ცივი შტამპვა — სამჭედლო-საშტამპავი წარმოების ერთ-ერთი ტექნოლოგიური პროცესი (წნევით დამუშავება), რომელიც დასაშტამპავი მასალების გახურების გარეშე მიმდინარეობს. განასხვავებენ მოცულობითს შტამპვასა და ფურცლოვან შტამპვას. პირველ შემთხვევაში მიმდინარეობს ლითონის განმტკიცება, შესაბამისად მცირდება პლასტიკურობა, დეფორმაციისადმი წინააღმდეგობა კი მნიშვნელოვნად იზრდება. განმტკიცების ასაცილებლად საშტაპავ ოპერაციათა შორის ლითონს თერმულად ამუშავებენ, ხოლო მადეფორმირებელი ძალების შესამცირებლად და შტამპების მდგრადობის გასაზრდელად სხვადასხვა საცხს იყენებენ.

მოცულობითი ცივი შტამპვისთვის საჭიროა მძლავრი მანქანა-იარაღები. ცივი შტამპვისას იარაღები ინტენსიურად ცვდება, ამიტომ ამ პროცესს იყენებენ მხოლოდ მასობრივი წარმოების რთული კონფიგურაციის მცირე ზომის დეტალების (ხრახნები, ქანჩები, მოქლონები, ლურსმნები, სჭვალები და სხვა) მისაღებად. მოცულობითი ცივი შტამპვის დროს ლითონის პლასტიკურობის გასაზრდელად მიზანშეწონილია ისეთი საშტაპმავი ოპერაციების (დასმა მოყვანილ შტამპებში, წნეხა, დახურული შტამპვა-დეფორმაცია ჰიდროსტატული წნევის პირობებში) გამოყენება, რომლებიც თითქმის გამორიცხავენ დასამუშავებელ ლითონზე გამჭიმი ძაბვების მოქმედებას. ცივი შტამპვა წარმოებს როგორც ჰიდრავლიკურ, ისე მრუდმხარა წნეხებზე და სპეც. ცივად გამოსატვიფრ ავტომატებზე.

ლიტერატურა რედაქტირება