ჯაღმიანის კოშკი
ჯაღმიანის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯაღმიანის განაპირას, ფერდობზე. განეკუთვნება XVI-XVII საუკუნეებს.
კოშკი ზურგიანია, ოთხსართულიანი. კარი სწორკუთხაა. შესასვლელის ზემოთ მეორე და მესამე სართულების თითო ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, მეოთხე სართულზე — ფართო სწორკუთხა ღიობი. კოშკის თითოეულ სართულზე სათოფურებია. ბოლო სართულზე, ზურგის მხარეს, ორი ნისკარტისებრი სალოდეცაა. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა. კოშკი გადახურულია ბრტყელი ქვებით, რომელთა განაპირა რიგი ლავგარდანივითაა გადმოშვერილი.
კოშკის წინ გალავნით შემოფარგლული და ორ ნაწილად გაყოფილი ეზოა. აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთის მხრიდან ეზო სწორი კედლებითაა შემოზღუდული, ჩრდილოეთი კედელი მომრგვალებულია. ეზოს ორივე ნაწილს დამოუკიდებელი შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ორივე კარი სწორკუთხაა. მათ შორის ქვედა კარის არქიტრავის ქვაზე ჩაკვეთილია თაღი, რომელის შუა ნაწილში ჯვარია გამოსახული. თაღის მარჯვნივ ხელის მტევნის ჩაკვეთილი გამოსახულებაა. გალავნის შემორჩენილ კედლებში რამდენიმე სათოფური და მცირე ზომის ღრმა ნიშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 358.