წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია (გლდანი)

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია დგას გლდანის ჩრდილოეთით, ძველ სასაფლაოზე. აგებულია IX-X საუკუნეებში.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია
ქვის რელიეფური ჯვარი

ძეგლის აღწერარედაქტირება

ნაგებობა სამეკლესიიანი ბაზილიკაა (11,1X10,7 მ), ნაშენია ქვიშაქვის თანაბარი კვადრებით. სამხრეთის ეკლესიის დიდი ნაწილი და მოგვიანებით მიშენებული ჩრდილო-დასავლეთის სათავსის სახურავი ჩანგრეულია. ლავგარდანი მხოლოდ შუა ეკლესიას აქვს. XVIII-XIX საუკუნეებში შუა ეკლესიისათვის დასავლეთიდან ორი კონტრფორსი მიუშენებიათ და სახურავი განუახლებიათ. შუა ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. მის ღრმა ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ჩრდილოეთისა დასამხრეთის ეკლესიებში გასასვლელი ორი კარია. დარბაზის კამარა პილასტრებზე დამყარებულ ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. დასავლეთის თაღის საყრდენად დაკიდული პილასტრებია გამოყენებული. პილასტრებს მარტივი თაროსებრი კაპიტელები აქვს. კედლებზე, პილასტრებს შორის, თითო დეკორატიული თაღი გადადის. სამხრეთ კედელში ორი პარალელურწირხლებიანი სარკმელია. კედლის დასავლეთ ნაწილში ხის ძელებზე მოწყობილი პატრონიკეს კვალია შემორჩენილი. სამხრეთის ეკლესია მოგვიანებით სადიაკნეთ გადაუკეთებიათ. იგი თაღოვანი კარით უკავშირდება შუა ეკლესიას. ჩრდილოეთის მოკლე სწორკუთხა ეკლესია ცილინდრული კამარითაა გადახურული. მასში შესვლა შუა ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში გაჭრილი კარით შეიძლება. მოგვიანებით ეს სათავსი სამკვეთლოდ გადაუკეთებიათ და შუა ეკლესიის აფსიდისათვის კარით დაუკავშირებიათ. სათავსის ერთადერთი სარკმელი აღმოსავლეთის კედელშია გაჭრილი. ჩრდილოეთის კედელს მთელ სიგრძეზე 0,2 მ სიგანის საფეხური გასდევს. ამავე კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ერთი სწორკუთხა ნიშია. სამხრეთის კედელში, კამარის ქუსლში გაჭრილია მთავარი ეკლესიის კონქის თავზე მოწყობილ სამალავში ასასვლელი. მოგვიანებით შუა ეკლესიის ჩრდილოეთის კედელზე მიუშენებიათ დამოუკიდებელი სწორკუთხა სათავსი, რომელსაც დასავლეთით სწორკუთხა კარი აქვს. კარის თავზე არქიტრავით გადახურული სარკმელია. აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. ფასადებიდან ყველაზე უკეთ აღმოსავლეთისაა შემორჩენილი, შუა ეკლესიის სარკმლის თავზე, ქვიშაქვის ფილაზე, წრეში ჩასმულია თანაბარმკლავებიანი ჯვარი. სამხრეთის ეკლესიის სარკმელი ძალზედ დაზიანებულია. ჩრდილოეთის ეკლესიის სარკმლის ზემოთ, ქვაზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი. შუა ეკლესიის განიერი ლავგარდანი შედგენილია თაროს, წრეთარგისა და ლილვისაგან. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია ქვის გალავანის ფრაგმენტები.

ლიტერატურარედაქტირება

  • ”საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა” რედკოლეგია: ვ. დოლიძე, ს. კინწურაშვილი, უ. სიდამონიძე, თბილისი 1990, ტომი 5