წრომის ტაძარი

(გადამისამართდა გვერდიდან წრომის ტაძრის მოზაიკა)

წრომის ეკლესია — ადრეული შუა საუკუნეების ტაძარი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში. მდებარეობს რკინიგზის სადგურ გომიდან 3 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფლის შუაგულში. აგებულია 626-635 წლებში ქართლის ერისმთავარ სტეფანოზ II-ის დაკვეთით.

წრომის ტაძარი

წრომის ტაძრის ხედი სამხრეთიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო

წრომის ტაძარი — საქართველო
წრომის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°59′36″ ჩ. გ. 43°44′12″ ა. გ. / 41.99333° ჩ. გ. 43.73667° ა. გ. / 41.99333; 43.73667
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ტაძარს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[1]

ჯერ კიდევ IV საუკუნეში წრომში ყოფილა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკლესია, სადაც მემატიანის გადმოცემით, 457 წელს, აგვისტოში, წამებით მოუკლავთ რაჟდენი, რომელმაც ვახტანგ გორგასლის დროს ქრისტიანობა მიიღო. ამ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, როგორც აკადემიკოსი გ. ჩუბინაშვილი აღნიშნავს, ერისმთავარ სტეფანოზ II-ს აუგია წრომის დღევანდელი გუმბათიანი ტაძარი. ტაძარი რამდენიმეჯერ დაზიანდა და გადაკეთდა: XI და XII საუკუნეებს შორის და XVI-XVII საუკუნეებში. 1731 წლის 24 სექტემბერს ლეკთა შემოსევის დროს დაინგრა გალავანი. 1940 წლის 8 მაისის მიწისძვრამ ძალზე დააზიანა ტაძრის მნიშვნელოვანი ნაწილი: დაინგრა გუმბათი, გუმბათქვეშა კვადრატის კედლები და დასავლეთისა და სამხრეთის მკლავების ცილინდრული თაღების დიდი ნაწილი, გადაიხარა დასავლეთის კედელი. მიუხედავად ამისა ტაძრის თავდაპირველი გეგმა და საერთო კომპოზიცია უცვლელი დარჩა.

1949 წლიდან დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები. (ხელმძღვ. ლ. ხიმშიაშვლი). 1949 წელს დასავლეთის კედლის გასამაგრებლად გაკეთდა სპეციალური დამჭერი კონსტრუქციები. 1959 წელს გასწორდა დასავლეთის გადახრილი კედელი. 1974-1975 წწ. ტაძრის გუმბათის ყელის ფუძემდე ამოიყვანეს ტრომპები და ტაძარს დაადგეს საცდელი ხის გუმბათი.

არქიტექტურა

რედაქტირება

წრომის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (25,6X19,85 მ), ნაშენია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით (ნაწილობრივ გამოყენებულია მუქი ნაცრისფერი და მოყვითალო პორფირიტი), რომელთა დაწიბოებული ნაკერები ჰორიზონტალური და სწორხაზოვანია. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით. ოთხი ცალკე მდგომი ბოძი მკვეთრად გამოყოფს გუმბათქვეშა კვადრატს, რომელზეც აღმართულია რვაწახნაგა გუმბათის ყელი. კვადრატიდან რვაწახნაგზე გადასვლა ოთხი დიდი ნახევარკონუსური ტრომპის მეშვეობით ხდება. გუმბათი მდებარეობს ნაგებობის ცენტრში, მის ოთხივე მხარეს ჯვრის მკლავებია, რომელთა ფორმა ხაზგასმულია ურთიერთპერპენდიკულარული მძლავრი ცილინდრული კამარებით.

შენობის ინტერიერში გამოკვეთილია სიგრძივი (აღმოსავლეთ-დასავლეთის)ღერძი, რომლის აღმოსავლეთი აფსიდია, ხოლო დასავლეთი კი პატრონიკე, რომელიც დასავლეთის მკლავს სიგრძით უთანაბრებს აღმოსავლეთისას და აწონასწორებს მთელ შინაგან სივრცეს. პატრონიკეს ქვეშ მდებარეობს წაგრძელებული ნართექსი, რომლის შუა ნაწილი გადახურულია ცილინდრული კამარით, ხოლო გვერდითები – ჯვაროვანით. ნართექსიდან სამი შესასვლელია ტაძარში. პატრნიკეზე ასასვლელი ოთხმარშიანი კიბის ყოველი მარში თაღზეა დამყარებული. სამხრეთ-დასავლეთით ორსართულიანი სათავსია, რომლის აღმოსავლეთით გახსნილი ქვედა სართული საქალებო იყო, ხოლო მეორე სართული – დიდებულთა სადგომი. აფსიდის ორივე მხარეს ოთხკუთხა სათავსებია – სადიაკვნე და სამკვეთლო. ჩრდილო-აღმოსავლეთისას ჯვაროვანი კამარა აქვს, სამხრეთ-აღმოსავლეთისას ვარსკვლავისებრი. ამ სათავსებში აღმოსავლეთით, პატარა აფსიდების სარკმლების ორივე მხარეს, სწორკუთხა ნიშებია. მკლავების თითო დიდი სარკმელი, გუმბათის ყელის ოთხი სარკმელი და რამდენიმე მრგვალი სარკმელი განათების მხატვრულად გააზრებულ სისტემას ქმნიან.

 
წრომის ტაძარი, ხედი აღმოსავლეთიდან

ტაძარი ორ-სამსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ფასადები მკაცრი და მონუმენტურია. აღმოსავლეთი ფასადი სამნაწილიანია: ფრონტონით დასრულებული შუა ამაღლებული სიბრტყე შეესატყვისება საკურთხეველს, მის ორივე მხარეს ცალფერდასახურავიანი კუთხის დაბალი სათავსებია, რომელთაც თითო სარკმელი აქვთ. იქ სადაც აფსიდი გვერდის სათავსებს (სადიაკვნესა და სამკვეთლოს) ემიჯნება, კედელსი ამოკვეთილია ორი ღრმა სამკუთხა ნიში. ამ ნიშების შექმნა ნაკარნახევია კონსტრუქციით (კედელი გათავისუფლებულია ზედმეტი მასისაგან) და აღმოსავლეთი ფასადის მხატვრული გადაწყვეტის თვალსაზრისით.

ამ ხერხმა განვითარება ჰპოვა შემდგომში ფეოდალიზმის ეპოქის ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში. ფასადის ნიშები ერთმანეთთან დაკავშირებულია სამმაგი თაღედით. შუა ბრტყელ ნიშს ლენტისებური ორნამენტი აქვს შემოვლებული. გვერდის სამკუთხა ნიშების სიღრმეში კედელზე მიდგმულია კაპიტელებიანი და ბაზისებიანი შეწყვილებული სვეტები. მათ ზემოთ, კონქისებრ მომრგვალებაში შემორჩენილია საღებავით შესრულებული სხივები. დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკაცრი მონუმენტური ფასადები დანაწევრებულია მხატვრულად გააზრებულად განლაგებული კარ-სარკმლებით. სამივე ფასადს მსგავსი შუა ღერძი აქვს: სწორკუთხა შესასვლელი თაღოვანი ტიმპანით, მის თავზე, პატრონიკეთა დონეზე, ფართო თაღოვანი სარკმელი და ფრონტონში მრგვალი სარკმელი. ეს ლეიტმოტივი ანათესავებს სამივე ფასადს.

დასავლეთის ფასადზე, შუაში, შეწყვილებული სვეტებითმორთული ფართო შესასვლელია. იგი გადახურულია ტიმპანის ქვით, რომელზეც გამოსახულია მაღალი საფეხურებიანი ჯვარი. შესასვლელის ზემოთჰორიზონტალურგადანაკეცებიანი სათაურით და ორნამენტით მ ორთული დიდი სარკმელია. გრძივი ფასადები თითქმის ერთნაირია. მათი გვერდითი ფრტები ქმნიან სხვადასხვა სიმაღლის გამოშვერილ ნაწილებს.. ამ ფასადების შუა ნაწილში ორნამენტით შემკული ხვრელობებია. შესასვლელის ტიმპანებს და შუა სარკმლებს შემოვლებული აქვს თაღი და არშია. სამხრეთ ფასადის შესასვლელის ტიმპანზე გამოსახულია ჯვარი. ფრონტონის ქვეშ განედლებული ჯვრის რელიეფია, მის ზემოთ ლავგარდნის ქვებზე – როზეტები და ფოთლოვანირელიეფური გამოსახულებები. შუა სარკმლის მარცხნივ ასომთავრული წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ II ადარნასეს ძე. ტაძარი გადახურულია კრამიტით და ქვის ლოფინებით.

მოხატულობა

რედაქტირება

 
წრომის მოზაიკის ფრაგმენტები

ტაძრის საკურთხევლის კონქი შემკული იყო მოზაიკით (VII ს. I ნახ.), რომლის უმეტესი ნაწილი განადგურებულია (გადარჩენილი ფრაგმენტები გადატანილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). დღეს საკურთხეველში მხოლოდ მოსამზადებელი ნახატის კონტურებია დარჩენილი. წარმოდგენილი იყო „ქრისტეს დიდების“ კომპოზიცია, რომელიც მეორე რეგისტრის გამოსახულებების გათვალისწინებით, ამაღლების თემას უკავშირდება.

მიუხედავად ფრაგმენტებისა, შესაძლებელია კომპოზიციის მთლიანად აღდგენა. საკურთხევლის კონქის ცენტრში, სადაც ეს მოზაიკა იყო, კვარცხლბეკზე იდგა ქრისტეს მთლიანი ფიგურა, რომლისაგან შემორჩენილია მხოლოდ სახის მოხაზულობა, შარავანდედის ნაწილი და ზემოთ აპყრობილი მარჯვენა. შემორჩენილია აგრეთვე წინ გაწვდილი ხელით ქრისტესაკენ მიმავალი ფიგურის ფრაგმენტი, ზემოთ – ფიგურის თავის მოხაზულობა, მისი შარავანდედი და გაფრიალებული პიმატიონის ნაწილი; პირველი ფიგურა პეტრე მოციქული უნდა იყოს, მეორე – პავლე: ფიგურათა შორის ყვავილებიანი ლარნაკისა და სხვა ჭურჭლის გამოსახულება ყოფილა. მოზაიკის ფონი შედგება სხვადასხვა ზომისა და ფორმის ოქროს კენჭებისაგან, შავი და სხვადასხვა ელფერის წითელი შეღებილი კირქვისაგან; მოცისფრო და ბაცი მწვანე ადგილობრივი ქვისგან.[2]

საკურთხევლის სარკმლის თაღში სამი მედალიონია, ცენტრალურ მედალიონში ჯვარია გამოსახული, ხოლო დანარჩენსი – მარტვილთა ბიუსტები. მედალიონების ქვემოთ ორნამენტული ზოლი გასდევს აკანთის ფოთლების მოტივით. კოლორიტი მოცისფრო–ფირუზი ფერის, სისანისფერის, მოყვითალო და მოვარდისფრო ფერების შეხამებაზეა აგებული. ტაძრის დანარჩენი კედლები და კამარა მოუხატავი იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.XI, თბ., 1987.
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 457-460.
  • ვ. ბერიძე, ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974.
  • შ. ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971.
  • გ. ჩუბინაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია,ტ.1, თბ.,1936.
  • ირ. ციციშვილი, ქართული არქიტექტურის ისტორია, თბ., 1955.
  • ლ. ხიმშიაშვილი, რესტავრაციის ზოგიერთი საკითხი, ძეგლის მეგობარი, 1968, კრ.14.
  • ს. მაკალათია, ძამის ხეობა, თბ., 1961.
  • ირ. ციციშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1995.
  • დ. ხაჩიძე, წრომის ტაძარი, ჟურნალი ლიხი, 1997, N1.
  • გ. გოგოლაძე, ხაშურის რაიონი, გზამკვლევი, თბ., 1970.
  • Шевякова. Т. С., Монументальная живопись раннего средневековья Грузии. Альбом, Тб., 1983.
  • Чубинашвили Г. Н., Цроми. Из истории грузинской архитектуры первой трети VII века, М., 1969.
  • Смирнов. Я. И., Цромская мозаика, Тфл., 1935.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: