ჰომო ერექტუსი – „წელში გამართული ადამიანი“. პრეისტორიული პერიოდის ადამიანის სახეობა, რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით 1,8 მლნ. წლის წინ.

წარმომავლობა, კლასიფიკაცია და ევოლუცია[1][2][3] რედაქტირება

ჰომო ერექტუსის წარმოშობის ორი ძირითადი თეორია: რედაქტირება

მეცნიერებაში არ არსებობს ერთი კონკრეტული მოსაზრება, რომელიც პასუხობს კითხვას ჰომო ერექტუსების კლასიფიკაციისა და წარმომავლობის საკითხზე. თუმცა, არსებობს ორი ალტერნატიული მოსაზრება: თუ დავუჯერებთ პირველ მოსაზრებას, „გამართულად მოსიარულე ადამიანს“ (ჰომო ერექტუსს) შესაძლოა ვუწოდოთ კიდევ ერთი სახელწოდება „მომუშავე ადამიანი“ და სწორედ ამ ასპექტიდან გამომდინარე ისინი შესაძლოა განვიხილოთ ჰომინიდების უშუალო წინაპრებად, ისეთების, როგორებიც არიან გეოლდერბელური, ნეანდერტალელი და თანამედროვე ადამიანი (ჰომო საპიენსი).

უფრო ვრცლად პირველი ჰიპოთეზის აზრი ჰომო ერექტუსთა წარმოშობის შესახებ მდგომარეობს იმაში, რომ არსებობენ პალეოანთროპოლოგები, რომლებიც ჰომო ერგასტერებს მოიაზრებენ ჰომო ერექტუსების აფრიკულ ვარიანტად. ისინი ამბობენ, რომ „გამართულად მოსიარულე ადამიანი“ წარმოდგება ავსტრალოპითეკებიდან და ყალიბდება აღმოსავლეთ აფრიკაში, ადრეულ პლეისტოცენში. (პლეისტოცენი, ზოგადად, დედამიწის ისტორიის მეოთხეული პერიოდის შუა ეპოქაა, რომელიც მოსდევს პოლოცენს და წინ უსწრებს პლიოცენს, ის დაიწყო 2,588 მლნ. წლის წინათ და დამთავრდა 11,7 ათ. წლის წინ). აფრიკიდან ჰომო ერექტუსის გადაადგილებასთან დაკავშირებით მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდებს, ერთ-ერთ ვარაუდს ხსნიან გაუდაბნოების ფაქტით, სწორედ გაუდაბნოებამ მოიცვა ზემოთ ხსენებულ პერიოდში ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკა. უძველესი ნამარხები ჰომო ერექტუსის გავრცელებასა და არსებობას ამტკიცებს აფრიკაში, (ისინი ნაპოვნია ტურკანის ტბასთან (კავკასიაში (დმანისი), ინდონეზიაში, ვიეტნამში, ჩინეთსა და ინდოეთში.

თუმცა დღემდე სადავოა ის ფაქტი ნამდვილად წარმოიშვა თუ არა „გამართულად მოსიარულე ადამიანი“ აფრიკაში. არსებობს წარმოშობის მეორე თეორიაც, რომელიც სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. ამ ჰიპოთეზის თანახმად, ჰომო ერექტუსი წარმოიშვა და განვითარდა ევრაზიაში და სწორედ იქიდან მოხდა მისი მიგრაცია აფრიკისკენ. ისინი იკავებდნენ დმანისის ტერიტორიას 1,85–1,77 მილიონი წლის წინ. ეს კი დაახლოებით აფრიკაში აღმოჩენილი უადრესი ნამარხის არსებობის სავარაუდო პერიოდია, შესაძლოა, ოდნავ უფრო ადრინდელიც.

გარდა იმისა, რომ დღესდღეობით ჰომო ერექტუსი ითვლება ავსტრალიფითეკისა და არდიფითეკის შთამომავლად, უნდა აღინიშნოს, რომ ჰომო ერექტუსები თანაცხოვრობდნენ ჰომო ჰაბილისებთან (მაღალგანვითარებული ადამიანი) ერთად მრავალი ათასი წლის განმავლობაში და სრულიად შესაძლებელია მათ ჰყავდეთ საერთო წინაპარი.

მიუხედავად ამისა, როგორც უკვე ვთქვით, ზოგიერთი მეცნიერი აერთიანებს ე.წ. ჰომო ერგასტერს (აფრიკულ ერექტუსს) და აზიურ ჰომო ერექტუს sensu stricto–ს. საერთოდ იგი ითვლება ჰომო ჰაბილისის და მისნაირთა შთამომავლად, მაგრამ არსებობს ნამარხები, რომლებიც ამტკიცებს რომ 1,9 მლნ წლის წინ იგი თანაარსებობდა აღმოსავლეთ აფრიკაში ჰომო რუდოლფენსისთან, ჰომო ჰაბილისთან და პარანთროპუსთან ერთად. ხოლო 143 000 წლის წინ მის თანაარსებობას ვარაუდობენ ჰომო საპიენსთან და ჰომო ფლორესიენსისთან (ინდონეზია).

ადრინდელი აფრიკული ჰომო ერექტუსის ნამარხის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ის არის უძველესი ჰუმანოიდი, რომელსაც დღევანდელი ადამიანისთვის დამახასიათებელი მსგავსი სხეულის ფორმა და პროპორციები აქვს. ერექტუსების ამ აგებულებას მეცნიერები მიაწერენ გარემო პირობების სხვაობას შედარებით ადრე მცხოვრებ რასებთან მიმართებით. კონკრეტულად ჰომო ერექტუსებს გააჩნდათ მიწაზე ცხოვრების ჩვეულება და ადრინდელთან შედარებით შემცირებული ცოცვის საჭიროება. სწორედ ამ უკანასკნელით აიხსნება, რომ ჰომო ერექტუსის წამოშობასთან ერთად განვითარდა სიარულის მანერა, ანუ განვითარდა გამართულად სიარული.

ჰომო ერექტუსი ასევე ითვლება პირველ ჰუმანოიდად, რომელიც გასცდა აფრიკის საზღვრებს და დაიკავა ორი კონტინენტის გავრცელების არეალი. ერთ–ერთი უადრესი აღმოჩენა მოხდა იავაზე 1890-იან წლებში, და ჩინეთში, 1920–იანებში. სავარაუდოა, რომ ჰომო ერექტუსის არსებობა ასევე უგრძესი პერიოდი იყო, ჰომო საპიენსის არსებობის დროს იგი 9–ჯერ მაინც აღემატება.

მეოცე საუკუნის უდიდეს ნაწილში ანთროპოლოგები კამათობდნენ ჰომო ერექტუსის როლზე ადამიანის განვითარებაში, საუკუნის დასაწყისში რამდენიმე ადგილას ნაპოვნი ნამარხების წყალობით არსებოდა აზრი, რომ ადამიანი წარმოიშვა აზიიდან, მიუხედავად ამისა რამდენიმე მეცნიერი, მათ შორის ჩარლზ დარვინიც, თვლიდნენ რომ ადამიანის უძველესი წინაპრები იყვნენ აფრიკელები, რადგან ადამიანთა რასის ყველაზე ახლო „ნათესავები“ შიმპანზეები და გორილები ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ მხოლოდ აფრიკაში. სწორედ ამ ვერსიას ამყარებს მეოცე საუკუნის 50-70 წლებში აღმოსავლეთ აფრიკაში ნაპოვნი მრავალი გაქვავებული მაიმუნის ნამარხი.

ჰომო ერექტუს გეორგიკუსი (აღმოჩენა და წარმოშობის ვარაუდი) რედაქტირება

1991 წელს ქართველმა მეცნიერმა დავით ლორთქიფანიძემ საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფთან ერთად დმანისში აღმოაჩინა გაქვავებული ნამარხები, კონკრეტულად კი, ადამიანის თავის ქალა და ყბა. თავდაპირველად მეცნიერები თვლიდნენ, რომ ყველა აღმოჩენილი ნამარხი ეკუთვნოდა ჰომო ერგასტერს, მაგრამ შემდგომში, ჩონჩხის ზომების შედარებამ და აღმოჩენილმა განსხვავებამ მკვლევარები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ყოველი ზემოთ ხსენებული აღმოჩენა მიეკუთვნებინათ ახალი სახეობისათვის, სწორედ ამ ახალ სახეობას დაარქვეს მათ - ადამიანი ქართველი Homo georgicus.

მოგვიანებით სწორედ ისინი (homo Georgicus) ითვლებოდნენ ჰომო ჰაბილისსა და ჰომო ერექტუსს შორის არსებულ გარდამავალ სახეობად, მაგრამ ეს კლასიფიკაცია საბოლოოდ არ იქნა მიღებული და დღესდღეობით ითვლება, რომ ეს აღმოჩენილი ჯგუფი ხანდახან აღინიშნება, როგორც ცალკეული ქვეჯგუფი “Homo Erectus Georgicus”-ისა. თუმცა საბოლოოდ არ გამოირიცხება აზრი, რომ ისინი იყვნენ გარდამავალი სტადია, როდესაც ჰომო ჰაბილისი გარდაიქმნა ჰომო ერექტუსად.

2001 წელში აღმოჩენილი იქნა ნაწილობრივ შემონახული ჩონჩხი, ამ ნამარხის ასაკი არის 1,8 მლნ წელი, სულ აღმოაჩინეს 4 ჩონჩხი, რომელთაც ჰქონდათ მარტივი, პრიმიტიული თავის ქალა და გულმკერდი, მაგრად საკმაოდ განვითარებული ჰქონდათ ხერხემალი და ქვედა კიდურები.

ჰომო ერექტუსები წინაპართან შედარებით ყურადღებას იქცევენ ბევრად დიდი ზომის თავის ქალით. ჰომო ერექტუსის წარმოშობის პერიოდი ხშირად იგივდება ქვის ხანის პირველ დიდ ინოვაციებთან.

ჰომო ერექტუსის აღმოჩენის ადგილები[4][5] რედაქტირება

არქანთროპები არის ჰომინიდების ზოგადი სახელწოდება, რომლებსაც წარსულში უწოდებდნენ პითეკანტროპებს და სინანტროპებს, ხოლო დღეს მათ ანთროპოლოგების უმრავლესობა მიაკუთვნებს ერექტუსის სახეობას, რომელმაც შეცვალა ჰაბილისები.

არქანთროპები, ტურკანის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებზე აღმოჩენების მიხედვით გაჩნდნენ 1,8 მილიონი წლის წინ. ამ ფორმის უძველეს აფრიკელ წარმომადგენლებს, რომლებიც სხვებისგან განსხვავდებიან თავის ქალის ტვინისა და სახის განყოფილებების თავისებურებებით და გამოყოფენ, როგორც ერგასტერის სახეობას (Homo ergaster). (ეს ტურკანის ბიჭუნა/ ნარიკოტომის ბიჭი მოზარდის ჩონჩხია და წარმოადგენს ყველაზე სრულ ნაშთს რომელიც იყო ნაპოვნი და რომელიც მიეკუთვნება ჰომო ერგასტერს. ნაპოვნია 1984 წელს რიჩარს ლიკის ექსპედიციით. თავიდან ათარიღებდნენ როგორც 1,6-1,8 მილიონი წლის ნეშთს, ხოლო შემდგომ ჩონჩხი „გაახალგაზრდავდა“ 1,5 წლამდე. მოზარდის ასაკზე არსებობს რამდენიმე მოსაზრება: კბილების ანალიზის საფუძველზე ის შეადგენს 9-12 წელს, სიმაღლის მიხედივით 15 წელს და არსებობს შუალედური შეფასება 13-14 წელი. ჩონჩხი თითქმის მთლიანია, 80-90 პროცენტი დაცულია). თავიდან ეს ტაქსონი იყო გამოყოფილი ერთადერთი ყბის მიხედვით და თავისი სახელწოდებით ის უნდა უმადლოდეს იმ გარემოებას, რომ ყბის სიახლოვეში იყო ნაპოვნი ქვის იარაღი. სახელწოდება ბერძნულიდან რომ გადმოვთარგმნოთ ნიშნავს „მშრომელს“. ზოგჯერ არქანთროპების ადრეული ფორმის განცალკევება, როგორც ცალკეული სახის, სადავო ხდება. ამასთან მიანიშნებენ იმაზე, რომ ჰომო სახეობის წარმომადგენლების თავის ქალების ვარიაბელობა, რომლის ასაკი არის 1,7-დან 0,5 მილიონ წლამდე, არ აღემატება თანამედროვე კაცობრიობის ვარიაბელობას (თანამედროვე კაცობრიობის შიგნით ვარიაბელობას), რომლებიც წარმოადგენენ ერთ ბიოლოგიურ სახეობას. ამ და სხვა მიზეზების გამო ზოგიერთი ანთროპოლოგები თვლიან, რომ არქანთროპების შემადგენლობაში განსხვავებული სახეობის ერგასტერის გამოყოფა არის არასათანადოდ დასაბუთებული და ისინი ამჯობინებენ ილაპარაკონ ერექტუსის ერთიან სახეობაზე (Homo erectus). გარდა ამისა დიდი ხანი არ არის, რაც იყო გამოთქმული წინადადება, რომ ამ სახეობის ადრეული წარმომადგენლები იყვნენ გამოყოფილი, როგორც ქრონოლოგიური ქვესახეობა, რომელსაც უწოდებენ ჰომო ერექტუს ერგასტერ (Homo erectus ergaster).

არქანთროპებმა, როგორც ჩანს, აფრიკიდან თითქმის გაუსვლელად გაატარეს არსებობის პირველი ნახევარი მილიონი წელი. ისინი ზოგჯერ მეტნაკლებად ახერხებდნენ თავიანთი ტერიტორიის დატოვებას და გადადიოდნენ მათთან ახლოს მიმდებარე ტერიტორიებზე. ერთ-ერთი ასეთი ადგილი, რა თქმა უნდა, არის ახლო აღმოსავლეთი, ხოლო სხვა უფრო მოშორებით არსებული - კავკასია, სადაც აღმოჩენილი იქნა კარგად შენახული ჰომო ერექტუსის თავის ქალები, ქვედა ყბის ძვლები და მათ მიერ დამზადებული ქვის იარაღები. ჰომო ერექტუსის ძვლები ნაპოვნი იქნა საქართველოში, კერძოდ დმანისში, რომელიც სავარაუდოდ მილიონზე მეტი წლის არის და შესაძლებელია 1,7 მილიონ წელსაც მიაღწიოს. ზოგიერთი მეცნიერები ინდონეზიის ჰომო ერექტუსის აღმოჩენას ათარიღებენ 1,5 და 2 მილიონი წლით, მაგრამ ამ დათარიღების საფუძვლიანობა არ არის სათანადო დონის, ამიტომ იგი სკეპტიკურად იყო მიღებული სხვადასხვა მკვლევარების მიერ. ბოლო მაგალითია დისკუსია, რომელიც გაიმართა 90-იან წლებში მიღებული არქანთროპების დათარიღებასთან დაკავშირებით, რომელიც ნაპოვნია მოჯოკერტოსა და სანგირანში, რომელთა ასაკი 1,8 და 1,6 მილიონი წელია. ეს სენსაციური შედეგები თითქოს და ითხოვდნენ ჰომო ერექტუსის წარმოშობის ადგილისა და დროსთან დაკავშირებულ წარმოდგენების შეცვლას და საერთოდ ჰომო სახეობის მთლიანობაში. მაგრამ მალევე აღმოჩნდა, რომ მასალები, რომლის მიხედვითაც იყო მიღებული ასეთი მონაცემები, იყო გაკეთებული პემზას ნიმუშების მიხედვით, რომლებიც უშუალოდ არ იყო ომინიდების ძვლებთან დაკავშირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი დასკვნები, ამ უკანასკნელების ასაკთან დაკავშირებით არის ეჭვქვეშ. შესაძლებელია, რომ ერქტუსი იავაზე მოხვდა არაუგვიანეს 1,2 მილიონი წლის წინ. ასევე მსგავსი ასაკი აქვთ ჰომინიდების კვალს ჩინეთში. უფრო დიდი ასაკი აქვთ ცნობილ ევროპულ ჰომინიდებს. ყველაზე ადრეული მათ შორის, თუ გავითვალისწინებთ კარგად შემოწმებულ მონაცემებს, თარიღდება ქვედა პლეისტოცენის ბოლოთი, ანუ დაახლოებით 800 000 წლის წინანდელი. თუმცა ჩვენი წინაპრების შეღწევა ევროპაში დიწყო უფრო ძველი დროიდან, რაზეც მიუთითებენ გეოლოგიურ დანალექებში აღმოჩენილი დამუშავებული ქვები და ჰომინიდების ცხოველმყოფელობის სხვა ნაკვალევები. მაგრამ ასეთი მცირერიცხოვანი მასალებიდან გამომდინარე, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ეს იყო მხოლოდ ეპიზოდური შეღწევები. უფრო სერიოზულად ოიკუმენეს გაფართოება არქანთროპებმა დაიწყეს ქვედა პლეისტოცენის ბოლოსკენ, როდესაც ისინი მყარად დამკვიდრდნენ აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მათი გზა ახალ რაიონებში შესაძლებელია გადიოდა ახლო აღმოსავლეთზე, სადაც არსებობდა სახმელეთო ხიდი, რომელიც აკავშირებდა აფრიკას ევრაზიასთან. ამის გარდა არ არის გამორიცხული, რომ გიბრალტარის და აფრიკულ რქაზე (ჯიბუტის, სომალის, სუდანისა და ეთიოპიის არაოფიციალური სახელწოდება) აგრეთვე არის ასეთი ზღუდარები, რომლებიც შესაძლოა ხდიდნენ ჩრდილოეთ აფრიკიდან მიგრაციას უშუალოდ ევროპაში და აღმოსავლეთ აფრიკიდან არაბეთის ნახევარკუნძულზე და შემდგომ აზიის უფრო ღრმა რაიონებში.

სწორედ აზიასთან არის დაკავშირებული ერექტუსების სახეობის აღმოჩენის ისტორია, რომელიც მიეკუთვნება დაახლოებით ორი საუკუნის წინანდელს. ბევრ რამეში ეს ისტორია გვახსენებს ჰენრიხ შლიმანის მიერ ტროას აღმოჩენის ისტორიას. კომერსანტ შლიმანის როლში ამ შემთხვევაში გამოდის ახალგაზრდა ჰოლანდიელი ექიმი, ანატომი ევგენი დიუბუა და მას შთააგონა ამ ძებნაზე არა ჰომერმა, არამედ ინგლისელმა ნატურალისტმა ალფრედ რასელ უოლესმა. დარვინისგან განსხვავებით, რომელიც თვლიდა, რომ ადამიანი პირველად გაჩნდა აფრიკაში, უელოსე თვლიდა, რომ წარმოშობის სამშობლო იყო აღმოსავლეთ აზია და ჰიპოთეტურად ნაკლული რგოლის ნეშტები დიდი ვარაუდით უნდა იყოფილიყო აღმოჩენილი იქ. ინგლისელი მეცნიერის არგუმენტებით დარწმუნებული დიუბუა პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში მიდის ჯარში, როგორც ექიმი და გაემგზავრება ინდონეზიაში, რომელიც მაშინ იყო ნიდერლანდების კოლონია. 90-იან წლებში ჩატარებულმა ძიებამ სუმატრაზე არ მოუტანა წარმატება, მაგრამ დიუბუა არ დანებდა და განაგრძო ძიება იავას კუნძულზე. აქ მდინარე სოლოს ნაპირზე, ტრინილის დასახლების ახლოს, მან გააკეთა თავისი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი აღმოჩენა. 1891 წლის ოქტომბერში დედამიწიდან იყო ამოღებული თავის ქალის ზედა ნაწილი, რომელიც არცერთ აქამდე ცნობილ თავის ქალას არ ჰგავდა. ხოლო შემდეგ წელს აღმოაჩინეს ბარძაყის ძვალი, რომელიც პირიქით უფრო ახლოს იყო ფორმით ადამიანის ძვალთან და აშკარად მიეკუთვნებოდა „წელში გამართულ ადამიანს„. თავიდან დიუბუამ მიაწერა თავის ქალა მაიმუნს, ხოლო შემდეგ მან გააერთიანა ეს ორი მონაპოვარი. ის მიხვდა, რომ მან იპოვა ის, რასაც დიდი ხანი ეძებდა. 1894 წელს მან გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც იავაში ნაპოვნი მასალების საფუძველზე გამოყო გვარი და სახეობა პითეკანტროპ ერექტუსი, ანუ წელში გამართული ადამიანი მაიმუნი (Pithecanthropus erectus) და ახალი ტაქსონის სახელწოდების პირველ ნაწილში გამოიყენა სახელი, რომელიც ბევრად ადრე უკვე მიანიჭა გერმანელმა ბიოლოგმა ერნსტ ჰეკელმა ამ ჰიპოთეტურ ნაკლულ რგოლს. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ეს ტერმინი — პითეკანტროპი (Pithecanthropus) სამეცნიერო ლიტერატურაში ხმარებიდან ამოღებულია, ვინაიდან ის ჰომონიდები, რომელთაც ამით აღნიშნავდნენ იყვნენ გადაყვანილები ჰომო გვარში. ერექტუსის გვარის წარმომადგენლებს, რომლებიც დიუბუას მიერ იყვნენ აღმოჩენილები, ხშირად ახლაც უწოდებენ პითეკანტროპებს.

მიუხედავად იმისა, რომ პითეკანტროპები არსებობდნენ მილიონზე მეტი წლის წინათ და სახლობდნენ თავიანთი ისტორიის ბოლო ეტაპებზე დიდ არეალში მთელ აფრიკაში, ევროპის სამხრეთ ნაწილში და აზიის დიდ ნაწილში, მათი ცალკეული პოპულაციები იყო დაშორებული ბუნებრივი ბარიერებით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ანატომიურად ისინი მაინც წარმოადგენენ შედარებით ერთგვაროვან ჯგუფს. რა თქმა უნდა სხვადასხვა ნიშნების მიხედვით ეს ნამარხი მასალები, რომელიც მიეკუთვნება ერექტუსის სახეობას ჰომო ერექტუსს (Homo erectus) ისინი ერთმანეთში განსხვავდებიან. მაგრამ სპეციფიკურ თავისებურებებს, რომლებიც ამა თუ იმ მონაპოვარს ახასიათებს, არ აქვთ მკვეთრი გეოგრაფიული ლოკალიზაცია. ამიტომ ანთროპოლოგების უმრავლესობა ზოგჯერ არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ჰომო ერექტუსის სახელწოდება მიენიჭოს მხოლოდ აღმოსავლეთ აზიის არქანთროპებს და აფრიკულ ანქანთროპებს სხვა სახელწოდება მიენიჭოთ. ისინი განიხილავენ ერთსაც და მეორესაც, როგორც ერთ სახეობას. ამ აზრის სასარგებლოდ ახალ მნიშვნელოვან არგუმენტად გახდა თავის ქალა, დაახლოებით ერთი მილიონი წლის, რომელიც აღმოჩენილი იქნა 1997 წელს შუა ავაშეში, ეთიოპიაში, ბურის გეოლოგიური ფორმაციის ნალექებში. მეტრული და თვისებრივი მახასიათებლებით ეს აღმოსავლეთ აფრიკული აღმოჩენა განსხვავდება ერექტუსის ნებისმიერი ქალასაგან აღმოსავლეთ აზიიდან არაუმეტეს იმისა, რამდენადაც ისინი განსხვავდებიან ერთი მეორისგან.

ზოგადი აგებულება[6][7][8] რედაქტირება

ჩონჩხის პირველი მახასიათებელი, რასაც მეცნიერები სახელი „ჰომო ერექტუსის“ მოსმენისას წარმოიდგენენ, არის მისი დიდი ზომა, რაც მას თავის წინამორბედ სახეობათაგან აშკარად განასხვავებს. 1980-იან წლებში კენიაში აღმოაჩინეს ძვლები მოზარდი მამრობითი სქესის ჰომო ერექტუსისა, რომლის სიმაღლეც 5 ფუტს აჭარბებს (160 სმ). ანთროპოლოგების მიერ ნიმუშის კბილებისა და ძვლების გამოყენებით ასაკის გამოსათვლელი გამოკვლევების ჩატარების შედეგად დამტკიცდა, რომ სახელად „ნარიოკოტომე ჰომო ერექტუსს“ ჯერ კიდევ დიდი დრო ჰქონდა სხეულის გასავითარებლად, მაშასადამე ის ციფრები, რომლითაც მისი სიმაღლე იზომებოდა მომწიფების ასაკის ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპებზე (8-12 წლის), საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ ზრდასრულობის ასაკში ამ ინდივიდის სიმაღლე 180 სანტიმეტრსაც კი შეიძლებოდა, რომ გასტოლებოდა, ვინაიდან ჰომო ერექტუსთა ზრდის ტემპი და მახასიათებლები ძალიან წააგავს თანამედროვე ადამიანისას. „Turkana Boy“-ს (მისი მეორე ზედმეტსახელი, დარქმეული იმ ტბის პატივსაცემად, რომლის მიდამოებშიც იყო აღმოჩენილი ძვლები) ანთროპოლოგთა სამუშაო სივრცეში გამოჩენამდე საყოველთაოდ იყო მიღებული მოსაზრება, რომ ჰომო ერექტუსთა სხეულის ზომები მერყეობდა 5-5,5 ფუტსა (152-168 სმ) და 88-150 ფუნტს (40-68 კგ) შორის. 1984 წლის აღმოჩენამ ყოველივე ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. საგულისხმოა, რომ მოცემული ეგზემპლარი არა მხოლოდ ყველაზე სრული სახით იყო მოცემული მანამდე აღმოჩენილ ნიმუშებთან შედარებით, არამედ წარმოადგენდა ყველაზე ადრინდელ ვარიანტსაც კი. მეცნიერ-ანთროპოლოგები იმედოვნებენ, რომ მომავალში კიდევ მეტ ნიმუშთა აღმოჩენის შედეგად უფრო ნათელი გახდება ის დეტალები, რომლებზეც დღეს ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია. მნიშვნელოვანია და აშკარა არის მხოლოდ ის, რომ თვალშისაცემი განსხვავება შეინიშნება „კენიელ მოზარდ ბიჭსა“ და 3,2 მილიონი წლით დათარიღებულ ავსტრალოპითეკს, სახელად ლუსის შორის, რომლის სიმაღლეც მოზრდილობის ასაკში გარდაცვალების დროს სულ რაღაც 3,7 ფუტს (110 სმ) აღწევდა. საინტერესოა ისიც, რომ ჰომო ერექტუსის წარმომადგენლების სიმაღლეთა მაჩვენებლები გაცილებით უფრო მრავალფეროვანი იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა პრიმატებისა.

ჰომო ერექტუსის ანატომიის ზოგადი დახასიათებისას მეცნიერები იზიარებენ ერთ აზრს: ამ სახეობის ინდივიდთა კისერს ქვემოთ სხეული ძალიან წააგავს თანამედროვე ადამიანისას. მათი კიდურების ფორმა, ზომა და თანაფარდობა არსებითად თანამედროვე ადამიანის ჩონჩხს მოგვაგონებს. ეს ფაქტი კიდევ უფრო ამყარებს ყველასათვის ცნობილ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ, ისევე, როგორც დღევანდელ ადამიანს, თავისუფლად შეეძლოთ ორ ფეხზე სიარული და სირბილი. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ჰომო ერექტუსის ჩონჩხს მთლიანად ვერ დავაკავშირებთ ჰომო საპიენსთან. ჰომო ერექტუსებს, ჩვენგან განსხვავებით, ჰქონდათ გაცილებით ზორბა ტანი, ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მათი ფეხის ძვლები, ჩვენთან შედარებით, საკმაოდ მსხვილი იყო. სავარაუდოა, რომ ეს უკანასკნელი გამოწვეული იყო ევოლუციური შეგუებადობით, ვინაიდან, მათი ცხოვრების ნირი რადიკალურად განსხვავდებოდა დღევანდელ ადამიანთა უმრავლესობის ყოფისაგან. მათ, ოფისებსა თუ მერხებთან ჯდომის ნაცვლად, უწევდათ მრავალი ძალისმიერი საქმის გაკეთება, რაც, თავისთავად, მეტ ენერგიასა და გამძლეობას მოითხოვდა მათგან. ეს იყო ასევე მიზეზი ჰომო ერექტუსის მეტწილად მამრობითი სქესის წარმომადგენელთა დიეტის ნაკლებ ელასტიური ხასიათის. ისინი ძირითადად მიირთმევდნენ ხორცსა და სხვა სახის პროტეინებს, რასაც გაცილებით ჩამოუვარდებოდა ნახშირწყლების შეთვისება.

ჰომო ერექტუსის ქვედა კიდურების აგებულება მათ საკმაოდ კარგ მორბენლებად აქცევდა. სწორედ ამას მიაწერენ მათ შესაძლებლობას, დასწეოდნენ მცირე და ხანდახან საშუალო ზომის ცხოველებსაც კი ტროპიკული აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე. მოცემულ შემთხვევაში მეცნიერები ვარაუდობენ ასევე იმასაც, რომ ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჰომო ერექტუსები უკვე თითქმის მთლიანად გათავისუფლდებოდნენ გაცილებით ადრეული სახეობებისათვის დამახასიათებელი თბილი ბალნისაგან. ამის მთავარი მიზეზი კი მოქნილობისა და ცხელ კლიმატთან შეგუების აუცილებლობა იქნებოდა. საკმაოდ ცნობილი მოსაზრება არსებობს ასევე ჰომო ერექტუსის მენჯის ძვალთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც მეცნიერები გვეუბნებიან, თანამედროვე ადამიანისაზე გაცილებით ვიწრო უნდა ყოფილიყო. ეს პირდაპირ მიუთითებს ახალშობილთა თავის ქალისა და, მაშასადამე, ტვინის მცირე ზომაზე, რომელიც უკვე შემდგომ, სხეულის ზრდასთან ერთად ვითარდებოდა და იზრდებოდა. თუმცა, მათი საბოლოოდ ჩამოყალიბებული ტვინის ზომა ვერ გაუტოლდება თანამედროვე ადამიანისას (ის შეადგენდა ამ უკანასკნელის დაახლოებით 60 %-ს), მაგრამ არც ისეთი მცირე ზომისა იყო, როგორიც, ვთქვათ, ჰომო ჰაბილისს ან ავსტრალოპითეკს გააჩნდათ (ის მათზე 50 %-ით მეტი მოცულობისა იყო). სწორედ ტვინის დიდი ზომა არის საბაბი ვარაუდისა, რომ ჰომო ერექტუსები იყვნენ გაცილებით ჭკვიანები, ვიდრე ნებისმიერი სხვა უძველესი სახეობათაგანი. რა თქმა უნდა, მათი თანამედროვე სკოლის პირველ კლასში დასმით ვერ მივიღებდით სახარბიელო სურათს, მაგრამ ისიც მნიშვნელოვან წინსვლად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ სახეობას ადვილად შეეძლო გამკლავებოდა ახალ, სრულიად უცნობ გარემოებაში თავს დამტყდარ პრობლემებს. მაგალითისთვის შეიძლება გამოვიყენოთ 2011 წელს გაჟღერებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ სწორედ ჰომო ერექტუსმა გამოიყენა ცეცხლი საკვების მოსამზადებლად 1,9 მილიონი წლის წინ. 2013 წელს კი მოცემული სახეობა დაასახელეს პირველ „ყასაბებად“, რომელთაც თავიანთი „საქმიანობა“ მინიმუმ 1,75 მილიონი წლის წინ ექნებოდათ დაწყებული. 2014 წელს მკვლევრებმა აღმოაჩინეს საეჭვოდ მოჩუქურთმებული ნიჟარები, რომელთაც ნაკლებად ეტყობოდათ ესთეტიკური დანიშნულება. მათ ჰქონდათ ერთნაირი ნახვრეტები სახსარში, სწორედ იქ, სადაც კუნთი ნიჟარას დახურული სახით იკავებს. მეცნიერთა აზრით, ეს იყო 540 000 წლის წინ მცხოვრებ ჰომო ერექტუსთა ნამოქმედარი იმ მიზნით, რომ ადვილად გაეხსნათ ნიჟარები და ეჭამათ მოლუსკები. მათვე ივარაუდეს, რომ ეს უძველესი პრიმატები ეფექტურად იყენებდნენ ხელნაკეთ იარაღებს, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში „სანადიროდაც“.

ჰომო საპიენსისა და ჰომო ჰაბილისისგან განსხვავებით, უფრო გვიანდელ ავსტრალოპითეკსა და ჰომო ერექტუსს ახასიათებდათ ძალზედ მსხვილი თავის ქალის ძვლები და მაღალგანვითარებული, გამძლე და ჯმუხი შუბლის ძვალი. ზოგიერთი პალეოანთროპოლოგი აღნიშნავს იმასაც, რომ ჰომო ერექტუსს ჰქონდა მახასიათებლები, რომლებსაც არ ვხვდებით არც მის სავარაუდო წინაპრებში და ასევე არც ჰომო საპიენსში, მაშასადამე, შესაძლებელია, აზიელი ჰომო ერექტუსი, თავისი ძლიერი ყბებითა და თავის ქალით არანაირ კავშირში იყოს იმ ჯაჭვთან, რომელსაც ყველაფერი თანამედროვე ადამიანამდე მოჰყავს. საკვირველია, მაგრამ ყოველივე იმით, რაც ჰომო ერექტუსზე დედამიწის გაცილებით ადრეულ მაცხოვრებლებს, ჰომო ჰაბილისსა და უძველეს ავსტრალოპითეკს გააჩნდათ კისრის ზემოთ, ეს ორი უკანასკნელი უფრო მჭიდრო კავშირშია ჩვენთან. ჰომო საპიენსს, ასე თუ ისე, უკავშირდება აგრეთვე აფრიკაში მცხოვრები ჰომო ერექტუსის ფორმები, რომელთაც ხანდახან ჰომო ერგასტერის სახელით ვხვდებით. მიღებული მოსაზრებაა ისიც, რომ ევოლუციაში სწორედ მისი საბოლოო, ყველაზე კომპლექსური წინ გადადგმული ნაბიჯით მივიღეთ ის ფორმა, რომელიც ყველაზე ახლოს დგას დღევანდელთან.

მიუხედავად ყველაფრისა, საგულისხმოა, რომ მხოლოდ ვარაუდებსა და მეტ-ნაკლებად სანდო ფაქტებზე დაყრდნობა არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან დღევანდელი ანთროპოლოგია არ გამოირჩევა ჰომო ერექტუსისა თუ სხვა იშვიათი ინდივიდების ნიმუშთა ფართო „კოლექციით“. ამასთანავე შეიმჩნევა მახასიათებელთა ვარირება რეგიონების მიხედვით, განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის ჰომო ერექტუსთა მოდელების შედარებისას გამოხატული განსხვავებები, რომლებიც მიგვითითებენ, რომ მსჯელობის ზოგადობის ფარგლები უნდა შევავიწროვოთ და კონკრეტული მაგალითები მოცემული ტერიტორიის მიდამოებში განვიხილოთ. და თუნდაც ამ შემთხვევაში, მხოლოდ განამარხებული მასალის კითხვისას მეცნიერები ვერ მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ ზუსტად რა პირობებში, როგორი ხასიათის გარემოში მოუწია ცხოვრება ამა თუ იმ „მასალას“. ჩვენ დღესაც მხოლოდ შეგვიძლია, ვივარაუდოთ მიზეზები, რომლებიც გამოიწვევდნენ, ვთქვათ ჰომო ერექტუსის ძვლების სისქის ცვლილებას, მაგრამ მაინც ვერ მივიღებთ სრულ ჭეშმარიტებას პასუხის სახით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორმა კლიმატურმა, ყოფითმა თუ ეკოლოგიურმა პირობებმა გამოიწვია ცვლილება და იყო თუ არა ის გადატანილი დედამიწის სხვა ნაწილში, სხვა კონტინენტსა თუ კლიმატურ სარტყელში მიგრაციების შედეგად. საჭიროა ამ და მრავალ სხვა კითხვას საბოლოოდ გაეცეს პასუხი მანამ, სანამ რაიმე დასკვნას გამოვიტანდეთ და ჰომო ერექტუსს ჩვენი წინაპრების ვრცელ სიაში შევიყვანდეთ. მანამდე კი ერთადერთი, რაც შეგვიძლია სრულიად დარწმუნებით ვთქვათ, არის ის, რომ მილიონობით წლის მანძილზე, სხვადასხვა ტერიტორიაზე ვითარდებოდა ჰომო ჰაბილისისა თუ ჰომო რუდოლფენსისის შთამომავალი, რომელიც მოგვიანებით შესაძლოა ჰომო საპიენსის უძველეს ვარიანტად გარდაიქმნა.

თავის ქალა და ტვინის ზომა რედაქტირება

ჰომო ერექტუსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ევოლუციის კვლევისას, რადგან ის პირველი სახეობაა, რომელიც აფრიკის ფარგლებს გარეთაა აღმოჩენილი და მნიშვნელოვანი ანატომიური თავისებურებებით ხასიათდება. აქ იგულისხმება ტვინის ზომა და თავის ქალის ძვლები. მათ განვითარებაში აირეკლება ჰომო საპიენსის ევოლუციის გარკვეული ელემენტები. სრულყოფილი წარმოდგენის შესაქმნელად აუცილებელია ახლებურად შევხედოთ გამართულად მოსიარულე ადამიანის კრანიალურ ანატომიას. ყველაზე დამახასიათებელი განსხვავებები, რომლებიც ჰომო ერექტუსს წინაპრებისგან გადაეცა და შემდეგ შთამომავლებშიც იჩინა თავი, სწორედ თავის ქალას ახასიათებს. თანამედროვე ადამიანებს და ჩვენს ახლო წინაპრებს აქვთ თხელი, მაგრამ ფართო, ტევადი თავის ქალა, რომელიც მყარად ფიქსირდება ხერხემალით და იცავს ნახევრად - თხევად ტვინს. მათგან განსხვავებით ჰომო ერექტუსს ჰქონდა განსაკუთრებით სქელი თავის ქალის ძვალი. იგი ისეთი მოცულობითი არ იყო, როგორც დღევანდელი ადამიანისა და ხასიათდებოდა დაბალი და განიერი პროფილით. გამართულად მოსიარულე ადამიანის კისრის უკანა კუნთები კარგად იყო განვითარებული, ხოლო შუბლს დიდი ფართობი ეკავა და წინ იყო წამოწეული თვალის ზედა ძვლებიდან დაწყებული. ჰომო საპიენსისგან განსხვავებით (დღევანდელი ადამიანი) მათი თავის ქალა იყო გაწელილი, წინა შუბლის მხრიდან უკანა ნაწილამდე და იყო ნაკლებად სფერული. შედეგად მათი შუბლისა და საფეთქლის ნაწილებში ტვინი შედარებით „ვიწრო“ იყო, რაც მათი ნაკლებად განვითარებული მენტალური შესაძლებლობების მიზეზი უნდა ყოფილიყო. როგორც 2013 წლის ჰომო ერექტუსის ზოგადი მიმოხილვიდან ირკვევა, რომელიც მეცნიერ ვან არსდეილს ეკუთვნის, მანამდე არსებულ ჰომოებთან შედარებით ერექტუსს უფრო დიდი ზომის ტვინი ჰქონდა, მაგრამ ადრეული დაბალტანიანი ჰომინიდის ტვინი ავსტრალოპითეკის ზომას არ აღემატებოდა. იგი 750-იდან 1250 კუბურ სანტიმეტრებს შორის მერყეობდა. გვიანდელი ეგრეთ წოდებული ნარიკოტომის ბიჭის ტვინი ავსტრალოპითეკისაზე ორმოცდაათი პროცენტით დიდი იყო და დღევანდელი ადამიანის ტვინის სამოც პროცენტს შეადგენს. ანთროპოლოგისტები მიიჩნევენ, რომ დიდი ზომის ტვინი შესაძლოა ჰქონოდათ გვიანდელ ჰომოებს, მაგალითად ჰაიდელბერგელ ადამიანს. დიდი ტვინი და სხეული საჭიროებდა უფრო დიდი რაოდენობით საკვებსა და ენერგიას. ტვინის ზომა მეტყველებს ჰომინიდში განვითარებულ ინტელექტსა და მკაფიოდ გამოხატულ ადამიანურ ქმედებებზე, მაგალითად, რთული საომარი თუ სამუშაო იარაღების კეთების შესაძლებლობაც. ჰომო ერექტუსის განამარხებული ნივთების დენტალურმა კვლევებმა (კბილები და ყბები) აჩვენეს, რომ ანტიკური ადამიანის კვების რაციონი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. იგი შეიცავდა დიდი რაოდენობით ცხოველურ პროტეინებს. ასევე ცნობილია, რომ მათი კბილების ზომა მათ წინაპრებთან შედარებით იყო მცირე, მაგალითად ავსტრალოპითეკს ჰქონდა დიდი კბილები და კარგად განვითარებული საღეჭი კუნთები, აქედან გამომდინარე უფრო დიდი სახის ძვლებიც, რათა უზრუნველეყო ღეჭვის დროს კბილებისა და კუნთების მუშაობა. ეს განსხვავება განპირობებული იყო საკვების გამოც, რადგან ისინი მიირთმევდნენ უმ ხორცსა და მცენარეების მაგარ ფესვებს, ხოლო ერექტუსი უფრო რბილ საკვებსა და მოგვიანებით „მომზადებულ“ ხორცს.[7][9][10]

აღსანიშნავია, რომ სახის ჩონჩხის გარეშე გამართულად მოსიარულე ადამიანის თავის ქალას კუს ბაკანს ამსგავსებდნენ, არა მარტო აგებულებით, არამედ დანიშნულებით. ამ მოსაზრებას ბიძგი მისცა განამარხებული ნაშთების კვლევამ. არქეოლოგებმა გათხრების დროს აღმოაჩინეს თავის ქალის მსგავსი ნაშთი, რომელიც ჰომო ერექტუსს მიაკუთვნეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ იგი კუს ბაკანი იყო. როდესაც ჰოლანდიელმა ანატომისტმა იუჯინ დუბუამ პირველად აღმოაჩინა თავის ქალის ზედა ნაწილი, რომელიც მისი აზრით, პითეკანტროპუს ერექტუსის უნდა ყოფილიყო, იგი გაოცდა, რადგან ნაპოვნი ფრაგმენტის ანატომია საკმაოდ უჩვეულო იყო. საქმე ისაა, რომ მანამდე ასეთი ძველი ჰომინიდის განამარხებული ნაშთი ჯერ არ იყო აღმოჩენილი. საწყის ეტაპზე დუბუამ და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს ნაპოვნი ფრაგმენტის ანატომია, რათა ჰქონოდათ მტკიცებულება, ანუ უტყუარი წყარო, რისი საშუალებითაც შეძლებდნენ კაცობრიობის პირველყოფილი მდგომარეობის შესახებ მსჯელობას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰომო ერექტუსის ნამარხი ნაშთების აღმოჩენამ დაბნეულობა გამოიწვია. გარკვეული დროის განმავლობაში მიჩნეული იყო, რომ მასიური თავის ქალა აუცილებლად დიდი ზომის ადამიანისა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახალი ნაშთების გამოჩენამ ეს ჰიპოთეზა უარყო, რადგან ჰომო ერექტუსი გიგანტი არ ყოფილა. როგორც უკვე ვახსენეთ, ჰომო ერექტუსი აღიწერება, როგორც სქელ - ძვლიანი. იმის გასარკვევად თუ საიდან განვითარდა სქელ - ძვლიანობა უნდა მივმართოთ შედარებით ანატომიას. სხვადასხვა ხერხემლიანი ორგანიზმები ხასიათდებოდნენ ან ხასიათდებიან სქელი ძვლით, მათი ადაპტაციის გაანალიზებით შესაძლოა მათი ასეთი ფიზიკური თავისებურების მიზეზი დავადგინოთ. ასეთი ორგანიზმების შედარებისას, რომლებიც თითქმის მსგავსი ტემპით ვითარდებოდნენ, ჩვენ მხედველობაში არ უნდა გვქონდეს მათ მიერ წინაპრებისგან მიღებული ნიშან-თვისებები, არამედ ისინი, რომლებიც მათი განვითარების პარალელურად წარმოიშვა. მაგალითად ისეთ ძუძუმწოვრებს, რომლებიც წყალში ცხოვრებაზე გადაერთვნენ, აქვთ მასიური ძვალი, რაც წყალზე ტივტივს ხელს უშლის. წყალში მცხოვრები ძუძუმწოვრებისთვის ნეკნები არის სამძიმი. გამართულად მოსიარულე ადამიანის უკანა თავის ქალის ძვლები, ისევე როგორც ჩვენი, არ არის მასობრივად გასქელებული, რაც წყალში ცხოვრებისთვის ერთ-ერთი პირობაა.[7][9][10]

ჰომო ერექტუსის ტაქსონომია (სახეობის დათარიღება) საკამათოა. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ამ სახეობის აზიურ და აფრიკულ წარმომადგენლებს შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავებები. უფრო კონკრეტულად, ისინი ამტკიცებენ, რომ ისეთი მახასიათებლები, როგორებიც თავის ქალის ქვედა ნაწილი, ყბა, შედარებით დიდი კბილები, მსხვილი ძვლის შევიწროებული ადგილები, წარბის ძვლიდან კეფის მხარემდე და ნევროკრანიუმის მასიურობა (თავის ქალის ის ნაწილი, რომელიც იცავს ტვინს დაზიანებისგან), არის აღმოჩენილი მხოლოდ აზიური ერექტუსის ნამარხებში. მეცნიერებისთვის ეს მტკიცებულება ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ აფრიკული და აზიური ნიმუშები არა ერთ, ჰომო ერექტუსს, არამედ ორ განსხვავებულ სახეობას ეკუთვნის. აფრიკულს მიაკუთვნებენ ჰომო ერგასტერს, რათა ფორმალური გახადონ მათ შორის განსხვავება. მაგრამ ანთროპოლოგისტების ნაწილი ამ მტკიცებას არ ეთანხმება და თვლის, რომ ასეთი ნიშან-თვისებები აფრიკულ ჰომოსაც აქვს.[7][9][10]

უმრავლესობა განმასხვავებელი ნიშნებისა, რომლებიც ჰომო ერექტუსს სხვა, ადრეული და შემდეგი, სახეობებისგან გამოარჩევს თავის ქალას ახასიათებს. გამართულად მოსიარულე ადამიანის საშუალო ტვინის ზომა, როგორც აქამდე აღვნიშნე, 900 კუბური სანტიმეტრია, რაც უფრო დიდია ვიდრე ჰომო ჰაბილისის შემთხვევაში, მაგრამ მცირე ჰაიდელბერგელი ადამიანისა და სხვა გვიანდელ სახეობებთან შედარებით. ერექტუსის ტვინი უფრო დიდია ჰაბილისის ტვინზე მაშინ, როცა იგი განიხილება სხეულის ზომასთან დამოკიდებულებით. იმის გათვალისწინებით, რომ ტვინის განვითარებასთან ერთად იზრდებოდა სხეულის ზომაც შესაძლოა ამ ფაქტს შევხედოთ, როგორც ბუნებრივ მოვლენას და არა როგორც დიდ ნახტომს, რადგან ამ შემთხვევაში ზომებს შორის განსხვავება უმნიშვნელოა. თავის ტვინის მიერ განცდილი ცვლილებები აისახა თითქმის ყველა სხვა ფიზიკურ მახასიათებელზე. მაგალითად, თავის ქალის ზედა ნაწილი უფრო მაღალია ვიდრე ჰომო ჰაბილისის და უფრო დაბალი ვიდრე შემდეგი სახეობების. გვერდიდან თუ შევხედავთ ქალა ფეხბურთის ბურთის ფორმას მოგვაგონებს, დასაწყისსა და დასასრულში მოგრძო დაბოლოებები აქვს. ქალა: ყბები, სახის ძვლები და ა.შ იყო უძრავად, მჭიდროდ დაკავშირებული ერთმანეთთან სქელი ძვლებითა და დაკავშირების ადგილას გასქელებული ნაკერებით (ძვლების გადაბმის ადგილები). მაგალითად, წარბის ძვლები საკმაოდ მასიურია და გრძელდება მთელი სახის გასწვრივ. ძვლოვანი წანაზარდები არსებობდა ქალის უკანა მხარეს. სახეობის განსაზღვრის გარდა თავის ქალის კვლევას აქვს დამატებითი დანიშნულება. როგორც აღმოჩნდა, მათზე დაყრდნობით შესაძლებელია მოზარდობის პერიოდში ჰომო ერექტუსის განვითარების შესახებ მსჯელობა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მეცნიერები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ შეიძლება მიღებული ინფორმაციის ინტერპრეტირება. ჰომო ერექტუსის კბილების კვლევის მიხედვით მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ერექტუსის ზრდის ტემპი, რა თქმა უნდა, ისეთი არ იყო, როგორიც ჰომო საპიენსისა, თუმცა განამარხებულ თავის ქალაზე დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ გამართულად მოსიარულე ადამიანის ზრდის ტემპი განსაკუთრებით სწრაფად მიმდინარეობდა ჭაბუკობის პერიოდში. თუმცა, მაინც ბუნდოვანი რჩება ის საკითხი, ჰომო საპიენსის ზრდის მოდელის განვითარების დასაწყისი არის თუ არა ჰომო ერექტუსი. ზოგიერთი ანთროპოლოგისტი მიიჩნევს, რომ მათ მოდელებს შორის მსგავსება ამის მანიშნებელია, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ არის მოსაზრება, რომელიც ზრდის განვითარებას გვიანდელ სახეობებს მიაწერს.[7][9][10]

კლადისტიკური ანალიზი რედაქტირება

კარგად ჩამოყალიბებული ტაქსონომებისა და თაობათა ხაზის გარეშერე კლადისტიკას ცოტა რამის განსაზღვა შეუძლია ჰომო ერექტუსის ევოლუციური განშტოების ნიმუშში. თუმცა გარკვეული წარმატება აქვს ფილოგენეტიკის მიმართულებით. პირველ რიგში ცნება, რომ აზიელ და ადრეულ აფრიკელ ჰომო ერექტუსს აქვს დისკრეტული გენეალოგია, ფილოგენეტიკური პროგნოზი დაფუძნებულია მორფოლოგიურ ნიშან-თვისებებზე, მოითხოვს კლადისტიკური ანალიზით შესწავლას. თუ პლეოსტოცენის ჰომოს ფილოგენეტიკური ანალიზი არ გვიჩვენებს გეოგრაფიულად შეზღუდულ წყობილ იერარქიას, მაშინ ეს ჰიპოტეზა ფაქტობრივად მცდარია. ჰიპოთეზის გამართლების შემთხვევაში კლადისტიკური ანალიზი ვერ დაამტკიცებს, რომ ოპერაბელური ტაქსონომიური ერთეულები არარეტიკულარულია. პირველი ჰიპოთეზა მდგომარეობს შემდეგში: აზიელ ჰომო ერექტუსს აქვს დისკრეტული ფილოგენეტიკური ორგანიზმი ადრეული აფრიკელი ჰომო ერექტუსებიდან მოყოლებული. პ. ჯ. ენდრიუსმა (1984) ოლდუვაი ჰომონიდ 9 (OH 9) აფრიკელი ჰომოების ჯგუფს მიაკუთვნა, ანთროპოლოგისტებმა ქრის სტრინგერმა (1984) და ბერნარ ვუდმა (1984-1994) განასხვავეს OH 9 აზიელი ჰომო ერექტუსებისგან და გამორიცხეს ჰომო საპიენსის წინაპართაგან. მეორე ჰიპოთეზის მიხედვით ადრე აფრიკული ინდივიდები კოობი ფორად, კენიდან წარმოადგენენ პირდაპირ წინაპრებს უფრო განვითარებული ჰომოებისთვის ვიდრე გვიანდელი აფრიკელი და აზიელი ჰომო ერექტუსებისთვის. ანთროპოლოგი და პალეონტოლოგი ჯორჯო მანზი ვარაუდობდა, რომ ადრეული პლეისტოცენის ევროპელი ჰომო ერექტუსი უფრო მეტად პირდაპირი წინაპარი იყო განვითარებული ჰომოებისთვის, ვიდრე მისი აფრიკელი თანამედროვეები. ზემოთხსენებული დაფუძნებულია ფენოტიპურ ანალიზზე, რომელსაც დამაჯერებელი პასუხის მოცემა არ შეუძლია წინაპრობის საკითხზე. ფილოგენეზური ხე, რომელიც მიიღება ზემოთ ჩამოთვლილი ჰიპოთეზების ანალიზის საფუძველზე არ არის განკუთვნილი ევოლუციური ნიმუშის ინტერპრეტაციისთვის.[11][12]

ნიშან-თვისებები რედაქტირება

ნიშან-თვისებები, რომლებიც გამოყენებულია ფილოგენეტიკურ ანალიზში, მიღებულია სისტემურად ჰომოსთან დაკავშირებული ლიტერატურის განხილვის საფუძველზე. მსგავსი და მაღალი ალბათობით განვითარებადი კორელაციის მქონე ნიშან-თვისებები სინონიმებად მოიხსენიება. თუმცა არ არსებობს პირდაპირი თუ ირიბი მტკიცება მათი ფილოგენეტიკური თუ ბიოლოგიური გააზრებულობისა. მაგრამ უდაოვოა, რომ არსებობს ჰომოპლაზიისა და მოსახლეობის დონის ცვალებადობის მაღალი პოტენციალი, რომელთა შესახებ ისეთი არაფერი გამოქვეყნებულა, რომ გამოსადეგი ყოფილიყო დისკრეტულ მორფოგენეტიკურ სფეროში, გამოქვეყნებული ჰიპოთეზები კი პლეისტოცენის ჰომოს ეხება. აქ განხილული ანალიზები და მეცნიერების ბარჰან ასფაისა (2002) და ჰენრი გილბერტის (2003) მიერ განხილულები უმნიშვნელოდ განსხვავდება. შეიცვალა რღვეულების დაშიფრვა ცვლადი ნიშან-თვისებებისთვის, ხოლო შუალედური ნიშან-თვისებების ბუნდოვნობა გაქარწყლდა.[13]

ნიმუშზე დაფუძნებული კლადისტიკური ანალიზი რედაქტირება

პირველი ანალიზი არ ახდენს კლასიფიცირებას, მეტიც, იყენებს ინდივიდუალურ ნიმუშებს, როგორც ოპერაბელურ ტაქსონომიურ ერთეულებს. ამიტომ ინდივიდუალურ ვარიაციას შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ტოპოგრაფიული ანატომიის ხეზე. ევრისტიკულმა ანალიზმა PAUP 4.0-ის (Phylogenetic Analysis Using Parsimony) გამოყენებით მეცნიერებს აჩვენა, რომ აშკარა დაშორება აფრიკულ და აზიურ ჯგუფებს შორის არ იყო. ადრე აფრიკული ფორმები კოობი ფორადან განვითარებულ ჰომოებს უფრო ენათესავებიან, როგორც დისეული ტაქსონი, ვიდრე გვიანდელ აფრიკელ და ევრაზიელ ჰომო ერექტუსს. ჰომო სეპრანესისი კი აფრიკელ თანამედროვეებს უკეთ ეწყობა ვიდრე განვითარებულ სახეობებს. ნიმუშზე დაფუძლებულ კლადისტიკურ ანალიზში ინდივიდები ცალკეული ადგილებიდან, მაგალითად იავანთროპი, რომელიც ნაპოვნია სოფელ ნგანდონგთან, იავა და სინანთროპი ნაპოვნი ჟუკონდაინში, ჩინეთი, როგორც წესი ჯგუფდებიან შესაბამის მონაკვეთში. შედეგი საკმაოდ საინტერესოა - ჰომო ერექტუსის პოპულაცია მორფოლოგიურად საკმაოდ გამორჩეული იყო. რაც უფრო მეტი საცხოვრებელე და სახეობის ნიმუშია აღმოჩენელი ეს ფენომენიც მით უფრო იძენს სიმკვეთრეს.[14]

პოპულაციის ელემენტარულ ერთეულზე დაფუძნებული კლადისტიკური ანალიზი რედაქტირება

ეს მეთოდი აჯგუფებს სახეობებს დიმებად (პოპულაციის ელემენტარული ერთეული), რათა შეასუსტოს ინდივიდუალური ვარიაციის ეფექტი. გამოიყენება წინასწარ განსაზღვრული პალეოდიმები, რომელიც ამერიკელმა ანტროპოლოგისტმა ფრენსის კლარკ ჰოველმა განსაზღვრა 1999 წელს, დროსა და ადგილზე დაფუძნებით. ეს მიდგომა (Asfaw 2002) გააკრიტიკეს მორფოლოგიურად ფილოგენეზური ნათესაობის არამნიშვნელოვნად მიჩნევის გამო, მაგრამ თავდაპირველი კვლევის მიზანი სწორედ ეს იყო. დიმეს კონსტრუქცია დაფუძნებულია საერთო მორფოლოგიაზე და გავლენას ახდენს ნებისმიერ კლადისტიკურ ანალიზზე, რომელიც თავისმხრივ ეფუძნება მორფოლოგიის იმავე ასპექტებს. ცხადია ჰოველის პალეოდიმები არაა ნამდვილი ბიოლოგიური პოპულაციების თუ მეტაპოპულაციებს ექვივალენტური, მაგრამ ახალმა ოპერაბელური ტაქსონომიური ერთეულის შექმნამ საერთო ანატომიის საფუძველზე ცირკულარულობა აჩვენა. ნებისმიერ შემთხვევაში ჯორჯო მანზის (2003) და სხვათა კრიტიკა გაბათილებულია ნიმუშზე და დროის მონაკვეთზე დაფუძნებული კლადისტიკური ანალიზით. ასევე პოპულაციის ელემენტარულ ერთეილზე დაფუძნებული კლადისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ნარიკოტომი გვიანდელ აფრიკელ და ევრაზიელ დიმებს უფრო ენათესავება, ვიდრე განვითარებულ ჰომოებს, ხოლო Cerpano Olduvai LLK დიმესთან ჯგუფდება.[15]

დროის მონაკვეთზე დაფუძნებული კლადისტიკური ანალიზი რედაქტირება

ამ ტიპის კლადისტიკური ანალიზი აჯგუფებს ერთი პერიოდის სახეობებს და იყენებს ერთ ინდივიდს როგორც ოპერაბელურ ტაქსონომიურ ერთეულს სხვა ინდივიდებისთვის. ფილოგენეზური ხე, რომელიც დროის მონაკვეთზე დაფუძნებული კლადისტიკური ანალიზიდან მიიღება, ერთ განშტოებაში გვიჩვენებს ადრეული პლეისტოცენის აფრიკელ და ევროპელ და შუა პლეისტოცენის აფრიკელ და ევრაზიელ სახეობებს, რომლებიც ჰომო ერექტუსზე განვითარებულები არიან. ასეთი კლასიფიკაცია მნიშვლელოვნად განაპირობა ნიშან-თვისებებმა, რომლებიც დაკავშირებულია დიდ ტვინთან: ქალისშიგა მოცულობა, თხემის კედლის ვერტიკალურობა და ძვლის ქერცლისებრი ნაწილის დროები ფორმა. კლადისტიკური ალანიზი ვერ ჩაითვლება პირდაპირ სამხილად სახეობათა წაროქმნის პროცეში, თუმცა ამ ანალიზის საფუძველზე აგებული ტოპოგრაფიული ანატომიის ხე არ უარყოფს ჰიპოთეზას, რომ შუა პლეისტოცენის დივერგენციის (საერთო წინაპრის მქონე ორგანიზმთა ნიშან-თვისებების დაცილება ევოლუციის პროცეში) იმპულსი იყო აშკარა თანადროულობა ძალიან განსხვავებული ჰომონიდებისა აფრიკასა და აღმოსავლეთ ევრაზიაში, რომელიც ადრეული პლეისტოცენის აფრიკაშიც შეინიშნება.[16]

კლადისტიკური ანალიზის ხშირმა გამოყენებამ მეტი სიმტკიცე შესძინა პლეისტოცენის ჰომოს ფილოგენეზს. ამ მეთოდით დადგინდა, რომ აფრიკული და აზიური ნიმუშები წარმოადგენდნენ მკვეთრად განსხვავებულ კლადს - საერთო წინაპრისა და მისი შთამომავალი ორგანიზმებისგან შემდგარ მონოფილეტურ ჯგუფს. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ანალიზის შედეგი, რომელიც ჩაუტარდა კოობი ფორაში ნაპოვნ ფორმებს და ისინი გვიანი აფრიკული და ევრაზიული ჰომო ერექტუსის მონათესავენი იყვნენ, ჰომო ერექტუსის მიკუთვნება დიდ, მორფოლოგიურად მსგავს თავის ქალის მქონე შუა პლეისტოცენის ინდივიდებთან მთელი ძველი მსოფლიოს მასშტაბით სავსებით სწორია. ასევე, არ არსებობს ოსტეომორფოლოგიურად მყარი მტიცებულება იმისა, რომ ადრეული პლეისტოცენის ჰომო ევროპიდან უფრო მონათესავეა ვიდრე აფრიკელი წამომადგნელების კლადის ჰომონიდები, რომლებმაც დასაბამი მისცეს ნეანდერტალელსა და ჰომო საპიენსს. ჰომონიდების გამოსვლა აფრიკიდან პლეოსტოცენის ეპოქამდე დაიწყო მაშინ, როცა ავსტრალოპითეკი ჰომოსთან თანაარსებობდა აფრიკაში. არსებობს სამხილები ჰომოს თავის ქალის მოცულობის ზრდის შესახებ პლეისტოცენისას არაინსულარულ აფრიკასა და ევრაზიაში. თანამედროვე აფრიკელი და ევრაზიელი ჰომონიდები მორფოლოგიურად მსგავსნი არინ ადრეულ პლეისტოცენში, როცა ჰომო ერექტუსის შემთხვევაში განსხვავევები შეინიშნება, გამონაკლისი იყო გეოგრაფიულად ერთ არეალში მცხოვრები ინდივიდები. ამ ადგილებში მობინადრეთა თავის ქალა კლადისტიკურად ერთ ჯგუფში ერთიანდება. ჰომო ერექტუსმა შეძლო და თავი დაიმკვიდრა აღმოსავლეთ აზიაში შუა პლეიცტოცენის ეპოქაში.[17]

ბარძაყისა და მხრის ძვლის სიმაგრე ადრეულ აფრიკულ ჰომო ერექტუსში რედაქტირება

ზედა და ქვედა კიდურების ზომის შედარებამ და გამოკვლევამ დიდი როლი შეასრულა ლოკომოტორული (მოძრაობის) ფატერნებისა და ადრეული ჰომინინების ფილოგენეტიკური კავშირის დადგენაში. ძვლის გარეგნულ (მაგალითად, სიგრძის, მოცულობის, სიგანის, ან სიგანეების ჯამის) შესწავლზე უფრო მიუკერძოებელ და მეტ ინფორმაციას იძლევა ძვლების შემადგენლობისა და სიმაგრის პროპორციების შესწავლა. ძვლის სიმაგრის შედარება შესაძლებელია იყოს უფრო მეტი ინფორმაციის მომცემი ლოკომოტორული ჰიპოთეზების შემოწმებისას, ვინაიდან არსებობს მტკიცებულება, რომ მოძრაობის უნარი პირდაპირ გავლენას ახდენს კიდურების ძვლების სიმაგრეზე. ადრეული ჰომინინების კარგად შემონახული კიდურების ძვლების რაოდენობა მცირეა, ხოლო შედარებით უკეთეს ნიმუშს წარმოადგენს „ნარიკოტომის ბიჭი“ (K NM-WT 15000). ძვლის სიგრძის პროპორციებითა და ლოკომოტორული ქცევით „ნარიკოტომის ბიჭი“ არსებითად მსგავსი იყო თანამედროვე ადამიანებისა, თუმცა კიდურების სიგანის პროპორციებით ეს ეგზემპლარი უფრო ბუნდოვანია. 2004 წელს რამდენიმე მეცნიერმა აღნიშნა, რომ როცა კიდურების სიგანის პროპორციები უახლოვდება თანამედროვე ადამიანის ნიმუშის პროპორციებს, დისტალური მხრის ძვლების დიაფიზის ზომა ემსგავსება ჰომო ჰაბილისისა (კერძოდ, OH 62) და ავსტრალოფიტეკის (კერძოდ, A.L. 288-1) პროპორციებს. კიდევ ერთი კარგად შემონახული ჰომო ერექტუსის ნიმუში (ნაწილობრივ დაზიანებული) არის კუბი ფორაში (კენიაში) აღმოჩენილი K NM-ER 1808, რომელიც მენჯის ძვლის დაკვირვების შემდეგ დადგინდა, რომ ქალს ეკუთვნოდა. გრძელი ძვლების ძირითადი ზედაპირი დაფარული იყო მრავალფეროვანი ხეშეში პერიოსტალური ძვლით, რაც გარკვეულ პათოლოგიაზე, სავარაუდოდ A ვიტამინის ჰიპერვიტამინოზზე მიანიშნებს.[18]

კვლევისთვის გამოყენებული ნიმუშები და მეთოდები რედაქტირება

ამ ორი ეგზემპლარის ურთიერთშედარებისთვის გამოიყენეს „ნარიკოტომის ბიჭის“ მარცხენა ბარძაყი და მარჯვენა მხრის ძვალი, ხოლო კუბი ფორაში აღმოჩენილი ქალის მარჯვენა ბარძაყი და მარჯვენა მხრის ძვალი. რენტგენოგრაფიით განსაზღვრეს ორიგინალი ნიმუშების კორტიკალური სისქე თავის ქალის რვა უბანში, ხოლო ბარძაყების თაბაშირის ნიმუშები დაანაწევრეს და დადგენილი კორტიკალური სიგანე გამოიყენეს ენდოსტეალური გარშემოწერილობის დასადგენად. შემდეგ ყველა ნიმუშს გადაუღეს ფოტოები და ინფორმაცია გადაიყვანეს ციფრულ ფორმატში. მხრის ძვლების ურთიერთშესადარებელი მოხაზულობა განისაზღვრა კომპიუტერული ტომოგრაფიით სკანირებისას. შესაბამისი კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემების გადაღებულ ფოტოებთან შედარებით გადაამოწმეს ნიმუშების ზომები. შემდეკ კი ფოტოების ასლები დაასკანერეს და გააანალიზეს Image J და Moment Macro-ს მეშვეობით.

თანამედროვე ადამიანის ნიმუშებად გამოიყენეს ზრდასრული ადამიანების პეკოს პუებლოში (ნიუ მექსიკო), აღმოსავლეთ აფრიკასა და დენვერის (აშშ) აღმოჩენილი მასალები. ეს ნიმუშები წარმოადგენდა სხეულის მორფოლოგიის ფართო ასპექტს. მათ გამოსაკვლევადაც გამოიყენეს კომპიუტერული ტომოგრაფია და რენტგენოგრაფია. ასევე დამატებით გამოიყენეს ზრდასრული შიმპანზეების შედარებითი ნიმუშები, როგორც არა ორ ფეხზე მოსიარულე სახეობის, იგივე ზომის ადამიანის ნიმუშებთან შესადარებლად.[18]

გამოკვლევის შედეგები რედაქტირება

ურთიერთშედარებითი კვლევის ნარკვევების მიხედვით, „ნარიკოტომის ბიჭისა“ და კუბი ფორაში აღმოჩენილი ქალის ბარძაყისა და მხრის ძვლების პროპორციები მაჩვენებელია სრული ბიპედალიზმის, რაც აშკარას ხდის, რომ 1,7 მილიონი წლის წინ ლოკომოტორული ქცევის ეს ფორმა უკვე არსებობდა სულ მცირე მხოლოდ ჰომო ერექტუსის სახეობაში. კუბი ფორას ნიმუშის კორტიკალური სისქის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კორტიკალური არეალი ბარძაყში წარმოადგენს 86,8 %-ს, რაც თანამედროვე ადამიანის ნიმუშების საშუალოზე მაღალია. ანალოგიურ შედეგს იძლევა მხრის ძვლის კორტიკალური სისქის პროცენულობაც, რომელიც 81,7 %-ს წარმოადგენს.[18]

ჰომო ერექტუსის ბარძაყის ძვლის მორფოლოგიის ზოგიერთი ასპექტი რედაქტირება

პლეისტოცენის პერიოდის ჰომინინების (კერძოდ ჰომო ერექტუსის) ხელთარსებული ბარძაყის ნამარხების ოსტეომეტრული და რადიოგრაფიული შესწავლით ეს ნიმუშები შეადარეს რომანო-ბრიტანულ და ბუშმენურ (ეს ორივე ჯგუფი ჰომო საპიენსის სახეობას განეკუთვნება) ბარძაყის ძვლებს. კვლევის შედეგად ჰომო ერექტუსის ჯგუფსა და საპიენსის ჯგუფს შორის აღმოჩნდა განსხვავებები, როგორც გარგნულ, ასევევ შინაგან მორფოლოგიურ ფატერნებში. ამ კვლევისთვის გამოიყენეს 100 რომანო-ბრიტანული ბარძაყის ძვლები ანკასტერიდან (დიდი ბრიტანეთი). ეს ნიმუშები ეკუთვნოდა ისეთ მოზრდილ ინდივიდებს, რომლებსაც არანაირი პათოლოგია არ გააჩნდათ. ბარძაყის ძვლები გამოიკვლიეს ოსტეომეტრული მეთოდით, როგორც გარეთა, ასევე შიდა მხრიდანაც. შინაგანი ანალიზი ჩატარდა რენტგენის სხივების მეშვეობით, რომლებიც სპეციალურად ამ კვლევისთვის იყო დამზადებული. ანკასტერის ძვლების კოლექცია უზრუნველყოფდა შესანიშნავ შესადარებელ მასალას, ვინაიდან იგი მოიცავდა თითქმის სრულ ჩონჩხებს მხოლოდ მცირედი დაზიანებებით. თუმცა ორივე სქესის ინდივიდების რაოდენობა, რომლებსაც ჰქონდათ საკმაოდ დიდ კორტიკალური დიამეტრი, იყო მცირე. რენტგენის სხივებით ამ ძვლების ხელახალი გამოკვლევის შემდეგ შეინიშნა ცვლილებები ძვლის სიმკვრივეში. ანკასტერის მამრობითი სქესის ძვლებში ბარძაყის კორტექსი უფრო მეტად სქელია ვიდრე მდედრობითი სქესის წამომადგენლებში. ონტოგენეზს ისევე, როგორც სქესს, დიდი გავლენა აქვს კორტიკალურ დიამეტრზე. დღევანდელ პოპულაციებში დიაფიზის დიამეტრის ზრდამ შესაძლოა გაზარდოს კორტიკალური ქსოვილის ასაკთან ერთად შემცირება. საშუალო კორტიკალური დანაკარგი დეკადაში კაცებზე წარმოადგენს დაახლოებით 0,22 მმ-ს, ხოლო ქალებში 0,54 მმ-ს. ბარძზაყის თავის დიამეტრიც ანკასტერის კოლექციაში სქესობრივად დიმორფულია. მრავალმა მეცნიერმა შენიშნა, რომ არსებობს კავშირი ბარძაყის ძვლის სიგრძესა და მრავალფეროვან დიაფიზის დიამეტრებს შორის. კორელაცია დიაფიზის სიგრძე-სიგანის დიამეტრსა და დიაფიზის სიგრძეს შორის მნიშვნელოვანია ორივე სქესის წარმომადგენლების შემთხვევაში. ბუშმენების შემთხვევაში დიაფიზი არის უფრო გრაცილური და იგი არ არის სქესობრივად დიმორფული. ზედა და შუა დიაფიზის შუა-გვერდითი ორიენტაციის საშუალო რომანო-ბრიტანელი ქალების ძვლების ნიმუშების საშუალოზე დაბალია. წინა-უკანა ორიენტაციისას განსხვავება იმდენად თვალსაჩინო არაა, თუმცა საბოლოო ჯამში ბუშმენების დიაფიზის საშუალო დიამეტრი მაინც ნაკლებია რომანო-ბრიტანული ძვლების ნიმუშებზე. ჩოკუნშენის (ჩინეთი) ჰომო ერექტუსის ძვლის ნიმუშები ზემოთ აღნიშნული ნიმუშებისგან გამოირჩევა კორტექსის საკმაო სისქითა და ტვინოვანი ღრუს სივიწროვით, ასევევ მისი დიაფიზის გარკვეული მახასიათებლები შედარებით დაბრტყელებულია ძვლის სიგრძეზე და აქვს უფრო პატარა დიამეტრი. მიუხედავად იმისა, რომ დიაფიზის ინდექსები არ იყო შეტანილი მრავალფეროვან ანალიზებში. უნდა აღინიშნოს, რომ დიაფიზის ფორმა თვალში საცემად განსხვავდება ადრეულ და დღევანდელ ჰომინინებში. ჰომო ერექტუსის ზედა და შუა დიაფიზის ფორმა რომანო-ბრიტანული და ბუშმენური ნიმუშებისგან ბრტყელი ფორმით გამოირჩევა.[19]

ცეცხლის გამოყენება რედაქტირება

ცეცხლი ბუნებრივად ჩნდება მაშინ, როდესაც მეხი დაეცემა მშრალ ბალახს ან გამხმარ ხეს, ხოლო ადამიანებსაც შეუძლიათ ცეცხლის კონტროლი. ცეცხლის კონტროლის შესაძლებლობა იყო გარდამტეხი მომენტი ადამიანის ევოლუციის პროცესში, მაგრამ დღესდღეობით არ არსებობს კონსესუსი იმასთან დაკავშირებით, თუ ზუსტად როდის გამოიმუშავეს ცეცხლის გამოყენების უნარი ადამიანის წინაპრებმა. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, კერძოდ რიჩარდ რენგემის ჰიპოთეზის („cooking hypothesis“) თანახმად, ჰომო ერექტუსი წარმოადგენდა სახეობას, რომლის კვების რაციონშიც თერმულად დამუშავებული საკვები შედიოდა და შეეძლო ცეცხლის გამოყენება. ისინი ცეცხლს სანადიროდაც იყენებდნენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ცხოველებისგან განსხვავებით მათ შეეძლოთ ცეცხლის გამოყენება, გარკვეულწილად კვლავ ეშინოდათ მისი. აშკარად ნათელი მტკიცებულებები ცეცხლის რეგულარული გამოყენებისა ძირითადად თარიღდება 0,4 მილიონზე ნაკლები დროით, თუმცა, უძველესი ცეცხლის კვალი აღმოჩენილია აფრიკაში, აზიასა და ევროპაშიც. აღმოსავლეთ აფრიკაში აღმოჩენილი ნიმუშები თარიღდება 1,42-0,07 მილიონი წლით (გამოიყენეს კალიუმ-არგონის დათარიღების მეთოდი), ხოლო სვარტკრანში, სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ნიმუშები თარიღდება 1,5 მილიონი წლით. ერთ-ერთი უძველესი ცეცხლის ნიმუშები გვხვდება ჩოკუნშენშიც (ან იგივე ზოქოუდიანში, ჩინეთი). ასევე ჩინეთში დრაკონის ძვლის გორაზე არსებულ გამოქვაბულში მკვლევარებმა ნახშირის დალექილი ფენა აღმოაჩინეს, თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ეს ცეცხლი ხელოვნურად იყო გაჩენილი. იმ ადგილებში, სადაც ორგანული ნივთიერებები გროვდება ასევე შეიძლება გაჩნდეს ცეცხლი ბუნებრივად. უფრო სანდო ნიმუშად მიიჩნევა ცხოველების დამწვარი ძვლები და ცეცხლისთვის გარსშემოწყობილი ქვების განლაგება, რაც იმავდროულად ცეცხლის გამოყენების ყოველდღიურობაში უსვამს ხაზს.[20][21]

ლონგიუშანის ტერიტორიაზე ჰომო ერექტუსის კვების რაციონი რედაქტირება

ლონგიუშანის (ჩინეთი) ერთ-ერთ გამოქვაბულში აღმოაჩინეს ჰომინიდებისა და სხვა ცხოველების ერთ ეკოლოგიურ გარემოში თანაცხოვრების მტკიცებულებები. დიდი ზომის ძუძუმწოვარი ხორცისმჭამელების, დიდი რაოდენობით ძუძუმწოვარი ბალახისმჭამელებისა და ბევრი ფრინველის სახეობები წარმოადგენენ ეკოლოგიური თანასაზოგადოების მნიშვნელოვან წევრებს. აქ აღმოაჩინეს ცხენის, მარტორქის, სპილოსა და ღორის ძვლები, რომლებზეც იყო იარაღის კვალი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ხორცით იკვებებოდა ამ ტერიტორიაზე ჰომო ერექტუსი. ასევე ეს ადგილმდებარეობა არის პირველი პალეოანთროპოლოგიური ადგილი, სადაც აღმოაჩინეს მტკიცებულება იმისა, რომ ჰომო ერექტუსი მცენარეულ საკვებსაც ღებულობდა. პალეონტოლოგმა და ბოტანიკოსმა რალფ ჩეინიმ 1930 წელს გამოიკვლია განამარხებული მცენარეების თესლები და წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ აკაკის (hackberry) ნაყოფი შედიოდა ჰომო ერექტუსის კვების რაციონში. გამოითქვა მოსაზრება, რომ ტუბერიც შესაძლოა ყოფილიყო გამოყენებული საკვებად, თუმცა ამის დამადასტურებელი ნამარხები არ არის აღმოჩენილი.[22]

სქოლიო რედაქტირება

  1. W.HENRY GILBERT AND BERHANE ASFAW – HOMO ERECTUS_ Pleistocene Evidence From The Middle Awash, Ethiopia
  2. OEL T. BOAZ & RUSSELL L. CIOCHON _ Dragon Bone Hill (an ice-age saga of homo erectus)
  3. RICHARD D.FUERLE – Erectus Walks Amongst Us (the evolution of modern humans)
  4. Л. Вишняцкий. «Человек в лабиринте» Версия: 2013.06.03 Архантропы, страница 43, страница 44, 45
  5. Journal Nature. 2002. Vol. 416. P. 317–320, Asfaw В. et al. Remains of Homo erectus from Bouri, Middle Awash, Ethiopia
  6. Manzi, G., E. Bruner, and P. Passarello. 2003. Th e one-million-year-old Homo cranium from Bouri (Ethiopia): A reconsideration of its H. erectus affi nities. Journal of Human Evolution 44:731-736.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-19. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  8. http://www.nature.com/scitable/knowledge/library/homo-erectus-a-bigger-smarter-97879043
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-30. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 http://www.livescience.com/41048-facts-about-homo-erectus.html
  11. Andrews, P.J. 1984. An alternative interpretation of the characters used to define Homo erectus. Courier Forschunginstitut Senckenberg 69:167–175
  12. Howell, F. C. 1999. Paleo-demes, species clades, and extinctions in the Pleistocene hominin record. Journal of Anthropological Research 55:191–243.
  13. Stringer, C. 1984. The definition of Homo erectus and the existence of the species in Africa and Europe. Courier Forschungsinstitut Senckenberg 69:131–143
  14. Wood, B. A. 1984. The origin of Homo erectus. Courier Forschungsinstitut Senckenberg 69:99-111.
  15. Wood, B. A. 1994. Taxonomy and evolutionary relationships of Homo erectus. Courier Forschungsinstitut Senckenberg 171:159–165
  16. Asfaw, B., W. H. Gilbert, Y. Beyene, W. K. Hart, P. R. Renee, G. WoldeGabriel, E. S. Vrba, and T. D. White. 2002. Remains of Homo erectus from Bouri, Middle Awash, Ethiopia. Nature 416:317–320.
  17. Gilbert, W. H. 2003a. Testing hypotheses of demes within Homo erectus using parsimony analysis. American Journal of Physical Anthropology, Supplement 36:100.
  18. 18.0 18.1 18.2 Journal of Human Evolution Volume 54, Issue 3, March 2008, Pages 383–390, Christopher Ruff Femoral/humeral strength in early African Homo erectus. doi:10.1016/j.jhevol.2007.09.001 
  19. Journal of Human EvolutionVolume 12, Issue 7, November 1983, Pages 587-616. G.E. Kennedy, Some aspects of femoral morphology in Homo erectus. doi:10.1016/S0047-2484(83)80001-3
  20. Francesco Berna, Paul Goldberg, Liora Kolska Horwitz, James Brink, Sharon Holt, Marion Bamford, and Michael Chazan. Microstratigraphic evidence of in situ fire in the Acheulean strata of Wonderwerk Cave, Northern Cape province, South Africa. PNAS 2012 vol.109 (20) E1215–E1220; published ahead of print April 2, 2012, doi:10.1073/pnas.1117620109
  21. Noel T. Boaz, Russell L. Ciochon, Dragon Bone Hill: An Ice-Age Saga of Homo Erectus, p.123 Oxford University Press 2004.
  22. Noel T. Boaz, Russell L. Ciochon, Dragon Bone Hill: An Ice-Age Saga of Homo Erectus, p.123 Oxford University Press 2004