ჯონი ტატუნაშვილი
ჯონი ტატუნაშვილი (დ. 22 სექტემბერი, 1976, სოფ. ყანჩავეთი, ახლანდ. ახალგორის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ბრიგადის გენერალი (2020).
სწავლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემია (1997). 1993 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. იყო დაზვერვის სამმართველოს სასწავლო ცენტრის ოცმეთაური, შემდეგ ასმეთაური (1997-2001), სპეციალური დანიშნულების ძალების „კომანდოს“ ბატალიონის ოპერატიული და საბრძოლო მომზადების სამსახურის უფროსი (2001-2002), სპეციალური დანიშნულების ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის მმართველობის ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ოფიცერი (2003-2005), I ქვეითი ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაური, შემდეგ იმავე ბრიგადის მმართველობის შტაბის უფროსი (2005-2008). 2008-2015 წლებში ეკავა სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის უფროსის, შემდეგ უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) შემადგენლობაში ავღანეთში სამხედრო წარმომადგენლობის უფროსი სამხედრო წარმომადგენლის, J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის თანამდებობები. 2015-2016 წლებში მეთაურობდა V ქვეით ბრიგადას. 2016-2019 იყო დასავლეთის სარდლის მოადგილე, 2019-2020 — დასავლეთ სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, 2020 წლის ივლისიდან — თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე და გენერალური შტაბის უფროსი.
მონაწილეობა აქვს მიღებული კონფლიქტში ცხინვალის რეგიონში (2004), რუსეთ-საქართველოს ომში (2008), ასევე საერთაშორისო მისიებში კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. დაჯილდოებულია უწყებრივი და სახელმწიფო ჯილდოებით, მ. შ. მედლებით „მხედრული მამაცობისათვის“ და „საბრძოლო დამსახურებისათვის“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჯონი ტატუნაშვილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ციტირების თარიღი: 2 აგვისტო, 2020.