ხაპრა-თაგვობანა (სიმულაციური მოდელირება თამაშისათვის, ანუ ტრაგიკომიკური კოშმარი ერთ მოქმედებად და შვიდ სცენად, „გორან ბრეგოვიჩი და საქორწილო და დამკრძალავი ორკესტრის“ მუსიკის თანხლებით) — პიესა, ჟანრობრივად ტრაგიკომედია, დაწერილი 2010 წელს მიხო მოსულიშვილის მიერ.

ხაპრა-თაგვობანა
ავტორი მიხო მოსულიშვილი
პერსონაჟები გოგლიკო, ელეონორა, მიაკო, ხაპ რა, ნურბუბუ, ლარვა, ციცი
პრემიერა 2017
პრემიერის ადგილი ველისციხე
ენა ქართული
ჟანრი ტრაგიკომედია
მოქმედების ადგილი წისქვილკომბინატი „დაფიონი“

სინოპსისი რედაქტირება

ამ პიესის დაწერისას გამოყენებულია იმიტირებული ქრონიკა, ანუ სიუჟეტი, რომელიც 2010 წლის 13 მარტს 20:00 საათზე, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „სპეციალურ რეპორტაჟში“ გავიდა და სადაც გამოცხადდა, რომ თითქოს რუსეთმა დაიწყო საქართველოს სრული ანექსია, ხოლო შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს იყო მოდლირებული ქრონიკა ხალხის გაფრთხილების მიზნით. ახალგორისა და გორის მოსახლეობის ნაწილმა სახლები დატოვა და ტყეებში გაიხიზნა. თბილისსა და ფოთში კი ბევრის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებები გახდა საჭირო.

ამ პიესაშიც თავისებური „მოდელირებული ქრონიკაა“: ხელმძღვანელობას საგანგებოდ და გაუფრთხილებლად შემოაქვს ხაპრა ხოჭოთი (ლათინურად Trogoderma granarium) დასნებოვნებული ხორბალი, რათა გაიგონ, როგორ მოიქცევა წისქვილკომბინატ „დაფიონის“ ხელმძღვნელობა ამ საგანგებო სიტუაციისას, რასაც თამაშად აღიქვამენ სამინისტროში და „ხაპრა-თაგვობანასაც“ ამიტომ უწოდებენ. სამინისტროს ხელმძღვანელობას სულაც არ ადარდებს, რომ ამ თავიანთი თამაშით საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობას მიაყენებენ ზიანს.

შინაარსი რედაქტირება

წისქვილკომბინატ „დაფიონის“ ახლადდანიშნული დირექტორ გოგლიკოს, იგივე „ჩუბ-ჩიკას“ პენსიონერი დედამისი ელეონორა სთხოვს სამსახურში დაბრუნებას, როგორც უკანონოდ განთავისუფლებული, რაზეც უარზეა გოგიკო, რომ ნათესავების სამსახურში მოყვანაში არ დასდონ ბრალი.

შემოდის პი-არ ჯგუფის უფროსი და თან მდივანი მიაკო და აცნობებს, რომ მოვიდა ჩინელი ბიზნესმენი ხაპ რა, მისი ცოლი ნურბუბუ და მათი შვილი ლარვა. ისინი გოგლიკოს სთავაზობენ ხელშეკრულებას ორასი ათასი ტონა ხორბლის შესყიდვაზე, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით ხელსაყრელ ფასად. ამ შესასყიდ ფასს სათავისოდაც თანხას წაუმატებს ახალი დირექტორი და ასე აფორმებს ხელშეკრულებას, საიდანაც პირადად ოცი ათასი ლარი დარჩება.

მიაკო გოგლიკოს უკითხავს გაზეთებში დაბეჭდილ ცნობას, რომ ის ორასი ათასი ტონა, რომელიც შემოიტანეს ყირგიზეთიდან, დასნებოვნებულია ხაპრა ხოჭოთი.

აღმოჩნდება, რომ ხაპ რა, ნურბუბუ და ლარვა გოგლიკოს დასასვენებლ ოთახში ცხოვრობენ უკვე. ისინი გოგლიკოს კაბინეტს თავიანთი გემოვნებით აწყობენ, ხოლო თავად გოგლიკოსა და მიაკოს იქიდან აგდებენ, თუმცა ბოლოს შეიცოდებენ და მდივან-მოსამსახურეებად დაიტოვებენ, ჩაის და ყავის მოსატანად და ასევე ხაპრა ხოჭოების აღსარიცხად, რომლებიც უკვე მთელ კომბინატს არიან მოდებულნი. გოგლიკო ცდილობს გაქცევას, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან ლარვა დარაჯობს.

მოდის არასამთავრობო ორგანიზაცია „წადი“-ს ხელმძღვანელი ციცი და მიტინგს უწყობს გოგლიკოს, სადაც მონაწილეობს ელეონორაც. მომიტინგეები შეურაცხმყოფელ ლოზუნგებს გაიძახიან და ამის გამო მიაკო თმებში ჩაეჭიდება ციცის. იწყება ქალების ჩხუბი, მათ გაშველებას ცდილობს გოგლიკო და ციცი მეგაფონს ჩაარტყამს. მერე ციცი მიდის მთავრობის სახლისკენ, რათა იქაც გამართოს მიტინგი.

გოგლიკო დარდობს, რომ მოატყუეს და დაავადებული ხორბალი მიჰყიდეს. მან და მიაკომ არ იციან, რა არის ამ ხაპრა ხოჭოს წამალი. ეს იცის ელეონორამ, რომელსაც გოგლიკო შეურიგება და სთხოვს შველას და აძლევს ოცი ათას ლარს, რაც თავისთვის უნდოდა. ელეონორა ამ ფულს მისცემს უპატრონო ბავშვთა სახლს, ხოლო ხაპრა ხოჭოებისგან სამკურნალოდ იყენებს ფუმიგაციის მეთოდს, - ესაა დასნებოვნებული ხორბლის ორთქლით და გაზით დამუშავება. ხოჭოები იხოცებიან.

რეკავს დარგის მინისტრი მიაუ-შალა. გოგლიკო მოახსენებს, რომ ნაყიდ ხორბალს შემოჰყვა ხაპრა ხოჭო, ფუმიგაცია ჩაატარეს და პრობლემა მოიხსნა.

მინისტრის ლაპარაკიდან გოგლიკო გაიგებს, რომ მთელი ეს სიტუაცია სამინისტროში დაიგეგმა, ანუ მოდელირებული იყო და ერქვა კოდური სახელწოდება „ხაპრა-თაგვობანა“, მსგავსად საბავშვო თამაშისა „კატა-თაგვობანა“. უნდა გაერკვიათ, როგორ იმოქმედებდა წისქვილკომბინატის ხელმძღვანელობა საგანგებო სიტუაციაში. ამიტომ შემოიტანეს ყაზახეთიდან ხაპრა ხოჭოთი დასნებოვნებული ხორბალი.

გოგლიკო არ დაიბნევა და აქებს მინისტრს, ეს რა მშვენიერი სიმულაციური მოდელირება იყოო.

ელეონორა დირექტორია. თანამშრომლებად დაიტოვებს გოგლიკოსა და მიაკოს.

ხაპ რა, ნურბუბუ და ლარვა გოგლიკოს დასასვენებელი ოთახის სამალავში იმალებიან ხელსაყრელ დრომდე, რომ ისევ მოევლინონ წისქვილკომბინატს.

პერსონაჟები რედაქტირება

  • გოგლიკო — წისქვილკომბინატ „დაფიონის“ დირექტორი, ყოფილი უროლოგი, დიდი ქოჩრის გამო ბავშვობიდანვე შერქმეული მეტსახელით „ჩუპ-ჩიკა“, ჰგავს დედამისს.
  • ელეონორა — გოგლიკოს პენსიონერი დედა, თაგვი.
  • მიაკო — წისქვილკომბინატ „დაფიონის“ პი-არ ჯგუფის უფროსი, შეთავსებით მდივანი, ისე კი ღამურა.
  • ხაპ რა — კერძოდ, ჩინელი ბიზნესმენი, საერთოდ კი ხაპრა ხოჭო
  • ნურბუბუ — ხაპ რას ყირგიზი ცოლი, ესეც ხაპრა ხოჭო.
  • ლარვა — ხაპ რას და ნურბუბუს შვილი, ხაპრა ხოჭოს მუხლუხი.
  • ციცი — არასამთავრობო ორგანიზაცია „წადი“-ს ხელმძღვანელი, ციცინათელა, რომელიც „ანათებს და კარგია, მაგრამ ვის რად არგია?..“

დადგმები რედაქტირება

  • 2017 წლის 18 მარტი — ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის სახალხო თეატრი, რეჟისორი ომარ კაკაბაძე

შეფასება რედაქტირება

ნურბუბუს როლის შემსრულებელმა, მსახიობმა თამარ ხიზანიშვილმა ტელეკომპანია გურჯაანისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა:

 
„ესაა დრამატურგ მიხო მოსულიშვილის პიესა, რომელიც არის საქართველოს უახლოესი წარსულიდან და, ძირითადად, პოლიტიკურ თამაშებს ეხება. შინაარსობრივად რომ ვთქვათ, არის ნამდვილი დრამა და კოშმარიც კი, მაგრამ ძალიან კომიკური პერსონაჟებით არის წარმოდგენილი, საინტერესოა, მხიარულია ძალიან. ბევრს იცინებენ აქ, მაგრამ რომ გავლენ, კარგად დაფიქრდებიან მერე, რა ხდებოდა...[1]

თავად ავტორმა ასე შეაფასა სპექტაკლი:

 
„ეს მაინც არ არის იოლი ტრაგიკომედია მეთქი, შვიდი წლის წინ რომ დავწერე, იქიდან ვფიქრობდი და არ მეგონა, თუ ამნაირად გაიჟღერებდა სცენაზე „ხაპრა-თაგვობანა“ და არც ის მეგონა, თუ მაყურებელს ეგეთი ზუსტი რეაქცია ექნებოდა სიცილისას... მთავარი რეპლიკაც სწორად დაიჭირეს, რასაც ხაპრა ამბობს: „მთავარია, ჩილიმი დავდგათ სადმე...“[2]

გამოცემები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება