ხუან ხოსე ავსტრიელი

ხუან ხოსე ავსტრიელი (ესპ. Juan José de Austria; დ. 7 აპრილი, 1629, მადრიდი, ესპანეთი ― გ. 17 სექტემბერი, 1679, მადრიდი, ესპანეთი) ― ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ის უკანონო ვაჟი მარია კალდერონისგან. ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი 1656-1659 წლებში. თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა. თავისი ნახევარ-ძმის, მეფე კარლოს II-ის რეგენტი 1677 წლიდან გარდაცვალებამდე.

ხუან ხოსე ავსტრიელი
წოდებები
ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერ-გენერალი
(1656-1659)
ესპანეთის რეგენტი
(1677-1679)
დაიბადა 7 აპრილი, 1629
მადრიდი, ესპანეთი
გარდაიცვალა 17 სექტემბერი, 1679, (50 წლის)
მადრიდი, ესპანეთი
საგვარეულო ჰაბსბურგები
მამა ფილიპე IV, ესპანეთის მეფე
დედა მარია კალდერონი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ხუან ხოსე დაიბადა 1629 წლის 7 აპრილს მადრიდში. იგი იყო ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ისა და მისი საყვარლის, მსახიობ მარია კალდერონის უკანონო შვილი. ამ დროისათვის მეფის ცოლი, დედოფალი ელიზაბეტ ფრანგი და მისი ძე, ბალთაზარ კარლოსი ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, თუმცა მოგვიანებით ორივე მათგანი დაიღუპა და ფილიპე უმემკვიდრეოდ დარჩა, რის გამოც მან 1642 წელს ხუან ხოსე თავის შვილად სცნო და გვარიც მისცა.

1647 წელს მეფემ იგი აღსაზრდელად ნეაპოლში გააგზავნა, ამასობაში კი ფილიპე თავის დისწულ მარიანა ავსტრიელზე დაქორწინდა ახალი მემკვიდრეების გასაჩენად. უკვე 1651 წელს ხუან ხოსე სიცილიის მეფისნაცვალი ხდება, თუმცა 1652 წლის ოქტომბერში თანამდებობიდან მოხსნეს და ესპანეთში დააბრუნეს, სადაც მალევე დანიშნეს კატალონიის მეფისნაცვლად.

1656 წელს მამამისმა ხუან ხოსე ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერად დანიშნა, რის შემდეგაც იგი ბრიუსელში გადადის საცხოვრებლად. აქ იგი ძირითადად ფლანდრიაში პოზიციების გამყარებასა და ფრანგების ექსპანსიის შეჩერებაზე იყო ორიენტირებული. იმავე წელს მან ფრანგები ვალენსენის ბრძოლაში დაამარცხა, რასაც მოჰყვა 1658 წელს დუნეს ბრძოლაში დამარცხება. სულ მალე ფრანგებს ინგლისელებიც შეუერთდნენ და დანკინკს შემოარტყეს ალყა, თუმცა ხუან ხოსემ მათი დამარცხება მოახერხა. მიუხედავად ამისა, მტრები წინსვლას განაგრძობდნენ, ამიტომაც მამამისმა 1659 წელს ჩამოართვა შტატჰალტერობა და ესპანეთში დააბრუნა. აქ იგი მალევე ჩაება მეზობელი პორტუგალიის წინააღმდეგ ომში. 1661-62 წლებში ცდილობდა ექსტრემადურას დაკავებას, თუმცა ამაოდ. 1663 წელს პორტუგალიელებმა ისევ ინგლისელების დახმარებით საბოლოოდ დაამარცხეს და გააძევეს ხუან ხოსე.

უკვე 1665 წელს მამამისი, მეფე ფილიპე გარდაიცვალა და ტახტი ხუან ხოსეს დაავადებულმა ნახევარ-ძმამ, კარლოს II-მ დაიკავა, რომელსაც რეგენტად დედამისი, დედოფალი მარიანა დაენიშნა. აღსანიშნავია, რომ მას დედინაცვალთან არც ისე კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. მარიანას რეგენტობისას ესპანეთში გერმანელი იეზუიტების გავლენები გაიზარდა, რაც ესპანელებში უკმაყოფილებას იწვევდა. ამან ხუან ხოსეს ხელი შეუწყო არაგონსა და კატალონიაში თავისი გავლენები გაეძლიერებინა ვალენსიის მეფისნაცვალი გამხდარიყო. მოგვიანებით იგი აშკარად დაუპირისპირდა დედოფალ მარიანას და იმდენი მოახერხა, რომ 1677 წელს რეგენტის წოდება სწორედ მას გადაეცა, თუმცა ამ ამბიდან წელიწადნახევარში, 1679 წლის 17 სექტემბერს, 50 წლის ხუან ხოსე ავსტრიელი მადრიდში გარდაიცვალა. ამის შემდეგ რეგენტობა კვლავ დედოფალ მარიანას დაუბრუნდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Madame D'Aulnoy (1930). Travels Into Spain. Oxford: OxfordCurzon, reprint of 1691.
  • Rodriguez, Ignacio Ruiz. 2007. Don Juan Jose de Austria en la monarquia hispanica: Entre La Politica, El Poder Y La Intriga. Madrid: Dykinson.
  • Jump up to: One or more of the preceding sentences incorporates text from a publication now in the public domain:
  • Hume, Martin Andrew Sharp. 1896. The year after the Armada: and other historical studies. New York: Macmillan, p. 292.