ჯეინ ფონდა (ინგლ. Jane Fonda; დ. 21 დეკემბერი, 1937) — ამერიკელი მსახიობი, მწერალი პოლიტიკური აქტივისტი და ყოფილი მოდელი. ცნობილია ვიეტნამის ომისა და ერაყის ომის საწინააღმდეგო აქტივობებით, ასევე ბირთვულ შეიარაღებასთან ბრძოლით. არის ლიბერალი და ფემინისტი. გამოცემული აქვს ორი ავტობიოგრაფია 2005 და 2011 წლებში.

ჯეინ ფონდა
დაბადების სახელი ლედი ჯეინ სეიმურ ფონდა
დაბადების თარიღი 21 დეკემბერი, 1937 (1937-12-21) (86 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი, მწერალი
აქტიური 1959-დღემდე
მეუღლე(ები) როჟე ვადიმი (1965-1973)
მშობლები მამა: ჰენრი ფონდა
დედა: ფრენსის ფორდ სეიმური
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი
1971 — კლუტი

1978 — შინ დაბრუნება
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში
1971 — კლუტი
1977 — ჯულია

1978 — შინ დაბრუნება
BAFTA

საუკეთესო მსახიობი ქალი
1978 — ჯულია

1979 — ჩინური სინდრომი

ის მრავალი ჯილდოს მფლობელია მათ შორის აღსანიშნავია ორი ამერიკული კინო აკადემიის უმაღლესი ჯილდო „ოსკარი“,ორი ბრიტანული კინო აკადემიის ჯილდო, შვიდი „ოქროს გლობუსი“, ამერიკული სატელევიზიო პრემია „ემის ჯილდო“, ამერიკული კინო ინსტიტუტის ცხოვრებისეული მიღწევის ჯილდო და ვენეციის კინო-ფესტივალის საპატიო „ოქროს ლომი“.

ჯეინ ფონდას სამსახიობო კარიერის დებიუტი შედგა 1960 წელს ბროდვეის თეატრალურ წარმოდგენაზე, რომელშიც მან „ტონის ჯილდო“ მოიპოვა როლის საუკეთესო შესრულებისთვის. იმავე წელს მან მიიღო მონაწილეობა რომანტიკული ჟანრის კომედიურ ფილმში “დიდი ისტორია“. 1960-იან წლებში ჯეინ ფონდა განაგრძობდა მის სამსახიობო კარიერას ისეთ ფილმებში როგორებიცაა: “შეწყობის პერიოდი“ (1962) „კვირა დღე ნიუ იორკში“ (1963) „კეტ ბალუ“ (1965) „ფეხშიშველა პარკში“ (1967) და „ბარბარელა“ (1968).

ორჯერ მოიპოვა ამერიკის კინო აკადემიის უმაღლესი ჯილდო ოსკარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმებისთვის „კლუტი“ (1971) და „შინ დაბრუნება“ (1969)

სხვა მნიშვნელოვანი ნომინაციები დაიმსახურა შემდეგი ფილმებისთვის: „ჯულია“ (1977), „ჩინური სინდრომი“ (1979) „ოქროს ტბორზე“ (1981) “მორიგი დილა“ (1986). 1984 წელს გადაღებულმა ფილმმა „თოჯინის შემქმნელმა“ ჯეინი ამერიკული სატელევიზიო პრემიის, ემის ლაურიატი გახადა.

1982 წელს ფონდამ მისი პირველი სავარჯიშო ვიდეო გამოუშვა, რომელიც იმ პერიოდში ყველაზე გაყიდვადი აღმოჩნდა. 13 წლის განმავლობაში ჯამურად დაახლოებით 17 მილიონი ასლი გაიყიდა.

სამსახიობო კარიერის მიღმა, ჯეინ ფონდა დაკავებული იყო პოლიტიკური აქტივიზმით. პოლიტიკური იდეოლოგიით ჯეინ ფონდა ლიბერალი ფემინისტია. 1960-იან წლებიდან ის აქტიურად იყო ჩართული პაციფისტურ მოძრაობებში. ფონდა საჯაროდ გმობდა აშშ-ს ჯარების ინტერვენციას ვიეტნამში. სხვა ცნობილ პირებთან ერთად ის მონაწილეობდა პაციფისტურ დემონსტრაციებში, საჯარო განხილვებსა და საუნივერსიტეტო მოსმენებში. 1971 წელს ჯეინი ეწვია ვიეტნამის დედაქალ ჰანოის ადგილობრივი მოსახლეობისა და ამერიკელი ტყვეების მოსანახულებლად. 1970-იანი წლებიდან დღემდე ჯეინ ფონდა აქტიურად იბრძვის ქალთა ჯგუფების მხარდასაჭერად. ის არაერთი საზოგადოებრივი კამპანიის აქტიური მონაწილეა, რომლის მიზანს ქალთა უფლებათა დაცვა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ფონდა მხარს უჭერდა აგრეთვე ადგილობრივ ამერიკელებს თავიანთ უფლებათა დასაცავად, გარდა ამისა, წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული გარემოს დაცვით სამოქალაქო კამპანიებში კლიმატური ცვლილებების შედეგებთან ბრძოლის მიზნით.

ადრეული წლები რედაქტირება

ჯეინ სეიმურ ფონდა დაიბადა ამერიკაში, ქალაქ ნიუ იორკში 1937 წლის 21 დეკემბერს. დედა, ფრანცეს ფორდ ბრაკოვი (1908-1950) წარმოშობით კანადიდან იყო, მამა, ჰენრი ფონდა (1905-1982) ამერიკელი მსახიობი გახლდათ. ფონდას გვარი წარმოშობით იტალიიდან არის. მას სახელი ჰენრი VIII-ს მეუღლის, ჯეინ სეიმურის საპატივცემულოდ დაარქვეს, რომელთანაც ფონდას შორეული ნათესაობრივი კავშირი აქვს დედის მხრიდან.

ჯეინ ფონდას ჰყავდა ძმა პეტერ ჰენრი ფონდა (1940-2019) პროფესიით მსახიობი და ერთი ნახევარ-და დედის მხრიდან ფრენსის ბროკავი.

1950 წელს, როდესაც ჯეინი 12 წლის იყო, დედამისი სუიციდის შედეგად გარდაიცვალა ნიუ იორკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში Beacon, New York. მოგვიანებით ჰენრი ფონდამ მეორე ცოლი შეირთო 23 წლის სუსან ბლანჩარდი. წყვილის ქორწინება საბოლოოდ განშორებით დასრულდა.

თავდაპირველად ფონდა გრინვიჩის გოგონათა აკადემიაში სწავლობდა, შემდგომ ემმა უილარდის სკოლაში ქალაქ ნიუ იორკში, მოგვიანებით, ასევე ნიუ იორკში არსებულ ვასარის კოლეჯში განაგრძობდა სწავლას ლიბერალური ხელოვნების ფაკულტეტზე. სანამ სამსახიობო კარიერას დაიწყებდა, ჯეინ ფონდა დაკავებული იყო მოდელობით რის შედეგადაც ის ორჯერ აღმოჩნდა ჟურნალ ვოგის გარეკანზე.

კარიერის დასაწყისი (1950-1962) რედაქტირება

ჯეინ ფონდა სამსახიობო საქმიანობით თინეიჯერობის პერიოდში დაინტერესდა, მაშინ, როდესაც მამასთან ერთად ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე თეატრალურ წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა. ვასარის ლიბერალური ხელოვნების კოლეჯის დასრულების შემდეგ, ჯეინი 6 თვით პარიზში გაემგზავრა ხელოვნების შესასწავლად.

დაბრუნების შემდეგ, 1958 წელს, ფონდა ლი სტრასბერგს შეხვდა. ამ შეხვედრამ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. ფონდა იხსენებს: „მე სამსახიობო სტუდიაში დავდიოდი და ლი სტასბერგმა მითხრა, რომ მე ნიჭი მაქვს, ნამდვილი ნიჭი, ჩემთვის ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მამაჩემის გარდა, სხვამაც გაამახვილა ყურადღება ჩემს შესაძლებლობებზე.“

ფონდას სასცენო მოღვაწეობამ 1950-იანი წლების ბოლოს, დაუდო საფუძველი მის კინო კარიერას 1960-იან წლებში. მთელი ათწლეულის განმავლობაში წლიურად ის საშუალოდ ორ ფილმში მონაწილეობდა. მისი პირველი როლი იყო 1960 წელს გადაღებული რომანტიკული კომედია „დიდი ისტორია“ სადაც ფონდას პარტნიორობას ცნობილი ამერიკელი მსახიობი რობერტ რედფორდი უწევს. 1962 წელს მან მონაწილეობა მიიღო ორ ფილმში კომედიურ დრამაში „შეგუების პერიოდი“ და დრამაში „გასეირნება ველურ მხარეში” ამ უკანასკნელში, ფონდამ მეძავის როლი შეასრულა, რისთვისაც ის ოქროს გლობუსით დაჯილდოვდა ტიტულით „ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა მსახიობი“.

კარიერული აღზევების პერიოდი (1963-1969) რედაქტირება

1963 წელს ფონდამ მონაწილეობა მიიღო რომანტიკულ კომედიაში „კვირა დღე ნიუ იორკში“. ფონდას სამსახიობო კარიერის მნიშვნელოვანი მომენტი იყო 1965 წელს ფილმ “კეტ ბალუ”-ში მონაწილეობა. აღნიშნულ ფილმში ჯეინი სკოლის დამრიგებლის როლს ასრულებდა. კომედიური ვესტერნი ხუთჯერ იყო ნომინირებული ამერიკის კინო აკადემიის უმაღლესი ჯილდოს „ოსკარების“ ცერემონიალზე. ფილმში ფონდას პარტნიორობას უწევდა ამერიკელი მსახიობი ლი მარვინი, რომელმაც ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო მოიპოვა როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. 1966 წელს ჯეინ ფონდამ მონაწილეობა მიიღო ფილმში „დევნა“ სადაც მთავარ როლს ასრულებდა ამერიკელ მსახიობ რობერტ დენფორდთან და ორგზის ოსკაროსან ამერიკელ მსახიობ მარლონ ბრანდოსთან ერთად. ამის შემდეგ იყო კომედიური ჟანრის ფილმი „ნებისმიერ ოთხშაბათს“, სადაც ჯეინ ფონდა ამერიკელ მსახიობ ჯეისონ რობორდთან და დინ ჯონსთან ერთად თამაშობდა.

1968 წელს ფონდამ მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო ფანტასტიკაში „ბარბარელა“ რამაც განაპირობა ჯეინის სექს სიმბოლოდ აღიარებდა. ამის შემდეგ, ფონდამ მონაწილეობა მიიღო ამერიკულ ტრაგედიაში „ ცხენებსაც კლავენ, არა?“ რომელმაც კრიტიკოსთა აღიარება მოიპოვა და მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა მსახიობის კინო კარიერაში. წარმატებული შესრულებისთვის ჯეინმა ნიუ იორკის კინო კრიტიკოსთა ჯილდო მიიღო როგორც „საუკეთესო მსახიობმა“. ის აგრეთვე ნომინირებულ იქნა ამერიკის კინო აკადემიის უმაღლესი ჯილდოს „ოსკარების“ ცერემონიალზე.

სამსახიობო კარიერა 1970-1979 წლებში რედაქტირება

1971 წელს ჯეინ ფონდამ მონაწილეობა მიიღო კრიმინალური თრილერში „კლუტი“. ფილმში ფონდა კვლავ მეძავის როლს ასრულებდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფილმი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი, მან ჯეინს ფართო საზოგადოებრივი აღიარება მოუპოვა. 1972 წელს მან ამერიკული კინო აკადემიის უმაღლესი ჯილდო „ოსკარი“ დაიმსახურა როლის საუკეთესო შესრულებისთვის. 1971-1972 წლებში ჯეინ ფონდა დომინირებდა კინო ინდუსტრიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ჯილდოს ცერემონიალზე. ოსკარის ჯილდოს მიღების შემდეგ, ამავე ფილმისთვის, ფონდამ დაიმსახურა „ოქროს გლობუსი“ როლის საუკეთესო შესრულებისთვის და ნიუ იორკის კინო კრიტიკოსთა ჯილდო, ასევე საუკეთესო შესრულებისთვის უკვე მეორედ.

1971 წლიდან 1970-იანი წლების ბოლო პერიოდამდე, ფონდას არ მიუღწევია მნიშვნელოვანი კარიერული წარმატებისთვის კინო ინდუსტრიაში. 1973 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფრანგულ-ამერიკულ დრამაში „თოჯინის სახლი“, 1976 წელს კი ამერიკულ ფილმში „ცისფერი ფრინველი.“ 1970-იან წლებში ფონდას კინო კარიერამ დაღმასვლა განიცადა. ჯეინ ფონდას პასიურობა სამსახიობო კარიერაში განპირობებული იყო პოლიტიკური აქტივიზმით, რაც მსახიობისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენდა.

მის ავტობიოგრაფიულ წიგნში ფონდა წერს: „ბევრი ფიქრობს რომ ომის წინააღმდეგ მიმართულმა ჩემმა ქმედებებმა, ჩემი სამსახიობო კარიერა გაანადგურა, მაგრამ სინამდვილეში ის განადგურებისგან შორს არის, მეტიც მას შეემატა ის ენერგია, რომელიც აქამდე არასდროს ჰქონია“.

1977 წელს ჯეინ ფონდამ მონაწილეობა მიიღო ამერიკულ კომედიაში „გართობა დიკთან და ჯეინთან ერთად“. საზოგადოებამ აღნიშნული როლი აღიქვა, როგორც მსახიობის დაბრუნება კინო ინდუსტრიაში. 1977 წელს ფონდამ მონაწილეობა მიიღო ფილმ „ჯულიაში“, რომელიც ლილიან ჰელმანის წიგნის მიერ იქნა გადაღებული. აღნიშნულ როლზე მუშაობისას ფონდამ კინო კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა. წარმატებული როლის წყალობით ჯეინ ფონდამ 1977 წელს პირველად დაიმსახურა ბრიტანული კინო აკადემიის ჯილდო წამყვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის, მან მოიპოვა აგრეთვე რიგით მეორე ოქროს გლობუსი და ნომინირებულ იქნა ოსკარების ცერემონიალზე საუკეთესო როლის შესრულებისთვის.

1978 წელს ფონდამ მონაწილეობა მიიღო ფილმში „სახლში დაბრუნება“. აღნიშნულ ფილმში მონაწილეობით ჯეინ ფონდამ კარიერულ მწვერვალს მიაღწია, ის მეორედ გახდა ამერიკული კინო აკადემიის უმაღლესი ჯილდოს ოსკარის მფლობელი და მან ასევე მესამედ მოიპოვა ოქროს გლობუსი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

1979 წელს ჯეინ ფონდამ დაიმსახურა რიგით მეორე ბრიტანული კინო აკადემიის ჯილდო ფილმში „ჩინური სინდრომი“ მონაწილეობისთვის. აღნიშნულ ფილმში მონაწილეობისთვის ის ასევე ნომინირებულ იქნა ოსკარის ცერემონიალსა და ოქროს გლობუსზე როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. იმავე წელს, ფონდამ მონაწილეობა მიიღო სათავგადასავლო ფილმში „მექანიკური მხედარი“, სადაც მას პარტნიორობას კვლავ რობერტ რედფორდი უწევდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ფილმს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა კინო კრიტიკოსების მიერ, ის 1979 წელს რიგით მეთერთმეტე ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად დასახელდა. ფილმის მიერ მიღებული საერთო შემოსავალი 62 მილონ დოლარს უტოლდებოდა.

სამსახიობო კარიერა 1980-1990იან წლებში რედაქტირება

1980 წელს ჯეინ ფონდამ მონაწილეობა მიიღო ფილმში „ცხრიდან ხუთამდე“. ფილმმა არნახული წარმატება მოიპოვა, 1980 წელს ის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმთა შორის რიგით მეორე იყო.

ფონდას დიდი ხნის განმავლობაში სურდა ემუშავა ფილმზე მამასთან ერთად, თვლიდა რომ ეს მათ ურთიერთობებს უფრო განამტკიცებდა. მან ამ მიზანს მიაღწია როდესაც მონაწილეობა მიიღო ფილმში „ოქროს ტბორზე“. ეს იყო პირველი მამა-შვილის დუეტი, რომელიც ნომინირებულ იქნა ოსკარების ცერემონიალზე. აღნიშნულ ფილმში მონაწილოებისთვის, ჯეინის მამამ, ჰენრი ფონდამ დაიმსახურა მისი პირველი აკადემიური ჯილდო როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ავადმყოფობის გამო ჯილდოს აღება ჯეინს მოუწია მამის მაგივრად. ხუთი თვის შემდეგ ჰენრი ფონდა გარდაიცვალა.

1980-იან წლებში ფონდა წარამატებით განაგრძობდა მის კინო კარიერას. 1984 წელს მან მოიპოვა ამერიკული სატელევიზიო პრემია „ემის ჯილდო“ წამყვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „თოჯინას შემქმნელი“.

1986 წელს ფონდამ მონაწილეობა მიიღო ფილმში „მორიგი დილა“ სადაც ის ალკოჰოლზე დამოკიდებული მსახიობის როლს ასრულებს, რომელიც ეჭვმიტანილი იყო მკვლელობაში. 1990-იანი წლების ბოლოს მსახიობი გამოჩნდა ფილმში „ძველი გრინგო“, რომელსაც მოჰყვა 1990 წელს გადაღებული ფილმი „სტენლი და აირისი“, სადაც ფონდას პარტნიორობას ამერიკელი მსახიობი რობერტ დენირო უწევდა. ეს იყო მისი უკანასკნელი ფილმი მომდევნო 15 წლის განმავლობაში.

სპორტული აქტივობა და სავარჯიშო ვიდეოები რედაქტირება

ფორმის შესანარჩუნებლად ჯეინ ფონდა წლების განმავლობაში იყო დაკავებული ბალეტით ფილმში „ჩინური სინდრომი“ მონაწილეობისას მსახიობმა ფეხის დაზიანება მიიღო რის გამოც ის ბალეტს ვეღარ დაუბრუნდა. ორგანიზმის გაძლიერების მიზნით ჯეინი აერობიკით დაკავდა ლენი კაზდენის მეთვალყურეობით. ლენისგან მიღებული ცოდნა დაეხმარა ფონდას შეემუშავებინა „ჯეინ ფონდას ვარჯიშების ციკლი“ რომელმაც არნახული საზოგადოებრივი პოპულარობა მოიპოვა.

1982 წელს ფონდამ მისი პირველი სავარჯიშო ვიდეო გამოუშვა, აგრეთვე გამოსცა წიგნი „ჯეინ ფონდას სავარჯიშო წიგნი“. მისი ვარჯიშის ვიდეოები წლების განმავლობაში ითვლებოდა ყველაზე მაღალშემოსავლიანად ამ სფეროში. 1995 წლისთვის მას უკვე გამოცემული ჰქონდა 5 წიგნი ვარჯიშის შესახებ და 13 აუდიო პროგრამა. 15 წლიანი პაუზის შემდეგ 2010 წლისთვის ჯეინ ფონდამ გამოუშვა ორი ახალი სავარჯიშო ვიდეო, რომელიც მიმართული იყო შედარებით ასაკოვანი აუდიტორიისთვის.

2005 წლიდან დღემდე რედაქტირება

1991 წელს ჯეინ ფონდამ კინო ინდუსტრიიდან წასვლის შესახებ გააკეთა განაცხადი, 2005 წლის მაისში კი დაბრუნდა ფილმით „მონსტრი დედამთილი“ ჯენიფერ ლოპეზთან ერთად. ორი წლის შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო ფილმში „ჯორჯიას წესები“. 2009 წელს ფონდა 1963 წლის შემდეგ პირველად დაუბრუნდა ბროდვეის თეატრს სადაც სპექტაკლში „33 ვარიაცია“ მიიღო მონაწილეობა. წამყვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფონდამ ტონის ნომინაცია დაიმსახურა.

2011 წელს მან წამყვანი როლი შეასრულა ფილმში „ყველანი ერთად“. იმავე წელს ფონდამ მონაწილეობა მიიღო ფილმში „მშვიდობა, სიყვარული და გაუგებრობა.“ 2012 წელს მან შეასრულა მსხვილი მედია კომპანიის ხელმძღვანელის როლი , HBO-ს მიერ შექმნილ პოლიტიკურ დრამაში „საინფორმაციო სამსახური“. აღნიშნულ სერიალში ფონდა სამი სეზონი განმავლობაში მონაწილეობდა. მან ორჯერ მოიპოვა ამერიკული სატელევიზიო პრემია „ემის ჯილდო“ საუკეთესო მოწვეული მსახიობის ტიტულით.

2013 წელს ფონდას ეპიზოდური როლი ჰქონდა ფილმში „მსახურთუხუცესი“ სადაც ის პირველ ლედის, ნენსი რეიგანს ასახიერებდა. მომდევნო წლებში, მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე კომედიური ჟანრის ფილმში, ჯეინი აგრეთვე ახმოვანებდა ანიმაციური ფილმ „სიმფსონების“ ერთ-ერთ პერესონაჟს.

2015 წელს ფონდამ მონაწილეობა მიიღო პაოლო სორენტინოს ფილმში „ახალგაზრდობა“, მამები და ქალიშვილები”. იმავე პერიოდში ფონდამ მონაწილეობა მიიღო ნეტფლიქსის ცნობილ სერიალში „გრეისი და ფრენკი“. 2017 წელს ჯეინისთვის რიგით მეოთხე კოლაბორაცია შედგა მსახიობ რობერტ რედფორდთან ფილმში „ჩვენი სულები ღამით“. 2018 წელს კი მან მონაწილეობა მიიღო ფილმში „წიგნის კლუბი“, მიუხედავად, იმისა რომ ფილმს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა კრიტიკოსების მიერ, ფილმი მაღალშემოსავლიანი გამოდგა.

2018 წელს HBO-მ გადაიღო ბიოგრაფიული სერიალი „ჯეინ ფონდა 5 მოქმედებაში“ სადაც აღწერილია მსახიობის ბავშვობის პერიოდი, სამსახიობო კარიერა და პოლიტიკური აქტივიზმი მიმდინარე პერიოდამდე. სერიალის გადაღებებში თავად ჯეინიც ღებულობდა მონაწილეობას.

პოლიტიკური აქტივიზმი რედაქტირება

ჯეინ ფონდა ცნობილი პაციფისტია. თავად პაციფიზმი ომის საწინააღმდეგო მოძრაობაა, რომლის წევრები გმობენ ყოველგვარ ძალადობას, უარყოფენ რა სამართლიანი განმათავისუფლებელი ბრძოლის გამართლებულობას.

ფონდა 1960-იანი წლებიდან აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ აქტივიზმში ადამიანთა სამოქალაქო უფლებათა დასაცავად. ის აგრეთვე წლების განმავლობაში ჩართული იყო ვიეტნამის ომის წინააღმდეგ მიმართულ სამოქალაქო მოძრაობებში. ფონდას ვიზიტებმა საფრანგეთში განაპირობა მისი დაახლოება ფრანგ მემარცხენე ინტელექტუალებთან, რომლებიც ომს ეწინააღმდეგებოდნენ.

სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, ჯეინ ფონდა მხარს უჭერდა ამერიკელი ინდიელების მიერ 1969 წელს ალკატრაზის კუნძულების ოკუპაციას, რომელიც განასახიერებდა ბრძოლის საშუალებას დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე.

1970იანი წლების დასაწყისში ჯეინ ფონდა მხარს უჭერდა რევოლუციონერ მარქსისტ-ლენინისტ ჰიუ ნიუტონსა და“ შავი პანტერების“ პილიტიკურ მოძრაობას. მისი სიტყვებით: „რევოლუცია სიყვარულის აქტია; ჩვენ რევოლუციის შვილები ვართ, მეამბოხეებად დაბადებული, ეს ჩვენს სისხლშია.“ ჯეინი მოძრაობა „შავი პანტერების“ წარმომადგენლებს რევოლუციურ ავანგარდად მიიჩნევდა „ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ სიყვარულით, ფინანსური და პროპაგანდისტული საშუალებებით, რისკის ფასად“ 1970 იან წლებში ჯეინ ფონდა შეუერთდა ფემინისტურ მოძრაობას სამოქალაქო უფლებათა დასაცავად.

ვიეტნამის ომის წინააღმდეგობა რედაქტირება

1970 წლის აპრილს ჯეინ ფონდამ ფრედ გარდენერთან და დონალდ საზერლენდთან ერთად შექმნა FTA Tour – “Free the Army”, რის მიზანსაც წარმოადგენდა არმიის თავისუფლება. საგზაო ტური ომის წინააღმდეგ იყო მიმართული. აღნიშნული ტური ფონდას მიერ აღწერილი იყო როგორც „ პოლიტიკური ვუდევილი“, რომლის ფარგლებშიც მან მოინახულა დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ არსებული სამხედრო ქალაქები. მას სურდა სამხედროებთან ეწარმოებინა დიალოგი ვიეტნამის ომის თაობაზე. მოგვიანებით დიალოგი გამოყენებულ იქნა 1972 წელს გამოშვებულ ფილმ (F.T.A)-ში, რომელშიც აღბეჭდილი იყო ომისადმი გულწრფელი კრიტიკა შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების მიერ.

1970 წელს ნიუ მექსიკოს ერთ-ერთ უნივერსიტეტში გამოსვლისას ჯეინ ფონდა საზოგადოებას მიმართავდა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე პირთა უფლებათა დასაცავად. მოხსენების შემდეგ, აუდიტორიაში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, დუმილი დაარღვია არა ფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პოეტმა გრეგორი კროსკომ, რომელიც სცენაზე ავარდა და დამსწრე საზოგადოების წინაშე მიმართა ჯეინ ფონდას, თუ რატომ არ გამოეხმაურა ის ოჰაიოს ეროვნული გვარდიის მიერ 4 სტუდენტის მკვლელობის ტრაგიკულ ამბავს.

ჯეინ ფონდა თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში იხსენებს: „შოკირებული ვიყავი ახალი ამბით, თავს სულელად ვგრძნობდი“ იმავე დღეს, იგი შეუერთდა საპროტესტო მსვლელობას უნივერსიტეტის პრეზიდენტის ფერელ ჰედის სახლის მიმართულებით.

მომიტინგეების სლოგანი იყო: „ისინი სტუდენტებს ესვრიან, არა?“ აღნიშნული ფრაზა ეხმიანებოდა ჯეინ ფონდას მონაწილეობით გადაღებულ ახალ ფილმს სახელწოდებით „ მათ ცხენებს ესროლეს, არა?“

იმავე წელს ფონდა ომის წინააღმდეგ გამოვიდა ვიეტნამის ვეტერანების მიერ გამართულ მსვლელობაზე პენსილვანიაში. ომის წინააღმდეგ მებრძოლ ვიეტნამის ვეტერანებს ფონდამ დახმარება შესთავაზა ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ამ დღეს ჯეინ ფონდა დაჯილდოვდა საპატიო ეროვნული კოორდინატორის ტიტულით. 1970 წლის 3 ნოემბერს ჯეინ ფონდამ აქტიურად დაიწყო ფონდების მოზიდვა ორგანიზაციის დახმარების მიზნით. როგორც, ნიუ იორკ თაიმსის ერთ-ერთ გამოცემაში იყო ნახსენები ფონდა ორგანიზაცია „ ომის წინააღმდეგ მებრძოლი ვიეტნამელი ჯარისკაცების“ მთავარი მფარველი გახდა.

1971 წელს ჯეინი ეწვია ვიეტნამის დედაქალ ჰანოის ადგილობრივი მოსახლეობისა და ამერიკელი ტყვეების მოსანახულებლად. მან ფრონტის ხაზიდან კიდევ ერთხელ დაგმო ომი და მხარეებს მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდა.

1970 წლის დაპატიმრება რედაქტირება

1970 წლის 3 ნოემბერს ჯეინ ფონდა დააკავეს ნარკოტიკების გადაზიდვის ბრალდებით კლივლენდ ჰოპკინსის საერთაშორისო აეროპორტში. მისი ბარგის ჩხრეკა ჩატარდა მას შემდეგ რაც ფონდა ამერიკაში დაბრუნდა კანადიდან, სადაც ის სხვადასხვა უნივერსიტეტში ომის საწინააღმდეგო კამპანიის წარმოების მიზნით იმყოფებოდა.

ჩხრეკის შედეგად მას ჩამოართვეს აბების შემცველი კაფსულა. მიუხედავად იმისა რომ ფონდა აპროტესტებდა დაკავებას და აცხადებდა რომ ეს აბები ჯანმრთელობისთვის უვნებელი იყო პოლიციამ ის მაინც დააყოვნა და გარკვეული პერიოდის შემდეგ გაანთავისუფლა. ფონდას მტკიცებით ოფიცერი თეთრი სახლის პირდაპირი ბრძანებით მოქმედებდა ნიქსონის კაბინეტის პერიოდში. წლების შემდეგ, როგორც ჯეინ ფონდა წერს: „მე მათ განვუმარტე აბების დანიშნულება, თუმცა, ოფიცრებმა განაცხადეს რომ ისინი მითითებებს თეთრი სახლიდან იღებდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს სკანდალი გამოიწვევდა უნივერსიტეტებში ომის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გაუქმებას და ჩემს დისკრედიტაციას.“ მას შემდეგ, რაც ლაბორატორიულმა ტესტებმა დაადასტურა, რომ აბები ნამდვილად სამედიცინო დანიშნულების იყო, გახმაურებული ამბის მიმართ მედია ინტერესმა იკლო.

დაკავების პერიოდში გადაღებულმა ფოტომ, სადაც ჯეინ ფონდა აჩვენებს მუშტს სოლიდარობის ნიშნად, დაიმსახურა ფართო საზოგადოებრივი ინტერესი. აღნიშნული ფოტო გამოყენებულ იქნა 2018 წელს HBO-ს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმისთვის სახელწოდებით „ ჯეინ ფონდა ხუთ მოქმედებაში.“

ფემინიზმი რედაქტირება

ფემინიზმი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორება მამაკაცებთან ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა.

1970-იანი წლებიდან დღემდე ჯეინ ფონდა აქტიურად იბრძვის ქალთა ჯგუფების მხარდასაჭერად. ის არაერთი საზოგადოებრივი კამპანიის მონაწილეა, რომლის მიზანს ქალთა უფლებათა დაცვა და მათი სოციალური როლის განვითარება წარმოადგენს.

ფონდა აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ მოძრაობაში „V-day” რომელიც მიმართული იყო გოგონათა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. 2001 წელს, მან დააარსა ჯეინ ფონდას ცენტრი მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის ემორის უნივერსიტეტში, ატლანტაში, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდთა ორსულობის პრევენციას.

2002 წლიდან ფონდა აქტიურად იბრძოდა თალიბანის მიერ ქალთა გაუპატიურების მასობრივი შემთხვევების წინააღმდეგ, ის აგრეთვე საჯაროდ უპირისპირდებოდა კენიის ელიტებს, გოგონათა წინდაცვეთის ტრადიციის აღსაკვეთად.

2004 წლის 16 თებერვალს, ჯეინ ფონდამ ფემინისტ აქტივისტებთან ერთად გამართა საპროტესტო მსვლელობა მექსიკის ქალაქ სიუად იურესში ქალთა უფლებათა დაცვის მიზნით. საპროტესტო მსვლელობის ფარგლებში ჯეინ ფონდა მოუწოდებდა მექსიკის სახელისუფლებო პირებს გამოეყენებინათ ყველა საჭირო რესურსი სასაზღვრო ქალაქში ასობით ქალის მკვლელობის გამოსაძიებლად.

2006 წლის სექტემბერში, ფონდა გაემგზავრა შვედეთში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, ახალი პოლიტიკური პარტია „ფემინისტური ინიციატივის“ მხარდასაჭერად.

მის ავტობიოგრაფიულ წიგნში ფონდა აღწერს, რომ ის პატრიარქატს ზიანის მომტან სოციალურ სისტემად მიიჩნევდა როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. ჯეინი აგრეთვე აღნიშნავს, რომ დიდი ხნის განმავლობაში მას ეშინოდა საკუთარი თავი მოეხსენებინა ფემინისტად , რადგან მიაჩნდა, რომ ყველა ფემინისტი მამაკაცების წინააღმდეგ არის განწყობილი. მას შემდეგ რაც მან აიმაღლა ცნობიერება პატრიარქალური წყობის შესახებ, ჯეინ ფონდამ ირწმუნა, რომ ფემინიზმი იდეოლოგიური თვალსაზრისით სასარგებლოა ორივე მხარისთვის.

ადგილობრივი ამერიკელები რედაქტირება

1970 წელს ფონდა გაემგზავრა სიეტლში ადგილობრივი ამერიკელების მხარდასაჭერად, რომლებსაც ბერნი უაიტბერი ხელმძღვანელობდა. აღნიშნულმა ჯგუფმა მოახდინა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ფოსტის, ფორტ ლოუტონის ნაწილობრივი ოკუპაცია. მათ მთავარ მიზანს წარმოადგენდა მათი კუთვნილი ტერიტორიის დაცვა. „ინდიელებს უნდა ჰქონდეთ უფლება იმ მიწაზე, რომელიც თავდაპირველად მათ საკუთრებას წარმოადგენდა.“ საბოლოოდ აჯანყებულთა მცდელობა წარმატებით დასრულდა ქალაქში კულტურული ცენტრის დაარსებით.

ჯეინ ფონდას კრიტიკა მიმართული იყო აგრეთვე ნავთობ მწარმოებელი კომპანიების მისამართით, რომლებსაც ადგილობრივი ამერიკელების ნებართვის გარეშე გაყავდათ მილსადენები მათ ტერიტორიაზე.

2017 წელს დონალდ ტრამპის მანდატის პერიოდში ჯეინ ფონდამ მწვავედ გააკრიტიკა პრეზიდენტი ჩრდილოეთ დაკოტაში მილსადენების მშენებლობის განახლების ინიციატივისთვის. მან განაცხადა: „ტრამპის მოწოდებები უკანონოა, რადგან მას არ მიუღია თანხმობა ადგილობრივი მოსახლეობისგან.“ ფონდა აგრეთვე მოუწოდებდა ამერიკის ხელისუფლებას შეესრულებინათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მოეხდინათ ზარალის ანაზღაურება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტი რედაქტირება

2002 წელს ჯეინ ფონდა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში ეწვია ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს. ჯეინ ფონდა და ომის წინააღმდეგ მიმართული საზოგადოებრივი მოძრაობა „ქალები შავებში“ ერთად აპროტესტებდნენ ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორის ოკუპაციას. იგი მოგვიანებით ეწვია იერუსალიმის საავადმყოფოში მყოფ ებრაელ და არაბ ექიმებსა და პაციენტებს, რასაც შემდგომ მოჰყვა რამალაში ვიზიტი ფიზიკური რეაბილიტაციის ცენტრისა და პალესტინის ლტოლვილთა ბანაკის მოსანახულებლად.

2009 წლის სექტემბერში, ჯეინ ფონდა იყო ერთ-ერთი იმ 1500 ხელმომწერ პირთა შორის, რომლებიც აპროტესტებდნენ 2009 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინო ფესტივალის გადაწყვეტილებას ფოკუსი თელ ავივზე გაეკეთებინათ. პროტესტის შემცველ წერილში აღნიშნულია, რომ თელ ავივზე ყურადღების გამახვილება ისრაელის პროპაგანდისტული მანქანის ნაწილია, რადგან აღნიშნულ გეგმა ისრაელის მთავრობისგან ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობდა. ისრაელის გენერალური კონსულის, ამირ გასინის განმარტებით , აღნიშნული ინიციატივის მიზანს პალესტინა-ისრაელის კონფლიქტისგან ყურადღების გადატანა წარმოადგენდა.

ჯეინ ფონდას გარდა, ხელმომწერთა შორის იყვნენ: ამერიკელი მსახიობი დენი გლოვერი, მუსიკოსი დევიდ ბირნი, ჟურნალისტი ჯონ პილგერი, მწერლები ალისა უოკერი, ნაოიმი კლეინი და ჰოვარდ ზინი.

მარვინ ჰერის, ადამიანთა უფლებათა ორგანიზაცია ე.წ „SWC-ს“ დამფუძნებელის განცხადებით: „ის, ვინც მსგავს საპროტესტო წერილს უჭერს მხარს, ხელს უშლის ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ორმხრივ დარეგულირებას. თელ ავივის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებით, ისინი მხარს უჭერენ მხოლოდ პალესტინის სახელმწიფოებრივ ინტერესს, რაც ისრაელის სახელმწიფოს განადგურების ტოლფასია“

მოგვიანებით ჯეინ ფონდამ მის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის გარკვეულწილად ნანობდა პროტესტის გამოხატვას წერილობით ფორმას, რამაც მარტივი გახადა მისი არასწორი ინტერპრეტაცია. რეალურად საპროტესტო წერილის მოტივს არ წარმოადგენდა ებრაელი კინო რეჟისორებისა და მათი ფილმების დემონიზაცია.

ფონდას თქმით: „ისრაელის მხრიდან ღირსეული საქციელი იქნებოდა ხელი შეეწყო ღაზას სექტორის ბლოკადის დასრულებისა და დასავლეთ სანაპიროს ექსპანსიის შეჩერებისთვის, კონფლიქტის ყველა მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოების გზით. ეს იყო რეალური გზა ისრაელისთვის ხელი შეეწყო მსოფლიო მშვიდობის მშენებლობისთვის. სხვა მხრივ კონფლიქტის ორმხრივი დარეგულირება ვერ მოხდება.

ფონდამ აგრეთვე ხაზგასმით განმარტა, რომ ის არ არის ისრაელის სახელმწიფოს განადგურების მომხრე, მისთვის მნიშვნელოვანია საკითხის ორმხრივი გადაწყვეტა. „ბევრჯერ ვყოფილვარ ისრაელში, მიყვარს ეს ქვეყანა, იქ ბევრი მეგობარი მყავს“ The huffington post-ის ინტერვიუს არაერთი ებრაელი გამოეხმაურა, რომლებიც გმობდნენ ჯეინ ფონდას წინააღმდეგ მიმართულ შეურაცხმყოფელ ბრალდებებს და მას მოიხსენიებდნენ როგორც ისრაელის ძლიერ მხარდამჭერსა და მეგობარს.

ერაყის ომის წინააღმდეგობა რედაქტირება

ჯეინ ფონდა ამტკიცებდა რომ სამხედრო კამპანია ერაყში, მსოფლიოს ამერიკის წინააღმდეგ განაწყობდა, რაც ომის შემდგომ ქვეყნას გლობალური ტერორისტული საფრთხის წინაშე დააყენებდა.

2005 წლის ივლისში ჯეინ ფონდამ დაანონსა, რომ 2006 წლის მარტისთვის ანტისაომარ კამპანიას მოაწყობდა თავის ქალიშვილთან და სამხედრო ვეტერანთა რამდენიმე ოჯახთან ერთად, თუმცა, მოგვიანებით ფონდამ აღნიშნული ტურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო , რათა საზოგადოებრივი ყურადღება სინდი შიჰანის ანტისაომარი კამპანიისკენ მიმართულიყო. სინდი შიჰანი ამერიკელი ომის მოწინააღმდეგე აქტივისტია, რომლის ვაჟიც აშშ-ს არმიის სპეციალისტი კეისი შიჰანი ერაყის ომში მტრის მიერ იქნა მოკლული.

2005 წლის სექტემბერში, ფონდას დაგეგმილი ჰქონდა ბრიტანელ პოლიტიკოსთან და ომის მოწინააღმდეგე აქტივისტთან ჯოჯრ გალოუეისთან ერთად ეწარმოებინა ანტისაომარი კამპანიები ჩიკაგოში, მედისონსა და ვისკონსინში. ფონდას აღნიშნული ტურნეს გაუქმება მოუწია ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

2007 წლის 27 იანვარს , ფონდამ მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ ანტისაომარ მსვლელობაში , სადაც განაცხადა, რომ : „დუმილი აღარ არის არჩევანი.“

ენვირომენტალიზმი რედაქტირება

ტერმინი ენვირომენტალიზმი XX საუკუნის 50-იანი წლებიდან გამოიყენება, აღნიშნავს იდეებსა და თეორიებს, რომელთა ძირითადი მრწამსი ისაა, რომ ადამიანური ცხოვრება მხოლოდ ბუნებრივი სამყაროს კონტესქტში შეიძლება იყოს გაგებული.

ჯეინ ფონდა წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული გარემოსდაცვით სამოქალაქო კამპანიებში კლიმატური ცვლილებების შედეგებთან ბრძოლის მიზნით. 2015 წელს, სანდენსის კინო ფესტივალზე ჯეინ ფონდამ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გააკრიტიკა. კრიტიკის მიზეზს წარმოადგენდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება ეწარმოებინა ექსპედიცია არქტიკაზე ნავთობის მოძიების მიზნით.

ივლისში ფონდამ მონაწილეობა მიიღო ტორონტოს საპროტესტო მსვლელობაში. მსვლელობის ძირითად საკითხებს წარმოადგენდა უმუშევრობა, სამართლიანობა და ეკოლოგიური პრობლემები. აღნიშნულ მსვლელობას ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია, პროფკავშირები და გარემოს დაცვის აქტივისტები შეუერთდნენ. მათ შორის იყო ცნობილი კანადელი მწერალი და სოციალური აქტივისტი ნაომი კლეინი.

ჯეინ ფონდა, აგრეთვე ეწინააღმდეგება ნავთობის ინდუსტრიის განვითარებას. წინააღმდეგობის მთავარ მიზანს მძიმე ეკოლოგიური პრობლემები წარმოადგენს. 2017 წელს, არასამთავრობო ორგანიზაცია “GreenPeace"-ის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მსვლელობაში, ფონდამ კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრიუდო გააკრიტიკა.კრიტიკის მიზეზს წარმოადგენდა პარიზის შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა. აღნიშნული შეთანხმება 2016 წელს გლობალურ სამიტზე, „გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის“ ფარგლებში გაფორმდა. პარიზის ხელშეკრულების გათვალისწინებით ტრიუდომ საზოგადოების წინაშე განაცხადა რომ ყველა საჭირო ზომას მიიღებდა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ჯეინ ფონდას თქმით, აღიშნულ პრობლემასთან ბრძოლის მიზნით პრემიერს არცერთი დაპირება შესრულდა.

2019 წლის ოქტომბერში ჯეინ ფონდა ზედიზედ სამჯერ დააკავეს ვაშინგტონის კაპიტოლიუმის შენობის გარეთ გარემოსდამცველთა საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის. ფონდა დაკავებულ იქნა დაჯგუფება „Oil Change International“-ის წევრების მიერ 11 ოქტომბერს ამერიკელ მსახიობ სემ უორესტონთან ერთად, 25 ოქტომბერს მსახიობ ტედ დენსონთან ერთად და 1 ნოემბერს ქეტრინ კინერთან და როზანა არკეტთან ერთად.

პირადი ნაშრომები რედაქტირება

2005 წლის 4 აპრილს, გამომცემლობა “Random House”-მა გამოსცა ჯეინ ფონდას ავტობიოგრაფიული წიგნი “ამ დრომდე ჩემი ცხოვრება“. წიგნი სამი ნაწილისგან შედგება, ყოველი ნაწილი აღწერს მისი შემოქმედების 30 წელს, ფონდას თქმით, წიგნის მესამე ნაწილი მისთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი იქნება. ავტობიოგრაფიული წიგნის მესამე ნაწილში აღწერილი იქნება ფონდას ცხოვრების ის მომენტები რომლის გამოც ის საზოგადოების ცნობიერებაში დარჩება.

ფონდას ავტობიოგრაფიულმა წიგნმა კრიტიკოსთა დადებითი შეფასება დაიმსახურა. ვაშინგტონ პოსტში გამოცემულ მიმოხილვაში, კრიტიკოსებმა აღნიშნეს: „წიგნი ისეთივე მიმზიდველი და მგზნებარეა როგორც თავად ჯეინი.“ ნიუ იორკ თაიმსმა წიგნს „მღელვარე მწუხარება“ უწოდა.

2009 წლის იანვარში ჯეინ ფონდამ დაიწყო ბლოგის წარმოება ისეთ თემებზე როგორიცაა: ჯანსაღი ცხოვრების წესი, შიშისა და მღელვარების დაძლევა, ახალი გამოწვევების მიღება. ფონდას ბლოგი განთავსებულია მისი პირადი „Facebook“-ისა და „Twitter“-ის გვერდებზე.

2011 წელს ჯეინ ფონდამ გამოსცა ახალი წიგნი სახელწოდებით : „Prime time: Love, sex, health, fitness, friendship, spirit – making the most of your life.” წიგნში აღწერილია ისტორიები ფონდას პირადი ცხოვრებიდან და აგრეთვე ისტორიები სხვა ადამიანების პირადი ცხოვრებიდან. ავტორი მკითხველს თავის პირად გამოცდილებას და ხედვას უზიარებს ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

საქველმოქმედო საქმიანობა რედაქტირება

ჯეინ ფონდას საქველმოქმედო საქმიანობა კავშირში იყო ახალგაზრდებთან, განათლებასთან, მოზარდთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან, გარემოს დაცვასთან, ადამიანთა უფლებებთან და ხელოვნებასთან.

ჯეინ ფონდა წლების განმავლობაში აქვეყნებდა უაღრესად წარმატებულ სავარჯიშო ვიდეო პროგრამებსა და წიგნებს, რაც დაეხმარა მას ლობისტური ორგანიზაციის „კამპანია ეკონომიკური დემოკრატიისთის“ დასაფინანსებლად. აღნიშნული ორგანიზაცია ფონდამ მის მეორე მეუღლესთან ერთად, ტომ ჰეიდენთან ერთად დააარსა 1978 წელს.

1990-იან წლების შუა პერიოდში ფონდამ დააარსა ორგანიზაცია “GCAPP” მოზარდთა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის. 1990-იანი წლების ბოლოს კი დაარსდა ფონდას საოჯახო ფონდი. 2000-იანი წლების შუა პერიოდში, 2004 წელს მან დააარსა თავისი სახელობის „ჯეინ ფონდას საქველმოქმედო ფონდი“ რომელშიც შემოწირულობის სახით გადარიცხა 1 მილიონი დოლარი თავისი პირადი ფინანსებიდან. აღნიშნულ ფონდში ჯეინი ერთდროულად ითავსებს პრეზიდენტის, დირექტორისა და მდივნის უფლებამოსილებებს.

2017 წლიდან ფონდამ მის პირად ვებ-გვერდზე სხვადასხვა ნივთის გაყიდვა დაიწყო 1970 წლის დაკავების პერიოდში გადაღებული ცნობილი ფოტოს გამოსახულებით. მიღებული ფინანსური რესურსები საქველმოქმედო ხასიათის იყო და ის GCAPP-ის ფონდში ჩაირიცხა.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ჯეინ ფონდამ სამჯერ იქორწინა და სამჯერ განქორწინდა. მისი პირველი მეუღლე ფრანგი კინო-რეჟისორი როჯერ ვადიმი იყო, რომელზეც 1965 წლის 14 აგვისტოს იქორწინა ლას ვეგასში, სასტუმრო „Dunes Hotel“-ში პირველი ქორწინებიდან ფონდას ქალიშვილი, ვანესა ვადიმი შეეძინა 1986 წლის 28 სექტემბერს, პარიზში. გოგონას სახელი ცნობილი მსახიობისა და პოლიტიკურ აქტივისტის ვანესა რედგრეივის საპატივცემულოდ დაარქვეს.

1973 წლის 19 იანვარს, მას შემდეგ რაც ჯეინ ფონდამ მიიღო განქორწინების დოკუმენტი ვადიმისგან, მან მეორედ იქორწინა პოლიტიკურ აქტივისტ ტომ ჰეიდენზე. ცერემონია ოჯახის ვიწრო წრეში, პირად სახლში გაიმართა “Laurel Canyon”-ში. წყვილს საერთო ვაჟი ტროი გერეტი 1973 წლის 7 ივლისს, ლოს ანჯელესში შეეძინათ.

1982 წელს ფონდამ და ფეიდენმა აფრო-ამერიკელი თინეიჯერი გოგონა იშვილეს სახელად მერი ლუანა უილიამსი. გოგონას ბიოლოგიური მშობლები სოციალისტურ-პოლიტიკური მოძრაობა „შავი პანტერების“ მიმდევრები იყვნენ. ფონდა და ჰეიდენი განქორწინდნენ 1990 წლის 10 ივნისს, სანტა მონიკაში.

ჯეინ ფონდას მესამე ქმარი ამერიკული საინფორმაციო არხის CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი იყო, რომელზეც მან 1991 წლის 21 დეკემბერს ფლორიდაში იქორწინა. წყვილი განქორწინდა 2001 წლის 22 მაისს ატლანტაში.

2009 წელს ფონდამ დაიწყო პირადი ურთიერთობა პროდიუსერ რიჩარდ პერთან. 2017 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ჯეინ ფონდა გაიზარდა როგორც ათეისტი მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისში ის გახდა ქრისტიანი. ის თავის რწმენას აღწერს როგორც „დადგენილი რელიგიის მიღმა“. ფონდას ხედვით ღმერთი „თითოეულ ჩვენგანშია, როგორც სული“ ის იოგისა და ზაზინის მიმდევარია.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1965 კეტ ბალუ Cat Ballou კათრინ ბალუ
1967 ფეხშიშველა პარკში Barefoot in the Park კორი ბრატერი
1968 ბარბარელა Barbarella ბარბარელა
1969 ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს? They Shoot Horses, Don't They? გლორია ბიტი
1971 კლუტი Klute ბრი დენიელსი
1977 ჯულია Julia ლილიან ჰელმანი
1978 შინ დაბრუნება Coming Home სალი ჰაიდი
1978 კალიფორნიული ოტელი California Suite ჰანა უორენი
1979 ჩინური სინდრომი The China Syndrome კიმბერლი უელსი
1981 ოქროს ტბორზე On Golden Pond ჩელსი თეიერი
1986 მეორე დილას The Morning After ალექს შტერნბერგერი
2009 დოქტორ პარნასის წარმოსახვა The Imaginarium of Doctor Parnassus დოქტორი პარნასი
2011 დამწყებები Beginners ჰოლი
2013 მსახურთუფროსი The Butler ნენსი რეიგანი
2014 This Is Where I Leave You This Is Where I Leave You ჰილარი ოლტმენი

ჯილდოები და დამსახურებები რედაქტირება

  • 1962 წელს ჯეინ ფონდას პენტაგონმა მიანიჭა საპატიო ტიტული „Miss Army Recruiting”
  • 1994 წელს გაეროს საზოგადოებრივმა ფონდმა მას კეთილი ნების ელჩის ტიტული უბოძა. (166)
  • 2004 წელს ელექტრონულმა საინფორმაციო გამოცემამ Women’s eNews-მა 21 საუკუნის ლიდერთა შვიდეულში წარადგინა, როგორც ადამიანი, რომელმაც შეცვალა თავისი სამყარო.
  • 2007 წელს, კანის საერთაშორისო კინო-ფესტივალზე ფონდას საპატიო „ოქროს პალმის რტოს“ ჯილდო გადაეცა კარიერული მიღწევებისთვის.
  • 2008 წლის დეკემბერში ფონდას სახელი შეყვანილ იქნა კალიფორნიის დიდების სასახლეში.
  • 2009 წლის დეკემბერში ჯეინმა გერმანიის ეროვნული მდგრადობის ჯილდო მიიღო.
  • 2017 წლის მარტში ფონდა „ოქროს კამერას“ ჯილდოს მფლობელი გახდა.
  • 2019 წლის სექტემბერში ჯეინ ფონდა მოხვდა იმ 15 ადამიანს შორის რომლებიც ბრიტანული მოდის ჟურნალ ვოგის გარეკანზე აღმოჩნდნენ, მოწვეული რედაქტორის, მეგან მარკლის გადაწყვეტილებით.
  • 2019 წელს კი მისი სახელი შეყვანილ იქნა ქალთა ეროვნული დიდების დარბაზში.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: