ჭალის წმინდა გიორგის ეკლესია

ჭალის წმინდა გიორგის ეკლესია ასევე ცნობილი როგორც აბაშიძეების ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში.

ჭალის წმინდა გიორგის ეკლესია

ჭალის წმინდა გიორგის ეკლესია

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა სოფ. ჭალა
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ერთნავიანი ბაზილიკა
თარიღდება 1510 წ.

ჭალის წმინდა გიორგის ეკლესია 1510 წლით თარიღდება. ერთნავიანი ბაზილიკა მდინარე ყვირილას მარჯვენა მხარეს მდებარეობს. შუა საუკუნეების მცირე ზომის ეკლესია აბაშიძეების საკუთრებას წარმოადგენდა. ტაძარი დაფარულია ფრესკული წარწერებით. ჩრდილოეთ კედელზე კანკელის მახლობლად აბაშიძეების გამოსახულებები გაირჩევა: „აბაშა აბაშიძის — ეკლესიის აღმშენებლის, მისი მეუღლის, კეკლუცის – საწვერელა ჩიჟავაძის ქალიშვილისა, რაჭის ერისთავის კახაბერ III–ის შთამომავლისა, ლომინ აბაშიძის მეუღლის − გულნარასი, დადიანის ასულისა, ძმა იანიკოსთან და შერმაზან აბაშიძესთან ერთად“.

ეკლესიის დასავლეთ შესასვლელის ტიმპანზე 8 სტრიქონად ასომთავრულად სამშენებლო წარწერაა ამოკვეთილი. ტიმპანი ყვითელი ქვიშაქვის ნახევარწრიულ ფილას წარმოადგენს, რომლის ზომებია: 140 X 70 X 21 სმ. ტიმპანს ზემოდან სხვა ქვების მაღალი წარბი შემოუყვება, რომელსაც წარწერა ჩამორეცხვისგან დაუცავს. წარწერის პირველი შვიდი სტრიქონი ნახევარწრიულად, ხოლო ბოლო ჰორიზონტალურადაა ამოკვეთილი. წარწერაში დასმული თარიღის ქორონიკონი - რჟჱ, მეცამეტე მოქცევაში ჩასმისას 1510 წელს უტოლდება.

ეკლესიის სამხრეთი შესასვლელის ტიმპანზე ასომთავრული დამწრელობით ხუთი სტრიქონია ამოკვეთილი. ფილის ქვედა მარცხენა ნაწილი წარწერითურთ გადარეცხილია. წარწერის სტრიქონები ნახევარწრიულადაა ამოკვეთილი. პალეოგრაფიული ნიშნებითა და წარწერაში მოხსენიებული პირების მოღვაწეობის ხანის მიხედვითაც, ტაძარი XVI საუკუნის I ნახევრით თარიღდება

ეკლესიას ირგვლივ მარადმწვანე ტყე აკრავს. ტაძარი დღემდე მოქმედია.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ჭალის წმინდა გიორგის ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.[1]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • სილოგავა, ვ. (1972). დასავლეთ საქართველოს ქართული ლაპიდარული წარწერების კრებული, X-XVIII სს.. კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტი. თბილისი. გვ, 291-292.

სქოლიო რედაქტირება