ჯეინ ბირკინი

ინგლისელი მსახიობი და მომღერალი

ჯეინ ბირკინი (ინგლ. Jane Birkin; დ. 14 დეკემბერი, 1946) — ინგლისელი მსახიობი, მოდელი, მომღერალი და სიმღერების ავტორი. საერთაშორისო ცნობადობა მოუტანა სერჟ გენსბურთან მუსიკალურმა თანამშრომლობამ და სასიყვარულო ურთიერთობამ.

ჯეინ ბირკინი

ბირკინი 1985 წელს
დაბადების თარიღი 14 დეკემბერი, 1946 (1946-12-14) (77 წლის)
ლონდონი, ინგლისი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • მსახიობი
  • რეჟისორი
  • სიმღერების ავტორი
  • მოდელი
აქტიური 1965-დღემდე
მეუღლე(ები) ჯონ ბერი (იქ. 1965; გან. 1968)
პარტნიორ(ებ)ი სერჟ გენსბური (1968–1980)
ჟაკ დუაიონი (1980–1991)
შვილ(ებ)ი კეიტ ბერი
შარლოტ გენსბური
ლუ დუაიონი
საიტი janebirkin.net

ბირკინმა კარიერა მსახიობობით დაიწყო. 1966 წელს მან მეორეხარისხოვანი როლები შეასრულა მიქელანჯელო ანტონიონის ფილმებში: ფოტოგადიდება და კალეიდოსკოპი. 1968 წელს ბირკინმა სერჟ გენსბურთან ერთად მონაწილეობა მიიღო რომანტიკულ ფილმში სლოგანი, რამაც მათ შორის ხანგრძლივ თანამშრომლობასა და სასიყვარულო ურთიერთობას დაუდო საფუძველი.[1] 1969 წელს მათ, როგორც მუსიკალურმა დუეტმა, გამოუშვეს სადებიუტო ალბომი ჯეინ ბირკინი/სერჟ გენსბური. 1976 წელს ბირკინმა მონაწილეობა მიიღო გინსბურგის ფილმში Je t'aime moi non plus. ამ პერიოდში მსახიობმა აგრეთვე ითამაშა აგატა კრისტის რომანების ეკრანიზაციებში, ესენია: სიკვდილი ნილოსზე (1978) და ბოროტება მზის ქვეშ (1982).

1980 წელს გენსბურთან დაშორების შემდეგ, ბირკინმა მოღვაწეობა როგორც კინოს, ასევე მუსიკის მიმართულებით განაგრძო. მან არაერთი სოლო ალბომი ჩაწერა და მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა. 1998 წელს ბირკინმა ითამაშა ფილმში ჯარისკაცის ქალიშვილი არასდროს ტირის. 2016 წელს მან მონაწილეობა მიიღო მოკლემეტრაჟიან ფილმში La femme et le TGV, რომელმაც ოსკარის ნომინაცია მოიპოვა.

1970-იანი წლებიდან მოყოლებული ბირკინი ძირითადად პარიზში ცხოვრობს. მას სამი შვილი ჰყავს: ფოტოგრაფი კეიტ ბერი, მსახიობი და მომღერალი შარლოტ გენსბური და მუსიკოსი ლუ დუაიონი.

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ჯეინ მელორი ბირკინი 1946 წლის 14 დეკემბერს ლონდონში, მარილებონის რაიონში დაიბადა. მისი დედა, მსახიობი ჯუდი კემპბელი, სასცენო როლებით იყო ცნობილი, ხოლო მამა, დევიდ ბირკინი, სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის ლეიტენანტი იყო. ბირკინი ჩელსიში გაიზარდა.[2] მას ჰყავს ერთი ძმა, ენდრიუ ბირკინი, რომელიც სცენარისტი და რეჟისორია.

17 წლის ასაკში ბირკინმა კომპოზიტორი ჯონ ბერი გაიცნო, რომელზეც 1965 წელს დაქორწინდა. 1967 წელს მათ ქალიშვილი, კეიტი, შეეძინათ. წყვილი 1968 წელს განქორწინდა.

კარიერა რედაქტირება

ადრეული სამსახიობო კარიერა რედაქტირება

1966 წელს ბირკინმა მონაწილეობა მიიღო მიქელანჯელო ანტონიონის ფილმებში: ფოტოგადიდება და კალეიდოსკოპი. 1968 წელს მან ითამაშა ფსიქოდელიური ჟანრის ფილმში Wonderwall. იმავე წელს ბირკინმა ფრანგული რომანტიკულ ფილმში სლოგანი მთავარი როლის მოპოვებისთვის შესარჩევი კონკურსი გაიარა.[3] მიუხედავად იმისა, რომ ფრანგულად არ საუბრობდა, მან როლი მოიპოვა და ფილმში სერჟ გენსბურთან ერთად ითამაშა, რამაც მათ შორის 13-წლიან სასიყვარულო ურთიერთობას დაუდო საფუძველი.[4][5] ფილმში ბირკინმა და გენსბურმა შეასრულეს სიმღერა „La Chanson de Slogan“, რაც მათი პირველი მუსიკალური კოლაბორაცია გახდა. სლოგანის გადაღების შემდეგ, ბირკინმა საფრანგეთში საცხოვრებლად დარჩენა გადაწყვიტა.[6]

სერჟ გენსბურთან თანამშრომლობა რედაქტირება

1969 წელს გენსბურმა ბირკინთან ერთად გამოუშვა სიმღერა „Je t'aime... moi non plus“ (ქართ. მიყვარხარ... არც მე), რომელიც მან თავდაპირველად ბრიჯიტ ბარდოსთვის დაწერა. სიმღერამ ცხადი სექსუალური შინაარსის გამო სკანდალი გამოიწვია და იტალიის,[7] ესპანეთისა და გაერთიანებული სამეფოს რადიოსადგურების მიერ აიკრძალა.[8]

ბირკინმა გენსურის 1971 წლის ალბომისთვის Histoire de Melody Nelson ერთ-ერთ სიმღერაში და ასევე გარეკნის ფოტოზე ლოლიტას მსგავსი პერსონაჟი განასახიერა.

1973 წელს ბირკინმა ბრიჯიტ ბარდოს პერსონაჟის საყვარლის როლი შეასრულა ფილმში დონ ჟუანი, ან დონ ჟუანი ქალი რომ ყოფილიყო.[9] იმავე წელს კრისტოფერ ლისთან და ჯოან კოლინზთან ერთად მან ითამაშა საშინელებათა ჟანრის ფილმში ბნელი საიდუმლოებები.[10]

 
ბირკინი 2001 წლის კანის კინოფესტივალზე

1975 წელს ბირკინმა მონაწილეობა მიიღო გენსბურის ეროტიულ ფილმში მიყვარხარ, არც მე, რომელშიც სექსუალური გაურკვევლობის კვლევას ვხვდებით. გაერთიანებულ სამეფოში ფილმი ბრიტანეთის ფილმების კლასიფიცირების საბჭოს მიერ აიკრძალა. ფილმში შესრულებული როლისთვის ბირკინი წარდგენილი იყო სეზარის ჯილდოზე კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი.[9]

მომდევნო პერიოდი რედაქტირება

ბირკინმა მონაწილეობა მიიღო აგატა კრისტის რომანების ეკრანიზაციებში, ესენია: სიკვდილი ნილოსზე (1978) და ბოროტება მზის ქვეშ (1982). მან რამდენიმე ალბომი ჩაწერა, მათ შორის Baby Alone in Babylone, Amours des Feintes, Lolita Go Home და Rendez-vous. 1992 წელს იგი Victoires de la Musique-ის დაჯილდოებაზე წლის ქალ არტისტად დასახელდა.[9] ბირკინმა ჟან დუაიონის ორ ფილმში ითამაშა, ესენია La fille prodigue (1981) და La pirate (1984). ამ უკანასკნელისთვის იგი სეზარის ჯილდოზე იყო ნომინირებული. 1980 წელს ბირკინმა მონაწილეობა მიიღო ჰერბერტ ვესელის ფილმში ეგონ შიელე: გადამეტება და სასჯელი, რომელშიც მან ავსტიელი მხატვრის, ეგონ შიელეს, საყვარლის როლი შეასრულა.

1998 წელს ბირკინი გამოჩნდა ჯეიმზ აივორის ფილმში ჯარისკაცის ქალიშვილი არასდროს ტირის, რომელშიც მისი სიმღერა „Di Doo Dah“ გაჟღერდა. აგრეთვე რეჟისორის 2003 წლის ფილმის განქორწინება დასკვნით ნაწილში ბირკინის მიერ შესრულებული გენსბურის სიმღერა „L'Anamour“ გაჟღერდა.[11] 2006 წელს ბირკინმა მთავარი როლი შეასრულა ოპერაში ელექტრა, რომელიც რეჟისორმა ფილიპ კალვარიომ საფრანგეთში დადგა.[9]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. From The Archive: When Vogue Captured Jane Birkin & Serge Gainsbourg In Love.
  2. McLean, Craig. (2017) Jane Birkin interview: If my songs seem painful — it's for my daughter Kate. Evening Standard.
  3. Slogan (AKA L'amour et l'amour)“. FilmAffinity. 1969.
  4. Robinson, Lisa. The Secret World of Serge Gainsbourg. Vanity Fair Pub. Co.
  5. Brierly, Dean. Serge's Stimulating Slogan. Solo Pub..
  6. Q & A: Jane Birkin. CNN (2006).
  7. Cheles, Luciano; Sponza, Lucio (2001) The art of persuasion: political communication in Italy from 1945 to the 1990s. Manchester University Press, გვ. 331. ISBN 0-7190-4170-8. 
  8. Spencer, Neil (2005). „The 10 most x-rated records“. Observer Music Monthly. London: Guardian Newspapers.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Bush, John. Jane Birkin Biography & History. AllMusic.
  10. Fenton, Harvey; Flint, David (2001) Ten Years of Terror: British Horror Films of the 1970s. FAB Press. ISBN 978-1-903254-08-0. 
  11. Phares, Heather. Le Divorce [Original Score]. AllMusic.