ცერონისის ღვთისმშობლის ეკლესია

ცერონისის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისში. მდებარეობს დაბა აგარიდან ყორნისისაკენ მიმავალი საავტომობილო გზის პირას, სასაფლაოზე. ეკლესია XIX საუკუნით თარიღდება. სამრეკლო აგებულია მოგვიანებით.

ეკლესია დარბაზულია (13,3 X 7,6 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენუბელია კარგად გათლილი ქვიშაქვა. ორივე მხრიდან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე ფართო სარკმელია, რომლის გვერდებზე დაბალი თაღით გადახურული თითო ნიშია. ნახევარწრიული, არდაბაგით წინწამოწეული საკურთხევლის ბაქანი ერთი საფეხურითაა შემაღლებული. ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია, ორ-ორი - გრძივ კედლებში. დარბაზის გრძივი კედლები და ნახევარწრიული კამარა ორსაფეხურიანი პილასტრებით და საბჯენი თაღებით სამ ნაწილად იყოფა. შუა ნაწილი განაპირა ნაწილებზე ფართოა. პილასტრების პირველ საფეხურებზე გადაყვანილია ზემოდან გაბრტყელებული კედლის თაღები. თაღების ქუსლებთან მარტივი იმპოსტებია. ეკლესიის ორივე შესასვლელს მარტივი მოჩარჩოება აქვს. აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონის წყობაში ჩასმულ ქვიშაქვის სწორკუთხა ქვაზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი. კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით.

ეკლესიას დასავლეთით მიშენებული აქვს აგურით ნაგები, კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით მოპირკეთებული კვადრატული ორსართულიანი სამრეკლო (3 X 3 მ). შემორჩენილია მხოლოდ ცილინდრული კამარით გადახურული პირველი სართული, რომლის კამარის ღერძი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა მიმართული. სამრეკლოს სამხრეთ კედელში ფართო თაღოვანი შესასვლელია, დასავლეთ კედელში კი სარკმელი.

ლიტერატურა რედაქტირება