ციხისძირის ეკლესიების კომპლექსი

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

ციხისძირის ეკლესიების კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის აღმოსავლეთით, იმ მთის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე, რომელზედაც ქსნის ციხეა აღმართული. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. კომპლექსში შედის ორი ეკლესია, ორივე ნაგებია რიყის ქვით, აქა-იქ ქვიშაქვის მოზრდილი ლოდები და ბრტყელი აგურიცაა ჩართული.

აღმოსავლეთის ეკლესია დარბაზულია (5,4X4,5 მეტრი). ეკლესია დაზიანებულია - ჩამონგრეულია სახურავის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხე, დეფორმირებულია სარკმელი, ინტერიერში ჩამოცვენილია შელესილობა. ეკლესიას დასავლეთით თაღოვანი შესასველი აქვს. ყოველ კედელში თითო სარკმელია. აღმოსავლეთით ნახევარელიფსური მოყვანილობის აფსიდია, რომელიც იატაკის საერთო დონიდან 0,4 მეტრითაა ამაღლებული. აფსიდის ორივე მხარეს, კედელში ნახევარწრიული კამარებით გადახურული, ძლიერ ვიწრო სადიაკვნე და სამკვეთლოა. მათ დაბალი თაღოვანი შესასვლელები და აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვთ. დარბაზი, კამარა და კონქი დაბეტონებულია კირხსნარით. სატრიუმფო თაღი ერთსაფეხურიან პილასტრებს ეყრდნობა. ეკლესიას დასით გალავნით შემოზღუდული ეზო (8 X 10 მეტრი) აკრავს.

დასავლეთის ეკლესიაც დარბაზულია (7,2X5,1 მეტრი). მისი შესასვლელი დასავლეთიდანაა. მას არქიტრავით გადახურული მაღალი ზღურბლი აქვს. აღმოსავლეთით სწორკუთხა, შეისრულკამარიანი საკურთხეველია, რომელიც დარბაზის იატაკიდან 0,4 მეტრითაა ამაღლებული, ასევე საკურთხეველში სარკმელია გაჭრილი. სატრიუმფო თაღი ერთსაფეხურიან მასიურ პილასტრებს ეყრდნობა. დარბაზი თითქმის კვადრატულია და გადახურულია აგურით ამოყვანილი ელიფსური გუმბათით, ჩრდილოეთით ერთი სარკმელია.

ამ ეკლესიასაც დასავლეთით გალავნიანი ეზო (7,6X6,8 მეტრი) აკრავს. შესასვლელი გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ყოფილა გაჭრილი. სტილისტური ნიშნებით ორივე ეკლესია გვიანდელი ფეოდალური ხანით თარიღდება, ეკლესიები სომხურია.

ლიტერატურა რედაქტირება