წყლის შაშვისებრნი

ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა

წყლის შაშვისებრნი[1] (ლათ. Cinclidae) — წყლის პირას ბინადარ ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა.

წყლის შაშვისებრნი

ჩვეულებრივი წყლის შაშვი (Cinclus cinclus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cinclidae (Sundevall, 1836)

აღწერა რედაქტირება

მათი სხეულის სიგრძეა 14–23 სმ; მასა 38-დან (ყელწითური წყლის შაშვი, Cinclus schulzi) 89 გრამამდე. სხეულის აგებულება მკვრივი და ჯმუხია; კისერი მოკლე. ნისკარტი სწორი და წაგრძელებულია; პირის კუთხეებში ჯაგარი არ აქვთ; ნაპრალისებური ნესტოები კანის სახურავებითაა დახურული, ყურის ნახვრეტები — სარქვლებით. ფრთები მომრგვალებულია; ბოლო მოკლე და სწორად ჩაჭრილია; ფეხები შედარებით გრძელი და ძლიერია; თითები და ბრჭყალები მოკლე და მაგარი. შებუმბვლა მჭიდრო, ხშირი და არადასველებადია; აპტერიები ღინღლითაა დაფარული. შეფერილობაში ჭარბობს მუქი მურა, რუხი, ყავისფერი და წითური ტონები, 2 სახეობას თეთრი მონაკვეთები აქვს; დედალ-მამალი ერთნაირად გამოიყურებიან, ახალგაზრდებს ლაქები აყრია. ფრენენ სწორად და გამალებით; კარგად დარბიან, კუდის ქნევით ხშირად ჩაჯდომებს აკეთებენ; შეუძლიათ ცურვა და წყლიდან აფრენა. რიგში მხოლოდ მათ შეუძლიათ ყვინთვა.

გავრცელება რედაქტირება

ბინადრობენ მთის მდინარეებისა და გამჭვირვალეწყლოვან ნაკადების სანაპიროებზე, მთისწინეთიდან 5500 მეტრ სიმაღლემდე (ჰიმალაი). აერთიანებს 1 გვარის (Cinclus) 5 სახეობას; რომელთაგან 3 ახალი სამყაროს დასავლეთ ნაწილის მთებში ცხოვრობს, 2 — ევრაზიაში (1 ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაშიც აღწევს); ჩრდილოეთის პოპულაცია გადამფრენია, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ფრინველები მდინარეების გაუყინავ მონაკვეთებთან ეშვებიან.

კვება რედაქტირება

 
ამერიკული წყლის შაშვი (Cinclus mexicanus)

იკვებებიან წყლის უხერხემლოებით, უმთავრესად მწერებით, კიბოსნაირებით, მოლუსკებით, აგრეთვე მცირე ზომის თევზითა და ქვირითით. საკვების მოსაპოვებლად 1,5 მეტრამდე ყვინთავენ და წყლის ქვეშ 20 წამამდე ჩერდებიან.

გამრავლება რედაქტირება

აშენებენ სფეროსებრი ფორმის ბუდეს, სამშენებლო მასალად იყენებენ ხავსებს, ხის გამხმარ ფოთლებსა და მარცვლოვანთა ღეროებს; დამალულია წყლის ზევით ქვებსა და ფესვებს შორის ნიშებში, კლდეების ნაპრალებში, ნაგებობებში, ზოგჯერ ჩანჩქერების უკან. დედალი 2–7 (ჩვეულებრივ 4–5) კვერცხს დებს; კრუხობს დედალი, ინკუბაცია 14–20 დღე-ღამე გრძელდება. ბარტყები ბუდეს 20–28 დღეში ტოვებენ, მშობლები მათ კიდევ 1–2 კვირა კვებავენ.

დაცვა რედაქტირება

IUCN-ის წითელ წიგნში შეტანილია წითურთავა წყლის შაშვი, რომელიც მხოლოდ ცენტრალური ანდების კალთებზე ცხოვრობს.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. წყლის შაშვისებრნი — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.