ცხინვალის წმინდა გიორგის ეკლესია

ცხინვალის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის ცხინვალის რაიონის ქალაქ ცხინვალში, სომხის ქუჩა 16-ზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია რიყის ქვითაა ნაგები. კუთხეები ქართული აგურითაა ამოყვანილი. ინტერიერში აღმოსავლეთით არის ნახევარწრიული აბსიდა. იგი ცენტრში მონგრეულია და სწორკუთხა შესასვლელი აქვს დატანებული. ზედა ნაწილში ოდნავ შეისრულთაღიანი სარკმელია. სამხრეთ და ჩრდილოეთ კუთხეებში აბსიდას შეისრული ფორმის თაღოვანი ნიშები აქვს. აბსიდა გადახურულია სფერული კონქით. ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში შეისრულთაღიანი სარკმელია. მის მოპირდაპირე მხარეს, სამხრეთ კედელში, ნახევარწრიული თაღის მქონე სარკმელია. გრძივი კედლების ცენტრებში განიერი პილასტრებია. თაღი ეყრდნობა ორივე პილასტრს და იჭერს კამარას (თაღი და კამარა შეისრულია). სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში გარედან თაღოვანი და შიგნიდან სწორკუთხა ფორმის განიერი შესასვლელია. დასავლეთი კედლის ზედა, ცენტრალურ ნაწილში შეისრულთაღიანი სარკმელია. ამ კედელს კუთხეებში აუყვება პილასტრები და შეისრული ფორმის კედლის თაღი. გრძივ კედლებს კამარის დასაწყისში აქვს ოთხ-ოთხი მცირე ნიშა.

ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყის ქვა, კონქი, კამარა, პილასტრები და თაღები ქართული აგურით არის ამოყვანილი. ეკლესიის ფასადებს შემოუყვებოდა ქართული აგურის კარნიზი, რომელიც ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. აღმოსავლეთ ფასადის ზედა ცენტრალურ ნაწილში, აგურის წყობაში გამოყვანილია ჯვარი. სახურავს დასავლეთ კეხზე დადგმული აქვს ოთხსვეტიანი აგურის სამრეკლო-ფანჩატური. ფასადები რიყის ქვისაა, კუთხეები — ქართული აგურის, სახურავი დაფარულია მიწით და ზედ ბალახია ამოსული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 227-228.