enemy action since World War Two."“ ციტირების თარიღი: 14 April 2022
  53. Reuters (14 April 2022). „Factbox: The 'Moskva', Russia's lost Black Sea Fleet flagship“. Reuters (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 April 2022. ციტირების თარიღი: 14 April 2022.
  54. Gale, Alastair (15 April 2022). „Russia's Sunken Warship Moskva Recalls Great World War II Naval Battles“. The Wall Street Journal (ინგლისური). ISSN 0099-9660. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 April 2022. ციტირების თარიღი: 15 April 2022.
  55. Clark, Mason; Stepanenko, Kateryna; Barros, George. Russian Offensive Campaign Assessment, April 14 (14 April 2022).
  56. Barnes, Julian E.; Glanz, James (15 April 2022). "Prized Russian Ship Was Hit by Missiles, U.S. Officials Say". The New York Times.
  57. Sam LaGrone. (22 February 2022) Russian Navy Cruisers Positioned to Counter U.S., French and Italian Carrier Groups in the Mediterranean. United States Naval Institute.
  58. „What happens to Russia's Black Sea position without the flagship Moskva?“. National Post (ინგლისური). 14 April 2022. ციტირების თარიღი: 16 April 2022.
  59. Seidel, James. Russian warship Moskva explodes on Ukraine coast after missiles fired (6 April 2022).
  60. „Christian relic, a True Cross piece, to be kept at Russia's Black Sea fleet flagship“. TASS - Russian News Agency. 26 February 2020.
  61. Roth, Andrew (15 April 2022). „Loss of Moskva strikes serious blow to Russian military's prestige“. The Guardian.
  62. Jankowicz, Mia (15 April 2022). „Russian warship sunk in Ukraine war may have been carrying a piece of the 'true cross,' a treasured Christian relic“. Business Insider. ციტირების თარიღი: 17 April 2022.
  63. O'Shaughnessy, Julian (17 April 2022). „Even a relic of the True Cross couldn't keep the 12,500-ton Moskva afloat“. The Sunday Times.
  64. „Ukrainian soldiers who told Russian warship 'go f*** yourself' honoured on postal stamps“. itv.com. 14 April 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 April 2022. ციტირების თარიღი: 14 April 2022.
  65. Michael, Chris (12 March 2022). „Ukraine reveals 'Russian warship, go fuck yourself!' postage stamp“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 March 2022. ციტირების თარიღი: 14 April 2022.
  66. „US National Security Adviser Jake Sullivan said that the way the Moskva saga "has unfolded is a big blow to Russia". The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 April 2022. ციტირების თარიღი: 14 April 2022.
  67. Sasaki, Takahiro. (2022-04-16) 「モスクワ」沈没は「大和」に匹敵 元海将補が見たロシア軍への打撃. ციტირების თარიღი: 2022-04-16
  68. Lendon, Brad. „Analysis: What really happened to the pride of Russia's fleet?“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 April 2022. ციტირების თარიღი: 15 April 2022.
  69. Вартість підбитого крейсера «Москва» – $750 млн. Forbes склав рейтинг найдорожчої російської техніки, знищеної на війні — Forbes.ua uk (14 April 2022). ციტირების თარიღი: 15 April 2022
  70. „Russia says it hits Kyiv missile factory after flagship sinks in Black Sea“. Reuters (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 April 2022. ციტირების თარიღი: 15 April 2022.
  71. „Ukrainians celebrate Russian setbacks with stamps, memes and an NFT“. The Washington Post (ინგლისური). ISSN 0190-8286. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 April 2022. ციტირების თარიღი: 15 April 2022.
  72. Russian warship stamp becomes collector's item in Ukraine. France24 (15 April 2022). ციტირების თარიღი: 16 April 2022
  73. Morale boost for Ukraine after Russian flagship the Moskva sunk in Black Sea !website=ABC News, https://www.youtube.com/watch?v=IJcjJ80v9v0. წაკითხვის თარიღი: 16 April 2022
  74. Corcoran, Kieran. (2022-04-18) Zelenskyy promotes Ukrainian naval commander in an apparent reward for sinking Russia Black Sea flagship. ციტირების თარიღი: 2022-04-23
  75. Alibhai, Zaina. (18 April 2022) How the hell did you let Moskva be sunk? State TV host rants at Russian Navy.
  76. „Moskva warship sinking raises questions about fate of crew“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 2022-04-20.
  77. World at One - 18/04/2022 (time 13:36) - BBC Sounds.
  78. Moscow admits Moskva sank; Norwegian AGM-119 Penguin missile suspected. frontierindia.com (15 April 2022). ციტირების თარიღი: 21 April 2022
  79. На ракетному крейсері "Москва", який тоне після удару "Нептуна", можуть бути ядерні боєприпаси - опитування фахівців. defence-ua.com. ციტირების თარიღი: 20 April 2022
  80. Samus, Mykhailo; Klymenko, Andrii. FB Post: '...2 nuclear warheads on missiles...'. ციტირების თარიღი: 20 April 2022
  81. „Russia’s 110-Year-Old Salvage Ship Deploying To Moskva Wreck: Report“. The Drive. 22 April 2022.
  82. „Moskva wreckage declared item of Ukrainian underwater cultural heritage“. BBC. 22 April 2022.
  83. „The Russians Appear To Be Sending A Deep-Diving Submersible To The Wreck Of The Cruiser ‘Moskva’“. Forbes. 22 April 2022.
  84. „Russia’s 110-Year-Old Salvage Ship Deploying To Moskva Wreck: Report“. Forbes. 22 April 2022.