მაგარკანიანი გოგრა, ჩვეულებრივი გოგრა, ხოკერა[1] (ლათ. Cucurbita pepo) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე გოგრისებრთა ოჯახისა. ღეროს სიგრძეა 5–8 სმ. ფესვი ღეროსებრია, დატოტვილი. დიდი ყვავილები აქვს. მისი სამშობლოა მექსიკა. ნაყოფი საკმაოდ მდიდარია შაქრებითა და კაროტინით. აქვს მაგარი კანი, რომელიც შედგება სკლერენქიმური ქსოვილისაგან. ნაყოფის ზომა, ფორმა და შეფერილობა სხვადასხვაგვარია. თესლი საშუალო ზომისაა, ბრტყელი, ელიფსის ფორმის.[2] რბილობი ნარინჯისფერია, ყვითელი ან მოვარდისფრო-ყვითელი. ქერქს შენახვის კარგი უნარის გამო ჭურჭლადაც იყენებენ.[3] ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. მას გოგრის სხვა სახეობებთან შედარებით საქართველოში ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს და მრავალგვარობით არის წარმოდგენილი. იმერეთში ცნობილია „ხოკერა-კვახის“, გურიაში „ხაპერას“, სამეგრელოში „ხოპეშიას“, რაჭაში საღორე კვახის, სვანეთში „კვახნეს“ სახელწოდებით. მაგარკანიან გოგრას ეკუთვნის ყაბაყი, პატისონი და კრუკნეკი.[4]