ხალიტუ
ალიძონები (ჰომეროსის მიხედვით) ან ხალიტუ (ურარტულ წარწერებში)[1] - ერი, ნახსენები მცირე აზიის ისეთი სამეფოების გვერდით, როგორიცაა მუშქები და ხეთების სამეფო. თავადაც დიდი გაერთიანება იყო მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილში. ძვ.წ. VIII-VII ს.ს.-ში ასურული წყაროები ამ მხარეში ასახელებს მსხვილ გაერთიანებას თაბალს. ეს სახელი უცნობია ურარტუელებისათვის და სავსებით დასაშვებია, რომ მათთვის სწორედ ხალიტუ ყოფილიყო ასურელთა თაბალის შესატყვისი. შუამდინარეთის და სირია-პალესტინის მოსახლეობამ კარგად იცოდა, სად იყო ვერცხლის სამშობლო. ეს იყო ტავროსის მთიანეთი აღმოსავლეთ მცირე აზიაში, საიდანაც იწყებოდა თაბალის ვრცელი ქვეყანა. ასე რომ, ჰომეროსთან მოხსენიებული (ჰ)ალიძონები ასურულ-ბაბილონურ წყაროებში (ძვ.წ. IX ს.) ტავროსის - ვერცხლის მთა (ჰომეროსთან ვერცხლის სამშობლო) ძვ.წ VII ს-ის ურარტულ წყაროებში ნახსენები აღმოსავლეთ მცირე აზიის დიდი გაერთიანება ხალიტუ-(ჰ)ალიძონი, შეესაბამება ასურულ წყაროების თაბალს - ვერცხლის მთასთან - ტავროსთან აღმოსავლეთ მცირე აზიაში მდებარე ვრცელ ქვეყანას. ბიბლიაში მოსეს I წიგნში საუბარია კაენის შთამომავლობაზე, თუბალ-კაენზე ესე იყო კვერთხით ხუროჲ მჭედელი რვალისა და რკინისა. კაენი მჭედელის ზოგადი სახელია. სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, პონტოს ქედის აღმოსავლეთ კალთები, უძველეს ხანაში დასახლებული იყო დასავლურ-ქართული ტომებით. პონტოს ქედის სამხრეთი კალთები კი, მდ. ჭოროხის ზემო წელზე აღმოსავლურ-ქართული ტომის (ქართები) ერთ-ერთი უძველესი კერა იყო.[2]