ძალისის ეკლესია — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისის ჩრდილო-დასავლეთით, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით გვიანდელი ფეოდალური ხანით თარიღდება.

ეკლესია დარბაზულია (9,2 X 5,1 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. მოგვიანებით განახლებული კონსტრუქციული ნაწილები (შესასვლელების თაღი, დასავლეთის სარკმლის თაღი და წირთხლები) აგურითაა ამოყვანილი. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ორივე სწორკუთხაა და ჩასმულია შეისრულთაღაიან შეღრმავებაში. აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდია. აფსიდის აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს სხვადასხვა დონეზე ორ-ორი სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის გრძივ კედლებზე საბჯენი თაღის ქუსლის დონეზე კაპიტელებით დასრულებული პილასტრია. კაპიტელის პროფილს ვიწრო თაღი და დახრილი სიბრტყე შეადგენს. აღმოსავლეთის და სამხრეთის ფასადებზე სარკმლის ზედა საპირე ჯვრის მკლავს ერწყმის. სარკმლის საპირე და ჯვრის მკლავები ლილვით უწყვეტადაა მოჩარჩოებული, ხოლო თვით საპირე და ჯვრის მკლავები დაფარულია გეომეტრიული ორნამენტით.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება