ცხავერის წმინდა გიორგის ეკლესია
ცხავერის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავერში. მდებარეობს სოფლის ცენტრში, სასაფლაოზე. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე ქვიშაქვის ფილაზე წარწერისა და ერთ-ერთ საფლავის ქვის წარწერის თანახმად, ეკლესია აგებულია 1898 წელს ვინმე თომა შალვას ძე ქარქუსაშვილის ხარჯებით. შეკეთებულია 1944 წელს.
ეკლესია დარბაზულია (7,45 X 3,8 მ), ნაგებია ქვიშაქვით, გამოყენებულია რიყისა და ნატეხი ქვაც. არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის მარცხნივ - სწორკუთხა ნიში. დარბაზის გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში ნატეხი ქვით გადახურული თითო სწორკუთხა სარკმელია. სატრიუმფო თაღი ტუფის მარტივ კაპიტელებს ეყრდნობა. გადახურვა კამაროვანია. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ფასადები სადაა. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 210.