ჰოლშტინური ჯიში

მსხვილი რქოსანი საქონლის სარძევე მიმართულების ჯიში

ჰოლშტინური ჯიშიმსხვილი რქოსანი საქონლის სარძევე მიმართულების ჯიში. ხასიათდება მსოფლიოში ყველაზე მაღალი მერძეულობით.[1]

ჰოლშტინური შავ-ჭრელი ფური
ჰოლშტინური წითელ-ჭრელი ფური

გამოყვანილია XIX საუკუნის მე-2 ნახევარში აშშ-სა და კანადაში ჰოლანდიური და გერმანული საქონლის რძის პროდუქტიულობის ზრდისკენ მიმართული სელექციის გზით. ჰოლშტინური და ფრიზიული საქონლის მექარხნეთა ასოციაციების შერწყმის შემდეგ (1885) ეწოდა ჰოლშტინ-ფრიზიული. თანამედროვე სახელი 1983 წლიდან ეწოდება. მთავარი სარძევე ჯიშია აშშ-ში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, იაპონიაში, იტალიაში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში.

ძირითადად შავ-ჭრელი ფერისაა, აქვს ლაქების ფორმების, ზომებისა და განლაგების მრავალი ვარიაცია; აგრეთვე არსებობს წითელ-ჭრელი პოპულაცია.[2][3] ექსტერიერით ტიპური სარძევე მიმართულების ცხოველია — თავი მსუბუქი, კისერი საშუალო სიგრძის და შედარებით წვრილი, მკერდი საშუალო სიღრმისა და განიერი; სხეულის უკანა მესამედი გრძელი და ფართო, ძვლეული წვრილი, კანი თხელი და დაფარულია ხშირი, მოკლე და ბზინვარე ბალანით; კისერზე კანი დანაოჭებულია, კიდურები და ჩლიქები მაგარი, ცური მოცულობიანი, უპირატესად ჯამისებრი ფორმის, კერტები უმეტესად ცილინდრული ფორმის.[3]

ფურის სიმაღლე მინდაოში 142–145 სმ, კუროსი 160–165 სმ.[3][4] ცოცხალი მასა 650–700 კგ და 1100–1200 კგ შესაბამისად; ახალშობილი ხბოს მასა 30–35 კგ შეადგენს.[3][4] იწველის 6–12 ათ. კგ რძეს, ცხიმიანობა 3,6–3,7%,[1] ცილის შემცველობა 3,1%.[3] ჰოლშტინურ ჯიშს ეკუთვნის ლაქტაციური მონაწველის მიხედვით რძის ცხიმის გამოსავლის რეკორდი[4] — 1052 კგ (მონაწველი 27674,2 კგ; ცხიმიანობა 3,8%). წითელ-ჭრელი ჰოლშტინები ნაკლები მონაწველით, მაგრამ რძის მაღალი ცხომიანობით ხასიათდება (3,95–4,2%).[1] ჰოლშტინური ჯიშის კუროებს ხშირად იყენებენ არსებული ჯიშების გაუმჯობესებასა და ახლების გამოყვანაში.

საქართველოში ჰოლშტინური ჯიშის წითელ-ჭრელი ინდივიდები შემოყვანილია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში,[1] აგრეთვე სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის კოოპერატივ „ტყირში“, საიდანაც გავრცელდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც.[3][4]

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ბასილაძე, დ., ქილიფთარი ც., კობახიძე მ., ფურის სარძეო პროდუქტიულობის გადიდების გზები ფერმერულ მეურნეობებში, გვ. 10, თბ., 2017.
  2. Большая российская энциклопедия. Том 7. стр. 366.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 ძროხის ჰოლშტინური ჯიში – სარძეო მიმართულება. agrokavkaz.ge (19 სექტემბერი, 2018). ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2019.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოვლა-შენახვა, გვ. 69.