ჭოხულდის მაცხოვრის ეკლესია

ჭოხულდის მაცხოვრის ტაძარი — ეკლესია საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოხულდში. თარიღდება XI საუკუნით. ტაძრის ფასადები ნახევარსვეტებისაგან შემდგარი მსუბუქი დეკორატიული თაღნარითაა გაფორმებული. განსაკუთრებით მდიდრულადაა შემკული დასავლეთის ფასადი, რომლის შუა თაღი გვერდით თაღებთან შედარებით ამაღებულია, ხოლო ქვემოთ მის მოხაზულობას შესასვლელის ტიმპანის შემომსაზღვრელი თაღი იმეორებს.

მოხატულობა რედაქტირება

ეკლესია XIII საუკუნეშია მოხატული ადგილობრივ სახელოსნოში განსწავლული ოსტატის მიერ, მისთვის დამახასიათებელი წერის რამდენადმე გამარტივებული მანერით და სახეთა თავისებური უშუალო გამომხატველობით. ამ მოხატულობის ფიგურები და განსაკუთრებით მათი სახეები გვაგონებს თანღილის მოხატულობის გამოსახულებებს. XI-XII საუკუნეების ფრესკებთან შედარებით, სამოსის ნაკეცების ნახატი უფრო დანაწევრებულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შენარჩუნებულია ლოკალური, ფერადოვანი ლაქის მნიშვნელობა. კოლორიტი ჟღერადი ფერების - მოწითალო-ყავიფრის, ყვითლისა და ნაცრისფრის შეხამებითაა აგებული.

საკურთხეველში მოცემულია ვედრების კომპოზიციის ვრცელი რედაქცია - ანგელოზთა დასის გამოსახულებით, რომელიც გავრცელებული იყო XII-XIII საუკუნეების სვანეთის კედლის მხატვრობაში[1].

ტაძრის სიწმინდეები რედაქტირება

ეკლესიაში ინახება მცირე ზომის წმ. მთავარანგელოზის XIII ს.-ის ხატი, გამოსახული სრული ტანით. სახე მთლიანად ჩაჭეჭყილია.

ეკლესიას, 2006 წლის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი, II, დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკვ. I (IX-XIII სს.), თბ., 1980, გვ. 128
  • ყენია რ., ალადაშვილი ნ. ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება), გზამკვლევი, თბ., 2000, გვ. 90

სქოლიო რედაქტირება