ჩუღურეთის კვირაცხოვლობის ეკლესია

ჩუღურეთის კვირაცხოვლობის ეკლესიათბილისის კვირცხოვლობის, წმინდა თომა მოციქულის ეკლესია მდებარეობს ჩუღურეთში, ჩაისუბნის ქუჩის №7–ში.

ჩუღურეთის კვირაცხოვლობის, წმინდა მოციქულის თომას ეკლესია თბილისის ერთ-ერთი ძველი ეკლესიათაგანია. ეკლესიის სიძველეს ადასტურებს მოსე ჯანაშვილი, რომელიც წერს, რომ „კვირა-ცხოველი წმინდა თომასი უძველესი ტაძარია. დანგრეული ლანგთემურისაგან, განახლებულ იქმნა XVII საუკუნეში მთავარეპისკოპოსის ქრისტეფორეს მიერ.“

მღვდელი პოლიევქტოს კარბელაშვილი ისტორიულ მიმოხილვაში „ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. ტფილისში“ წერს: „... ანჩისხატის ტაძარზედვე იყო მოწერილი დანგრეული XV საუკუნის ჩუღურეთის სასაფლაოს კვირაცხოვლის ეკკლესია, სადაც კვირაცხოვლობას ანჩისხატის დეკანოზნი გადიოდნენ ხატით და აგროვებდნენ მლოცველთაგან შესაწირავსა”.

კვირაცხოვლის ეკლესია ვახუშტის დატანილი აქვს თბილისის 1735 წლის გეგმაზე. 1800 წლის გეგმაზე კვირაცხოვლის ეკლესია უკვე ნანგრევების სახითაა, 1884 წლის გეგმაზე კი აღნიშნულია „წმინდა გიორგის ეკლესია წითელ გორაზე“.

საარქივო ფოტომასალაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ტაძარს გუმბათი და დასავლეთ მხარეს სამრეკლო ჰქონია. ეკლესიის გარშემო მდებარე შენობებში მონაზვნები და სასულიერო პირები ცხოვრობდნენ. ტაძარს საკმაოდ დიდი ეზო ჰქონდა, რომელიც მაღალი ქვის გალავნით იყო გარშემორტყმული. ამ გალავნის დიდი ნაწილი ამჟამადაც არის შემორჩენილი. ეზოს აღმოსავლეთის მხრიდან კარიბჭე ჰქონდა.

ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია სასაფლაოს ეკავა. დღემდეა შემორჩენილი საფლავის ქვების ნაწილი, რომლებსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ. როგორც „საპატრიარქოს უწყებანში“ (2009) ვკითხულობთ: „ერთმა მოსახლემ სარდაფის გათხრისას აღმოაჩინა სასულიერო პირის საფლავი. მას მკერდზე ოქროს ჯვარი ჰქონდა. ჯვარი ერთ-ერთ მუზეუმს გადასცეს, სასულიერო პირის ძვლები კი გაურკვეველ ადგილას გადაიტანეს“.

XIX საუკუნის II ნახევარში თბილისში შემოსვლას იწყებენ ირანიდან დევნილი ასირიელები. გაზეთ ”დროებაში” მღვდელი იოსებ ელიევი ”აისორ-ნესტორიანელებზედ” წერს: ”...1870 და 1871 წელში მიიღეს აისორებმა მართლმადიდებლობა თფილისში და თან ჩვენ მთავრობას მიმართეს, რათა მიეცა შემწეობა და შუამდგომლობა სპარსეთის მთავრობასთან, რომ იგინი გამოეყვანათ სპარსეთის ფიცხელი და მკაცრი დევნისაგან... ამ უკანასკნელ დროს ნესტორიანთა ათასობით მიიღეს მართლმადიდებლობა მღვდლის დავით გურგენიძის ხელითა”.

ჩამოსახლებული ასირიელები სახლდებიან კვირაცხოვლის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ დაზიანებული კვირაცხოვლობის ეკლესია შეიძინეს და თავისი ხარჯით აღადგინეს.

1898 წლის17 ივნისის ქართული გაზეთები „ცნობის ფურცელი“ და „ივერია“ წერენ: „გუშინ, კვირას, კვირაცხოვლის წმინდა თომას ეკლესიაში (არსენალის წინ) არაჩვეულებრივი ამბავი იყო. ამ დღეს უნდა მიეღოთ მართლმადიდებლობა ტფილისში მცხოვრებ აისორებს, რომელნიც კონსტანტინეპოლის პატრიარქის ნესტორის (430წ.) სწავლას აღიარებდნენ. თუმცა აისორები ქრისტიანები არიან, მაგრამ მათი სწავლა-მოძღვრება მაინც განირჩევა მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან. მაგალითად, ისინი მარიამ სუწოდებენ ქრისტეს მშობელს და არაღვთისმშობელს; პირჯვარს იწერენ მთელიხელით და არა სამის თითით და სხვა ამგვარს... სანამ წირვა დაიწყებოდა, კვირაცხოვლის საყდრის ეზო აისორებით აივსო და მხოლოდ მამაკაცნი იყვნენ. გაისმა ხშირი ზარის რეკვა და მობრძანდა მაღალყოვლადუსამღვდელოესი საქართველოს ეგზარხოსი ფლაბიანე, რომელსაც კარიბჭეში მიეგებნენ არქიმან დრიტი კირიონი და გერმოგენი, წინამძღვარი კვირაცხოვლის ეკლესიისა — დეკანოზი დავით გურგენიძე და სხვა სამღვდელოება. როდესაც ეგზარქოსი შეიმოსა, მასთან გამოვიდა, აღსავლის თანასაწირველად აისორების ეპისკოპოსი სუპურგანეთისა და ურმიისა იონა. შემდეგ მცირედის ლოცვისა გამობრძანდა ეზოსაკენ და კარიბჭეში შესდგა. თან ახლდნენ ეპისკოპოსი იონა და სამღვდელოება. აქ კარების წინ შეკრებილ იყვნენ აისორები და საყდარში შესვლის ნებართვას ელოდნენ. ეპისკოპოსმა იონამ აისორულს ენაზედ სიტყვა უთხრა და დარიგება მისცა, რომ მართლმადიდებლობა ეღიარებინათ ისევე, როგორც მე თვითონაო და თქვენებურმავე მღვდელმა მამა გიორგი ბეჯიანოვმა და მამა სერგეიმაო და სხვა მრავალმა თქვენმა მოძმეებმაო. აისორებმა მართლმადიდებლობის მიღების სურვილი გამოაცხადეს და ეპისკოპოსის მოძღვრების გათავების შემდეგ ყველამ რამდენიმეჯერ ერთმხრივ დაიძახეს: ამინ! ამის მერე ასურულს ენაზედ მცირე ლოცვები წაუკითხეს, ეგზარხოსმა და ეპისკოპოსმა აკურთხეს აისორები და ყველანი საყდარში შეიყვანეს. შუა წირვაზედ დეკანოზმა გურგენიძემ ქადაგება სთქვა აისორულს ენაზედ, რომელსაც აისორები დიდი ყურადღებით უსმენდნენ. როდესაც წმინდა საიდუმლო გამოასვენეს, დეკანოზმა გურგენიძემ აისორულს ენაზედვე ზიარების ლოცვა ათქმევინა და ეგზარხოსმა კიდევ წმინდა საიდუმლო მიაღებინა.

წირვა გამოვიდა, ეპისკოპოსმა იონამ ხალხი აკურთხა და გასვლა რომ დააპირა, ხალხი ხელზედ სამთხვევლად შემოეხვია. ამდროს ეპისკოპოს იონას პირი სახე უღიმოდა და ცხადად ეტყობოდა, რომ განუსაზღვრელ სიხარულს მოეცვა მისი ქრისტიანობით აღვსილი გული. ეპისკოპოსი იონა ფრიად ცნობილია თავის ქვეყანაში და იქ დიდი გავლენაცა აქვს ხალხზედ... მოუნათლავს და შეუერთებია მართლმადიდებლობისათვის მრავალი მაჰმადიანი, ნესტორიანი, კათოლიკე და გრიგორიანი; გარდაიცვალა ტფილისის აისორთა ეკლესიის წინამძღვრად (”კრასნაია გორკაზე”ტაძარიც მანააშენა). იყო კაცი ენატკბილი”.

საბჭოთა პერიოდში, 1924 წელს ბოლშევიკებმა ეკლესია დაარბიეს, მოხსნეს გუმბათი, დაანგრიეს სამრეკლო, ეკლესია დახურეს და მასში არსენალის მუშათა კლუბი განათავსეს. ამ ეკლესიის შესახებ საინტერესო დოკუმენტებია დაცული თბილისის ცენტრალურ არქივში: „გვსურს რა ჩვენ, ტფილისის აისორებს, დავაარსოთ ტფილისის აისორთა რელიგიური საზოგადოება... ჩაგვბარდეს ჩვენ–ჩვენი ერთადერთი მთელ ტფილისში/აისორების/ჩამორთმეული კრასნოგორსკის თომის/კვირაცხოვლის/აისორების ეკლესია თავის კუთვნილებით, სადაც იქნება მოთავსებული საზოგადოება და, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვეცეს ჩვენასლი დადგენილებისა ვარის შესახებ თანახმად კანონისა. მოხსენებულ ეკლესიაში ახლა კლუბია მოთავსებული. დავსძენთ, რომამ ეკლესიას ჩვენთვის, აისორების თვის, დიდი ისტორიული და ნაციონალური მნიშვნელობა აქვს, რადგანაც აქ 88 წლებიდან წარმოებდა ღვთისმსახურება აისორულ ენაზედ და იგი წარმოადგენს ჩვენთვის ნაციონალურ კერას. სხვა აისორების ეკლესია ტფილისში არ ყოფილა და არც არის. გარდა ამისა, ამ ეკლესიას აქვს საზოგადო არქეოლოგიური მნიშვნელობაც რადგანაც იგი არის აშენებული თემურ ლანგის აოხრებულ/13 საუკუნეში/ეკლესიის ადგილზედ, სადაც აქამდის შენახული ძველებური ერთიანი ქვის ტრაპეზი–კედელზედ მიმდგარი, თანახმად ხუროთ–მოძღვრობისა... ”. (ფ1: ან4:საქ. 45)

1925 წელს ტფილისის აღმასრულებელ კომისარიატის ადმინისტრაციულმა განყოფილებამ ჩაატარა გამოძიება და დაკითხა ადგილობრივი მაცხოვრებლები. ამ დაკითხვების ოქმებიდან ეკლესიის ისტორიასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ფაქტებს ვგებულობთ. მაგალითად, ვინმე ტკაჩენკო ამბობს, რომ „1878 წელს აისორებმა დაიწყეს ეკლესიის ფუნდამენტის თხრა და ააშენეს აგურის ფუნდამენტი (რომელიც დღემდე დარჩა ისეთი, როგორიც იყო). 1884 წლამდე ისინი არ შედგომიან ეკლესიის მშენებლობას, რადგან საჭირო იყო დიდი თანხა. არსენალის და არტილერიის საწყობის მუშებმა ეკლესიის საძირკვლის წინ ააშენეს ხის პატარა სამლოცველო. 5 წლის შემდეგ ისევ ამ მუშებმა ააშენეს პატარა აგურის ეკლესია, რკინის გალავნით, რომელიც დღემდე არსებობს“. ვინმე სოსულინი აღნიშნავს–„1879 წელს ჯერ არ იყო აშენებული ეკლესია, იყო მხოლოდ ქვა, რომელზედაც მოჰქონდათ თომას ხატი“. (ფ1. ან1. საქ. 216. ).

სოსულინის სიტყვებს ადასტურებს პლატონ იოსელიანი, რომელიც წერს: “წმინდა მოციქულ თომას ეკლესია ერთიანად ნანგრევებადაა ქცეული. ამეკლესიის ნანგრევებზე თომას კვირიაკეს ტფილისის ყველა მცხოვრები მიდიან თაყვანსაცემად. აჩისხატის საკრებულო ტაძარი ამის გამო იქ წმინდა ხატს აგზავნის, მას დიდ კვადრატულ ქვაზე დგამენ, რომელიც ალბათ, ტრაპეზის მაგივრობას სწევდა. ასეთი ტრაპეზის მაგიერ ქვებს ახლაც მრავლად ნახავთ მთიანი საქართველოს სოფლის ეკლესიებში.”.

უცნობია, გადაეცათ თუ არა იმ პერიოდში მორწმუნეებს ეკლესიის შენობა, მაგრამ ცნობილია, რომ შემდგომ პერიოდში მუშები საცხოვრებლად ამ ეკლესიაში შეასახლეს. მოსახლეობამ საცხოვრებელი ფართის გაზრდის მიზნით ტაძარს მიშენებები გაუკეთა.

მოსახლეთა გადმოცემით, კედლებზე შემორჩენილი იყო ფრესკების ფრაგმენტები, რომლებიც მათ რემონტის დროს ჩამოუფხეკიათ. დღეისათვის კვირაცხოვლობის ეკლესიას დაკარგული აქვს ძველი სახე. თბილისში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აღდგომის სწორს ამეკლესიასთან კვირაცხოვლობის დღესასწაული იმართებოდა. ეკლესიაში წირვის შემდეგ ორ ჯგუფად გაყოფილი ხალხი ერთმანეთს ეცილებოდა ბურთის ხელში ჩასაგდებად. მრევლის რწმენით, გამარჯვებულ ჯგუფს მთელი წლის მანძილზე არ მოაკლდებოდა სიუხვე და ბარაქა. ზოგჯერ ბურთს ნაკუწ-ნაკუწადგ ლეჯდნენ და ინაწილებდნენ, რადგან მისი მაგიური ძალისა სჯეროდათ. კვირაცხოვლის გორას „წითელგორას–კრასნაიაგორკასაც“ უწოდებდნენ კვირაცხოვლობის დღეს აქ წითელი კვერცხების დაგორების გამო. ეს წესი რუსმა მართლმადიდებლებმა შემოიტანეს თბილისში.

1969 წელს ფოთიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდა კუჭავების ოჯახი. დედამარიამი (რუსუდან როყვა) შვილის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ თავის ორ ვაჟთან ერთად თბილისში კვირაცხოვლის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დამკვიდრდა. თუმცა, თავდაპირველად ეკლესიის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა და მისთვის არც ის იყო ცნობილი, რომ ამ სახლებში მღვდელთმსახურებსა და ბერ-მონაზვნებს უცხოვრიათ. დედა მარიამი წლების განმავლობაში მსახურობდა საპატრიარქოში, სადაც დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. იგი იყო უბრალო და სიყვარულით დაჯილდოვებული მონაზონი. დედა მარიამმა თავისი საცხოვრებელი სახლი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა- კურთხევით ღვთისმშობლის სავანედ აქცია და მას ეწოდა ღვთისმშობლის ხარების დედათა მონასტერი, რომლის პირველი კეთილმოწესე და მონაზონი თავად დედა მარიამი იყო.

2008 წლის 8 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესისილია II-ის ლოცვა-კურთხევით არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა), დედა მარიამის ვაჟმა, კვირაცხოვლობის ტაძრის ეზოში აკურთხა სამრეკლოს აღდგენა-აშენებისთვის განკუთვნილი ადგილი. სამრეკლოს პირველ სართულზე განათავსებენ მთავარანგელოზთა მცირე საყდარს, სადაც კვირაცხოვლობის ტაძრის აღდგენამდე წირვა-ლოცვა აღესრულება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 82-87