ხრესილის ბრძოლა

(გადამისამართდა გვერდიდან ხრესილის ბრძოლა 1757)
ხრესილის ბრძოლა

ხრესილის ბრძოლის სქემა
თარიღი 14 დეკემბერი, 1757
მდებარეობა ხრესილის ველი
შედეგი საქართველოს გამარჯვება
მხარეები
 იმერეთის სამეფო  ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
სოლომონ I
კაცია II დადიანი
ხუტუნია შარვაშიძე 
მამია IV გურიელი
პაპუნა წერეთელი
ბერი წულუკიძე
არჩილ ბატონიშვილი
ბესო ლორთქიფანიძე
ქაიხოსრო აგიაშვილი
კაცია კოპალიანი

გიორგი აბაშიძე
ზურაბ მიქელაძე

ოსმალეთის დროშაიანინელი ალი-ფაშა
ოსმალეთის დროშაგოლა-ფაშა  

ოსმალეთის დროშაქემხა-ფაშა  
ოსმალეთის დროშა ლევან აბაშიძე
 
ოსმალეთის დროშა როსტომ რაჭის ერისთავი
ოსმალეთის დროშა ფოთის ფაშა
ოსმალეთის დროშა ბაღდათისა და შორაპნის თავადები.

ძალები
11 000 მთავარი ჯარი
5 000 დამატებითი ძალები

სულ: 16 000 მეომარი

30 000 თურქი მეომარი
15 000 იმერეთის თურქული ციხესიმაგრეებიდან
10 000 ქართველი

სულ: 55 000 მეომარი

დანაკარგები
მცირე დანაკარგი 38 000 - 45 000
ხრესილის ბრძოლა ვიკისაწყობში

ხრესილის ბრძოლა 1757 — ქართველთა ლაშქრის ბრძოლა სოლომონ I-ის მეთაურობით ოსმალთა ლაშქრის წინააღმდეგ ხრესილის ველზე (ახლანდელი ტყიბულის ტერიტორია). სოლომონ I-ის ბრძოლამ მტკიცე სამეფო ხელისუფლების შესაქმნელად, დასავლეთ საქართველოს გასაერთიანებლად და ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ მეფესა და ოსმალებს შორის ურთიერთობა უფრო გაამწვავა. ოსმალები განსაკუთრებით ვერ ურიგდებოდნენ სოლომონის ბრძოლას ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ. თურქები დაუკავშირდნენ მეფის მოწინააღმდეგე თავადებს. მოღალატე თავადი ლევან აბაშიძე ახალციხეში ჩავიდა და თვითონ წამოუძღვა მტერს იმერეთისაკენ. დეკემბერში ოსმალთა ჯარი იმერეთში შემოვიდა.

წინაპირობები

რედაქტირება

სოლომონის ტახტზე ასვლისას დას. საქართველო გავერანებული და გაღარიბებული იყო. გურიის, ოდიშის და აფხაზეთის მთავრები თურქი ფაშების ვასალები იყვნენ. ოდიშთან ომში იმერეთი თითქმის მთლიანად გავერანდა და იგი ვეღარ ახერხებდა თუნდაც გავლენის სფეროებად ექცია სეპარატისტი მთავრები. ამას დაემატა ტყვეთა სყიდვის გაფართოება რის გამოც წელიწადში ათიათასობით ბავშვი გემებით გაჰყავდათ თურქეთის მონათა ბაზრებზე ძირითადადამ საქმიანობის ორგანიზებას ახდენდნენ ფოთის და სოხუმის ფაშები. ტყვეთა სყიდვის საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სოლომონის დედა და ბიძაც. ასევე მთავრების და აზნაურების უჯმრავლესობა.

სოლომონ I-ის იმერეთის ტახტზე ასვლას წინ უძღოდა თითქმის საუკუნოვანი არეულობა იმერეთის სამეფოში. იმერეთის ციხეებში ჩამდგარი ოსმალური გარნიზონები, ოსმალური ხარკი, მეფისა და მთავრების ურთიერთდაპირისპირება, ტყვეებით ვაჭრობა, ტახტისმაძიებელთა ინტრიგები, დასუსტებული ეკლესია ქვეყანას ანარქიაში ძირავდა. ახალგაზრდა სოლომონმა აქტიური ღონისძიებები გაატარა დასავლეთ საქართველოდან ოსმალების საბოლოო განსადევნად. შემოიკრიბა ერთგული აზნაურები და შეუდგა სამეფოს მის კონტროლ ქვეშ მყოფი სიმაგრეების გამაგრებას. 1754 წელს სოლომონმა კანონით აკრძალა ტყვეთა სყიდვა და დაუპირისპირდა ურჩ თავადებს.

ოტომანებმა დიდი ჯარი გამოგზავნეს სოლომონის და მისი მომხრეების წინააღმდეგ. მის მეთაურად დაინიშნა სერასკირი გოლა ფაშა. 1756 წელს ოტომანთა 30 ათასიანი არმია ახალციხეში შევიდა. სოლომონს და მის მომხრეებს ჯარის იმერეთში შემოსვლამდე უნდა მოემზადებინათ ნიადაგი და სწრაფად დაეწყოთ მოქმედება. იმ დროს სოლომონი ვარდციხეში იმყოფებოდა. მისმა მომხრე აზნაურებმა მეფის შედგენილი გეგმით სწრაფად დაიწყეს მოქმედება. გეგმის მიხედვით: ქაიხოსრო აგიაშვილს თავისი ორას კაციანი რაზმით ბაღდადის ციხე უნდა აეღო; გიორგი აბაშიძეს საჩხეიძეოს და სალომინაოს რაზმებით შორაპნის ციხე უნდა გაეთავისუფლებინა; ბესო ლორთქიფანიძეს ფიცის კაცთა გვარდიით და კაცია კოპალიანს თავისი 150 კაციანი რაზმით ალყა უნდა დაერტყათ ქუთაისის ციხეზე; ზურაბ მიქელაძეს სამიქელაძეოსა და სალიპარიტიანოს ძალებით გზა უნდა გადაეკეტა ეკალმუხურთან რათა შეეჩერებინა ფოთის ფაშის ჯარი. პაპუნა წერეთელი, ბერი წულუკიძე, კაცია დადიანი და ხუტუნია შერვაშიძე საერთო ძალებით მეფეს უნდა ხლებბოდნენ. თუ გეგმა გაამართლებბდა მათ გენერალური ბრძოლისთვის სპეციალურ დავალებებზე წარგზავნილი თავადებიც შეუერთდებოდნენ. მეფემ ბანაკად შეარჩია ხრესილის ველი (დღევანდელ ტყიბულის მუიციპალიტეტში), სადაც გენერალური ბრძოლა უნდა გამართულიყო.

1757 წლის დეკემბრის დასაწყისში ოსმალთა არმიის ძირითადი ნაწილი საირმის გზით და შემდეგ ხანისწყლის ხეობით იმერეთში შემოიჭრა. სოლომონის მომხრე თავადებმა ქუთაისიკენ მიმავალ გზაზე ოსმალებს პარტიზანული ბრძოლები გაუმართეს. 12 დეკემბერს გოლა ფაშა ქუთაისში შევიდა.აქ მას შეუერთდნენ ლევან აბაშიძე და როსტომ რაჭის ერისთავი საკუთარი ძალებით. აქ მათ შეიტყვეს მეფის ძირითადი არმიის სამყოფელი და მეორე დღეს ხრესილის ველისაკენ დაიძრნენ. მოკავშირეები ფოთის, შორაპნის და ბაღდადის ციხეებში მდგარი ოსმალური გარნიზონების დახმარებასაც ელოდნენ. 13 დეკემბერს ოსმალთა ჯარმა მთლიანად დატოვა ქუთაისი და ხრესილის ველზე დაბანაკდა.

პარალელურად სოლომონის გეგმა სრული წარმატებებით წარიმართა: ზურაბ მიქელაძემ ეკალმუხურთან გაანადგურა ფოთის ფაშის ჯარი, ქაიხოსრო აგიაშვილმა აიღო ბაღდადის ციხე, არჩილ ბატონოშვილი და გიორგი აბაშიძე შორაპანს დაეუფლნენ, ხოლო ბერი წულუკიძემ და კაცია კოპალიანმა ქუთაისი გაათავისუფლეს და ხრესილისკენ აიღეს გეზი.

14 დეკემბერს დაიწყო პირველი საომარი მოქმედებები. ქვეით ლაშქარს სარდლობდა ბერი წულუკიძე, რომელიც ცენტრში იყო განლაგებული. მათ უკან იდგა კავალერია, მარცხნივ პაპუნა წერეთლის, ხოლო მარჯვნივ უშუალოდ სოლომონ პირველის სარდლობით. მათ ზურგს უმაგრებდა აფხაზთა 1600 იანი ლაშქარი ხუტუნია შერვაშიძის მეთაურობით. სოლომონის მარცხნივ იდგა სალომინაოს და საკოპალიანოს რაზმები.

ოსმალთა არმია ჩვეული წესით იბრძოდა: წინ ლაშქრის დიდი ნაწილი ჯგუფებად ქმნიდნენ საერთო ფლანგებს. მათ უკან იდგნენ აქინჯიები.

ბრძოლა გამთენიისას დაიწყეს ბერი წულიკიძის ქვეითმა შენაერთებმა. მათ გაარღვიეს თურქთა მარცხენა ფლანგი. პარალელურად ცენტრისკენ შეტევაზე გადავიდნენ ცხენოსანთა შენაერთები. გათენებამდე ვერავინ აღწევდა წარმატებას. ოსმალთა სიმრავლემ თავდაპირველი წარმატება დროებით შეაჩერა. სოლომონმა გოლა-ფაშა საკუთარი ხელით მოკლა. ოსმალთა მარჯვენა ფლანგი აირია. მტრის ცენტრალური ფალანგა შეანგრიეს ბერი წულუკიძემ და პაპუნა წერეთელმა. აფხაზთა მხედრობა აკინჯებს ეკვეთა. აფხაზთა მთავარი ხუტუნია შარვაშიძე რომელიც ამ დროს უკვე 78 წლის იყო ტოლს არ უდებდა ახალგაზრდა მებრძოლებს იგი ბრძოლის ველზე დაეცა მაგრამ თან 16 თურქი მეომრის მოკვლა მოახერხა. ლევან აბაშიძე ერთ-ერთმა იმერელმა აზნაურმა მოკლა, ოსმალურმა ლაშქარმა მანევრირება ვერ შეძლო და იგი ალყაში მოექცა. ბრძოლები კიდევ ერთ დღეს გაგრძელდა და ოსმალთა არმიის უმეტესი ნაწილი განადგურდა. ველზე დაეცა მათი ყველა სარდალიც.

დეკემბრის ბოლოსთვის იმერეთის სამეფო თითქმის მთლიანად გაიწმინდა ოსმალური გარნიზონებისაგან და გავლენისაგან. სოლომონ პირველი ითვლება იმერთა აღმაშენებლად ხოლო ხრესილი მეორე დიდგორად. სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ შეიქმნა გამონათქვამი სოლომონზე „ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლჩქეფე, იმერთ მეფე“.

შედეგები

რედაქტირება

ხრესილის გამარჯვებას მოყვა ოსმალთა გეგმების სრული მარცხი. მათი გავლენის კლება რეგიონში შეუქცევად პროცესად იქცა. ოსმალებმა დაკარგეს ყველანაირი კონტროლის საშუალება იმერეთის სამეფოზე. ნელ-ნელა შემცირდა ტყვეთა სყიდვის მასშტაბები. ოსმალთა წინააღმდეგ დაიწყო ძვრები გურიაში, აფხაზეთსა და სამეგრელოში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • იობაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 508.
  • მარიამ ლორთქიფანიძე, ოთარ ჯაფარიძე, დავით მუსხელიშვილი, როინ მეტრეველი, „საქართველოს ისტორია“ ოთხ ტომად. უძველესი დროიდან ახ. წ. XX საუკუნემდე. გამომცემლობა პალიტრა L. თბილისი. 2012 წ.
  • დავით კოპალიანი "ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან". ქუთაისი. 2002 წ.
  • რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 184-187.
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი 6, თბილისი, 1973
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბილისი, 1973
  • ლევან ტყეშელაშვილი, იმერეთის მეფე სოლომონ I დიდი, ქუთაისი, 2016, გვ. 40