ალექსანდრე წუწუნავა
ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავა (დ. 28 იანვარი, 1881, ლიხაური — გ. 25 ოქტომბერი, 1955, თბილისი) — ქართველი რეჟისორი, სცენარისტი, თეატრის მოღვაწე, საოპერო რეჟისურის და ქართული კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1934).
ალექსანდრე წუწუნავა | |
---|---|
ალექსანდრე წუწუნავა, ქეთევან მაღალაშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, 1930 წელი | |
დაბადების თარიღი |
28 იანვარი, 1881 ლიხაური |
გარდაცვალების თარიღი |
15 ოქტომბერი, 1955 (74 წლის) თბილისი |
დაკრძალულია | დიდუბის პანთეონი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საქართველოს სსრ |
განათლება | თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტი |
პროფესია | კინორეჟისორი, სცენარისტი |
ჯილდოები |
საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1934) |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაწყებითი განათლება მიიღო ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში და სწავლა განაგრძო სამასწავლებლო ინსტიტუში, რომელიც არ დაუმთავრებია. ახალგაზრდობაში დგამდა არალეგალურ სპექტაკლებს ოზურგეთში.[1] 1900 წლიდან მუშაობდა ქუთაისის თეატრში ლადო ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით. 1901-1905 წლებში თბილისის ქართულ თეატრში. 1905 წელს დაპატიმრებული იყო გურიის გლეხთა მოძრაობაში მონაწილეობის გამო და ემუქრებოდა გადასახლება.[2]1905-1910 წლებში სწავლობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიის სარეჟისორო კუსებზე. რეჟისორის პროფესიას იქ კონსტანტინე სტანისლავსკისთან და ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოსთან დაეუფლა. მისი სწავლის პერიოდი დაემთხვა რუსეთის პირველი რევოლუციის წლებს. წუწუნავა აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში და გვერდიდან იარაღასაც არ იშორებდა. მოსკოვში სხვა ქართველებთან ერთად იცავდა მწერალ მაქსიმ გორკის.
საქართველოში დაბრუნდა როგორც პროფესიონალი დრამატული თეატრის რეჟისორი. მუშაობდა დაიწყო სახალხო თეატრში. მისი სადებიუტო სპექტაკლი იყო დ'ანუნციოს „იორიოს ასული“. შემდგომში მან დადგა კ. ფოცხვერაშვილის „პირიმზე“, ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“, ტ. რამიშვილის „მეზობლები“, ნ. შიუკაშვილის „მეგობრები“, ი. გედევანიშვილის „მსხვერპლი“, ნ. ნაკაშიძის „ვინ არის დამნაშავე?“. პრესაში იბეჭდებოდა დადებითი გამოხმაურებები წუწუნავას სპექტაკლებზე.
1910 წლიდან მიიწვიეს ჭიათურის სცენისმოყვარეთა წრეში. ჭიათურაში წუწუნავამ გაატარა ერთი წელი, დადგა „ქრისტინე“, „ღალატი“, „რევიზორი“. ჭიათურიდან გადავიდა თბილისში, სადაც გახდა ქართული დრამატული საზოგადოების თეატრის რეჟისორი. თეატრის შენობა დაიწვა. ამის შემდეგ წუწუნავა მუშაობდა სარატოვში, ბაქოს ქართულ თეატრში, ბათუმში და სხვა. სწავლობდა თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში.
ალექსანდრე წუწუნავა ქართული კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. 1918 წელს გერმანე გოგიტიძის შეთავაზებით დაიწყო პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული მხატვრული ფილმის „ქრისტინეს“ გადაღება, რომელიც შეწყვიტა, რადგან როსტოვის დრამატული თეატრის რეჟისორად მიიწვიეს.[3] 1918 წლიდან მუშაობდა თბილისის ოპერის თეატრში, ჯერ თეატრის კომისრად, შემდეგ რეჟისორად. 1919 წელს თბილისის საოპერო თეატრში ქართულ ენაზე დადგა რუბინშტეინის „დემონი“. იმავე წელს დადგა სამი ახალი ქართული ოპერა: დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“, ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ და პირველი ქართული კომიკური ოპერა ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“. წუწუნავას საოპერო დადგმები იყო ასევე „კარმენი“ და „აიდა“ 1919 წელს წუწუნასთან შეუთანხმებლობის გამო დაიშალა ოპერის ქართული დასი. 1920 წელს ქართულ კლუბში დადგა კომედია „ციმბირელი“. 1923 წელს დადგა ზ. ფალიაშვილის „დაისი“.
1923 წელს მოსკოვში გაემგზავრა კინორეჟისურის და კინოტექნიკის სრულყოფილად დაუფლების მიზნით. 1924 წელს მიიწვიეს სახკინმრეწვში რეჟისორად. თანამშრომლობდა დიმიტრი შევარდნაძესთან, რომელიც იყო მისი სამი ფილმის — „ქრისტინე“, „ვინ არის დამნაშავე?“ და „ჯანყი გურიაში“ — მხატვარი. 1926 წელს გადაიღო ა. ცაგარელის „ხანუმა“, რომელიც უკვე დადგმული ჰქონდა სცენაზე. უკანასკნელი ფილმი გადაიღო 1928 წელს. მას ჰქონდა სურვილი რამდენიმე ფილმის დადგმისა, მათ შორის „ხიდი ენგურზე“, „დავით აღმაშენებელი“, „ქეთო და კოტე“, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს.
1934 წელს მიიღო საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება. 1947 წლიდან იყო ოპერის თეატრის მთავარი რეჟისორი. გარდაიცვალა 1955 წლის 25 ოქტომბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებახსოვნა
რედაქტირება- ქალაქ ოზურგეთში დგას წუწუნავას ძეგლი
- ალ. წუწუნავას სახელს ატარებს ოზურგეთის დრამატული თეატრი.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- „ქრისტინე“ (1919)
- „ვინ არის დამნაშავე?“ (1925)
- „ხანუმა“ (1926)
- „ორი მონადირე“ (1927)
- „ჯანყი გურიაში“ (1928)
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭანტურიძე ს., გეგია მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 523-524.
- ცუცქირიძე, შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 351-352.
- ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 407, თბილისი, 1994
- კიკნაძე, ვ., ქართველი რეჟისორები, ტ. 1, თბილისი: ლიტერატურა და ხელოვნება, 1968. — გვ. 100-133.
- კასრაძე დ., „ალექსანდრე წუწუნავა“, ხელოვნება, თბილისი, 1957
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ლიდია ისმაილ მამულაიშვილის ასული (მიმქრალი) // მწერალთა ავტობიოგრაფიები, ტ. I, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2013. — გვ. 387, ISBN 978-99940-28-84-9.
- ↑ სხვა და სხვა ამბები // მოგზაური : ჟურნალი, 1905, № 6, გვ. 216.
- ↑ გოგიტიძე გ., „ქართული კინოს წარსულიდან“, საგა, 2013. — გვ. 70, ISBN 978-9941-0-5910-0.
- ↑ Источник. ციტირების თარიღი: 2022-03-16