ჩიხის ციხეეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტ, სოფელ ჩიხაში, ჩიხის მთის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ყვირილას მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 520 მეტრზე, საჩხერიდან კი 6 კილომეტრის დაშორებით.

ციხის ისტორია რედაქტირება

სოფელში მაღალი მთის კალთაზე შემორჩენილია XII საუკუნის ციხე, რომლის გალავნის შიგნით კოშკია აღმართული. გალავანი გეგმაში ოვალურია. დღეისათვის შემორჩენილია ნანგრევების სახით. დაზიანებულია ოთხკუთხა კოშკიც, რომელსაც სქელი კედლები ჰქონია. გალავნის კედლები და კოშკი ნაგებია მუქი რუხი ქვით კირხსნარზე. გალავნის წყობაში ქვაყორეც ურევია. გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთით კუთხეში დგას მცირე ზომის ერთნავიანი დარბაზული, ჩიხას წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია . გალავანშიც და ეკლესიაშიც შესასვლელი გზა სამხრეთ-დასავლეთიდანაა.

IX საუკუნის ბოლოსათვის, „მატიანე ქართლისას“ თხზულებაში ჩიხას საერისთავო აღარ მოიხსენიება. ერისთავის რეზიდენცია შორაპანში გადავიდა და მასში იგივე არგვეთი და რაჭა შედიოდა. X საუკუნეში რაჭა ცალკე საერისთავოდ ჩამოყალიბდა. ამ დროიდან ჩიხა-მარგვის საერისთავო შორაპნის საერისთავოდ იწოდებოდა. საუკუნეების განმავლობაში აქ ერისთავებად ჩხეიძეები ისხდნენ. ჩხეიძეების იყო ციხე ქალაქი შორაპანი. აქვე იყო სათავადოს ერისმთავრის საჯდომი ადგილი, სასახლე, ციხე-სიმაგრე და კარის ეკლესია.

სოფლის სახელწოდება რედაქტირება

სოფლის სახელწოდების შესახებ არსებობს ორი ვერსია. პირველი - როდესაც მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე მისულა და დასახლება დაუწყია, იმ დროისათვის უდაბური ტყით დაფარული ადგილების გაჩეხვა დაუწყიათ. ამით პოპულარული გახდა სიტყვა ,,ჩეხვა’’, რომლის ასიმილაციის შემდეგ უნდა დარქმეოდა სოფელს დღევანდელი სახელწოდება ,,ჩიხა’’. მეორე - ომიანობის დროს, აქაურ მოსახლეობას მტერი უდაბურ ტყეში შეუყვანიათ და ჩიხში მოუმწყვდევიათ, მტრის ჩიხში მომწყვდევას გადაურჩენია კიდეც აქაური მოსახლეობა.

IX საუკუნეში არგვეთის ერისთავად დადგენილი აფხაზთა უფლისწულის დემეტრეს რეზიდენცია ჩიხაში ყოფილა.

ჩიხის ციხეს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 514.
  • ბოჭორიძე, გ. (1995). იმერეთის ისტორიული ძეგლები. „მეცნიერება“, თბილისი. ISBN 5-520-01575-9. გვ, 241-243.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება