ხორცის ბუზები[1] (ლათ. Calliphoridae) — ორფრთიანი მწერების ოჯახი. სხეულის სიგრძე 4–16 მმ-ია, დაფარულია გრძელი და მაგარი ჯაგრით, შეფერილია შავად, ლურჯად ან მწვანედ და დასდევს ლითონისებრი ბზინვარება. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, ყველაზე დიდი მრავალფეროვნება ტროპიკულ ოლქებშია. ცნობილია 1000-ზე მეტი სახეობა. ზრდასრული ბუზების სამყოფელია ყვავილები, საჭმლის ნარჩენები, ნაკელი, ცხოველთა ლეში. ხორცის ბუზების ნაწილი ტიპური სინანთროპული (ადამიანის მეგზური) სახეობაა. დედლები დებენ კვერცხს ან მატლებს შობენ ცოცხლად. მატლები, ჩვეულებრივ, ვითარდებიან ცხოველთა ლპობად ნარჩენებზე, ექსკრემენტებზე. ზოგიერთი სახეობა წვიმის ჭიების, მოლუსკებისა და კალიების პარაზიტია. ხორცის ბუზებს შორისაა ისეთი სახეობები, რომელთა მატლები იწვევენ კანქვეშა და ჭრილობის მიაზებს — ძუძუმწოვრებში (გვარები Booponus, Lucilia და სხვ.), ბუდეში მჯდომ ბარტყებში (Protocalliphora, Tripocalliphora), ბაყაყებსა და გომბეშოებში (Bufolucilia bufonivora). ხორცის ბუზები არიან ნაწლავური ინფექციების, პოლიომიელიტის, ჰელმინთოზების გამომწვევთა გადამტანები. ხორცის ლურჯი ბუზი (Calliphora vomitoria) ლაბორატორიული კვლევების ობიექტია.[2]