ჯოტო დი ბონდონე

(გადამისამართდა გვერდიდან ჯოტო)

ჯოტო დი ბონდონე (იტალ. Giotto di Bondone; დაახლ. 1267-1337), იგივე ჯოტოიტალიელი ფერმწერი, მოქანდაკე და არქიტექტორი შუა საუკუნეების ფლორენციიდან.

ჯოტო
სრული სახელი ჯოტო დი ბონდონე
დაიბადა დაახლ. 1267
დაბადების ადგილი ფლორენციასთან ახლოს, იტალია
გარდაიცვალა 8 იანვარი, 1337
გარდაცვალების ადგილი ფლორენცია, იტალია
ეროვნება იტალიელი
სფერო ფერწერა, ფრესკა
მიმდინარეობა გოთიკა
ჟანრი რელიგიური ხელოვნება[1] , ალეგორია[1] და მითოლოგიური ფერწერა[1]
ცნობილი ნამუშევრები სკროვენის კაპელის ფრესკები, კამპანილა

ჯოტო წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფიგურას ხელოვნების ისტორიაში, რომელმაც გაარღვია შუასაუკუნეობრივი ხელოვნების ზღვარი, გადალახა ბიზანტიური ხატმწერული ტრადიციები და გახდა იტალიური რენესანსის ერთ-ერთი დამაარსებელი. ჯოტოს აკლდა ანატომიის ის ტექნიკური ცოდნა, რომელიც მისმა შემდგომმა მხატვრებმა განავითარეს. თუმცა მას გააჩნდა უნარი გამოესახა ადამიანური, მიწიერი განცდები და ტრადიციულ რელიგიურ თემატიკაში შეექმნა სიცოცხლით სავსე სახეები.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

ცნობები ჯოტოს ადრინდელი ცხოვრების შესახებ ხშირად ბუნდოვანი და ურთიერთგამომრიცხველია.

გავრცელებული აზრით, ჯოტო დაიბადა ვესპინიანოში, ფლორენციასთან ახლოს. მისი მამის სახელი იყო ბონდონე; თავად ჯოტო შეიძლება იყოს როგორც ნამდვილი სახელი, ასევე Ambrogio-ს ან Angelo-ს კნინობითი ფორმა. ჯოტოს მთავარი ბიოგრაფის, ჯორჯიო ვაზარის გადმოცემით, მხატვარმა ბავშვობა მეცხვარეობაში გაატარა. ვაზარის მიხედვით, დიდმა ფლორენციელმა მხატვარმა, ჩიმაბუემ დაინახა თუ როგორ ხატავდა 11 წლის ჯოტო ცხვრებს კლდეზე და ნახატით მოხიბლულმა აიყვანა შეგირდად. მკვლევართა ნაწილი ამ ისტორიას ლეგენდად აფასებს და თვლის, რომ ჯოტო იყო ფლორენციაში გადასახლებული მდიდარი ოჯახის შვილი, რომელიც შეგირდად ჩიმაბუეს მიაბარეს. თუმცა, მკვლევართა დავის საგანია ისიც, საერთოდ იყო თუ არა ჯოტო ჩიმაბუეს შეგირდი.

კარიერის დასაწყისი

რედაქტირება

დაახლოებით 20 წლის ასაკში ჯოტომ ცოლად შეირთო რიჩევუტა დი ლაპო დელ პელა (ჩიუტა). მისგან ეყოლა 8 შვილი, რომელთაგანაც ერთი, ფრანჩესკო, შემდგომში მხატვარი გახდა.

1288 წლისათვის დაიწყო წმინდა ფრანჩესკოს სახელობის ზედა ტაძრის მოხატვა ქალაქ ასიზში. მიჩნეულია, რომ ფრესკების სერია, რომელიც ასახავს წმინდა ფრანჩესკო ასიზელის ცხოვრებას, ჯოტოს ნამუშევარია. ამავე პერიოდს მიეკუთვნება ჯოტოს ცნობილი 5 მეტრი სიმაღლის ჯვარცმა და ხარების ფრესკა (ორივე სანტა მარია ნოველას ტაძარში, ფლორენცია).

საუკუნის ბოლოს ჯოტო მუშაობდა რომში, სადაც შემორჩენილია მისი ფრესკები წმინდა იოანე ლატერანელის ბაზილიკაში.

ამ პერიოდისათვის ჯოტო ცნობილი მხატვარი ხდება. წყაროების თანახმად, მე-14 საუკუნის დასაწყისისთვის ის უკვე ფლობს მსხვილ მამულს ფლორენციაში და შეკვეთებს იღებს მთელი იტალიიდან.

სკროვენის კაპელა და სხვა გვიანდელი ნამუშევრები

რედაქტირება

1303-1310 წლებში ჯოტომ შექმნა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი, სკროვენის კაპელას (იგივე არენას კაპელა) ინტერიერის დეკორაცია პადუაში. კაპელა, რომელიც გარედან წარმოადგენს ვარდისფერი აგურით აშენებულ უბრალო შენობას, მიძღვნილია ხარებისადმი და დეკორაციის თემაა ხსნა, სადაც მთავარი აქცენტი გაკეთებულია მარიამ ღვთისმშობელზე. შუასაუკუნეების ტრადიციისამებრ, დასავლეთ კედელზე გამოსახულია საშინელი სამსჯავრო.

ამავე პერიოდში ჯოტომ მოიარა მთელი იტალია, რომლის დროსაც ქმნიდა დიდგვაროვნების და საეკლესიო მოღვაწეების პორტრეტებს.

1311 წელს ჯოტო დაბრუნდა ფლორენციაში, სადაც შექმნა მოზაიკა ("ნავიჩელა"), ამჟამად დანგრეული წმინდა პეტრეს ძველი ტაძრისათვის, რომლის მხოლოდ ფრაგმენტებია შენარჩუნებული.

1318 წელს დაიწყო ფლორენციის სანტა კროჩეს ბაზილიკის ოთხი კაპელის მოხატვა. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ბარდის კაპელა, სადაც კვლავ წმინდა ფრანჩესკო ასიზელის ცხოვრების ამსახავი თემატიკაა ასახული. ამ ფრესკებში ჯოტო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანთა ფიგურების გამოსახვას და უფრო მარტივ არქიტექტურულ ფორმებს.

1328-1333 წლებში ჯოტო მოღვაწეობდა ანჟუელთა კარზე, ნეაპოლში, სადაც მეფე რობერტ ანჟუელმა მას კარის მხატვრის წოდება მიანიჭა. 1334 წელს, დაინიშნა ფლორენციის სანტა მარია დელ ფიორეს ტაძრის მთავარ არქიტექტორად, რომლის კოშკი (კამპანილე) ჯოტოს სახელს ატარებს, თუმცა მხატვარი მის დასრულებას ვერ მოესწრო.

 
წმ. ფრანჩესკოს დატირება, ბარდის კაპელა

გარდაცვალება

რედაქტირება

ჯოტო გარდაიცვალა 1337 წელს. ჯორჯიო ვაზარის მიხედვით, იგი დაასაფლავეს ფლორენციაში, სანტა მარია დელ ფიორეს ტაძარში.

1970 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს ძალიან დაბალი ადამიანის ძვლები (სავარაუდოდ, ჯუჯის) – საექსპერტო კვლევით, ამ ადამიანს ჰქონდა დიდი თავი და კეხიანი ცხვირი. მოსაზრებას, რომ ეს ჯოტოს ცხედარია, ამყარებს სანტა კროჩეს ბაზილიკაში გამოსახული ჯუჯა, რომელიც შესაძლოა ჯოტოს ავტოპორტრეტს წარმოადგენდეს.

ვაზარის მიხედვით, ბოკაჩო, რომელიც ჯოტოს მეგობარი იყო, იძახდა, რომ "ფლორენციაში ჯოტოზე უშნო კაცი არ დადიოდა".

ზეგავლენა

რედაქტირება
 
იუდას კოცნა, სკროვენის კაპელა

ჯოტოს დიდი დამსახურებაა ის, რომ მან შეცვალა შუა საუკუნეების ხატვის კულტურა თანამედროვე ხედვით ცხოვრებაზე და ბუნებაზე. მაშინ, როცა ადამიანის დანიშნულება შუა საუკუნეების ნამუშევრებში იყო წმინდად რელიგიური, არ გამოხატავდა ფიზიკურ სილამაზეს – მხოლოდ სულიერს - ჯოტოს პერსონაჟები ძალიან მიწიერნი არიან. ჩვეულებრივი ოქროსფერი ფონის ნაცვლად თავისი ფიგურები მოათავსა ინტერიერში ან ბუნებაში, რითაც ნამუშევრებში შეიტანა არქიტექტურული ელემენტები.

მასწავლებლის, ჩიმაბუესგან განსხვავებით, რომელიც შუასაუკუნეობრივ, ბიზანტიურ-გოთიკურ სტილში წერდა, ჯოტოს ფიგურები სამგანზომილებიანია, გააჩნიათ ანატომია, ცოცხალი სახეები და ჟესტიკულაცია. მათი სამოსი არა სიმბოლურია, არამედ რეალური, ფორმისა და წონის მქონე.

ჯოტოს შექმნილი ადამიანების სახეები და განცდები სრულიად განასხვავებს მას თანამედროვეებისაგან – ჯარისკაცის სახეზე, რომელიც ჩვილს დედას ართმევს, ვხედავთ სირცხვილის გრძნობას. ეგვიპტეში მიმავალი ხალხი ჭორაობს იოსებსა და მარიამზე. ფსიქოლოგიურო ზეწოლით გამოირჩევა იუდას კოცნა, სადაც ყურადღებას იპყრობს ორი ცენტრალური პერსონაჟი - ქრისტე და იუდა. აქ ჯოტომ როგორც სახის გამომეტყველებით, ისე სამოსით გამოხატა განსხვავება სიკეთესა და ბოროტებას შორის.

ჯოტოს შემოქმედებამ საფუძველი ჩაუყარა იტალიური აღორძინების ეპოქას და უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მის შემდგომ ისეთ გენიალურ მხატვრებზე როგორიცაა მაზაჩო, მიქელანჯელო და სხვები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 RKDartists