ჩალაუბნის კოშკი
ჩალაუბნის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის ჩრდილო–აღმოსავლეთით 2,5 კილომეტრზე, ნასოფლარ ჩალაუბნის ტერიტორიაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
კოშკი (6x5,2 მეტრი) გეგმით კვადრატს მიახლოებული სწორკუთხედია, ზემოთკენ შევიწროებული, შემორჩენილია სამი სართული და IV სართულის კედლების მცირე ნაწილი.
ნაგებია რიყის ქვის ირეგულარული წყობით. გარეთა კუთხეების წყობაში გაცილებით მოზრდილი ქვებია გამოყენებული, კედლები შიგნით და გარედან შებათქაშებულია.
კოშკის ერთადერთი შესასვლელი I სართულზე – სამხრეთ კედელშია გაჭრილი. კარს გარედან აგურით გამოყვანილი შეისრული თაღი ეხურა (შემორჩენილია თაღის აღმოსავლეთ გვერდი), შიგნიდან კი – ხის მოზრდილი ძელი, კარის წირთხლებში საურდულე ხვრელებია. სართულის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში, ერთმანეთის სიმეტრიულად, ორ–ორი ფართო სწორკუთხა ნიშაა, რომლებსაც ფიცრული გადახურვა ჰქონია. სართულის ჩრდილოეთ კედლის შუაში აგურით ნაწყობი გეგმით ნახევარწრიული, შეისრულთაღოვანი ბუხარია. სართულის მნიშვნელოვანი ნაწილი ამოვსებულია მიწითა და კედლებიდან ჩამონაშალი ქვებით.
II სართულისთვის დამახასიათებელია სათოფურების სიმრავლე. სართულის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში სამ–სამი ცალმაგი სათოფურია, ხოლო დანარჩენ ორში – ორ–ორი.
III სართულის თითოეულ კედელში ორ–ორი შეწყვილებული სათოფურია.
IV სართულის შემორჩენილ კედლებში არავითარი საბრძოლო თუ არქიტექტურული ელემენტის კვალი არ შეიმჩნევა.
სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა (შემორჩენილია კოჭების ჩასადგმელი ბუდეები).
გარედან კოშკის კედლები სადაა, ყოველგვარ მორთულობას მოკლებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 221.