ხევისჭალის ეკლესიები

ხევისჭალის ეკლესიებიეკლესიები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევისჭალაში.

პირველი ეკლესია

რედაქტირება

პირველი ეკლესია დგას სოფლის ჩრდილოეთით 2 კილომეტრზე, ბორცვზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (8,2 X 4,9 მ), დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. ფასადების მოსაპირკეთებლად, აგრეთვე თაღებისა და პილასტრებისათვის კარგად გათლილი შირიმის ქვებია გამოყენებული. ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი, დანგრეულია სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი, მოპირკეთება მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა შემორჩენილი. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია გაჭრილი (შემორჩენილია აღმოსავლეთ წირთხლის მცირე ნაწილი). აღმოსავლეთით მოკლე მხრებითა და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღით გამოყოფილი აფსიდაა, რომლის ღერძზე სარკმელია გაჭრილი. თითო სარკმელია დასავლეთ კედელში და გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში. დასავლეთ კედელთან ჩასასვლელია, რომელიც იატაკის ქვეშ მოწყობილ საძვალეში ჩადის (მიწითაა ამოვსებული). დარბაზის გრძივი კედლების შუაში და დასავლეთ კუთხეებში შირიმის პროფილირებული კაპიტელებით დასრულებული თითო მარტივი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ნახევარწრიული საბჯენი თაღი. დარბაზი ცილინდრული კამარითაა გადახურული. ეკლესიის სამხრეთ კედელზე შირიმის ნათალი ქვით ნაგები პატარა კამაროვანი სათავსია მიდგმული. შიგნით, სათავსის ჩრდილოეთ კედელზე, მიჯრით მდებარე შირიმის ორ სწორკუთხა ქვაზე, თითო რელიეფური ჯვარია გამოყვანილი. გარედან ეკლესიის კედლები მოპირკეთებული ყოფილა სწორ, ჰორიზონტალურ რიგებად დაწყობილი შირიმის სწორკუთხა ფილებით. ეკლესიას ორსაფეხურიანი ლავგარდანი ჰქონია (შემორჩენილია რამდენიმე ქვა).

მეორე ეკლესია

რედაქტირება

მეორე ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 8 კილომეტრზე, სამწყლებად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. ეკლესია ორნავიანია, რომელსაც სამხრეთიდან და დასავლეთიდან ერთიანი გარშემოსავლელი ეკვრის (10,5 X 6,8 მ). შენობა ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და კირის დუღაბით. წყობა ირეგულარულია. კონსტრუქციული ნაწილები და შესასვლელები კარგად გათლილი შირიმის კვადრებითაა გამოყვანილი. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: მთლიანადაა დანგრეული ჩრდილოეთ ნავი, დანგრეულია მთავარი ნავის კამაროვანი გადახურვა და კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი, მთელ სიმაღლეზე განგრეულია მთავარი ნავის აფსიდა, აქა-იქ ჩამოშლილია გარშემოსავლელის კამარა. ინტერიერი ნანგრევებითა და მიწით იმდენადაა ამოვსებული, რომ ზოგ ადგილას კედლის კვალიც კი აღარ ჩანს. ეკლესიის შემორჩენილი კედლები მცენარეულობით არის დაფარული.

ბაზილიკის მთავარი ნავის ორივე შესასვლელი გარშემოსავლელიდანაა, სამხრეთიდან (ამოშენებულია) და დასავლეთიდან. აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდაა, რომლის გვერდებში თითო სწორკუთხა ნიშია. კედლების შემორჩენილ ნაწილებში სარკმლების კვალი არ ჩანს. აბსიდის სამხრეთ მხართან, სამხრეთ კედელში, შირიმით მოპირკეთებული და ბრტყლად გადახურული კარია, რომელიც მთავარ ნავს აბსიდის სამხრეთით მდებარე პატარა სწორკუთხა სათავსთან (სადიაკვნესთან) აკავშირებს. სათავსი განათებული იყო აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი სარკმლით (შემორჩენილია კვალი). ჩრდილოეთ კედელში მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. სათავსი ცილინდრული კამარით ყოფილა გადახურული, რომლისგანაც დასავლეთის მცირე ნაწილი შემორჩა. გარშემოსავლელის ორივე ნაწილი შესაბამის მხარეს თითო ფართო თაღითაა გახსნილი. დასავლეთ თაღის უმეტესი ნაწილი მიწითაა დაფარული. ამჟამად ნაწილები ერთმანეთისგან გამიჯნულია მათ საზღვარზე მოგვიანებით ამოყვანილი სქელი კედლით.

მესამე ეკლესია

რედაქტირება

მესამე ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით 500 მეტრზე, ქაჩალაურის ციხის დასავლეთით. ეკლესია დარბაზული ყოფილა. შემორჩენილია აღმოსავლეთ ნაწილის ნაშთი და დასავლეთ კედლის ნაწილი. შენობა ნაგები ყოფილა შირიმის კარგად გათლილი კვადრებით, წყობაში გამოყენებული ყოფილა ქვიშაქვის ლოდებიც.

მეოთხე ეკლესია

რედაქტირება

მეოთხე ეკლესია მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, პატარა კორომში. ძეგლი მთლიანადაა დანგრეული. შემორჩენილია ჩრდილოეთ კედლის ნაწილი რომელსაც ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს კედელი. ეკლესია ნაგები ყოფილა რიყის ქვით, ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით.

მეხუთე ეკლესია

რედაქტირება

მეხუთე ეკლესია მდებარეობს სოფლის სამხრეთით 300 მეტრზე, ვეძად წოდებულ ადგილზე, კორომში. ძეგლი როგორც ჩანს სამეკლესიანი ბაზილიკა ყოფილა. შემორჩენილია: შუა ეკლესიის აფსიდისა და აღმოსავლეთ კედლის ნაშთი და სამხრეთ ეკლესიის სამხრეთ კედლის საძირკვლის მცირე ნაწილი. შენობა ნაგები ყოფილა რიყის ქვით, ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით.

ლიტერატურა

რედაქტირება