არისტო ჭუმბაძე

ქართველი მწერალი და ჟურნალისტი
(გადამისამართდა გვერდიდან ჭუმბაძე, არისტო)

არისტო მაქსიმეს ძე ჭუმბაძე (დ. 1 სექტემბერი, 1880, კლდეეთი ზესტაფონის რაიონი — გ. 28 ნოემბერი, 1971, თბილისი) — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი.

არისტო ჭუმბაძე
დაბადების თარიღი 1 სექტემბერი, 1880(1880-09-01)
დაბადების ადგილი კლდეეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 28 ნოემბერი, 1971(1971-11-28) (91 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი და ჟურნალისტი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

1905 წელს ჩაირიცხა და 1911 წელს დაამთავრა პარიზის სორბონის უნივერსიტეტი. იმავე წელს სამშობლოში დაბრუნდა და ქუთაისში დააარსა გაზეთი „კოლხიდა“, რომლის რედაქტორ-გამომცემელი თვითონ იყო. 1914 წელს იგი რედაქტორობდა „სახალხო ფურცელს“. მისი მახვილი პუბლიცისტური სტატიები იწვევდა ხელისუფლების გულისწყრომას, რისთვისაც იგი არაერთხელ დააპატიმრეს. ამიტომ მან ამჯობინა კვლავ პარიზსში წასვლა და სორბონის უნივერსიტეტში იწყებს დისერტაციაზე მუშაობას ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „გუსტავ ფლობერის ცხოვრება და შემოქმედება“. პირველმა მსოფლიო ომმა ხელი შეუშალა დასახული მიზნის ბოლომდე მიყვანას.

1915 წელს იაპონიაში საფრანგეთის ელჩად დაინიშნა ჟიუსენარი, რომელმაც ჭუმბაძეს შესთავაზა თანამშრომლობა. იგი გაემგზავრა იაპონიაში და გახდა საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელი. შემდეგ ალჟირშიც მუშაობდა. 1919 წელს იყო საქართველოს წარმომადგენელი სტოკჰოლმსა და ანკარაში. 1922-1924 წლებში იყო წითელი ჯვრის საზოგადოების უცხოეთის განყოფილების გამგე. შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა. 1937 წლამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მოღვაწეობდა: 1925-1926 წლებში იყო სახკინმრეწვში სასცენო განყოფილების გამგე; 1933-1935 წლებში — საქართველოს ცაკის საერთო განყოფილების გამგე. 1936-1949 წლებში მუშაობდა სტილისტად საქართველოს სააგენტოში და გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში.

სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1905 წელს. გამოქვეყნებული აქვს მოთხრობები და ნოველები. აღსანიშნავია მოთხრობა „უნასთა ბუდე“, რომელშიც წარმოდგენილია 30-იან წლებში ქართულ სოფელში დაძაბული მდგომარეობა. მასვე ეკუთვნის ნოველები: „სასწაული“, „საქმის კაცი“, „ცხოვრების ქარაგმა“, „ფულიანი ბარათი“ და სხვა. ნათარგმნი აქვს ა. ფადეევის „განადგურება“, ლ. ტოლსტოის „ბავშვობა, ყრმობა, სიჭაბუკე“, სალტიკოვ–შჩედრინის „პომპადურები“, ანტონოვსკაიას „დიდი მოურავი“, მ. გორკის მოთხრობები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 412, თბ., 1994