ცხოველთა სისტემატიკა

ცხოველთა სისტემატიკასისტემატიკის ნაწილი. პირველად დაამუშავა არისტოტელემ (ძვ. წ. IV საუკუნე), აღწერა ცხოველთა 450-ზე მეტი ფორმა და დაყო სისხლიანებად და უსისხლოებად. სისხლიანები მან ასევე დაანაწილა ჯგუფებად, რომლებიც დაახლოებით თანამედროვე კლასებს შეესაბამებიან. უსისხლოების დანაწილება ნაკლებად სრულყოფილი გამოდგა. არისტოტელეს შემდეგ თითქმის 2 000 წლის მანძილზე არ განუცდია ცხოველთა სისტემატიკას არსებითი ცვლილება.

1693 წელს ჯონ რეიმ დაამკვიდრა სისტემატიკის ძირითადი ერთეულის — სახეობის ცნება, რომელიც 1735 კარლ ლინემ ცხოველებისა და მცენარეების კლასიფიკაციის მიზნით გამოიყენა. დაქვემდებარებული სისტემატიკური კატეგორიების (სახეობა, გვარი, რიგი, კლასი) შემოღებით ლინემ მნიშვნელოვნად დახვეწა ცხოველთა სისტემა. მისი „ბუნების სისტემის“ X გამოცემაში (I—II ტ., 1758-1759) აღწერილია 4200-ზე მეტი სახეობა, რომელთაგან 1222 ხერხემლიანია 1936 — მწერი. ლინეს სისტემა არ იყო სრულყოფილი. მაგ., ზოოფიტების ხელოვნურ ჯგუფში მან გააერთიანა უმარტივესები, ნაწლავღრუიანები, კანეკლიანები და თავფეხიანები. ცხოველთა სისტემის დამუშავებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ჟან ლამარკმა და ჟორჟ კიუვიემ. „უხერხემლოთა სისტემასა“ (1801) და „ზოოლოგიის ფილოსოფიაში“ (1809) ლამარკმა ყველა ცხოველი დაყო უხერხემლოებად და ხერხემლიანებად. უხერხემლოები მან 10 კლასად გაანაწილა. ნაშრომში „ცხოველთა სამეფო და მისი კლასიფიკაცია აგებულების პრინციპით“ (ტ. I—IV, 1817) ჟორჟ კიუვიმ გამოყო 4 შტო, რომელთაც ანრი ბლენვილმა (1825) ტიპების მნიშვნელობა მიაკუთვნა. ესენია: რადიატები, სახსრიანები, მოლუსკები, ხერხემლიანები. 1826 წელს რ. გრანტმა რადიატების ტიპიდან ღრუბლების ტიპი გამოყო, 1845 კარლ ზიბოლდმა კიუვიეს რადიატები 3 ტიპად გაყო: უმარტივესებად, ზოოფიტებად და ჭიებად. ზოოფიტებს მან მიაკუთვნა რადიატების უმრავლესობა. ჭიებს შეუერთა ანელიდები, რომლებიც გამოიყვანა კიუვიეს სახსრიანების ტიპიდან ხოლო დარჩენილი ორგანიზმებით დააფუძნა ფეხსახსრიანების ტიპი. 1851 წელს კ. ფოგტმა ჭიების ტიპი დაყო 3 ჯგუფად, რომლებიც 1877 წელს ედუინ რეი ლანკესტერმა ტიპების რანგში აიყვანა. 1874 წელს კ. კლაუსმა ცხოველთა 9 ტიპი გამოყო:უმარტივესები, ნაწლავღრუიანები (ღრუბლებთან ერთად), კანეკლიანები, ჭიები, ფეხსახსრიანები, მოლუსკები, მოლუსკებისნაირნი, გარსიანები და ხერხემლიანები. ამ სისტემით სარგებლობდნენ XX საუკუნის დასაწყისამდე. ცხოველთა სისტემა და მკვლევართა შეხედულება ტიპების რაოდენობასა და მოცულობაზე შემდგომ ცვლილებებს განიცდიდა. ცალკეულმა ჯგუფებმა, რომელთაც ადრეულ სისტემებში არ ჰქონდათ ადგილი და რანგი, დაიმკვიდრეს ისინი.

თანამედროვე სისტემის მიხედვით ცხოველთა სამეფო ორ ქვესამეფოდ იყოფა — ერთუჯრედიანებად (Protozoa) და მრავალუჯრედიანებად (Metazoa). პირველში შედის უმარტივესთა ტიპი (Protozoa). მრავალუჯრედიანებს ყოფენ ღრუბლებად (Spongia) და ნამდვილ მრავალუჯრედიანებად (Eumetazoa). ამ უკანასკნელებს ყოფენ Raddilia და Bilateria-დ, სადაც გამოყოფენ პირველადპირიანებს (Protostomia) და მეორეულპირიანებს (Deuterostomia). ცხოველთა სამყაროს სხვადასხვა სისტემაში ტიპების რაოდენობა 10-დან 33-მდე მერყეობს. ერთ-ერთი მიღებული სისტემის მიხედვით, მათი რაოდენობა არის 17: უმარტივესები (Protozoa), ღრუბლები (Spongia), ნაწლავღრუიანები (Coelenterata), სავარცხლურები (Ctenophora), ბრტყელი ჭიები (Plathelminthes), ნემერტინები (Nemertini), პირველადღრუიანები (Nemathelminthes), რგოლოვანი ჭიები (Annelida), ფეხსახსრიანები (Arthropoda), ონიქოფორები (Oniqoforebi), მოლუსკები (Mollusca), საცეციანები (Tentaulata), კანეკლიანები (Echinodermata), პოგონოფორები (Pogonophora), ნახევრად ქორდიანები (Hemichordata), ჯაგარყბიანები (Chaetognatha), ქორდიანები (Chordata).

ცხოველთა სამყაროს შესწავლასთან ერთად იზრდება სახეობათა რაოდენობა. თუ არისტოტელემ აღწერა 454, ლინემ 4208, XVIII საუკუნის II ნახევარში ცნობილი იყო 18338, XIX საუკუნის I ნახევარში 48266, ხოლო XIX საუკუნის ბოლოს 400000-მდე სახეობა. თანამედროვე ცხოველთა სისტემატიკა 1,3—1,5 მლ. სახეობას ითვლის.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქაჯაია გ. სახეობის პრობლემა ბიოსისტემატიკაში, თბ., 1984;
  • ყურაშვილი ბ., უხერხემლოთა ზოოლოგია, გამოც. მე-2, თბ., 1980;